Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1114(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი/მ მ...

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ი/მ მ...მ 2022 წლის 8 აგვისტოს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 ივლისის №70-702219346, №70-702219331 და 2022 წლის 21 ივლისის №70-70222029 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება - მიიღოს გადაწყვეტილება მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პირობების და წესის“ გავრცელების თაობაზე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ი/მ მ...სა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2021 წლის 24 თებერვალს, 22 მარტს, 2 და 20 აპრილს, ასევე, 2022 წლის 4, 10, 21 და 22 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები, რომლებზეც უნდა გავრცელებულიყო საქართველოს მთავრობის №753 განკარგულებით დამტკიცებული „წესი“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 2022 წლის 5 მაისს. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თარიღის 24 საათიდან შევიდა იგი ძალაში.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან განცხადებებით მიმართა საჩხერის მერიას და ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პირობების და წესის“ გავრცელება მოითხოვა, რაზეც 2022 წლის 12 ივლისს მიიღო ორი წერილობითი უარი. მან 2022 წლის 15 ივლისს კვლავ მიმართა წერილით შემსყიდველს, რომლითაც 2022 წლის 12 ივლისს მიღებულ პასუხებთან დაკავშირებით დამატებით განმარტება მოითხოვა, რაზეც 2022 წლის 21 ივლისს მიიღო უარყოფითი პასუხი (№70-70222029). მოსარჩელემ 2022 წლის 25 ივლისს დამატებით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას და განკარგულების ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით ინფორმირება მოითხოვა.

ი/მ მ... არ დაეთანხმა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და სასამართლო წესით სწორედ ზემოაღნიშნული უარები გახადა სადავოდ. მოსარჩელის მოსაზრებით, სარჩელი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი/მ მ...ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 12 ივლისის №70-702219346, №70-702219331 და 2022 წლის 21 ივლისის №70-70222029 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; მოპასუხეს დაევალა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის“ გამოყენება ი/მ მ...ის მიერ 2022 წლის 6 ივნისს წარდგენილ №90, №91, №92, №93, №94, №95, №96, №98, №99 განცხადებებში მითითებულ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ მ...ს შორის დადებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შემდეგ ხელშეკრულებებზე: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 24 თებერვლის №22 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 22 მარტის №48 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 2 აპრილის №57 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 20 აპრილის №69 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 4 მარტის №36 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 10 მარტის №38 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 21 მარტის №52 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 21 მარტის №54 ხელშეკრულებაზე; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2022 წლის 22 მარტის №57 ხელშეკრულებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნავდა, საკასაციო პრეტენზიას კვლავ ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული წესით - „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ - გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხორციელდება კონკრეტული დროის მონაკვეთში შესრულებულ სამუშაოებზე, ანუ არის ერთჯერადი გამოყენების და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და არა ნორმატიულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მისი ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან. ამდენად, კასატორი არ იზიარებს სასამართლოთა შეფასებას, რომ აღნიშნული განკარგულება არის ნორმატიული აქტი და მის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მოქმედებს ჩვეულებრივი წესი საქართველოს კანონქვემდებარე აქტთან მიმართებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მის მიერ მოპასუხესთან დადებულ ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის “ გავრცელებაზე უარის თქმის კანონიერება, ამავე განკარგულებით განსაზღვრული შემსყიდველისათვის მიმართვის ვადის დარღვევის საფუძვლით. მოცემული საკითხის განხილვისას კი, პირველ ყოვლისა, შესაფასებელია სადავო აქტების ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისადმი კუთვნილების საკითხი, ვინაიდან კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას სწორედ იმ გარემოებაზე დაყრდნობით ამყარებს, რომ №753 განკარგულება წარმოადგენს არა ნორმატიულ, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანის მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფორმა, რომელიც კანონის საფუძველზე და მისი აღსრულების მიზნით მიმართულია პირთა განუსაზღვრელ წრეზე და ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები მითითებულია საქართველოს კონსტიტუციაში, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ასევე ცალკეული კანონები შეიცავს სპეციალურ მითითებას, რომ ხდება კონკრეტული მმართველობის ორგანოს აღჭურვა, ამავე კანონის საფუძველზე გამოსცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კანონმდებელმა განსაზღვროს მომავალში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოები და მიმართულებები ისე, რომ მმართველობის ორგანომ შეძლოს მოქმედება კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ი/მ ,,მ...სა“ და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2021-2022 წლებში გაფორმდა ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ი/მ ,,მ...მ“ №90, №91, №92, №93, №94, №95, №96 და №99 განცხადებებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას (მიმწოდებელს) და გაფორმებულ ხელშეკრულებებზე საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული ,,ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პირობების და წესის" გავრცელება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 27 აპრილს მიიღო №753 განკარგულება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პირობების და წესის დამტკიცების თაობაზე“. განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული განკარგულება ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. ამავე განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით დამტკიცებული წესის 1.1 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი. ამავე „წესის“ 1.2 მუხლის მიხედვით კი, ამ წესის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანხის ანაზღაურების საფუძვლებისა და პრინციპების განსაზღვრა. ამავე „წესის“ 2.1 მუხლით, ამ წესის მიზნებისათვის ფასთა ინდექსაცია არის მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა, წესით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. 2.2 მუხლით, ამ „წესით“ გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხორციელდება შემდეგ დროის მონაკვეთში შესრულებულ სამუშაოებზე: ა) მიმდინარე ხელშეკრულებების ფარგლებში – 2022 წლის პირველი აპრილიდან შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები; ბ) მიმდინარე და 2022 წლის 1 მაისამდე გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში შესრულებული და შემდგომში ანაზღაურებული სამუშაოები.

საკასაციო სასამართლო, დასახელებული სამართლებრივი დანაწესებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით დამტკიცებული „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლები, პრინციპები და წესი“ თავისი შინაარსით კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. ამდენად, ვინაიდან მხარეებს შორის დავა უკავშირდება სწორედ დასახელებული ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიმართ გავრცელების საკითხს, დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს როდის შეიძინა ძალა ზემოაღნიშნულმა დადგენილებამ, ასევე როდის სრულდება მთავრობის განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული განკარგულების ამოქმედებიდან მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მიმართვის 30-დღიანი ვადა.

საკასაციო პალატის მითითებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7.9 მუხლის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 6.1 მუხლით მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს. ამავე კანონის 26.1 მუხლის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებაში მის ამოქმედებასთან დაკავშირებით რაიმე დათქმა მითითებული არა არის. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს ჩვეულებრივი წესი საქართველოს კანონქვემდებარე აქტთან მიმართებაში. სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე. დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2022 წლის 5 მაისს (სარეგისტრაციო კოდი №000000000.00.003.025959). შესაბამისად, ამოქმედდა 2022 წლის 5 მაისიდან. ამოქმედებიდან 30-ე დღე იყო 4 ივნისი (შაბათი) - უქმე დღე, ასევე უქმე დღე იყო 5 ივნისი (კვირა). ამ ვითარებაში, მომდევნო სამუშაო დღე - 6 ივნისი წარმოადგენდა განკარგულებაში აღნიშნულ საკითხზე განცხადებების შეტანის ბოლო დღეს. ამდენად, 2022 წლის 6 ივნისს სრულიად შესაძლებელი იყო ხსენებული განცხადებების შეტანა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულებით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მოთხოვნა.

დასახელებული სამართლებრივი დანაწესებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის განცხადებები შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 აპრილის №753 განკარგულება და შეაფასოს (განახორციელოს მოქმედება) ვრცელდება თუ არა „წესში“ მითითებული შეღავათები განცხადებებში მითითებულ ხელშეკრულებებზე (უნდა განხორციელდეს თუ არა წესით გათვალისწინებული ფასთა ინდექსაცია ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე