Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1074(კ-23) 06 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ლ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ლ...მა“ 2020 წლის 21 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის N2082 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ლ...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ...მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ლ...ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ლ...ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილება შპს „ლ...ს“ 30 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილების მე-2 პუნქტი (რომლითაც შპს „ლ...ს“ დაევალა უსაფრთხოების წესების დაცვა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; გადაწყვეტილების გამოტანიდან ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის N2082 ბრძანება; საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, შპს „ლ...“ (ს/ნ ...) გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით კასატორების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „ლ...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული განჩინება გაასაჩივრა შპს “ლ...ს” წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ და ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს შემოწმების აქტი ვერ ასახავს კონკრეტულად თუ რა სახის არსებით დარღვევას აქვს ადგილი, აღნიშნულ აქტში მითითებულია ზოგადად, რომ კიბის მარშებზე სრულად არ არის მოწყობილი დროებითი მოაჯირები, ფასადის ღიობზე სრულად არ არის მოწყობილი დროებითი დამცავი მოაჯირები, სამშენებლო მოედანი სრულად არ არის შემოღობილი დამცავი ღობით. აღნიშნულს იმეორებს ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის N000560 დადგენილება. არც შემოწმების ოქმში და მით უფრო არც აღნიშნულ დადგენილებაში არ არის მითითება კონკრეტულ დარღვევის სახეზე, ადგილებზე, მათ რაოდენობაზე, ხარისხზე, არ არის გაკეთებული შეფასება, რამდენად არის აღნიშნული დარღვევები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და არის თუ არა ამ ხარისხის დარღვევა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მათ დაწვრილებით ისაუბრეს ყველა იმ სამართალდარღვევის თაობაზე, რაც მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში, კერძოდ კი, დამცავი მოაჯირების არარსებობის ფაქტზე. კასატორის განმარტებით, შემოწმების დროს მიმდინარეობდა სიმაღლიდან ვარდნის დამცავი ბადეების დამონტაჟება, რაც მოაჯირების მოხსნის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, სასამართლოში წარმოდგენილ ფოტოსურათებშიც ჩანს დასაწყობებული მოხსნილი მოაჯირები, რომელიც მოწმობს, იმ ფაქტს, რომ მოაჯირები არსებობდა და მოხსნილი იყო გარკვეული საჭიროებიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით ასევე საშიში ვერ იქნებოდა სამშენებლო ღობის ნაწილობრივ მოხსნა, ვინაიდან აღნიშნული ღობე მდებარეობდა კლდის კალთაზე, სადაც არ იყო ადამიანთა მიმოსვლა, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მათ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორმა განმარტა, რომ მშენებლობა დასრულებულია და დღემდე არ დაფიქსირებულა არანაირი ადმინისტრაციული სამშენებლო წესების დარღვევა, ის დარღვევებიც, რის გამოც მოხდა დაჯარიმება, უმოკლეს ვადაში იქნა აღმოფხვრილი, რასაც მოწმობს საქმეში არსებული დოკუმენტები, ამდენად მოცემული დავის გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ლ...ს“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ, N13-ის მიმდებარედ/...ის ... მ/რ, N13 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...), უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ლ...ს“ საკუთრების უფლება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 26 მარტის N4431610 ბრძანებით, ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ, N13-ის მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 26 მარტის ჩათვლით.

2019 წლის 12 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შპს „ლ...ს“ მიმართ შეადგინა N000560 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ... მ/რ, N13-ის მიმდებარედ/...ის ... მ/რ, N13 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიმდინარეობისას, ობიექტზე დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N477 დადგენილებით დამტკიცებული „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-5 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული პირობები, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მეორე მუხლი, კერძოდ: სამშენებლო მოედანი სრულად არ იყო შემოღობილი სამშენებლო ღობით; კიბის მარშებზე სრულად არ იყო მოწყობილი დროებითი მოაჯირები და ფასადის ღიობებზე არ იყო მოწყობილი დროებითი დამცავი მოაჯირები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს Nშ-241/19 დადგენილებით შეჩერდა შპს „ლ...ს“ მიერ, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, N13-ის მიმდებარედ/...ის IV მ/რ, N13 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მშენებარე ობიექტზე (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილებით შპს „ლ...“ დაჯარიმდა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, N13-ის მიმდებარედ/...ის IV მ/რ, N13 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის. ამავე დადგენილებით შპს „ლ...ს“ დაევალა ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, N13-ის მიმდებარედ/...ის IV მ/რ, N13 კორპუსის მიმდებარედ (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

2019 წლის 20 აგვისტოს შპს „ლ...ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას და მშენებლობის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. განმცხადებელმა წარადგინა ი/მ „რ...ის“ 2019 წლის 20 აგვისტოს N01-34/19 საექსპერტო დასკვნა, „ქალაქ თბილისში, ...ის IV მ/რ, კორპუსი N13-ის მიმდებარედ (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მომუშავეთა შრომის უსაფრთხოების ღონისძიებათა დაცვის თაობაზე“.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 27 აგვისტოს Nშ-241/19-2 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შპს „ლ...ს“ მიმართ მიღებული 2019 წლის 12 აგვისტოს Nშ-241/19 დადგენილება, მშენებლობის შეჩერების შესახებ.

2019 წლის 27 აგვისტოს შპს „ლ...ს“ დირექტორმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს Nშ-241/19 და 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის N2082 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „ლ...ს“ 2019 წლის 27 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი, ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს Nშ-241/19 და 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილებები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა შპს „ლ...სთვის“ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის 30 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 12 აგვისტოს N000560 დადგენილების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებაზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტი - სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ)“.

ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-5 მუხლით დადგენილია მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ, კერძოდ, დამცავი მოაჯირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ; გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის: გ.ა) შუაძელის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მოაჯირის მთლიანი პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს სამშენებლო საცერი ბადეებით; გ.ბ) ერთმანეთის გადამკვეთი ძელები შესაძლოა გამოყენებული იყოს შუალედური ძელის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გადამკვეთი ძელების გადაკვეთის წერტილი არის სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე; გ.გ) მოაჯირების ჰორიზონტალური ძელები დამაგრებული უნდა იყოს საყრდენი ბოძების შიდა მხარეს; გ.დ) ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-ს; გ.ე) მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ ტვირთის მიწოლით დატვირთვას, რა დროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს; გ.ვ) მოაჯირზე ბადეები და სხვა დამცავი საშუალებები ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ არ გამოიწვიოს დასაქმებულთა დაზიანება (დასერვა, თითების მოყოლა) და ტანისამოსზე გამოდება; გ.ზ) მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება; გ.თ) დაუშვებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელების ერთმანეთზე დამაგრება ფოლადის ან პლასტმასის არტახებით; გ.ი) მოაჯირის ზედა და შუა ძელები უნდა იყოს ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებული, მინიმუმ 60 მმ-ის დიამეტრის ან სისქის, რათა გამოირიცხოს მათი გაჭრა ან/და გაგლეჯა. თუ გამოყენებულია ლითონის ბაგირი, ყოველ 180 სმ-ში უნდა დამონტაჟდეს თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ალმები; გ.კ) თუ მოაჯირის სისტემები გამოიყენება ხვრელების გარშემო, რომლებიც განკუთვნილია მისასვლელი ადგილებისთვის (კიბით ჩასასვლელი), ასეთი ხვრელები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საფარით ან იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ მოხდეს ადამიანის მარტივად შეღწევა; გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე უნდა იყოს დაფარული; გ.მ) როდესაც ღიობები გამოიყენება ტვირთის სამოძრაო ადგილად, გამოყენებული უნდა იქნეს მობილური მოაჯირები. იმ შემთხვევაში, თუ ღიობი არის გამოუყენებელი, იგი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული მთლიანი ფენილით; გ.ნ) ნებისმიერ ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული; გ.ო) თუ მოაჯირის ზედა ნაწილი შედგება მანილის, პლასტმასის ან სინთეტიკური ბაგირისგან, აუცილებელია მისი შემოწმება საჭირო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ ის უძლებს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას; გ.პ) მოაჯირი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმის კიდიდან არანაკლებ 10 სმ-ის მანძილისა.

საკასაციო პალატა მიუთითებს იმავე ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლზე, რომელიც აწესებს მოთხოვნებს ღიობების მიმართ, კერძოდ, დადგენილია, რომ ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა) დაფარული უნდა იყოს სპეციალური ხუფებით ან/და ფენილებით. ხუფები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ყველა ხუფი უნდა უძლებდეს მასზე მდგარი დასაქმებულის და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას; ბ) ხუფები უნდა დამონტაჟდეს ისე მყარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი შემთხვევითი გადაადგილება; გ) ხუფებს უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა − „ორმო“ („HOLE“) და „ხუფი“ („COVER“). ამავე რეგლამენტის მე-17 მუხლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მშენებლობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტზე, სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოების განხორციელებისას, სამშენებლო მოედანზე უზრუნველყოს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ დაცვა, სამუშაოები განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რათა საფრთხე არ დაემუქროს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებას და გარემოს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“ ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე: ორგანიზების, სამშენებლო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა - დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა - ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს.

იმავე ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება სიბნელეში. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა - ნაგებობის ტერიტორია. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-18 მუხლის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე (დათარიღებულია 12.08.2019წ.) (იხ. ს.ფ. 230- 238), რომლითაც ცალსახად ირკვევა, რომ სამშენებლო მოედანი სრულად არ არის შემოღობილი სამშენებლო ღობით, კიბის მარშებზე სრულად არ არის მოწყობილი დროებითი მოაჯირები და ფასადის ღიობებზე არ არის მოწყობილი დროებითი დამცავი მოაჯირები, რაც წარმოადგენს „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების 24 მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის და მე-15 მუხლის პირველი წინადადებით, ასევე, „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მშენებლობის წარმოებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენს სანებართვო სამართლის ინსტიტუტების სწორად გამოყენება. „..აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას..“ (სუს 2013 წლის 2 ივლისის Nბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილება). შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მაღალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოშობის რისკი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვისას განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, გამოვლენილი დარღვევების ინტენსივობისა და სხვა მახასიათებლების მიუხედავად, კანონმდებელი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით იმპერატიულად ადგენს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა (მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა), სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მასალებით დგინდება კასატორის მიერ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 12 აგვისტოს №000560 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 31 დეკემბრის №2082 ბრძანება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელემ მშენებლობა განახორციელა მშენებლობის უსაფრთხოებისათვის დაწესებული მოთხოვნების დაუცველად, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა და არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს დავა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. შპს „ლ...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. შპს „ლ...ს“ (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.10.2023წ. №3428 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე