Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-833(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსარჩელეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირები: თ., გ., დ., მ., გი., ა. ქ-ეები და ლ. ბ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ქ-ემ 2018 წლის 26 ნოემბერს სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების - თ. ქ-ეის, გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, გი. ქ-ეის, ა. ქ-ეისა და ლ. ბ-ეის მიმართ, რომლითაც, გ. ხ.-ს ძე ქ-ეის კომლის კუთვნილი 0.25 ჰა მიწის ნაკვეთის 95.63 კვ.მ მიწის ფართობით შევსების ნაწილში, ხელვაჩაურის რაიონის ...ს თემის საკრებულოს ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში სათანადო ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

სარჩელის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის, ...ს თემის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე, ...ში, ზ. ქ-ეის კუთვნილი 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მცხოვრებ გ. ხ.-ს ძე ქ-ეის კომლს 0,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამატებით შეევსო 0.25 ჰექტარი მიწით და მიეკუთვნა სულ 0,50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რაც მესამე პირებმა 2015 წლის 12 აგვისტოს დაირეგისტრირეს საჯარო რეესტრში. ზ. ქ-ეის კუთვნილი, ზემოაღნიშნული 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წლის 12 აგვისტოს ფაქტობრივი ფლობით, ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილიშვილმა, მოსარჩელე რ. ქ-ემ, რომელმაც მიწის ნაკვეთის ნახაზი, შესაბამისი ელექტრონული ვერსიით, სარეგისტრაციოდ წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დადგინდა მოცემული მიწის ნაკვეთის ზედდება გ. ქ-ეისა და მისი ოჯახის წევრების - დ., თ., მ., გი., ა. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №...). ზედდების ფართობმა შეადგინა 950.63 კვ.მ, რის გამოც ამ მოტივით მოსარჩელეს ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არსებული ზედდება გამოწვეული იყო ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომაზე მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე-99-ე მუხლებზე მითითებით, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიწის სარეფორმო კომისიის სხდომა ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, კომისიამ გ. ქ-ეის კომლს ისე შეუვსო მიწის ნაკვეთი 0,25 ჰა ფართობით, რომ არ განუსაზღვრავს და არ დაუზუსტებია, სად მდებარეობდა გამოყოფილი ნაკვეთი, არ გაურკვევია მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ აყენებდა რაიმე ზიანს გ. ქ-ეის მომიჯნავედ მცხოვრებ ზ. ქ-ეის კანონიერ ინტერესებს. ადმინისტრაციული აქტის მიმღები ორგანო ვალდებული იყო, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინ დაედგინა დაინტერესებულ პირთა წრე, რომელსაც წარმოადგენდა ზ. ქ-ე და სხდომაზე მოეწვია იგი, მიეცა საშუალება წარედგინა მტკიცებულებები, გასცნობოდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით განეცხადებინა შესაძლო შუამდგომლობები, მისი მოსმენით გაერკვია გ. ქ-ეზე მიწის ნაკვეთის შევსება ხომ არ ზღუდავდა ზ. ქ-ეის საკუთრების უფლებას, შეეგროვებინა ცნობები, დაეთვალიერებინა ადგილი, გამოეთხოვა დოკუმენტები. კომისიას სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათი ობიექტური შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. კომისიას არ მიუწვევია სხდომაზე დაინტერესებული მხარეები - გ. ქ-ე და ზ. ქ-ე.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. ქ-ეის კომლზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის 950.63 კვ.მ მიწის ნაკვეთით შევსების ნაწილში უშუალო ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელე რ. ქ-ეის კანონიერ უფლებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მესამე პირების მიერ 950.63 კვ.მ ფართით უკანონოდ გაზრდილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გამო რ. ქ-ეს არ ეძლევა საშუალება, დაირეგისტრიროს კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ფართით 2600 კვ.მ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით რ. ქ-ეის წარმომადგენლის - ლ. ქ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეისა და ა. ქ-ეის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს (ს/კ №...).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით რ. ქ-ეის სარჩელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ...ს თემის საკრებულოს სოფ. ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმი გ. ხ.-ს ძე ქ-ეის კომლზე 0,25 ჰა გამოყოფილი ფართობიდან, სადავო 950.63 კვ. მ-ის გამოყოფის ნაწილში და უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ჩანაწერში გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეის, ა. ქ-ეის სახელზე რეგისტრირებულ 3600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ქ-ემ, დ. ქ-ემ, თ. ქ-ემ, მ. ქ-ემ, ლ. ბ-ემ, გი. ქ-ემ, ა. ქ-ემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ქ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეისა და ა. ქ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით განუხილველი დარჩა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე თ. ქ-ემ, მ. ქ-ემ, გ. ქ-ემ, ლ. ბ-ემ, გი. ქ-ემ, ა. ქ-ემ და დ. ქ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, გ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეის, ა. ქ-ეისა და დ. ქ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), გასაჩივრებული ოქმი არ იყო გამოყენებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად. ამასთან, სასამართლოთა მიერ არც ის ფაქტობრივი გარემოება იყო დადგენილი, რამდენად გახდა 07.10.2014 წლის №AA2015055855-03 საარქივო ცნობაში მითითებული მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემების საფუძველი სადავო ოქმი.

საბოლოოდ, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ საქმის განხილვისას დადგინდებოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის, ...ს თემის საკრებულოს ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით მესამე პირებს გადაეცათ სადავო მიწის ნაკვეთი და მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას იმაზე მითითებით, რომ მოპასუხეებისათვის საკუთრების გადაცემის საფუძვლები საერთოდ არ არსებობდა, მაშინ გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს ექნებოდა იურიდიული ინტერესი და მისი რეალური მიზნის მიღწევა მოცემული დავის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა, ხოლო თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საკუთრება მართლზომიერად წარმოიშვა, თუმცა საკუთრების დამდგენი დოკუმენტებით მესამე პირებს გადაეცათ სხვა ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, ასეთ შემთხვევაში დაუსაბუთებელია მოსაზრება უფლებადამდგენი დოკუმენტების გასაჩივრების საჭიროების შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ გასაჩივრებული ოქმით მესამე პირებს არ გადასცემიათ სადავო მიწის ნაკვეთი და მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ოქმის საფუძველზე განხორციელდა მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე (სადავო 950,63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ნაწილში), აღნიშნული წარმოადგენს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავის საფუძველს და არა თავად ოქმის ბათილად ცნობის წინაპირობას, რომლის საფუძველზეც კასატორებს (მესამე პირებს) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, მოპოვებული აქვთ უფლება მიწის ნაკვთზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირების, გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეისა და ა. ქ-ეის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ქ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო გ. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის, ლ. ბ-ეის, გი. ქ-ეისა და ა. ქ-ეის თანასაკუთრებაში არსებულ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რ. ქ-ემ სარეგისტრაციო წარმოებების პარალელურად ზედდებაში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე უფლების მოსაპოვებლად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეების დავალდებულებას - მოეხდინათ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი განიმარტა, რომ რ. ქ-ემ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტები ვერ დაამტკიცა და მეტიც, მოსარჩელეს არც აპელანტთა საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი და არც უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავოდ არ გაუხდია. საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნით, 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები სწორედ აპელანტები არიან.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზედდების გარეშე განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს სამხრეთ/დასავლეთ მიმართულებით საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით ესაზღვრება თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც, სავარაუდოდ (კანონმდებლობით განსაზღვრული წესებით), შესაძლებელი იქნება აღნიშნული მიწის გაფართოება ზედდების მქონე 950.63 კვ.მ მიწის ნაკვეთით.

სააპელაციო სასამართლომ საბოლოოდ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულებით არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ოქმით გ. ქ-ეის კომლს სწორედ ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნდა ზ. უ.-სს ასულ ქ-ეს. საარქივო დოკუმენტებში დაცული არ არის ზ. ქ-ეის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გამოერკვია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები, კონფიგურაცია და ა.შ. აღნიშნულის გამორკვევის გარეშე კი, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სარეფორმო კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა სადავო ოქმი, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ამ ოქმის ბათილად ცნობისადმი ვერ გაამართლებს, რადგან მხარე ვერ ასაბუთებს, რომ სადავო ოქმით შეილახა მისი უფლება და სარეფორმო კომისიამ გ. ქ-ეს გადასცა ზ. ქ-ეის კუთვნილი ნაკვეთი, მით უფრო, როცა 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმში ნათლად არის მითითებული, რომ სარეფორმო კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ ზ. უ.-სს ასული ქ-ეის კომლზე ირიცხებოდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...ს ტერიტორიაზე. უდავოა, რომ რ. ქ-ეს, როგორც ზ. ქ-ეის მემკვიდრეს, უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია 2600 კვ.მ მიწის ფართობზე და საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს მხოლოდ 1650 კვ.მ, თუმცა რ. ქ-ე ვერ ადასტურებს, რომ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთია მისი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული, რადგან ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომ რ. ქ-ეის ნაკვეთის ირგვლივ არის დაურეგისტრირებელი, თავისუფალი მიწის ნაკვეთებიც.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ სადავო ოქმით გ. ქ-ეის კომლს სწორედ ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რაც ზ. ქ-ეს ეკუთვნოდა. ამგვარი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მოუსპო იმ შედეგის მიღწევის შესაძლებლობა, მიიღოს ის მიწის ნაკვეთი, რაც მის ბებიას ეკუთვნოდა.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო ადგილას თითქოს არსებობს სხვა მიწის ნაკვეთები, თავისუფალი ფართები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან - კომლის ამონაწერიდან, ორთოფოტოდან, მოწმეთა ჩვენებებიდან, ექსპერტიზის დასკვნიდან, თავად მესამე პირის - თ. ქ-ეის ჩვენებიდან იკვეთება, რომ ერთ სიბრტყეში არსებობდა სამი ძმის კომლი, რომელთაც მთლიანობაში 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გააჩნდათ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მშობლებმა დაყვეს და გაუნაწილეს შვილებს, რომლის რეგისტრაციაც იმ დროს საკომლო წიგნში მოხდა. ამდენად, დასტურდება, რომ სხვა, თავისუფალი მიწის ნაკვეთი ერთ სიბრტყეში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ქვა-ხერგიანი და ტყის მასივი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ოქმი შედგენილია არასრულყოფილად, შეუვსებელია გრაფები და ასევე გაურკვეველია სქემატურ გეგმაში მითითებული იყო თუ არა ზ. ქ-ეის კომლის მიწის ნაკვეთი, რადგან ასეთი სქემატური გეგმა ან მიწის ნაკვეთის აზომვის აქტები რეალურად არ არსებობდა. საჯარო რეესტრმა კი რ. ქ-ეს, როგორც ზ. ქ-ეის მემკვიდრეს, უარი უთხრა ზ. ქ-ეის კომლის 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე ზედდების გამო. გ. ქ-ეის კომლმა 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეივსო 5000 კვ.მ-ით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ...ს თემის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 კრების ოქმის საფუძველზე. მან ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განახორციელა 3600 კვ.მ მიწაზე, რითაც გადაფარა რ. ქ-ეის მიწის ნაკვეთი 950.63 კვ.მ-ით.

კასატორის მოსაზრებით, სარეფორმო კომისიის ოქმი, რომელმაც გ. ქ-ეის კომლს აბსტრაქტულად შეუვსო მიწის ნაკვეთი ზ. ქ-ეის კომლის მიწის ხარჯზე, უშუალო ზიანს აყენებს და უკანონოდ ზღუდავს მოსარჩელე რ. ქ-ეის კონსტიტუციით განმტკიცებულ კანონიერ უფლებას, რის გამოც, მას არ შეუძლია დაირეგისტრიროს უშუალოდ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ზ. ქ-ეის კომლს ეკუთვნოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რ. ქ-ეის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ქ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ...ს თემის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება იმ საფუძვლით, რომ სადავო ოქმით მესამე პირებს მიეკუთვნათ იმ ქონების ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. სწორედ ამიტომ, დასადგენია, 2015 წლის 12 აგვისტოს გ. ქ-ეის კომლის წევრებზე, სოფელ ...ში მდებარე 3600 კვ.მ მიწის ფართობის რეგისტრირებული ფართობიდან, რ. ქ-ეის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი ნახაზის მიხედვით ზედდებაში არსებული 950.63 კვ.მ მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს თუ არა ზ. ქ-ეის კომლის სახელზე რიცხული 2600 კვ.მ ფართობის ნაწილს, ასევე, გასაჩივრებული ოქმით გ. ქ-ეის კომლზე 2500 კვ.მ მიწის ფართის შევსება მოხდა ზ. ქ-ეის ფართობის ნაწილის გადაცემით, თუ გადაეცა სარეზერვო ფონდში არსებული თავისუფალი ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას გაითვალისწინა საკასაციო პალატის მითითებები სადავო ოქმთან მიმართებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და საქმის ზეპირი მოსმენისას მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, გამოარკვია, რომ მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს ორ გარემოებაზე, კერძოდ, სადავო ოქმის უკანონობაზე, რადგან დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, ამასთან, სადავო ოქმით მესამე პირებს მიეკუთვნათ იმ ქონების ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა ზ. ქ-ეის საკუთრებას. მოსარჩელე არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ქ-ეის კომლს სხვა ტერიტორიაზე მიეცა სარეფორმო კომისიის ოქმით მიწის ნაკვეთი და მარეგისტრირებელმა ორგანომ დაუშვა შეცდომა უფლების რეგისტრაციისას. იგი ასევე ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ, ზოგადად, გ. ქ-ეის კომლს, იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე, ეკუთვნოდა ზღვრულ ოდენობამდე მიწის შევსება. მხარის ამ პოზიციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დაასკვნას, რომ განსახილველი დავის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ იმის გამოსარკვევად არის თუ არა რ. ქ-ეის ინტერესი კანონიერი, სადავო აქტი პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს თუ არა მოსარჩელის ინტერესს და მისი ბათილად ცნობა წარმოშობს თუ არა რაიმე სახის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს მოსარჩელის მიმართ, უნდა გადაწყდეს მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენისა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების მიცემის გზით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მოსარჩელე რ. ქ-ეის ბებიის - ზ. ქ-ეის კომლს, საკომლო ჩანაწერების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ერიცხებოდა 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივი ფლობითა და ზ. ქ-ეის მიერ 1987 წლის 16 ივნისს დამოწმებული ანდერძის საფუძველზე, მიიღო მოსარჩელე რ. ქ-ემ, რომლის სახელზეც 2016 წლის 12 აგვისტოს გაიცა სამკვიდრო მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 19-20, 26-28);

- რ. ქ-ემ 2018 წლის 31 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში არსებულ, ზ. ქ-ეისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, რაზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 ნოემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით ფიქსირდებოდა ზედდება №... საკადასტრო კოდთან, თანამესაკუთრეები: გ. ქ-ე, დ. ქ-ე, გი. ქ-ე, ა. ქ-ე, მ. ქ-ე, ლ. ბ-ე, თ. ქ-ე (ტ.1, ს.ფ. 30);

- აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებამდეც და შემდეგაც, რ. ქ-ემ არაერთხელ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა მისი განცხადებები არ კმაყოფილდებოდა იმავე საფუძვლით - წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ... კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (იხ. 16.09.2016წ. №..., 04.04.2017წ. №..., 31.10.2018წ. №... და 11.03.2019წ. №... სარეგისტრაციო წარმოებები). საბოლოოდ, 2019 წლის 10 აპრილის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (11.03.2019 №...) ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1650 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი საერთო ფართით: 48,20 კვ.მ (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №...-38,2კვ.მ, №...-10კვ.მ, ს/კ ...), დარეგისტრირდა რ. ქ-ეის საკუთრებად 2016 წლის 12 აგვისტოს №160899617 სამკვიდრო მოწმობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში ...ს ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 4 აპრილის №224 ბრძანების საფუძველზე. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, რ. ქ-ე ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული, მამკვიდრებლის კუთვნილი 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან მის მიერ წარდგენილ აზომვით ნახაზზე დატანილი სარეგისტრაციო უძრავი ნივთი ზედდებაში მოდიოდა უკვე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან. 2019 წლის სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში კი, მოსარჩელემ დაირეგისტრირა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება, ზედდებაში არსებული ფართობის კორექტირებით;

- საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ რ. ქ-ემ, სარეგისტრაციო წარმოებების პარალელურად, ზედდებაში მოქცეულ მიწის ნაკვეთზე უფლების მოსაპოვებლად მიმართა სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა რ. ქ-ეის სარჩელი გ., დ., თ., მ., გი., ა. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეების დავალდებულებას, მოეხდინათ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრებიც დაემთხვეოდა მოსარჩელის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 4 აპრილის №... განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს. პალატამ მიიჩნია, რომ რ. ქ-ემ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტები ვერ დაამტკიცა, მეტიც, მოსარჩელეს სადავოდ არც აპელანტთა საკუთრების თაობაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი და არც უფლების დამდგენი საბუთი სადავოდ არ გაუხდია. საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაასკვნა, რომ 3600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები სწორედ აპელანტები იყვნენ.

- 2018 წლის 29 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ირკვევა, რომ 2015 წლის 7 ივლისის №... განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3600 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია №... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2, საერთო ფართით - 183.59 კვ.მ) და რომელიც თანასაკუთრების უფლებით ირიცხება ა. ქ-ეის, გ. ქ-ეის, გი. ქ-ეის, დ. ქ-ეის, თ. ქ-ეის, მ. ქ-ეის და ლ. ბ-ეის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2014 წლის 7 ოქტომბრის №AA2015055855-03 საარქივო ცნობა; უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2015 წლის 12 აგვისტო (ტ.1, ს.ფ. 17-18);

- 2018 წლის 31 ოქტომბრის №AA2018027960-03 საარქივო ცნობით ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ს თემის საკრებულოს დოკუმენტებით სოფელ ...ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. ხ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. ხ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. ხ.-ს ასული - ცოლი; ქ-ე თ.ი გ.-ს ძე - შვილი; ბ-ე ლ. გ.-ს ასული - რძალი; ქ-ე გი. თ.-ს ძე - შვილიშვილი; ქ-ე მ. თ.-ს ასული - შვილიშვილი; სოფელ ...ს, ...ს და ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ქ-ე გ. ხ.-ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ქ-ე გ. ხ.-ს ძე - ოჯახის უფროსი; ქ-ე ა. ხ.-ს ასული - ცოლი; ქ-ე თ. გ.-ს ძე - შვილი; ბ-ე ლ. გ.-ს ასული - რძალი; ქ-ე გი. თ.-ს ძე - შვილიშვილი; ქ-ე მ. თ.-ს ასული - შვილიშვილი; ქ-ე დ. თ.-ს ძე - შვილიშვილი; 1996-2001 წლებში კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა იყო 0.25ჰა, 2005-2006 წლებში - 0.50 ჰა. 2002 წელს კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი 160 კვ.მ ფართის ოდენობით. ცნობას დაერთო გ. ქ-ეის შესახებ ...ს თემის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 წლის №15 ოქმი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ მიწის ფართობის შერჩევის, დათვალიერების, მიზომვისა და მიღება-ჩაბარების აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა (ტ.1, ს.ფ. 25);

- აღსანიშნავია, რომ ...ს თემის საკრებულოს სოფელ ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის №15 საოქმო გადაწყვეტილებით გ. ხ.-ს ძე ქ-ეის კომლს, რომელსაც ერიცხებოდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, შეევსო 0,25 ჰექტრით, სულ ერიცხება 0,50 ჰა. ამავე ოქმით დადგინდა, რომ მიწის სარეფორმო სხდომამ დაამტკიცოს წარმოდგენილი დათვალიერებები, სქემატური გეგმები, რომლის მიხედვით მიეზომება კომლებს მიწის ფართობები. ოქმის საფუძველზე გამოიყო მიწის მიმზომი კომისია ოთხი კაცის შემადგენლობით: გ. ნ-ე - მიწათმომწყობი, თ. ქ-ე - სოფლის გამგებელი, გ. მ-ე - საკრებულოს ახალგაზრდობის ხელმძღვანელი, დ. ქ-ე - სარეფორმო კომისიის წევრი. კომისიას დაევალა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს მიზომვის აქტები დათვალიერების აქტების მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 16);

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. ამავე დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტრამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტრამდე. დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

ამასთან, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების პირველი პუნქტის მიხედვით, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით: ა) სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში - 3 ჰექტრამდე; ბ) სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,5 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში - 3 ჰექტრამდე; გ) ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0, 15 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტრამდე.

„საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-6 პუნქტით შეიცვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების 1-ლი პუნქტი და ჩამოყალიბდა იგი შემდეგი რედაქციით: ,,დაწესდეს საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით: - სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის და სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 1 ჰექტრამდე, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ამის შესაძლებლობაა - 1,25 ჰექტრამდე, მთის რაიონებში - 5 ჰექტრამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 1 ჰექტრამდე); - სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში - 5 ჰექტრამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,75 ჰექტრამდე); - ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები საგარეუბნო ზონებში - 0,15 ჰექტრამდე, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,25 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში - 1 ჰექტრამდე (მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები - 0,25 ჰექტრამდე); - რაიონული დაქვემდებარების ქალაქებისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მუდმივად მცხოვრებ და მომუშავე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეთათვის - 0,75 ჰექტრამდე, ხოლო სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის (რომლებიც ცხოვრობენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მიმაგრებულ მიწებზე) - 0,5 ჰექტრამდე“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან ერთად, ზემოდასახელებული საკანონმდებლო რეგულაციებით ასევე დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები. სწორედ აღნიშნული წესის საფუძველზე მოიპოვა გ. ქ-ეის კომლმა საკუთრების უფლება 0,50 ჰა მიწის ნაკვეთზე, თუმცა მასში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა მითითებული არ არის.

- საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 იანვრის №000280417 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტის წინაშე დასმულ კითხვებს გაეცა შემდეგი პასუხები: 1. ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე, ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით სრულად ფართობის განსაზღვრა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) შემოღობილია ნაწილობრივ და არა მთლიანად. ექსპერტის მიერ აღებული არსებული ღობის მონაცემები შედარებული იქნა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების მონაცემებთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილზე არსებული რეალური ღობის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს (დეტალურად იხ. დანართი №3); 2. იხ. დანართი №4, სადაც ნაჩვენებია ფაქტობრივად არსებული ღობის ადგილმდებარეობა, აღნიშნული გამყოფი ღობე ნაწილობრივ ყოფს: 1) №... საკადასტრო კოდით ხალით, ზ. და ი. ქ-ეეების მიწის ნაკვეთსა და №... საკადასტრო კოდით: ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, 2) საზოგადოებრივ სივრცეს (მისასვლელი გზა) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, 3) №... საკადასტრო კოდით: ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და რ. ქ-ეის მიწის ნაკვეთს ს/კ №... (საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით რ. ქ-ეის მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით არ არის რეგისტრირებული და მიმდინარეობს რეგისტრაციისათვის დამატებითი მასალების მოძიება); 3. იხ. დანართი №5, სადაც ნაჩვენებია საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული საკადასტრო ნახაზების მიხედვით დადგენილი გადაფარვა, №... საკადასტრო კოდით: ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და რ. ქ-ეის მიწის ნაკვეთს შორის. ჯამში გადაფარვაში მყოფი მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 950,63 კვ.მეტრს; 4. №... საკადასტრო კოდით ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და რ. ქ-ეის მიწის ნაკვეთს შორის არ არსებობს გამყოფი მიჯნა (ღობე); 5. ა., გ., გი., დ., თ., მ. ქ-ეებისა და ლ. ბ-ეის მიწის ნაკვეთის ფართი საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული საკადასტრო ნახაზების მიხედვით დადგენილი გადაფარვის გარეშე შეადგენს 2649,78 კვ.მ-ს (დეტალურად მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და ფართი იხ. დანართ №6-ში). ზედდების გარეშე განსაზღვრულ მიწის ნაკვეთს სამხრეთ/დასავლეთ მიმართულებით საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით ესაზღვრება თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც სავარაუდოდ (კანონმდებლობით განსაზღვრული წესებით) შესაძლებელი იქნება აღნიშნული მიწის გაფართოება ზედდების მქონე 950,63 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობის მქონე ნაკვეთით (იხ. დანართი №7); 6. №6 შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ვერ ხორციელდება შეკითხვაში ფიქსირებულ საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების მოძიება; 7. №7 შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ვერ ხორციელდება შეკითხვაში ფიქსირებულ საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების მოძიება (იხ. ტ.I, ს.ფ. 136-140).

საკასაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი დანაწესების ურთიერთშეჯერების შედეგად, სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ სადავო ოქმით გ. ქ-ეის კომლს სწორედ ის მიწის ნაკვეთი გადაეცა, რომელზეც უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნდა ზ. უ.-სს ასულ ქ-ეს. საარქივო დოკუმენტებში დაცული არ არის ზ. ქ-ეის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გამოერკვია მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები, კონფიგურაცია და ა.შ. აღნიშნულის გამორკვევის გარეშე კი, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სარეფორმო კომისიამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასცა სადავო ოქმი, მოსარჩელის კანონიერ ინტერესს ამ ოქმის ბათილად ცნობისადმი ვერ გაამართლებს, რადგან მხარე ვერ ასაბუთებს, რომ სადავო ოქმით შეილახა მისი უფლება და სარეფორმო კომისიამ გ. ქ-ეს გადასცა ზ. ქ-ეის კუთვნილი ნაკვეთი, მით უფრო, როცა 2001 წლის 15 აპრილის №15 ოქმში ნათლად არის მითითებული, რომ სარეფორმო კომისიისთვის ცნობილი იყო, რომ ზ. უ.-სს ასული ქ-ეის კომლზე ირიცხებოდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი სოფელ ...ს ტერიტორიაზე. უდავოა, რომ რ. ქ-ეს, როგორც ზ. ქ-ეის მემკვიდრეს, უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია 2600 კვ.მ. მიწის ფართობზე და საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს მხოლოდ 1650 კვ.მ, თუმცა რ. ქ-ე ვერ ადასტურებს, რომ სწორედ სადავო მიწის ნაკვეთია მისი უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული, მით უმეტეს, როცა, როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რ. ქ-ეის ნაკვეთის ირგვლივ არის დაურეგისტრირებელი, თავისუფალი მიწის ნაკვეთებიც. მაშასადამე, რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ჩვენებისა, რითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი სწორედ ზ. ქ-ეის საკუთრებაში არსებული ნაკვეთია, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებს, პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის ან/და სხვა უძრავ ნივთთან იდენტურობის დასადასტურებლად, ვინაიდან სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებათა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები) უტყუარობის გამოსაკვლევად და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეფასებით მოწმეთა ჩვენება საქმის გარემოების დასადგენად შესაძლოა მხოლოდ დამატებით საშუალებას წარმოადგენდეს.

ამასთანავე, მართალია, პალატა ეთანხმება მოსარჩელეს და მიიჩნევს, რომ მიუხედავად უფლების დამდგენ დოკუმენტად სადავო ოქმის მიუთითებლობისა, სწორედ სარეფორმო კომისიის გადაწყვეტილება გახდა საფუძველი საკომლო წიგნის ჩანაწერებში გ. ქ-ეის კომლზე რიცხული ქონების მოცულობის გაზრდისა, საკომლო წიგნში არსებული მონაცემები კი, იმ საარქივო ცნობის გაცემას დაედო საფუძვლად, რის გამოც მესამე პირებმა დაირეგისტრირეს საკუთრების უფლება, თუმცა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ხელვაჩაურის რაიონის, ...ს თემის საკრებულოს ...ს მიწის სარეფორმო კომისიის 2001 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმით გ. ქ-ეის კომლს ზ. ქ-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა, აღნიშნულის დაუდასტურებლობის გარეშე კი, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და უტყუარად ვერ დაადასტურა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობა, რაც გამორიცხავს ამ აქტების ბათილად ცნობის და შესაბამისად, მესამე პირების უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. რ. ქ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;

3. გ. ს-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კასატორის - რ. ქ-ეის საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 12 სექტემბერს №18545142126 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე