საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1087(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - თ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ჩ-იმა 2017 წლის 29 ივნისს სარჩელით მიმართა თელავის რაიონული სასამართლოს მოპასუხის - თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 22 ოქტომბრის სააუქციონო კომისიის №3 ოქმის თანახმად, ის გამოცხადდა თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულად. აღნიშნული ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მოსარჩელეს თელავის მუნიციპალიტეტისგან საკუთრებაში გადაეცა ქ. თელავში, ...ს ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი. თ. ჩ-ის საპრივატიზებო ვალდებულებას წარმოადგენდა საკუთრების მოწმობის მიღებიდან 18 თვეში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 3 ნოემბერს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით ისე გაუქმდა ზემოაღნიშნული ოქმი, გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით, რომ მოსარჩელისათვის არავის უცნობებია ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ სააუქციონო ოქმის გაუქმების თაობაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 03 ნოემბრის №1039 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თ. ჩ-ის სარჩელზე, მოპასუხე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 03 ნოემბრის №1039 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება თ. ჩ-იმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით თ. ჩ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ჩ-იმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან აუქციონის გზით შეიძინა ქ. თელავში, ...ს ქუჩაზე მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2011 წლის 6 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №3-ის თანახმად, მყიდველს საკუთრების მოწმობის მიღებიდან 18 თვეში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებები უნდა განეხორციელებინა. თ. ჩ-ის მიერ დადგენილ ვადაში ვალდებულება არ შესრულდა, რა საფუძვლითაც მას დაეკისრა პირგასამტეხლო და ვალდებულების შესრულების ვადა გაუგრძელა 2015 წლის 06 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თ. ჩ-ის ეთხოვა ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მერიისთვის, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
სასამართლოს მიერ ასევე დადგინდა, რომ თ. ჩ-ის მიერ საკუთრებაში გადაცემული ფართის გარკვეული ნაწილი-200 კვ.მ გასხვისებულ იქნა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ სააუქციონო პირობები შესრულებული არ იყო, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 3 ნოემბერს გამოსცა ბრძანება №3 სააუქციონო ოქმის გაუქმების თაობაზე.
თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-იმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-იმა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - თ. ჩ-ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების 5.2. პუნქტში მოცემული დასკვნა, კასატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ეყრდნობა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სიტყვიერ პოზიციას. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არაა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, როგორიცაა, თ. ჩ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დადასტურების მომენტი, დრო და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობა. ამ მხრივ, სასამართლომ არ გამოიკვლია და შეაფასა სააუქციონო ოქმი №3-ისა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესების მუხლის 4-6 პუნქტები, რომლის თანახმად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება/შეუსრულებლობის ფაქტი გამყიდველის მიერ დგინდება მათი დადასტურების მომენტიდან, რაც დგინდება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით.
კასატორს მნიშვნელოვნად მიაჩნია, დადგინდეს ის ფაქტი, რა პერიოდიდან აითვალა კასატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტი ადმინისტრაციულმა ორგანომ, ვინაიდან, თუ აღნიშნულის ათვლა მოხდა თ. ჩ-ის მიერ სააუქციონო ფასის სრულად გადახდისა და მესაკუთრედ რეგისტრაციის მომენტიდან, მაშინ აუცილებელია შეფასდეს თ. ჩ-ისა და ლ. გ-ის შორის 2013 წელს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობა-იპოთეკის ხელშეკრულება, რადგან ქონებას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი და უზრუნველყოფილი კრედიტორი.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ ყოფილა დასამტკიცებლად წარდგენილი მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოსთვის, რაც შესაბამისი დებულების თანახმად, უპირობო მოთხოვნას წარმოადგენდა. შესაბამისად, ბრძანება გამოცემული და აღსრულებისთვის მიქცეულია კანონის უხეში დარღვევებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით. კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება. ამავე კოდექსის 54.1 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ. მითითებული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომლის საფუძველზეც ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 120-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენს ეძლევა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოწყობილ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა თ. ჩ-ი. აღნიშნული ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, მას საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თელავში, ...ს ქუჩაზე მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2012 წლის 22 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №3 ოქმის მიხედვით, სააუქციონო ვალდებულებას წარმოადგენდა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება საკუთრების მოწმობის გაცემიდან 18 თვის ვადაში. ოქმის მე-2 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ინფორმაციის მიწოდება. ოქმის მე-5 პუნქტით კი, განისაზღვრა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წარმოადგენდა აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძველს.
2012 წლის 14 დეკემბრის თელავის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული №38 პ/ა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, ქალაქ თელავში, ...ს ქუჩაზე მდებარე 432 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა თ. ჩ-ის.
საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 29 აპრილის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერით ირკვევა, რომ თ. ჩ-ის მიერ საკუთრებაში გადაცემული ფართის გარკვეული ნაწილი - 200 კვ.მ გასხვისებული იქნა, შესაბამისად, თ. ჩ-ის საკუთრებაში დარჩა 232 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №..., ნაკვეთი წინა ს/კ ...). ამონაწერში ასევე ფიქსირდება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული ვალდებულება (ვალდებული: თ. ჩ-ი, გამყიდველი: ქ.თელავის მუნიციპალიტეტი, ვალდებულების საგანი: ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისათვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემიდან 18 თვის განმავლობაში).
ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 24 სექტემბრის წერილით, თ. ჩ-ის ეცნობა, რომ დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მას დაეკისრა პირგასამტეხლო. კერძოდ, წერილში მიეთითა, რომ აუქციონში გამარჯვების ოქმის შესაბამისად, ობიექტი ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო საკუთრების უფლების მოწმობის გაცემიდან 18 თვის განმავლობაში, რაც განსახილველ შემთხვევაში შესრულებული არ იყო, ამასთანავე, ხსენებული ოქმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპრივატიზებო ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იყო ქონება ახალ მესაკუთრეზე გაესხვისებინა ოქმით გათვალისწინებული პირობებით და ქონების გასხვისების შესახებ ეცნობებინა გამყიდველისათვის, რაც ასევე არ იყო შესრულებული.
ქ. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით, თ. ჩ-ის ვალდებულების შესრულების ვადა გაუგრძელდა ერთი წლით - 2015 წლის 06 ოქტომბრამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, თ. ჩ-ის ეთხოვა ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მერიისათვის, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
ასევე დადგენილია, რომ ვინაიდან სააუქციონო პირობები შესრულებული არ იყო, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 3 ნოემბრის №1039 ბრძანებით გაუქმდა პირობიან აუქციონში თ. ჩ-ის გამარჯვების დამადასტურებელი №3 სააუქციონო ოქმი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე (კასატორი) მხარის ინტერესს წარმოადგენს თელავის მუნიციპალიტეტის მიერ პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №3-ის გაუქმების კანონიერების შეფასება. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადგენას, შეასრულა თუ არა მოსარჩელემ მის მიერ აუქციონით ნაკისრი ვალდებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში კეთილსინდისიერების ინსტიტუტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის სააუქციონო ვალდებულებას წარმოადგენდა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 30 დღეში და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისთვის შესაბამისი ქმედებების განხორციელება საკუთრების მოწმობის გაცემიდან 18 თვის ვადაში. საქმის მასალებით ირკვევა და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი მოსარჩელემ გადაიხადა, თუმცა საკუთრების მოწმობის მიღებიდან 18 თვეში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების ვალდებულება მის მიერ არ შესრულდა. თ. ჩ-ის აღნიშნული საფუძვლით დაეკისრა პირგასამტეხლო და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით გაუგრძელდა ვალდებულების შესრულების ვადა 2015 წლის 06 ოქტომბრამდე, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თ. ჩ-ის ეთხოვა ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მერიისთვის, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №3 ოქმის მე-5 პუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს დასახელებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების შედეგებს. კერძოდ, ასეთი შემთხვევის არსებობისას, მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ამავე ოქმის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წარმოადგენდა აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ჩ-იმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა აუქციონში გამარჯვების ოქმით ნაკისრი ვალდებულებები - საპრივატიზებო ტერიტორიაზე არ განთავსდა ობიექტი, შესაბამისად, არ განახორციელდა მოქმედებები მისი ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით და ამასთანავე, ვალდებულებების შესრულება არ დასტურდება არც შემდგომ, მოპასუხის მიერ დამატებით მიცემულ 1 წლიან პერიოდში, აღნიშნული ფაქტი, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №3 ოქმის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, წარმოადგენდა აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველს. კასატორს აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ აუქციონის შედეგად გადაცემული ქონების ნაწილი მან გაასხვისა და მყიდველის მიერ შესრულდა ვალდებულება. მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ საქმის მასალებს არ ერთვის რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ქონების გასხვისება მოხდა საპრივატიზებო ვალდებულებასთან ერთად და მყიდველმა აიღო რაიმე ვალდებულება მოსარჩელის სანაცვლოდ. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, ახალი მესაკუთრის მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა 2016 წლის შემდეგ (2023 წლის 2 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:50:58). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული განმარტებით, არათუ დასტურდება ვალდებულების დათქმულ დროში შესრულება, არამედ გამოირიცხება, ვინაიდან, სადავო აქტი გამოცემულია 2015 წელს, მოსარჩელის მიერ მითითებული მშენებლობლის განხორციელებამდე და შესაბამისად, მოცემული გარემოება ვერ გახდება სადავო აქტის გაუქმების საფუძველი.
შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განჩინება;
3. თ. ჩ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2023 წლის 9 ნოემბრის №1699513679 საგადახდო დავალებით თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ.სხირტლაძე