საქმე №ბს-224(კს-24) 28 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
მოსარჩელე - ლ. თ-ა
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - გ. ხ-ი, ლ. ხ-ი, ხ. ხ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ხ-ი, ლ. ხ-ი, ხ. ხ-ი
დავის საგანი - განჩინების განმარტება, უსწორობის გასწორება, აღსრულების გადადება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. თ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2012 წლის 22 მარტის (სხდომის ოქმი №295, საკითხი 34) გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული 2012 წლის 1 მაისის №... საკუთრების უფლების მოწმობა; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 18 მაისის (სხდომის ოქმი №437, საკითხი 85) გადაწყვეტილება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. ხ-ი, ლ. ხ-ი და ხ. ხ-ი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. თ-ას მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და დამტკიცდა ერთი მხრივ, ლ. თ-ას (პ/ნ ...) და მეორე მხრივ, გ. ხ-ის (პ/ნ ...), ხ. ხ-ის (პ/ნ ...) და ლ. ხ-ის (პ/ნ ...) შორის გაფორმებული მორიგების აქტი, შემდეგი პირობებით: 1. ლ. თ-ასა (მოსარჩელე) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა (მოპასუხე) და გ., ხ. და ლ. ხ-იებს (მესამე პირები) შორის სასამართლო დავა დასრულდეს ურთიერთშეთანხმებით (მორიგებით): 2. მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე იმ დათქმით, რომ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტი; 3. გ. და ლ. ხ-იები ვალდებულებას იღებენ გადაუხადონ ლ. თ-ას 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარი არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, რის სანაცვლოდაც ლ. თ-ა ვალდებულია დაუთმოს მათ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №...; 4. იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებული პირობა, გ., ხ. და ლ. ხ-იები გადასცემენ ლ. თ-ას მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია №... და წარმოადგენს ლ. თ-ას საკუთრებას, არსებული საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ერთი მეტრის სიგანის ნაწილს მთელი საცხოვრებელი სახლის გარშემო, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახლთან ქუჩიდან მისასვლელი გზა და სახლის აივანზე (მეორე სართულზე) ასასვლელი კიბე მოექცეს ლ. თ-ას საკუთრებაში.
გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და ლ. თ-ას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
5. ზემოაღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით ლ. თ-ას მიმართვის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 14 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
6. 2024 წლის 12 იანვარს გ. ხ-იმა, ლ. ხ-იმა და ხ. ხ-იმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს განჩინების განმარტება, რა წესით უნდა მოეხდინათ მოვალეზე თანხის გადახდა, მოვალის მიერ საბანკო ანგარიშის მიუწოდებლობის შემთხვევაში. ასევე მოითხოვეს 2020 წლის 31 იანვრის განჩინების მე-3 პუნქტში გამორჩენილი პირობის გასწორება, რომელშიც მიეთითებოდა ლ. თ-ას საბანკო ანგარიში. განმცხადებლების მიერ მოთხოვნილ იქნა 2020 წლის 31 იანვრის განჩინების მე-3 პუნქტის აღსრულების ვადის გაგრძელება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით ლ. ხ-ის, ხ. ხ-ის და გ. ხ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ დასახელებული საკანონმდებლო ნორმა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მითითებული ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა იქმნება მაშინ, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია და სრულყოფილად არ ასახავს სამოტივაციო ნაწილის დასკვნებს. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შინაარსი არ არის ბუნდოვანი და გაუგებარი, შესაბამისად, იგი განმარტებას არ საჭიროებს. განჩინების როგორც სამოტივაციო, ასევე სარეზოლუციო ნაწილში ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ გ. და ლ. ხ-იები ვალდებულებას იღებენ გადაუხადონ ლ. თ-ას 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარი არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, რის სანაცვლოდაც ლ. თ-ა ვალდებულია დაუთმოს მათ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №.... შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე განჩინების განმარტების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი და განმარტა, რომ სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეიტანოს გადაწყვეტილებაში შესწორება, როდესაც ამავე გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ტექნიკური და არა შინაარსობრივი ხასიათისაა. მითითებული მუხლის საფუძველზე, დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომების გასწორება, როგორიცაა მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი; თუ მხარე იურიდიული პირია, მისი სახელწოდება, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდელი თანხის ოდენობის შეცვლა. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის განმარტებით, განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-3 პუნქტი არასწორად არის ჩამოყალიბებული, ვინაიდან, არ შეიცავს ანგარიშწორების წესის თაობაზე მითითებას. პალატამ განმარტა, რომ მითითებული არ წარმოადგენს არც ტექნიკური და არც შინაარსობრივი ხასიათის უსწორობას. არც წარმოდგენილი განცხადებით და არც საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინების მე-3 პუნქტში სასამართლოს მიერ დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა შესწორდეს. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საფუძველს.
განმცხადებელთა მოთხოვნაზე განჩინების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულების გადადების, შეჩერების საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეზღუდული ვადით. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც აღსრულების გადავადების აუცილებლობაზე მიუთითებდა. მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა, განჩინებაში ანგარიშსწორების წესის მიუთითებლობის მოტივით, არ შეიძლება აღსრულების გადავადების საფუძველი გახდეს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა განჩინებაში საბანკო ანგარიშის ნომრისა და ანგარიშსწორების წესის არ არსებობა არ წარმოადგენს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველს. ამასთან, განცხადებაში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, პალატამ დამატებით მიუთითა დეპონირების სამართლებრივ ინსტიტუტზე, რომლის საშუალებითაც განმცხადებლებს ასევე შეეძლოთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინების მე-3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოება კი, რომ მათთვის ცნობილი არ იყო გადასახდელი თანხის დეპონირების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე, არ შეიძლება გახდეს განჩინების აღსრულების გადადების საფუძველი. ამ ვითარებაში, სახეზე არ არის გარემოება, რაც სსსკ-ის 263-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების აღსრულების გადადების საფუძველს შექმნიდა, თუნდაც შეზღუდული ვადით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ლ. ხ-ის, ხ. ხ-ის და გ. ხ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მორიგების განჩინებაში არ იქნა მითითებული აღსრულების წესზე, რითაც ისარგებლა კრედიტორმა, არ მისცა განჩინების აღსრულების შესაძლებლობა იმ მიზნით, რომ განჩინებით განსაზღვრული ვადა გასულიყო და იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. ამასთან, ხ. ხ-ი არ არის მორიგების მხარედ მითითებული განჩინებაში. კერძო საჩივრის ავტორებისთვის უცნობი იყო როგორ და რა წესით მოეხდინათ ვალდებულების შესრულება და არაერთხელ სცადეს მოლაპარაკება ლ. თ-ასთან, თუმცა ამ უკანასკნელმა არ გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. კერძო საჩივრის ავტორებმა ვერც თანხის დეპონირება მოახერხეს, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მზად იყვნენ ვალდებულების შესასრულებლად. ლ. თ-ა და მისი ძმა ნაღდი ანგარიშსწორებით ითხოვდნენ თანხის გადაცემას, რასაც კერძო საჩივრის ავტორები არ ეთანხმებოდნენ და ნებისმიერ დროს მზად იყვნენ თანხის გადასაცემად ლ. თ-ას ან მისი მინდობილი პირის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. კრედიტორმა უარი განაცხადა ნოტარიუსთან თანხის მიღების შესახებ ხელწერილის შედგენაზეც. ლ. თ-ამ მიზანმიმართულად შეუშალა ხელი მორიგების პირობების შესრულებას, მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა და აღსასრულებლად წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღმასრულებელმა გააგზავნა წერილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლითაც მოთხოვნილ იქნა აღსრულება, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ განჩინება არის ბუნდოვანი, ამასთან, განჩინებას არ ერთვის შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მასზე არ მომხდარა იმ მიწის ნაკვეთის ფართობის მონიშვნა, რომელიც უნდა გადაეცეს ლ. თ-ას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში. კერძო საჩივრის ავტორები მიმდინარე ეტაპზეც მზადყოფნას გამოთქვამენ 17000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე სასამართლოს უნდა მიეწვია მხარეები და დაედგინა, რა იყო მორიგების განჩინების აღუსრულებლობის მიზეზი. უნდა გარკვეულიყო, ეცადა თუ არა კრედიტორი ხელი შეეწყო მოვალეებისთვის განჩინების შესრულებაში და გადასცა თუ არა მათ საბანკო ანგარიში. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა იძულებითი აღსრულება გამართლებული.
კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვეს განმარტება - რა წესით უნდა აღესრულებინათ ან აღასრულონ განჩინება თუ კრედიტორი არ გადასცემდა საბანკო ანგარიშს ან სანოტარო წესით დამოწმებულ ხელწერილს თანხის მიღებაზე. ასევე ითხოვეს განჩინებაში მითითებულიყო კრედიტორის საბანკო ანგარიში ან სხვა მონაცემი, რომელიც თანხის გადახდის საშუალებას მისცემდათ. გ., ლ. და ხ. ხ-იების მიერ მოთხოვნილ იქნა, გაგრძელებულიყო სასამართლო განჩინების აღსრულების ვადა.
სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობის განხილვისას ჰქონდა ვალდებულება, დაენიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა და დაედგინა კრედიტორი რატომ არ იღებდა შესრულებას, რატომ არ მიუთითა კრედიტორმა მორიგების განჩინებაში 17000 აშშ დოლარის გადახდის წესი და საბანკო ანგარიში.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ხ-ის, ლ. ხ-ისა და ხ. ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის, ლ. ხ-ისა და ხ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება. განჩინების სიცხადე გულისხმობს მისი სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი სამართლებრივი შედეგის თავისუფალი, არაორაზროვანი აღქმისა და მის საფუძველზე სამომავლოდ განსახორციელებელი მოქმედების განჭვრეტის შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: 1. ლ. თ-ასა (მოსარჩელე) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიასა (მოპასუხე) და გ., ხ. და ლ. ხ-იებს (მესამე პირები) შორის სასამართლო დავა დასრულდეს ურთიერთშეთანხმებით (მორიგებით): 2. მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე იმ დათქმით, რომ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტი; 3. გ. და ლ. ხ-იები ვალდებულებას იღებენ გადაუხადონ ლ. თ-ას 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარი არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, რის სანაცვლოდაც ლ. თ-ა ვალდებულია დაუთმოს მათ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია №...; 4. იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტში მითითებული პირობა, გ., ხ. და ლ. ხ-იები გადასცემენ ლ. თ-ას მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილს, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია №... და წარმოადგენს ლ. თ-ას საკუთრებას, არსებული საცხოვრებელი სახლის ირგვლივ ერთი მეტრის სიგანის ნაწილს მთელი საცხოვრებელი სახლის გარშემო, ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახლთან ქუჩიდან მისასვლელი გზა და სახლის აივანზე (მეორე სართულზე) ასასვლელი კიბე მოექცეს ლ. თ-ას საკუთრებაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ განჩინებაში არ არის მითითებული საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ლ. თ-ასთვის თანხის გადაცემა, არ მიუთითებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე და არ წარმოადგენს მისი განმარტების საკმარის საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე არ არსებობს განჩინების განმარტების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი ტექნიკური თუ მექანიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან გადაწყვეტილება იძენს შეუცვლელობის თვისებას, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მისი გასწორების უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციას. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეცდომის გამოსწორების საგამონაკლისო შემთხვევა (სსკ-ის 260-ე მუხ.) ითვალისწინებს ისეთი შესწორების შეტანის შესაძლებლობას, რომელიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს. უსწორობა შეიძლება ეხებოდეს მხარეთა დასახელებას, ცალკეული სიტყვების გამრუდებას, დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს წერის დროს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას. სსკ-ის 260-ე მუხლი გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებაში არ არის მითითებული ლ. თ-ას საბანკო ანგარიშის ნომერი, რაც აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორების საფუძველია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ ლ. თ-ას საბანკო ანგარიშის ნომერი არ არის მითითებული მხარეთა მორიგების აქტში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ტექნიკური თუ მექანიკური ხასიათის შეცდომას. კერძო საჩივრის ავტორები ვერ მიუთითებენ განჩინებაში იმგვარი უზუსტობის არსებობაზე, რაც აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორების საფუძველი გახდებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260–ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, (1) სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი; (2) სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება შესაძლებელია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შეზღუდული ვადით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება განჩინების გადავადების საფუძველების არსებობა. ამასთან, ამგვარი გარემოებების არსებობის შესახებ ვერც კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ. კერძო საჩივრის ავტორების მითითება, რომ მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა განპირობებული იყო განჩინებაში ლ. თ-ას საბანკო ანგარიშის მიუთითებლობით, არ ქმნის განჩინების აღსრულების გადადების წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების აღსრულების გადადების საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაენიშნა ზეპირი მოსმენის სხდომა, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება იმგვარი გარემოებების არსებობა, რომელიც განჩინების განმარტების, უსწორობის გასწორებისა და აღსრულების გადადების საკითხებზე ზეპირი მოსმენის მიზანშეწონილობაზე მიუთითებდა. ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ხ-ის, ლ. ხ-ისა და ხ. ხ-ის შუამდგომლობების განხილვის მიზნით ზეპირი მოსმენის გამართვის საჭიროება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობას, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლი სასამართლოს აძლევს კერძო საჩივრის გადაწყვეტის ფორმის არჩევის შესაძლებლობას, კონკრეტული საქმის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზეპირი განხილვის საჭიროება. ამდენად, არ არსებობს მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის, ლ. ხ-ისა და ხ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე