№ბს-953(კ-23) 28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 4 თებერვლის №11972/2/2020 გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანების თაობაზე შპს „ჯ...ის“ მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენების არსზე (რასაც ეფუძნებოდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი), მაგრამ არ აკეთებს მის სუბსუმციას, აპელანტის მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში და სრულიად გაურკვეველია მოახდინა თუ არა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი სამართლებრივ ნორმებთან მიმართებით. მოსარჩელემ/აპელანტმა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში წარადგინა პოზიციები, მათ შორის, სამართლებრივი დასაბუთება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ წარდგენილი არ იყო დასაბუთებული პოზიცია. არასწორია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად. აღნიშნული წარმოადგენს შეცდომას, მოსარჩელის/აპელანტის დავის საგანი სწორედ ეს იყო, რომ იგი არ იცნობდა დოკუმენტს, მის შინაარს. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე იყო მითითება და მოყვანილი იყო რიგი სამართლებრივი/ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულზე სასამართლომ არ იმსჯელა და არ მოახდინა მისი სამართლებრივი ანალიზი/შეფასება, შესაბამისად განჩინება დასაბუთებული არ არის.
სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ 08.10.2020 წლის №... ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეულია კომპანიის მიერ არაბრალეულად - ისეთი საპატიო მიზეზის არსებობით, რაც არა კომპანიის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის - დირექტორის ქმედებით არის გამოწვეული, არამედ უკავშირდება ბუღალტერის უყურადღებობითა და დაუდევრობით ჩადენილ გაუფრთხილებელ ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერი დირექტორისგან უზრუნველყოფილი იყო მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის (დეკლარაციების შევსებისა და გადაგზავნისათვის) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საჭირო შესაბამისი წვდომით, ბუღალტერის ყურადღების მიღმა მაინც დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სავალდებულო შეტყობინების გახსნა და მისი შინაარსის გაცნობა, რამაც ასევე გამოიწვია კომპანიის მენეჯმენტისათვის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა. ბუღალტრის მიერ მიყენებული ზიანი პირდაპირ შეეხო კომპანიას და არა რომელიმე მესამე პირის ინტერესებს. საპატიო მიზეზით გამოწვეული და დამდგარი ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო დანაწესს შეიცავს სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომ „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის მატერიალური შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიისთვის საჩივრის წარდგენისთვის გაშვებული ვადის აღდგენა თანაზომიერი და პროპორციულია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს გაშვებული ვადის აღდგენის უზრუნველმყოფი ნორმა (94-ე მუხლის მე-3 ნაწილი). აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიისთვის გაშვებული ვადის აღდგენით არ მოხდება საჯარო ინტერესების არაპროპორციული დარღვევა და არც მესამე პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვას ექნება ადგილი. ზიანი ადგება კომპანიის ინტერესს, რომელმაც უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რაც აუცილებელია მისი მომავალი საქმიანობის და კანონიერი ინტერესების დასაცავად, კერძოდ, გასაჩივრების უფლების აღდგენით კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა შეიმციროს არასწორად დარიცხული და გადაანგარიშებული თანხების ოდენობა. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისას უნდა იმოქმედოს თავისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაითვალისწინოს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესები გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიისთვის დაკისრებული სახდელის, კერძოდ, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული/გადასახდელი თანხების პროპორციულობა და თანაზომიერება. ასევე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინოს საპატიო მიზეზის არსებობა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას. გასაჩივრების უფლებასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 29 დეკემბრის უზენაესი სასამართლოს წარდგინებასთან დაკავშირებით (საქმეზე №3/3/601) მიუთითა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლების დაცვითი საშუალება, თუ პირი არ იქნება აღჭურვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობით“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რა დროსაც იგი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ციტირებდა, „გასაჩივრების უფლება სამართალწარმოებაში დაშვებული შესაძლო შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა“. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასთან მიმართებით იგივე სტანდარტი მოიაზრება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან მიმართებითაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს ხელმისაწვდომობა შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვებს, იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ზიანს არ მიაყენებს თავად ამ უფლების არსს, კერძოდ, შეზღუდვა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნით გამოწვეული, პროპორციული და საკმარისად განჭვრეტადი. აღნიშნულ ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მსგავსად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლიც კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა იქნას წაკითხული. აღნიშნული გულისხმობს უფლების რეალიზებისათვის აუცილებელ მექანიზმებს, მათ შორის გასაჩივრების უფლებასაც. გასაჩივრების უფლებაში კი იგულისხმება არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გადახედვის შესაძლებლობა, არამედ აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლის გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობაც. იმავე მიდგომას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. სწორედ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უნდა ემსჯელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შპს „ჯ...ი“-სთვის გასაჩივრების ვადის აღდგენის ნაწილში და გაეუქმებინა დაწესებული შეზღუდვა, რადგან ეს შეზღუდვა ზიანს არ აყენებს თავად ამ უფლების არსს ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამ შეზღუდვას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, არ არის პროპორციული და საკმარისად განჭვრეტადი. დაწესებული შეზღუდვის მოხსნით ზიანი არ ადგება არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც მესამე პირის ინტერესებს, უფრო მეტიც, გასაჩივრებისთვის გაშვებული ვადის აღდგენით კომპანიას ეძლევა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული შესაძლო შეცდომის გამოსწორების - კომპანიისთვის 08/10/2020 წლის №... ბრძანებით არასწორად დარიცხული და გადაანგარიშებული თანხების ოდენობის შემცირების შესაძლებლობა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, კომპანია არ იყო აქტიური, მხოლოდ დეკლარაციები იგზავნებოდა, მხარეს შეუმცირდა დაკისრებული სანქცია, შეტყობინება არ იყო წაკითხული. ყოველივე აღნიშნული იძლეოდა მხარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-6 ნაწილზე დაყრდნობით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დარღვეულია მტკიცების ტვირთის დაკისრების საკითხი, რადგან იგი დაკისრებული არ არის მოპასუხე მხარეზე. სასამართლოს მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისრებინა მოწინააღმდეგე მხარეზე, რამდენიმე გარემოების გამო: 1. მოწინააღმდეგე არის ადმინისტრაციული ორგანო; 2. დავის საგანი იყო ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საკითხი; 3. მოსარჩელის/აპელანტის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებანი/სამართლებრივი არგუმენტაცია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობა და ბუღალტრის გაუფრთხილებელი ქმედება ვერ იქნება მიჩნეული გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად. აღნიშნული მსჯელობა საფუძველს აცლის სუბიექტის გასაჩივრების უფლებას დოკუმენტის შინაარსის გაცნობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში აქტის გაცნობა არ მომხდარა და კასატორი არ გასცნობია აქტის ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებს, რომლების მასში იყო მითითებული. ბუღალტერმა შეტყობინებები, რომელზეც მიბმული იყო გასაჩივრებული აქტები, გახსნა „მიმაგრებული დოკუმენტის“ გახსნისა და მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, მხოლოდ დეკლარაციების გადაგზავნის მიზნით, ეს იყო ტექნიკური მონიშვნა იმ მიზნით, რომ საიტს მიეცა საშუალება გაეგზავნა დეკლარაცია. ბუღალტერი მოქმედებდა დეკლარაციის წარდგენის მიზნებისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ აღნიშნული შეტყობინება იყო სტანდარტული ხასიათის, იგი არ შეიცავდა განსხვავებულ ფერს ან რაიმე გაფრთხილებას, რითიც ბუღალტრისათვის აღქმადი იქნებოდა შეტყობინების მნიშვნელობა, აღნიშნული შეტყობინება არ აკეთებდა არანაირ მითითებას სხვა შეტყობინებებისგან განსხვავების შესახებ. იმის გამო, რომ ტექნიკური მონიშვნა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა გაცნობად, რაც გაიზიარა ასევე სასამართლომ, უგულებელყოფილი იქნა სუბიექტის გასაჩივრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეხებია შინაარსობრივ მხარეს - თუ რას ნიშნავს გაცნობა, არა მხოლოდ ფორმალურად არამედ შინაარსობრივად რა არის მისი კრიტერიუმები. აქედან გამომდინარე აზრს მოკლებულია კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის უფლების დარღვევა და გასაჩივრების ვადის ათვლა იმ დროიდან, როდესაც ის აქტს არ გასცნობია. სადავო საკითხის მართებული გადაწყვეტისათვის არსებითია დადგინდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და განისაზღვროს განხორციელდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილი წესით ჩაბარება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა აქტის ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების დადგენა, შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები არ მიუთითა, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ შეხებია მოსარჩელე მხარის ბრალეულობის საკითხის, არ შეუფასებია მოქმედებდა თუ არა მოსარჩელე მხარე ბრალის ფარგლებში, არ უმსჯელია მისი კეთილსინდისიერების საკითხზე, რაც გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებაში არ განავრცო საკმარისი არგუმენტები და მოსარჩელის არგუმენტებზე არ წამოუყენებია განმარტებები/სამართლებრივი შეფასება, მხარის ბრალეულობის და კეთილსინდისიერების ფაქტორზე არ არის გადაწყვეტილებაში არანაირი მსჯელობა.
სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, თუ რა იურიდიული შედეგის მომტანი გახდებოდა გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარისათვის, მაშინ როდესაც, მოსარჩელე ითხოვს უფლებას გასაჩივრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს წაერთვა გასაჩივრების უფლება დაუსაბუთებლად, მოსარჩელის ბრალეულობისა ან/და კეთილსინდისიერების შეფასების გარეშე, სამართლებრივი ნორმების გამოყენების გარეშე, გადაწყვეტილების ისეთ პრინციპზე დაფუძნებით, რომელიც არ არის განმარტებული. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები და უგულებელყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები. სასამართლო არ მსჯელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძვლებზე, რაც მოიცავს საპატიო მიზეზით გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენას. შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუყენებია საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა წინამდებარე საქმის გადასაწყვეტად.
კასატორის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული 08/10/2020 წლის №... ბრძანების გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეულია კომპანიის მიერ არაბრალეულად, საპატიო მიზეზით. სზაკ-ის 94-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს“. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის მატერიალური შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიისთვის საჩივრის წარდგენისთვის გაშვებული ვადის აღდგენა თანაზომიერი და პროპორციულია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს გაშვებული ვადის აღდგენის უზრუნველმყოფი ნორმა (94-ე მუხლის მე-3 ნაწილი). აღნიშნულის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა შედეგად გამოიღოს ნორმის თვითნებური გამოყენება და განმარტება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიისთვის გაშვებული ვადის აღდგენით არ მოხდება საჯარო ინტერესების არაპროპორციული დარღვევა და არც მესამე პირთა უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვას ექნება ადგილი. ზიანი ადგება კომპანიის ინტერესს, რომელმაც უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რაც აუცილებელია მისი მომავალი საქმიანობის და კანონიერი ინტერესების დასაცავად, კერძოდ, გასაჩივრების უფლების აღდგენით კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა შეიმციროს არასწორად დარიცხული და გადაანგარიშებული თანხების ოდენობა. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას უნდა იმოქმედოს თავისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გაითვალისწინოს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების წესები გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნულ პროცესში მან მხედველობაში უნდა მიიღოს შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიისთვის დაკისრებული სახდელის, კერძოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული/გადასახდელი თანხების პროპორციულობა და თანაზომიერება, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინოს საპატიო მიზეზის არსებობა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს გამოყენებული სანქციის ადეკვატურობას.
სასამართლომ შპს „ჯ...ის“ პოზიციის განხილვის გარეშე გაიზიარა და ასახა გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული ორგანოების პოზიცია, მან უგულებელყო და არ გამოიკვლია კომპანიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ გვხვდება სასამართლოს მიერ გარემოებებისა და ფაქტების შეფასება. გადაწყვეტილებაში ასახულია შემოსავლების სამსახურის პოზიცია, რომელიც მოკლებულია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებზე მსჯელობას და სამართლებრივ შეფასებას. სასამართლო გადაწყვეტილება არ შეხებია მოსარჩელე მხარის ბრალეულობის საკითხის, არ შეუფასებია მოქმედებდა თუ არა მოსარჩელე მხარე ბრალის ფარგლებში, არ უმსჯელია მისი კეთილსინდისიერების საკითხზე, რაც გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანებით შპს „ჯ...ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ფარგლებში პროცენტის სესხის გაცემად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას (ს.ფ. 70-73); ბ) სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 დეკემბრის №... ბრძანების თანახმად, შპს „ჯ...ს“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხებიდან შეუმცირდა 415 324 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი - 276 883 ლარი, ჯარიმა - 138 441 ლარი (ს.ფ. 81); გ) სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული პორტალის მეშვეობით ...-ის ვებგვერდზე 2020 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 142); დ) შპს „ჯ...მა“ 2020 წლის 24 დეკემბერს წარადგინა განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლითაც მოთხოვნილი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანების გაუქმება, ასევე მოთხოვნილი იყო ამავე ბრძანების გასაჩივრებისათვის დადგენილი 20-დღიანი ვადის აღდგენა (ს.ფ. 68-69). განცხადებას ერთვოდა: გადასახადის გადამხდელის ვებგვერდიდან ამონაწერი (ს.ფ. 83-85), 2020 წლის 8 ივნისის შრომითი ხელშეკრულება შპს „ჩ...სა“ და ა. პ-ეს შორის. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულს ევალებოდა შეესრულებინა და შეეთავსებინა ბუღალტრისა და ბუღალტრის თანაშემწის უფლებამოსილება (ს.ფ. 86-90) და შპს „ჩ...ს“ დირექტორის 2020 წლის 28 სექტემბრის №-1 ბრძანება, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა შპს „ჩ...სა“ და დასაქმებულს - ა. პ-ეს შორის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და კომპანიისთვის ზიანის მიყენების საფუძვლით (ს.ფ. 91); ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 4 თებერვლის №11972/2/2020 გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ საჩივარი დარჩა განუხილველად, იმ საფუძველზე მითითებით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველი გახდებოდა (ს.ფ. 101-103).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველ რიგში სასამართლოს მსჯელობის საგანი არის შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანების (საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) ელექტრონული პორტალის მეშვეობით ადრესატისათვის ჩაბარება/ჩაუბარებლობის ფაქტი, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გადაწყდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 4 თებერვლის №11972/2/2020 გადაწყვეტილების (საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) კანონიერება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ... (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.
„გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან.
ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 8 ოქტომბრის №... ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული პორტალის მეშვეობით ...-ის ვებგვერდზე, 2020 წლის 8 ოქტომბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ №... ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გახსნა 2020 წლის 15 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ელექტრონულად ხორციელდება გაგზავნილი დოკუმენტაციის გახსნა, ითვლება, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია ჩაბარდა გადამხდელს და გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება ჩაბარების თარიღიდან. დადგენილია, რომ საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2020 წლის 24 დეკემბერს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მომჩივანს არ წარუდგენია დასაბუთებული პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის მითითებით.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 15 ოქტომბერს ბრძანებას ელექტრონულად არ გაცნობია საზოგადოების ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი - დირექტორი, არამედ, კომპანიის ელექტრონულ პორტალზე წვდომა ჰქონდა ბუღალტერს, იმ მიზნით, რომ მოეხდინა დეკლარაციების შევსება და გადაგზავნა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.2020წ. №ბს-535(2კ-19) გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ ,,კომპანიის დოკუმენტაციასთან წვდომის უფლებამოსილების მინიჭება ამა თუ იმ პირისთვის, წარმოადგენს ამავე კომპანიის რისკს და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე. ამდენად, კომპანიის მიერ მინიჭებული უფლება თუნდაც ყოფილი თანამშრომლისათვის/ბუღალტრისათვის, ჰქონოდა წვდომა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო პორტალთან, წარმოადგენდა კომპანიის რისკს, რის გამოც, პასუხისმგებლობის წარმოშობის დროს იგი ვერ დაეყრდნობა აღნიშნული პიროვნების არაუფლებამოსილების საკითხს’’.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება;
3. შპს „ჯ...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.09.2023წ. №1694420701 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ბ. სტურუა