Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-526(კს-24) 14 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - ე. ვ-ე

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება

აღწერილობითი ნაწილი:

2023 წლის 28 დეკემბერს ე. ვ-ეის წარმომადგენლებმა ედ. ვ-ემ და ვ. ხ-იმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის 2 გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით ე. ვ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაევალა უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი განცხადების ან მის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ადვოკატის მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოდგენა, მასვე განესაზღვრა ხარვეზის შევსების ვადა 10 (ათი) დღე ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან, ამასთან განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება გაეგზავნა ედ. ვ-ეს, რომელიც ადრესატს ჩაბარდა 2024 წლის 26 თებერვალს. 2024 წლის 29 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ე. ვ-ეის წარმომადგენლებმა, ედ. ვ-ემ და ვ. ხ-იმა, სადაც უთითებენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ედ. ვ-ეს უფლება აქვს მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ფურცლის მიღება არ უნდა იქნეს გაიგივებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობასთან, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება დასრულებულია. განმცხადებელთა განმარტებით, სააღსრულებო ფურცლის მიღების უფლება ზოგად უფლებამოსილებას განეკუთვნება და სპეციალურ უფლებამოსილებას არ მოითხოვს, აღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატის ორდერის საფუძველზეც აქვს მისი მიღების უფლება, რადგანაც ,,ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ადვოკატი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც მინდობილობის ისე ორდერის საფუძველზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის განჩინებით ე. ვ-ეის წარმომადგენლების ედ. ვ-ეისა და ვ. ხ-ის 2023 წლის 28 დეკემბრის განცხადება, (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველი. აღნიშნული გადაწყვეტილება კერძო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ე. ვ-ეის წარმომადგენლების ედ. ვ-ეისა და ვ. ხ-ის მიერ, რომლებმაც განჩინების გაუქმება და მათი განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის წარდგენის შემდგომ 2024 წლის 15 აპრილს ე. ვ-ეის წარმომადგენელმა - ვ. ხ-იმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ედ. ვ-ეის, როგორც ე. ვ-ეის მინდობილი პირის მიერ ვ. ხ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა და კვლავ მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ტ.3. ს.ფ 23-26).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2024 წლის 22 აპრილის გზავნილსა და 2024 წლის 05 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე, რომლის თანახმად 2024 წლის 23 აპრილს ე. ვ-ეის წარმომადგენელს ვ. ხ-ის გაეგზავნა მისი მოთხოვნის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად აღარ არსებობს კერძო საჩივრის განხილვის პროცესუალური წინაპირობა დავის საგნის არარსებობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ვინაიდან დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გაიცა კერძო საჩივრითა და განცხადებით მოთხოვნილი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად აღარ არსებობს კერძო საჩივრის განხილვის წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. ე. ვ-ეის კერძო საჩივარზე დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება.

3. ედ. ვ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ ე. ვ-ეის კერძო საჩივარზე 31.05.2024წ. N42601621 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

4. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა, დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ.გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ.ცინცაძე

ნ.სხირტლაძე