№ბს-103(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 11 დეკემბერს გ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანების (უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის გ. ბ-ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ), 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანების (საურავის (2 000 ლარი) დაკისრების შესახებ) და 2019 წლის 28 ნოემბრის №3386 ბრძანების (2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო, გ. ბ-ის 6000 ლარით დაჯარიმების შესახებ) ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, გ. ბ-ის მიმართ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 და 2019 წლის 28 ნოემბრის №3389 ბრძანებები; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე დგინდებოდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანებით, გ. ბ-ი დაჯარიმდა 2000 ლარით, ქალაქ მარნეულში, ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის. მითითებული ბრძანებით, მოსარჩელეს განემარტა, რომ საჯარიმო თანხა უნდა გადაეხადა ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ასევე განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა საურავი, საჯარიმო თანხის ოდენობით. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანება გ. ბ-ის ფოსტით გეგზავნა 2019 წლის 08 ივლისს, თუმცა მისამართზე მყოფმა ოჯახის წევრმა - შვილმა, უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რის გამოც, გზავნილი უკან დაუბრუნდა გამგზავნს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანების ჩაბარებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, საჯარიმო თანხის გადახდისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის ათვლა (ისევე როგორც ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო ჯარიმის დაკისრებისათვის კანონით დადგენილი 3 თვიანი ვადის ათვლა) ხდება მხარისათვის ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან. განსახილველ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ მოსარჩელეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა ვალდებულება ეს დოკუმენტი გამოეკრა ობიექტის ფასადზე. მან ეს ვალდებულება, როგორც აპელანტი უთითებდა, შეასრულა 2019 წლის 06 ნოემბერს. შესაბამისად, ამ ვადიდან უნდა მომხდარიყო საურავის დარიცხვისათვის განსაზღვრული 30 დღიანი და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის დაკისრების 3 თვიანი ვადის ათვლა, რაც არ იქნა დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 06 ნოემბრამდე მოსარჩელისთვის უცნობი იყო როგორც 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანების საფუძვლები, ასევე მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. ამგვარ მოცემულობაში, ადმინისტრაციულ ორგანომ მოსარჩელეს სამართლებრივი შედეგები უსაფუძვლოდ დააკისრა 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანების შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისათვის დააჯარიმა 2000 ლარით (20.11.2019 წ. №3229 ბრძანება) და ასევე, დაჯარიმების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობისათვის დააჯარიმა 6000 ლარით (28.11.2019 წ. №3389 ბრძანება).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ახდენს მითითებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანებაზე, რომელი ბრძანებაც თითქოსდა არ ჩაბარდა გ. ბ-ის, თუმცა სასამართლო თავადვე უთითებს, რომ ბრძანება გ. ბ-ის მიერ გასაჩივრდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.
სასამართლო უტყუარად ადგენს, რომ „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გ. ბ-ის მიმართ 2019 წლის 07 ივნისს შედგენილია №52 მითითების აქტი უძრავ ქონებაზე ს/კ: ... შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის. გ. ბ-ის დარღვევის გამოსწორების მიზნით, დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მშენებლობის კანონიერებაზე. მითითების აქტს ხელს აწერს გ. ბ-ი. სასამართლოს მიერუტყუარად დადგენილი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიც ცხადყოფს, რომ გ. ბ-ი ინფორმირებული იყო მის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობის შესახებ.
2019 წლის 19 ივნისს მოხდა ობიექტის შემოწმება, სადაც კვლავ დაფიქსირდა დარღვევა, რის გამოც შედგა №92 შემოწმების აქტი, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-20 პუნქტის საფუძველზე გაკრული იქნა თვალსაჩინო ადგილზე. 03.07.2019 წ. 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით, გ. ბ-ი დაჯარიმდა 2000 ლარით, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის. ამავე ბრძანებით, მასვე განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა საურავი, საჯარიმო თანხის ოდენობით.
დაკისრებული ჯარიმა გ. ბ-ის უნდა გადაეხადა 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 06 ნოემბერს შედგა №158 შემოწმების აქტი საურავის დაკისრების შესახებ, რომელიც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" პუნქტის შესაბამისად, გაკრული იქნა ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. კოდექსის 123-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" პუნქტის, 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 130-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კომერციული ობიექტის უნებართვო მშენებლობისათვის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისათვის გ. ბ-ის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანებით დაეკისრა საურავი 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული არაა თუ რომელ კანონს ეწინააღმდეგება ან არსებითად რომელი ნორმა დაირღვა აქტის მომზადების ან გამოცემის დროს, ასევე მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, გ. ბ-ი წარდგენილი სარჩელით ითხოვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანების (უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის, გ. ბ-ის 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ), 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანების (საურავის დაკისრების შესახებ) და 2019 წლის 28 ნოემბრის №3386 ბრძანების (2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით დაკისრებული სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო, გ. ბ-ის 6000 ლარით დაჯარიმების) ბათილად ცნობას. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, გ. ბ-ის მიმართ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 და 2019 წლის 28 ნოემბრის №3389 ბრძანებები; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ბ-ის არ გაუსაჩივრებია. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება ნაწილობრივ კანონიერ ძალაშია შესული და დავის საგანს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანების და 2019 წლის 28 ნოემბრის №3386 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 29 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გ. ბ-ის მიმართ შეადგინეს მითითება №45, უნებართვო დემონტაჟის შესახებ, რომლის გამოსასწორებლად განუსაზღვრეს 10 დღის ვადა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 24 ივნისის №1349 ბრძანებით, გ. ბ-ი დაჯარიმდა 2000 ლარით. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა მოსარჩელემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გ. ბ-ის მიმართ, 2019 წლის 7 ივნისს შედგენილია მითითება №52, უძრავ ქონებაზე (ს/კ ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის. გ. ბ-ის დარღვევის გამოსწორების მიზნით, დაევალა 10 დღის ვადაში წარედგინა დოკუმენტაცია მშენებლობის კანონიერებაზე. მითითების აქტს ხელს აწერს გ. ბ-ი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 19 ივნისს შედგა №92 შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გ. ბ-ის მიერ არ შესრულდა მითითებით გათვალისწინებული პირობები. შემოწმების №92 აქტის ხელმოწერაზე გ. ბ-იმა უარი განაცხადა, რის გამოც, აქტი გამოიკრა ობიექტის თვალსაჩინო ადგილას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით გ. ბ-ი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის დაჯარიმდა 2000 ლარით. ამავე ბრძანებით, გ. ბ-ის განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა საურავი, საჯარიმო თანხის ოდენობით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანება, ამავე წლის 8 ივლისს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გ. ბ-ის, თუმცა მისამართზე მყოფმა ოჯახის წევრმა - შვილმა, უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რის გამოც, გზავნილი უკან დაუბრუნდა გამგზავნს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 6 ნოემბერს შედგა №158 შემოწმების აქტი. გ. ბ-იმა აღნიშნული აქტის ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანებით, გ. ბ-ი 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისათვის, დაეკისრა საურავი 2000 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანებით, გ. ბ-ის განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდებოდა კანონმდებლობით დადგენილი ზომები. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 ნოემბრის №3229 ბრძანება 2019 წლის 26 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გ. ბ-ის და 2019 წლის 29 ნოემბერს პირადად ჩაბარდა მას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ, 2019 წლის 6 ნოემბერს, შედგა №161 შემოწმების აქტი. გ. ბ-იმა აღნიშნული აქტის ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ნოემბრის №3389 ბრძანებით, გ. ბ-ი 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობისათვის დაჯარიმდა 6000 ლარით. ამავე ბრძანებით, გ. ბ-ის განემარტა, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა საურავი, საჯარიმო თანხის ოდენობით. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 28 ნოემბრის №3389 ბრძანება 2019 წლის 2 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გ. ბ-ის და 2019 წლის 5 დეკემბერს ჩაბარდა პირადად მას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ბ-ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ეტაპზე მოქმედი რედაქციით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, კი თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
ამასთან, მითითებული კოდექსის 26-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, 1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით. 4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის თანხით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის 1-3 ნაწილების შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა სამშენებლო სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჯარიმო თანხა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ჩაირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევს დაერიცხება საურავი სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით. ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება ბოლოს დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არაუმეტეს სამჯერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, წარმოების დამაგვირგვინებელი სტადია, არის მხარისათვის აქტის ძალაში შესვლის პირობა (სზაკ-ის 54-ე მუხ.), ხოლო აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა არის ადმინისტრაციული საჩივრის და სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლის პირობა. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადების ათვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სზაკ-ის 94.2 მუხლი დამატებით ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, რომლის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განჩინება საქმე ბს-236-234 (კ-16)).
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 2019 წლის 3 ივლისის №1436 ბრძანება, გ. ბ-ის დაჯარიმებისა და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების განმარტების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია ადრესატს. გ. ბ-ის მისამართზე მყოფმა ოჯახის წევრმა - შვილმა, უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, რის გამოც, გზავნილი უკან დაუბრუნდა გამგზავნს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი დადგენილია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
კასატორის მითითებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანება, 2019 წლის 06 ნოემბრის №158 შემოწმების აქტთან ერთად, 2019 წლის 06 ნოემბერს გამოიკრა სამშენებლო ობიექტის დაფაზე. თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებზე და განმარტავს, რომ საჯარიმო თანხის გადახდისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის ათვლა (ისევე როგორც ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო ჯარიმის დაკისრებისათვის კანონით დადგენილი 3 თვიანი ვადის ათვლა) ხდება მხარისათვის ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მოსარჩელეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 03 ივლისის №1436 ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოეშვა ვალდებულება ეს დოკუმენტი გამოეკრა ობიექტის ფასადზე. ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია 2019 წლის 06 ნოემბრამდე. შესაბამისად, სწორედ ამ ვადიდან (06.11.2019 წ.) უნდა მომხდარიყო საურავის დარიცხვისათვის განსაზღვრული 30 დღიანი და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ჯარიმის დაკისრების 3 თვიანი ვადის ათვლა, რაც არ იქნა დაცული. 2019 წლის 06 ნოემბრამდე მოსარჩელისთვის უცნობი იყო როგორც დაჯარიმებისა და სამომავლოდ შესაძლო საურავის დაკისრების შესახებ განმარტების თაობაზე გამოცემული ბრძანების საფუძვლები, ასევე მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო გადაწყვეტილებები, იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის ჩაბარებული არ იყო ძირითადი ბრძანება - დაჯარიმებისა და სამომავლოდ საურავის დარიცხვის საფუძვლების განმარტების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე