საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1132(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - რ. მ-ი, რ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
რ. მ-იმა და რ. კ-ემ 2022 წლის 5 მაისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, „რ. მ-ისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-გ/14343 გადაწყვეტილებისა და „რ. კ-ეისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ ამავე ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-გ/14359 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის, რ. მ-ის სასარგებლოდ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე მიუღებელი პენსიის - 12760 ლარის, ხოლო რ. კ-ეის სასარგებლოდ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე მიუღებელი პენსიის - 10560 ლარის, ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, რ. მ-იმა და რ. კ-ემ პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ზეპირსიტყვიერად მიმართეს სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე, თუმცა მათ უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ისინი მუშაობდნენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „...ში“, რაც იმას გულისხმობდა, რომ ისინი ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას და პენსიის დანიშვნას არ ექვემდებარებოდნენ. სარჩელში მითითებულია, რომ რ. მ-ის პენსია დაენიშნა მხოლოდ 2019 წელს, ხოლო 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე მიუღებელმა პენსიამ შეადგინა 12760 ლარი. რ. კ-ეს კი პენსია დაენიშნა 2016 წელს, ხოლო 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე მიუღებელმა პენსიამ შეადგინა 10560 ლარი. მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „...“ წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მასში მომუშავეები არ არიან საჯარო მოხელეები.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეებმა სადავო აქტების ბათილად ცნობა და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. მ-ისა და რ. კ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით რ. მ-ისა და რ. კ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრეს რ. მ-იმა და რ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები კვლავ მიუთითებენ იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიმართ ნდობამ ისინი შეიყვანა შეცდომაში, ვინაიდან მათ სააგენტომ ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ რადგან საჯარო მოსამსახურეები იყვნენ და მუშაობდნენ „...ში“, არ ეკუთვნოდათ პენსიის დანიშვნა. საბოლოოდ, კასატორებს პენსია დაენიშნათ სააგენტოსათვის განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუმცა ისინი მოითხოვენ საპენსიო ასაკის მიღწევიდან პენსიის დანიშვნამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. მ-ისა და რ. კ-ეის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. მ-ისა და რ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება, პენსიის დანიშვნის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიუმართაობის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის წინაშე თანასწორობის, საყოველთაობისა და პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტიის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ხანდაზმულ მოქალაქეთა პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
დასახელებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. მითითებული კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. პენსიის მიღების უფლების მქონე პირი მაძიებლად ითვლება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით სახელმწიფომ შექმნა საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის მატერიალური სარგებლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პენსიის წარმოშობის ნორმატიულად დადგენილი პირობების დადგომისას (განსაზღვრული ასაკის მიღწევა), კანონით გათვალისწინებულ პირებს ექმნებათ მისი მიღების ლეგიტიმური მოლოდინი. ამასთან, საპენსიო ასაკის მიღწევა ავტომატურად არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან პენსიის დანიშვნის ვალდებულებას, საპენსიო ასაკის შესრულებასთან ერთად სავალდებულოა უფლებამოსილმა პირმა შესაბამისი განცხადებითა და თანდართული დოკუმენტებით მიმართოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2019 წლის 13 სექტემბრის №75871-19/1 გადაწყვეტილებით რ. მ-ის უარი ეთქვა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე, ვინაიდან დასაქმებული იყო „...ში“, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 3 თებერვლის №04-63/ო გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის №3/7356-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და სერვისცენტრს დაევალა რ. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, ასევე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. ამრიგად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. მ-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია თვეში 220 ლარის ოდენობით. მასვე აუნაზღაურდა განცხადების რეგისტრაციის თარიღიდან პენსიის დანიშვნის თარიღამდე (01.10.2019-01.03.2020 წწ. პერიოდის გათვალისწინებით) ერთჯერადად 1040 ლარი (იხ. ს.ფ. 86-87; 88). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მას არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი.
რაც შეეხება რ. კ-ეის შემთხვევას, მან სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის თაობაზე 2016 წლის 30 აგვისტოს წარუდგინა წერილობითი განცხადება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულ ერთეულს, რომელმაც, თავის მხრივ, 2016 წლის პირველი სექტემბრის №69029-16/01 გადაწყვეტილებით რ. კ-ეს დაუნიშნა სახელმწიფო პენსია, თვეში 180 ლარის ოდენობით, 2016 წლის პირველი სექტემბრიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ რ. კ-ეს არ უდასტურდება პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი. სწორედ, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტებით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2022 წლის 8 ივნისის №04-00-გ/14343 და №04-00-გ/14359 გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მათ არ უდასტურდებოდათ პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსთვის მიმართვის სხვა ფაქტი.
ამრიგად, მართალია, მოსარჩელეებს პენსიაზე უფლება წარმოეშვათ 65 წლის ასაკის მიღწევისას - რ. მ-ის შემთხვევაში 2015 წლის იანვრიდან, ხოლო რ. კ-ეის შემთხვევაში 2012 წლის სექტემბრიდან, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება მათი მხრიდან ადმინისტრაციული ორგანისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების რაიმე ფორმით 2019 წლის სექტემბრამდე (რ. მ-ი) და 2016 წლის აგვისტომდე (რ. კ-ე) წარდგენის ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მათთვის მიუღებელი პენსიის - 2015 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე (რ. მ-ი), 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე (რ. კ-ე) ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.
აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელეთათვის მიუღებელი სახელმწიფო პენსიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობა, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოპასუხისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დაკისრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დაადგინა:
1. რ. მ-ისა და რ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე