Facebook Twitter

№ბს-1331(2კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის N... ტენდერის 2020 წლის 30 მარტის №5 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის DIS... (NAT) გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის N... ტენდერის 2020 წლის 30 მარტის №5 სატენდერო სხდომის ოქმი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „...-ის“ მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის DIS... (NAT) გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ.

4.1 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ორივე მოპასუხის მხრიდან აფიდავიტის პირობის დარღვევაზე აპელირებისა, სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია საკითხის მარეგულირებელ ნორმაზე. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შეუძლებელი იყო კომპანიას შეცდომით აეტვირთა არასწორად დასკანერებული ამონაწერი, ვინაიდან დასკანერებული და ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთული ფაილები ერთმანეთისგან განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებით, რაც დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა სასამართლო სხდომაზე.

დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გამოცხადდა „ქალაქ ზუგდიდის ...ს ქუჩის 1.65-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების“ სახელმწიფო შესყიდვის N... ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 1 844 490 ლარი. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს „...-მა“ (შემდგომში - კომპანია), რომელიც სატენდერო კომისიის 2020 წლის 18 მარტის სხდომის №4 ოქმით, გამოცხადდა გამარჯვებულად და განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარსადგენად. დადგენილ ვადაში კომპანიამ წარადგინა დოკუმენტაცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2020 წლის 20 მარტის თარიღით განახლებულ, შპს „...-ის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში, მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის №127618 შეტყობინების საფუძველზე, დარეგისტრირებულია №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (10/03/2020 12:37:59), კომპანიის მთელ ქონებაზე, ხოლო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ამონაწერში, რომელიც გაცემულია იმავე თარიღით და ნომრით, კერძოდ, 2020 წლის 20 მარტს (რეგისტრაციის ნომერი - ... 14:58:16), დაფიქსირებული არ არის ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, რაც შეუსაბამობაში მოდის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) განთავსებულ დოკუმენტთან. შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ამონაწერი არ იყო ნამდვილი და არ შეიცავდა რეალურ მონაცემებს.

№... ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტში მითითებულია, რომ პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული; (3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ელ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

ზემოხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პრეტენდენტმა, შპს „...-მა“, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა 2020 წლის 20 მარტის (14:58:16 საათი) ... ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, შპს „...-ის“ (ს/კ ...) სახელზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული სუბიექტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამავე ამონაწერში მითითებულია, რომ დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge. კომისიამ გადაამოწმა წარდგენილი ამონაწერი და დადგინდა, რომ 2020 წლის 20 მარტს (14:58:16 საათი) შპს „...-ის“ (ს/კ ...) სახელზე გაცემულია ... ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, შპს „...-ის“ (ს/კ ...) მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია, რომ რეალურად კომპანიის ქონებაზე ყადაღა/აკრძალვა დაფიქსირებული იყო, რასაც არ უარყოფს (სარჩელში) მოსარჩელეც. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში დისკვალიფიკაციას იმსახურებდა კომპანია. მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ დისკვალიფიკაციას იგი არ იმსახურებდა არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, არამედ ეს ყველაფერი წარმოადგენდა ტექნიკურ ხარვეზს.

კასატორი მიუთითებს, რომ პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმება. აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პირი ადასტურებს, რომ სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს. ასევე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტ(ებ)ის ატვირთვა ემსახურება კონკრეტული ტენდერის სატენდერო პირობებით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით.

შპს „...-მა“ 2020 წლის 20 მარტის (14:58:16 საათი) ... მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა სატენდერო პირობების, კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად, საბოლოო ჯამში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. კომპანიამ დაარღვია აფიდავიტის პირობები. აღნიშნული კი იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

კასატორის მოსაზრებით, კომპანიის მიერ ატვირთული ამონაწერი არ იყო დასკანერებული, არამედ მანიპულირების გზით, ამონაწერის პირველი გვერდი გააერთიანა სხვა ამონაწერის პირველ გვერდთან და მიიღო ე.წ. „სუფთა ამონაწერი“, სადაც არ ფიქსირდებოდა არანაირი აკრძალვა. კომისიამ კი მიიჩნია, რომ კომპანიამ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ 2020 წლის 30 მარტის №5 ოქმით განახორციელა შპს „...-ის“ დისკვალიფიკაცია. სატენდერო კომისიამ კვალიფიციურად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დეპარტამენტმა სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სწორედ ამ მიზეზით გადაამოწმა კომპანიის მიერ წარდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის ნამდვილობა. დეპარტამენტს რომ არ გამოეკვლია სრულყოფილად კომპანიის მიერ წარდგენილი მასალები, ამ შემთხვევაში კომპანიასთან დაიდებოდა ხელშეკრულება და ნათელი იქნებოდა, რომ დეპარტამენტმა სრულყოფილად არ განახორციელა თავის ვალდებულება, რადგან დაირღვეოდა სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა ისეთი ამონაწერის წარდგენისა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება გაფორმებული სრულად იმ თანხაზე, რომელიც პირს უფიქსირდებოდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა, ამ შემთხვევაში, დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნებოდა მიჩნეული.

კასატორი აღნიშნავს, რომ დავების განმხილველმა საბჭომ შეაგროვა ცნობები, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, დავების განმხილველი საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

4.2 სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს აფიდავიტის პირობების მნიშვნელობა სახელმწიფო ტენდერებში და არაკეთილსინდისიერების ფარგლები/პრინციპები, რაზეც საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2020 წლის 18 მარტის სხდომის №4 ოქმით შპს „...-ს“ განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღე სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარსადგენად. ოქმში მითითებულია, რომ პრეტენდენტს მოეთხოვა სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით მოთხოვნილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. 2020 წლის 30 მარტის სხდომის №5 ოქმში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ მიუთითა, რომ პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული არ არის, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, 2020 წლის 20 მარტის თარიღით განახლებულ, შპს „...-ის“ ამონაწერში, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მითითებულია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის №127618 შეტყობინების საფუძველზე, დარეგისტრირებულია №... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (10/03/2020 12:37:59), კომპანიის მთელ ქონებაზე, ხოლო პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ამონაწერში, რომელიც გაცემულია იმავე თარიღითა და ნომრით, კერძოდ, 2020 წლის 20 მარტს (რეგისტრაციის ნომერი ... 14:58:16), დაფიქსირებული არ არის ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. შესაბამისად, პრეტენდენტის, შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ამონაწერი არ არის ნამდვილი და არ შეიცავს რეალურ მონაცემებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ განახორციელა შპს „...-ის“ დისკვალიფიკაცია.

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, სატენდერო კომისია იხილავს და აფასებს, თუ რამდენად შეესაბამება პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული დოკუმენტები/ინფორმაცია შესაბამისი ტენდერის სატენდერო პირობებს. №... ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტში, მათ შორის, მითითებულია, რომ პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილია საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული; (3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის პირველ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ზემოხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით პრეტენდენტმა შპს „...-მა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა 2020 წლის 20 მარტის (14:58:16 საათი) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, შპს „...-ის“ (ს/კ ...) სახელზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული სუბიექტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ხაზგასასმელია შპს „...-ის“ მიერ DIS... საჩივარში მითითებული პოზიცია: პრეტენდენტი არ იყო ვალდებული წარედგინა შემსყიდველისათვის განახლებული სამეწარმეო ამონაწერი, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება 5.1.2 პუნქტში არ არსებობს, თუმცა მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერად მოიქცა და განაახლა ამონაწერი. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ გარკვეული საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით, ის მოქმედებს აღნიშნულის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მითითებას შეიცავს თუ არა კონკრეტული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია.

კასატორი აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემის პერიოდთან დაკავშირებით მითითებას პირდაპირ შეიცავს საქართველოს კანონმდებლობა. გარდა ამისა, ზემოხსენებულზე მიუთითებს ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2020 წლის 18 მარტის სხდომის ოქმის მე-2 პუნქტი. შპს „...-ის“ მიერ წარდგენილ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2020 წლის 20 მარტის (14:58:16 საათი) №... ამონაწერში მითითებულია, რომ დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge). საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარდგენის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმება, რომლის ფორმაც მოცემულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ დანართი №1-ში. სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პირი, მათ შორის, ადასტურებს, რომ სატენდერო/საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად არ არის წარდგენილი მცდარი ინფორმაცია, რაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა პრეტენდენტს. ასევე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილი ინფორმაცია შექმნილია/მოპოვებულია კეთილსინდისიერად.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მას შემდეგ, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია განიხილავს/შეაფასებს და მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი შეესაბამება კონკრეტული ტენდერის სატენდერო პირობებს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტ(ებ)ის ატვირთვა ემსახურება კონკრეტული ტენდერის სატენდერო პირობებით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. შპს „...-მა“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთა სატენდერო პირობების, კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად, საბოლოო ჯამში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. მოსარჩელემ დაარღვია აფიდავიტის პირობები, რაც იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2020 წლის 14 იანვარს, ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის გარეშე №... ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თაობაზე. სატენდერო კომისიამ 2020 წლის 14 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №1) დაამტკიცა სატენდერო დოკუმენტაცია და სატენდერო განცხადების პროექტი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 1 884 490,00 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით. ამასთან, სატენდერო განცხადების თანახმად, წინადადებების მიღება იწყებოდა 2020 წლის 13 თებერვალს და მთავრდებოდა 2020 წლის 18 თებერვალს. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით განისაზღვრა პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 მუხლით განისაზღვრა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია, კერძოდ, 5.1.2. იურიდიული პირების შემთხვევაში პრეტენდენტს უნდა წარედგინა: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ არ იქნებოდა რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ იქნებოდა რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილი იქნებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებული იქნებოდა სრულად იმ თანხაზე, რომელიც პირს უფიქსირდებოდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნებოდა მიჩნეული; (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც გამოიკვეთებოდა, რომ პრეტენდენტს არ გააჩნდა აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული ექნებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდებოდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზეც პრეტენდენტს უნდა წარედგინა შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი); (3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებული იქნებოდა სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის პირველ და მეორე ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი დაექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას (ტ.1, ს.ფ 93-108); ბ) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გამოცხადებულ, ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, №... ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „...-მა“. აღნიშნული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სატენდერო კომისიამ შეისწავლა პრეტენდენტ შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ კომპანიის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი, საჭიროებდა დაზუსტებას (ტ.1, ს.ფ 110-112); გ) სატენდერო კომისიამ 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია. კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც: ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, №... ელექტრონულ ტენდერში მონაწილე შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. შპს „...-ს“ დაევალა კანონმდებლობით, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ტ.1, ს.ფ 114-117); დ) სატენდერო კომისიამ 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა და შეაფასა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები. კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც: 1. ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, №... ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის - შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები და დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 29-ე მუხლის შესაბამისად, შპს „...“ გამოცხადდა გამარჯვებულად; 2. №... ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაევალა არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარედგინა სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით მოთხოვნილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამასთან, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა ყოფილიყო ზემოაღნიშნული წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადების დაცვით (ტ.1, ს.ფ 118-121); ე) სატენდერო კომისიამ 2020 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია, კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული იყო 2020 წლის 20 მარტს (რეგისტრაციის ნომერი ..., 14:58:16) და მასში არ ფიქსირდებოდა ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ იყო რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. ამასთან, სატენდერო კომისიის აპარატის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) გადამოწმდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია - შპს „...-ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 20.03.2020წ. 14:58:16). აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის №127618 შეტყობინების საფუძველზე რეგისტრირებული იყო ... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (10.03.2020წ. 12:37:59), შპს „...-ის“ (ს/კ ...) მთელ ქონებაზე. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 20 მარტს გაცემული ცნობით არ ფიქსირდებოდა აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და მითითებული იყო, რომ აღნიშნული თარიღის მდგომარეობით, შპს ...-ს“ ერიცხებოდა სალდირებული ზედმეტობა 118 233,82 ლარის ოდენობით. ცნობაში მითითებული იქნა, რომ შპს „...-ს“ ერიცხებოდა დამატებითი თანხები, 1 289 298,40 ლარი, რომელიც არ იყო აღიარებული. სატენდერო კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, N... ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს - შპს „...-ს“, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა დისკვალიფიკაცია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020 წლის 1 აპრილის №2-08/4008 შეტყობინებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა შპს „...-ის“ შავ სიაში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ 122-125, 43-44); ვ) შპს „...-ის“ წარმომადგენელმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა სატენდერო კომისიის 2020 წლის 30 მარტის №5 სხდომის ოქმი, კერძოდ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის თანახმად, დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნებოდა მითითებული „პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით“. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის DIS... (NAT) გადაწყვეტილებით შპს „...-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 33-34, 35-40); ზ) სატენდერო კომისიამ 2020 წლის 14 აპრილის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 17 იანვარს გამოცხადებული ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, №... ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის შესახებ საკითხი. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით შეწყდა ქ. ზუგდიდის ...ს ქუჩის 1,65 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის, №... ელექტრონული ტენდერი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. ამავე გადაწყვეტილებით სატენდერო კომისიის აპარატს დაევალა ტენდერისთვის მიენიჭებინა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტატუსი - ტენდერი შეწყვეტილია (ტ.1, ს.ფ 129-131).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „...-ისათვის“, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, №... ელექტრონული ტენდერის ფარგლებში მინიჭებული დისკვალიფიკაციის კანონიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა, აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 19​1 მუხლითა და „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი (1-ლი მუხლი).

საკასაციო პალატა მიუთითებს დასახელებული წესის 32-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დისკვალიფიკაციის განხორციელების საფუძვლებს, კერძოდ, დასახელებული ნორმის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: ა) იგი უარს იტყვის სატენდერო წინადადებაზე; ბ) მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; დ) იგი არ წარადგენს ნიმუშს, ექსპერტიზის დასკვნას ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი ნიმუში, ექსპერტიზის დასკვნა ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-19 პუნქტითა და 41-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ე) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, გარდა ამ წესის მე-40 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით, ასევე 41-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; თ) ამ წესის მე-40 მუხლის მე-15 და მე-19 პუნქტების შესაბამისად, იგი არ წარადგენს ხარჯთაღრიცხვას დადგენილი წესით, არ დააზუსტებს მას დადგენილ ვადაში, დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას ან/და გაზრდის წინადადების ფასს, ან/და არ წარადგენს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ს ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციას;

დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.

,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი არის პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მასში არ ფიქსირდებოდა ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ იყო რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. სატენდერო კომისიის აპარატის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) გადამოწმდა პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია - შპს „...-ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის რეგისტრირებული იყო ... საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება შპს „...-ის“ (ს/კ ...) მთელ ქონებაზე. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2020 წლის 20 მარტს გაცემული ცნობით არ ფიქსირდებოდა აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ და მითითებული იყო, რომ აღნიშნული თარიღის მდგომარეობით, შპს ...-ს“ ერიცხებოდა სალდირებული ზედმეტობა და დამატებითი თანხები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებზე დაყრდნობით, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ პრეტენდენტის მიერ ადგილი ჰქონდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას და კომპანიას მიანიჭა დისკვალიფიკაცია.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერება განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ამასთანავე, მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული დოკუმენტაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინფორმაციის შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ქმედების არაკეთილსინდისიერ ქმედებად კვალიფიკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები და დაცული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას, ის ფაქტი, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მოსარჩელე კომპანიის ქონებაზე წარმოიშვა მას შემდეგ, რაც კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა დოკუმენტები, კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „...-ის“ მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 მარტის №127618 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო №... ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 14 იანვარს და წინადადებების მიღება დაიწყო 2020 წლის 13 თებერვალს (მთავრდებოდა 2020 წლის 18 თებერვალს). შესაბამისად, ამ დროისათვის შპს „...“ სრულად აკმაყოფილებდა 5.1.2. მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, იურიდიული პირების შემთხვევაში პრეტენდენტს უნდა წარედგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც პრეტენდენტის მიმართ არ იქნებოდა რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ იქნებოდა რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. საყურადღებოა, რომ სატენდერო კომისიამ 2020 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, №... ელექტრონულ ტენდერში მონაწილე შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გათვალისწინებით შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს. შპს „...-ს“ დაევალა კანონმდებლობით, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. სატენდერო კომისიამ 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა და შეაფასა შპს „...-ის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვისა და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება შპს „...“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. ამდენად, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, რაც გამორიცხავს მის დისკვალიფიკაციას წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით უტყუარად არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ უნდა იქნეს დისკვალიფიკაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის №... ტენდერის 2020 წლის 30 მარტის №5 სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 13 აპრილის DIS... (NAT) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე