Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1144(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ხ-იმა 2022 წლის 01 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის N77 განკარგულება; დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, ...ის, N5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ყოფ. ... კორპუსი N... - ის მიმდებარედ, საერთო ფართობი-210.00 კვ.მ.) მ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 4 თებერვლის N77 განკარგულება; მოპასუხეს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N5 (ყოფ. ... კორპუსი N... -ის მიმდებარედ, საერთო ფართობი-210.00 კვ.მ.). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ" ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა (თუნუქის კონსტრუქცია). გარდა ამისა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 20 ივნისის №2 ოქმის საფუძველზე, ამავე კომისიის 2022 წლის 04 თებერვლის №77 განკარგულებით უარი ეთქვა მ. ხ-ის (პ/ნ: ...) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

კასატორმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია, სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით მოწმის ჩვენება ერთ-ერთ მტკიცებულებად არის მიჩნეული და სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტსაც კი წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება უნდა იქნეს შეფასებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და იმ შემთხვევაში თუ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეთა მიერ მითითებული გარემოება, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული ცალსახად დადასტურებულად. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სრულიად დაუსაბუთებლად იქნა დაფუძნებული ექსპერტიზის დასკვნაზე შენობის ნაწილის კაპიტალურობასთან დაკავშირებით - მაშინ, როდესაც თავად ექსპერტი შენობის ხნოვანების და კაპიტალურობის დასასაბუთებლად უთითებს მხოლოდ მის ვიზუალურ დათვალიერებაზე და დასკვნაში არსაიდან არ იკვეთება თუ რა მეთოდი და ხელსაწყო გამოიყენა ექსპერტმა ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად.

კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონიერია, ხოლო სასამართლო განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მ. ხ-ისათვის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ხ-იმა 28.05.2020წ. განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, N5 (ყოფ...., კორპუსი, N... -ის მიმდებარედ, საერთო ფართობი-210.00 კვ.მ.); ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით შენობისათვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერებას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად, კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა (თუნუქის კონსტრუქცია), რაც საკუთრების უფლებით აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა ეს არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა; კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე- 2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საექსპერტო კვლევითი ჯგუფის 2023 წლის 14 თებერვლის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N..., ყოფილი ..., კორპუსი N...-ის მიმდებარედ მ. ხ-ის თხოვნის საფუძველზე, ჩატარდა ექსპერტიზა მის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის (ლითონის ჯიხურისა და ბლოკით ნაშენი შენობის) საძირკვლების კონსტრუქციულ ელემენტებზე ხანდაზმულობის დადგენის მიზნით. მათ მიერ შესწავლილ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა N..., ყოფილი ... კორპუსი N...-ის მიმდებარედ მოქალაქე მ. ხ-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის ფართი 210 მ2) ზემოთ ხსენებული ფუძე-საძირკვლების კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობა ადგილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, მასალისა და კონსტრუქციული ელემენტების მდგომარეობის გათვალისწინებით ადასტურებს ხანდაზმულობას დაახლოებით 17-18 წლის ვადით.

ამასთანავე, წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, ნაგებობის საძირკველი რკინა-ბეტონის ლენტური ტიპისაა, არსებული მდგომარეობით ლითონის ჯიხურს გააჩნია რკინა-ბეტონის ბლოკებისაგან შემდგარი და ანაკრები კონსტრუქციების მეშვეობით მოწყობილი საძირკველი. ერთი მხრიდან შენობის საძირკველი განეკუთვნება კაპიტალურ საძირკველს. ლითონის ჯიხურს ერთი მხრიდან გაჩნია ქანობი, სადაც გრუნტში ჩაყოლებულია და ხისტად გამაგრებულია ანაკრები რკინა-ბეტონის ფილა, რომელსაც ეყრდნობა აღნიშნული ნაგებობა. ნაწილობრივ ნაგებობის ქვეშ მიწას გააჩნია ღრმული, ასევე რკინა-ბეტონის საძირკვლის ბლოკები სრულად არ არის შეკრული და კონსტრუქციულად გამართული. შესაბამისად, ნალექების დინების შედეგად საძირკვლის ზედაპირზე აღინიშნება ცვეთადობის და შეფერილობის კვალი, რაც გამოწვეულია ხანდაზმულობის შედეგად. რკინა-ბეტონის ფრაქცია ხანდაზმულობის შედეგად საკმაოდ გაფხვიერებულია და აღენიშნება ზედაპირული შეფერილობისა და დეფექტების მაღალი მაჩვენებლები. საძირკვლის ბლოკებსა და შემკრავ კოჭებზეც აშკარად შეიმჩნევა ჯდენითი პროცესების კვალი, რაც ექსპლუატაციის პერიოდის დამახასიათებელი თვისებაა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლის თანახმად, მოწმეების - ე. კ-ის და ი. ა-ის ჩვენებებით დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის მდებარეობა მათი საცხოვრებელი ბინების მოსაზღვრედ; მათივე ჩვენებებით დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი 70-იანი წლებიდან დაიკავა მოსარჩელის ოჯახმა, სადაც დღემდე ცხოვრობს მოსარჩელე. მანამდე არსებობდა კაპიტალური შენობა, რომლის საძირკველზეც დღეს განთავსებულია დროებითი შენობა. აღნიშნული შენობა 90-იან წლებში გაძარცვეს, ამის შემდეგ იგი დაიშალა, თუმცა ამ საძირკველზე დღეს განთავსებულია მოსარჩელის დროებითი ნაგებობა. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სადავო მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების გაცემის მიზნებისთვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული პერიოდული შეფასების დოკუმენტებითაც. კერძოდ, საქმის მასალებში დაცულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, ოჯახის მისამართია: ..., ..., ...ს კორპუსი N9-ის უკან, მოქმედი სარეიტინგო ქულაა 11 300, ოჯახის შემადგენლობაშია 5 წევრი, მათ შორის, მ. ხ-ი. მ. ხ-ის განმარტებით, იგი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს თავის ოთხ შვილთან ერთად, რასაც არ მოპასუხე მხარე არ ხდის სადავოდ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობებისა და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს მ. ხ-ი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და სარგებლობდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალები და ექსპერტიზის დასკვნები ერთობლიობაში ქმნიდა სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უსაფუძვლოდ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მ. ხ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. არ დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის ფაქტი. აღნიშნული კი წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დავა სწორად არის გადაწყვეტილი. ამასთან, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე