საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1134(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ს...მა“ 2020 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და „ნ. მ-ეის, გ. ღ-ეის, ზ. თ-ის და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ს...ს“ შუამდგომლობა და დაადასტურა სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ გარე განათების ბოძზე I კლასის შენობა-ნაგებობის - 8 მეტრამდე სიმაღლის ანტენის, მშენებლობის დადასტურების შესაძლებლობა. მითითებული აქტი ბათილად ცნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. მოსარჩელე მიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ლახავს სააქციო საზოგადოების ინტერესებს და ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, მან სადავოდ გახადა ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილება (რომლითაც, თავის მხრივ, დადასტურდა კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსების შესაძლებლობა) და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა.
ამავე სარჩელით მოსარჩელე სს „ს...მა“ იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების შეჩერების შესახებ მათი კანონიერების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, სს „ს...ს“ შუამდგომლობა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებით სს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობის დასადასტურებლად ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილ სს „ნ...ის“ 2019 წლის 5 აგვისტოს №019/66 ჰიგიენურ დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია რომ: „ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ, სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ გარეგანათების ბოძზე, სს „ს...ს“ მიერ საბაზო რადიოსადგურის განთავსებისთვის, შერჩეულია ოპტიმალური ადგილი გადამცემის სიმძლავრის, ანტენის გამოსხივების დიაგრამის პარამეტრებისა და განთავსების სიმაღლის გათვალისწინებით. ანტენები განთავსებულია მაღალ სიმაღლეზე, აქვთ კარგი მიმართულება, 2 მეტრის სიმაღლის სანიტარული დაცვის ზონა, რასაც ითვალისწინებს ნორმატივი. ანტენების განთავსების ადგილი შერჩეულ იქნა ქვეყანაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, გადამცემის სიმძლავრის, ანტენის გასხივების დიაგრამის პარამეტრების, განთავსების სიმაღლის გათვალისწინებით, რის გამოც სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის მიერ წარმოქმნილი რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ინტენსივობის ფაქტობრივი მნიშვნელობები საკვლევ ტერიტორიაზე არ აღემატება ქვეყანაში ამჟამად მოქმედ სანიტარული წესებისა და ნორმების - „რადიოსიხშირის დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება 2.2.42.1.8.001-01-ის“ მიხედვით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას (10 მკვტ/სმ.კვ.) და არ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე“.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბათილად ცნობილი 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით არ მომხდარა ზემოხსენებული მიკრონომინალის ფუნქციურ პარამეტრებში, გადამცემის სიმძლავრეში ან/და განთავსების სიმაღლეში ცვლილება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალა მხოლოდ მიკროსადგურის ვიზუალური მხარე - მოწყობილობების განთავსების რიგითობა, რასაც არანაირი გავლენა არ მოუხდენია მის გარემოზე ზემოქმედებაზე. შესაბამისად, განთავსებული რადიოსადგურის მიმართ ძალაშია სს „ნ...ის" მიერ 2019 წლის 5 აგვისტოს მომზადებული ჰიგიენური დასკვნის პროექტი, რომლითაც ცალსახადაა დადასტურებული აღნიშნული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის უვნებლობა.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ლახავს მის კანონიერ ინტერესებს, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილს, მისი მიღებისას დარღვეულია 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც იგი ექვემდებარება ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანების კანონიერების შეფასება. დასახელებული ბრძანების კანონშესაბამისობის დადგენის თვალსაზრისით, შესაფასებელია სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას არის თუ არა საქმის გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული და არსებობს თუ არა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, დასტურდება თუ არა ამ ბრძანების კანონმდებლობის დარღვევით გამოცემა და ამით მესამე პირთა უფლებების არსებითი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც კოდექსის მიზნად განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივ მოწესრიგებას. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს, რომ მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. თუ მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაზე, რომლის №1 დანართით, I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლების „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ მახასიათებელს განეკუთვნება სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა. მითითებული წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის შეტყობინება/მშენებლობის დეტალური შეტყობინება ხდება კოდექსით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ განმცხადებელს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს შეტყობინებით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ინტერესი. მე-2 პუნქტის მიხედვით, მშენებლობის მარტივ შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მშენებლობის დეტალური შეტყობინების შემთხვევაში - 10 სამუშაო დღის ვადაში.
მითითებული ნორმების დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებისას, ისევე, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემას დაქვემდებარებული სხვა სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეისწავლოს დაგეგმილი მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4677650 გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ, სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ გარე განათების ბოძზე დადასტურდა I კლასის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების, კერძოდ, სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსების შესაძლებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით კი, დაკმაყოფილდა სს „ს...ს“ 2020 წლის 27 იანვრის განცხადება და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ ქვესადგურზე, კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე, დადასტურდა სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსების შესაძლებლობა.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4677650 გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა სს „ნ...ის“ 2019 წლის 5 აგვისტოს №019/66 ჰიგიენური დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის სანიტარულ-დაცვითი და განაშენიანების შეზღუდვის ზონების სიდიდეების ანგარიში შესრულებულია საბაზო რადიოსადგურის გადამცემი ანტენების 5 მეტრ სიმაღლეზე განლაგების პირობებში. ამასთან, სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსებისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილი გადამცემის სიმძლავრის, ანტენის გამოსხივების დიაგრამის პარამეტრებისა და განთავსების სიმაღლის გათვალისწინებით. ანტენები განთავსებულია მაღალ სიმაღლეზე, აქვთ კარგი მიმართულება და 2 მეტრის სიმაღლის სანიტარული დაცვის ზონა.
საკასაციო პალატის მითითებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა, რომ დასახელებული დასკვნა მომზადდა პირველად დამტკიცებული ფოტომონტაჟის (იხ. ს.ფ. 132) გათვალისწინებით, ხოლო მეორე (კორექტირებული) ფოტომონტაჟის (იხ. ს.ფ. 117) წარდგენის დროს რაიმე დასკვნა, შეცვლილი ადგილმდებარეობით ობიექტის მონტაჟის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4677650 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟისა და 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით შეთანხმებული კორექტირებული ფოტომონტაჟის ურთიერთშედარების საფუძველზე დგინდება, რომ ფოტომონტაჟის კორექტირების შედეგად ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ გარე განათების ბოძზე განხორციელდა სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსების ადგილმდებარეობის ცვლილება. ფოტომონტაჟების ურთიერთშედარების შედეგად ცალსახად დასტურდება, რომ არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 23 სექტემბრის №4677650 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ფოტომონტაჟით გათვალისწინებული სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგური უნდა განთავსებულიყო უფრო მაღლა, ვიდრე ამას 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით შეთანხმებული კორექტირებული ფოტომონტაჟი ითვალისწინებდა, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ობიექტის უფრო დაბლა განთავსება უარყოფით გავლენას არ მოახდენს გარემოზე, მოსარჩელეს არც არქიტექტურის სამსახურში, სადავო აქტის მიღების დროს და არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №31-ის მიმდებარედ სს „თ...ს“ საკუთრებაში არსებულ გარე განათების ბოძზე სს „ს...ს“ საბაზო რადიოსადგურის განთავსების შესაძლებლობის დადასტურებას საფუძვლად დაედო სს „ნ...ის“ 2019 წლის 5 აგვისტოს №019/66 ჰიგიენური დასკვნა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კორექტირების შედეგად განხორციელდა ზემოაღნიშნული საბაზო რადიოსადგურის ადგილმდებარეობის ცვლილება, არქიტექტურის სამსახურს წარმოეშვა ვალდებულება, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე შესაძლო მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, გამოეკვლია ახალი განთავსების ადგილას საპროექტო ობიექტის ექსპლუატაციის პირობებში, რამდენად იქნებოდა დაცული ქვეყანაში ამჟამად მოქმედი სანიტარული წესები და რადიოსადგურის ანტენის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ისე, რომ არ მომხდარა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლა, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამორკვეული წარდგენილი კორექტირებული ფოტომონტაჟის შესაბამისად საპროექტო საბაზო რადიოსადგურის განსხვავებულ ადგილას განთავსების პირობებში, რამდენად იქნებოდა დაცული ქვეყანაში მოქმედი სანიტარული წესები და რადიოსადგურის ანტენის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მართებულად გააბათილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილება. ამასთან, არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4851003 გადაწყვეტილებით შეთანხმებული კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სადავო ობიექტის უფრო დაბლა განთავსების უსაფრთხოების თაობაზე რაიმე დოკუმენტი მოსარჩელე მხარეს არც არქიტექტურის სამსახურში, სადავო აქტის მიღების დროს, არც ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სასამართლოში, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №545 ბრძანება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დაადგინა:
1. სს „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინება;
3. სს „ს...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2023 წლის 25 ოქტომბერს №1698147018 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 % - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე