Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1002(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - რ. ჯ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ც. ბ-ი, ნ. დ-ე, ნ. ხ-ა, ნ. ჭ-ე (გ-ა), ფ. წ-ა, მ. ლ-ა (რ-ი), თ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ჯ-ამ 2019 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე მიღებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე რ. ჯ-ასა და თანამესაკუთრეთა სახელზე, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (ფართობით 1670 კვ.მ.) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება მოითხოვა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა - საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის (რ. ჯ-ა, ც. ბ-ი, ნ. დ-ე, ნ. ხ-ა, ნ. ჭ-ე (გ-ა), ფ. წ-ა, მ. ლ-ა (რ-ი), თ. მ-ი) ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ...ს მხარეს (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაგებად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრების უფლებით 1670 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის ფორმების უზრუნველყოფა კი დაევალა ქალაქ თბილისის მერს, რომელმაც არ შეასრულა პრეზიდენტის განკარგულება.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, მისი აღუსრულებლობის შემთხვევაში, განკარგულებას აღასრულებს (აფორმებს) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელმაც, ასევე, უგულებელყო ფიზიკურ პირებზე კუთვნილი მიწის ფართის საკუთრებაში გადაცემა, რითაც დაარღვია მათი კანონიერი უფლებები და მიაყენა მატერიალური ზიანი. სწორედ, აქედან გამომდინარე მოითხოვა მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და მის და თანამესაკუთრეთა სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის (ფართობით 1670 კვ.მ) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ სსიპ ქონების მართვის სააგენტო, ც. ბ-ი, ნ. დ-ე, ნ. ხ-ა, ნ. ჭ-ე (გ-ა), ფ. წ-ა, მ. ლ-ა (რ-ი), თ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით რ. ჯ-ას სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ჯ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით რ. ჯ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინება და საქმე რ. ჯ-ას სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით რ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით კვლავ რ. ჯ-ამ გაასაჩივრა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი თავის საკასაციო საჩივარში იმეორებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომლებზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულება გამოიცა როგორც მისი, ასევე სხვა პირებისათვის საცხოვრებელი ბინის საკითხების მოგვარების მიზნით, რომელიც უნდა აღესრულებინა ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა ნორმატიული აქტი, რითაც დაარღვია კანონმდებლობა და უგულებელყო რ. ჯ-ას კანონიერი სასიცოცხლო ინტერესი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, გაუგებარია ის ფაქტი, რომ სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის აღუსრულებლობას არ თვლის კანონდარღვევად და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფად. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა აშკარად უგულებელყვეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება და გაუმართლებელი უპირატესობა მიანიჭეს იურიდიულად დაბალი ძალის მქონე ნორმატიულ აქტს, რითაც დაარღვიეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არსებობს სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობები. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და ექვემდებარება გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ...ის ქ.№2-ის მიმდებარედ არსებული, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (ფართობით 1670 კვ.მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულების თანახმად, მას და მესამე პირებს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრების უფლებით გადაეცათ. ამდენად, შესაფასებელია დასახელებული განკარგულება წარმოშობს თუ არა სადავო უძრავ ქონებაზე რ. ჯ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს და შესაბამისად, კანონშესაბამისია თუ არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ამავე უძრავ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულებით დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მერიის შუამდგომლობა - საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის (რ. ჯ-ა, თ. მ-ი, ფ. წ-ა, მ. რ-ი, ნ. დ-ე, ც. ბ-ი, ნ. ხ-ა, ნ. ჭ-ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაგებად (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ...ს მხარეს), „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრების უფლებით (ნორმატიულ ფასად) 1670 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიას დადგენილი წესით უნდა უზრუნველეყო საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 სექტემბრის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 სექტემბრის №02-9/401 ბრძანების საფუძველზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება.

რ. ჯ-ამ 2018 წლის 21 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილებით დადასტურდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება. ამასთან, განახლდა მითითებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი რეგისტრირებული მონაცემების (ს/კ №...) მოქმედება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამრიგად, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს კონკრეტულ უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ყველა საჭირო დოკუმენტისა და ინფორმაციის წარდგენა კი წარმოშობს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას, დაარეგისტრიროს პირის საკუთრების უფლება. ამასთანავე, შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდეს, შეწყდეს, ან პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, დეტალურადაა მოწესრიგებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე, 23-ე მუხლებით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის საკითხებს და განსაზღვრავდა იმ სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, რომლებიც სახელმწიფო მიწით განკარგვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმოადგენდნენ სახელმწიფოს. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 10 მაისის №65 ბრძანებით დამტკიცდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვის წესი“, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გაცემაზე აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი განკარგვის ორგანიზების წესსა და პირობებს (1.1 მუხლი). მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის და მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხს წყვეტდა საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაბამისი რაიონის და ქალაქის, რომელიც არ შედიოდა რაიონის შემადგენლობაში, გამგეობა (მთავრობა) 7 დღის ვადაში უზრუნველყოფდა სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას მიწის განკარგვის თაობაზე. ამ ვადის განმავლობაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულებას აფორმებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის საკითხის გადაწყვეტაზე და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ პირს საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენდა, თუმცა მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის პროცედურა ამით არ სრულდებოდა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უფლებამოსილ ორგანოს უნდა უზრუნველეყო სათანადო ხელშეკრულების გაფორმება მიწის განკარგვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ მსგავსი შინაარსის მითითებას ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულების მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიას დადგენილი წესით უნდა უზრუნველეყო საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტით ცალსახად დგინდებოდა, რომ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი (განკარგულება) მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის თაობაზე დამოუკიდებლად არ წარმოშობდა შესაბამის სამართლებრივ შედეგს და არსებული დათქმის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამატებით ასევე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო სათანადო ხელშეკრულების გაფორმება მიწის განკარგვის თაობაზე.

საკასაციო პალატა ამავდროულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოების მითითებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით რ. ჯ-ამ მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომელმაც 2006 წლის 12 დეკემბრის №21/923/5-6 წერილით განმცხადებელს უარი უთხრა საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულების აღსრულებაზე. აღნიშნული წერილი კი რ. ჯ-ას კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.

საკასაციო პალატის მითითებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულების გამოცემის შემდგომ, უფლებამოსილი უწყების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მომხდარა საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომელთათვის მიწის ნაკვეთის გადაცემა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 თებერვლის (საქმე №3/1556-08) გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ჯ-ას სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 სექტემბრის №1154 განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონების (განკარგულებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ, ...ს მხარეს გამოყოფილი 1670 კვ.მ მიწის ფართობი) ამავე განკარგულებაში მითითებულ პირთა სახელზე დადგენილი წესით გადაცემის და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების თაობაზე, უსაფუძვლოდ (კანონშეუსაბამოდ) არის მიჩნეული. ამ პირობებში კი, საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოდ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. ქ. ჯ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს რ. ჯ-ას საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 11 ოქტომბერს №1332 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე