საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1149(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ს-ე
მესამე პირი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა) და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ვ. ს-ემ 2021 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის №MIA 6 21 00096409 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისთვის მოსარჩელის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სახელფასო განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის №MIA 6 21 00096409 ბრძანება და ამავე ორგანოს დაევალა მოსარჩელე ვ. ს-ესთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვ. ს-ემ ჩაიდინა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივი მოვალეობათა შეუსრულებლობა), „გ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა სამსახურში გამოუცხადებლობასა და პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ შეკრებებში მონაწილეობაში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მე-7 მუხლის მოთხოვნები. კასატორის მითითებით, სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა.
დასახელებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 5 ნოემბერს ვ. ს-ე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის თბილისი ...ის თანამდებობიდან გადაინიშნა ამავე სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფის - აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ...ად. ვ. ს-ეის განმარტებით, იგი ვერ შეძლებდა გარდაბანში სიარულს, ვინაიდან უძვირდებოდა მგზავრობა, სწორედ ამ მოტივით, 2020 წლის 9 ნოემბერს, დაწერა პატაკი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით და სამსახურში აღარ გამოცხადებულა. სამსახურებრივი შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ ვ. ს-ემ დაცვის პოლიციის ცხელ ხაზზე დააფიქსირა პრეტენზია, რომ იძულებული გახდა დაეწერა პატაკი, რადგან ვერ შეძლებდა გარდაბანში სიარულს. აღნიშნულთან დაკავშირებით გასაუბრება მოხდა ვ. ს-ეის ხელმძღვანელ პირებთან. მათი განმარტებით, ვ. ს-ეის როტაცია გამოწვეული იყო მისი სამსახურისადმი გულგრილი და დაუდევარი დამოკიდებულების გამო, კერძოდ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დასაცავი ობიექტის - „...ს“, დაცვისას ვ. ს-ეს უწევდა მარტო მორიგეობა და მასზე ვერ ხორციელდებოდა სათანადო კონტროლი. სწორედ ამიტომ, იგი სამსახურებრივი მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო არაერთხელ იყო დასჯილი. ამდენად, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი მისი მხრიდან განმეორებულიყო საგუშაგოს მიტოვების ან სხვა გადაცდომის ფაქტი, რის გამოც, რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ვ. ს-ე გადანიშნულიყო ისეთ ობიექტზე, სადაც თანამშრომელთა გაზრდილი რაოდენობა იქნებოდა და არ მოუწევდა მას მარტო მორიგეობა და პასუხისმგებლობის სრულად აღება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნული გადაცდომისა, გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების დროს ასევე ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ ვ. ს-ე იმყოფებოდა და მონაწილეობას იღებდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში, რაც დასტურდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით და სოციალურ ქსელ „facebook-ით“ გავრცელებული ვიდეომასალით. აღნიშნული ქმედებით ვ. ს-ემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების მოთხოვნები, რომლებითაც მას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, კატეგორიულად ეკრძალება შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის მიღება.
კასატორის მოსაზრებით, ვ. ს-ეის მიერ ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის. პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მსგავსი ქმედება საზოგადოებაში იწვევს პოლიციის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ უნდობლობას, ეჭვქვეშ აყენებს მის ავტორიტეტს და ლახავს პოლიციელთა რეპუტაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მიმართ დაწესებულია ქცევის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურში, ასევე მის გარეთ, მათ უნდა გააჩნდეთ მომეტებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და აკისრიათ თმენის განსაკუთრებული ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე მართებულად გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა იყო ჩადენილი ქმედების პროპორციული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის გამო ვ. ს-ეის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, მოსარჩელის ნების საკითხის შეფასების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინურ წესდებაზე“, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებს მიეკუთვნება სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, ასევე მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. წესდების მე-3 მუხლის მიხედვით კი, დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ადგენენ, რომ პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, ასევე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნეს პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე, ასევე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. ამასთან, ამავე წესის 36-ე მუხლის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს. განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, უარის განცხადების დღიდან.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, აღნიშნავს, რომ პოლიციელი მუდამ მზად უნდა იყოს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით. ამასთან, პოლიციელის უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, იგი ქცევის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, ზედმიწევნით იცავდეს კანონის მოთხოვნებს და სათანადოდ ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობებს. ქცევის აღნიშნული წესების დარღვევა შესაძლებელია გახდეს პოლიციელის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობა.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის №MIA 6 21 00096409 ბრძანებით, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფების აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ...ს, ვ. ს-ეს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „სამსახურიდან დათხოვნა“, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. მისი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სამსახურში გამოუცხადებლობა და პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ შეკრებებში მონაწილეობა.
საკასაციო პალატა, სადავო აქტის შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებებზე. კერძოდ, ვ. ს-ეის სამსახურის გავლის ნუსხიდან ირკვევა, რომ 2020 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელე გადაინიშნა რკინიგზის ობიექტების დაცვის სამმართველოს დაქვემდებარებული დანაყოფის - აღმოსავლეთ საქართველოს დაცვის სამსახურის ...ად, რის თაობაზეც მას ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ზეპირსიტყვიერად ეცნობა. ასევე ირკვევა, რომ ვ. ს-ეს ახალ თანამდებობაზე მორიგეობა უწევდა 2020 წლის 7 ნოემბერს, თუმცა ის სამსახურში აღარ გამოცხადებულა. საქმეში დაცულია გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შესული 2020 წლის 25 ნოემბრის შეტყობინება, რომელშიც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მაშინვე, 2020 წლის 5 ნოემბერს დააფიქსირა, რომ არ სურდა გარდაბნის დაცვის განყოფილებაში გადასვლა, რის გამოც დაწერა პატაკი სამსახურიდან წასვლის თაობაზე, თუმცა პატაკზე რეაგირება არ მომხდარა, ვინაიდან მას პატაკის შინაარსის შეცვლას სთხოვდნენ. საქმეში კი წარმოდგენილია 2020 წლის 9 ნოემბერს შედგენილი პატაკი (ხელმოწერილ არ არის), რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ. ს-ეს სურს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლება, რადგან ხელმძღვანელი პირი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებს გადანიშვნას, რათა ვერ შეძლოს სამსახურში სიარული. საქმის მასალებს ასევე ერთვის 2020 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, ვ. ს-ემ უფლებამოსილ პირს ჩააბარა სამსახურებრივი მოწმობა. აღსანიშნავია, რომ დაბეჭდილ მიღება-ჩაბარების აქტზე თარიღი ხელით არის მიწერილი.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს პატაკის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ასევე არ დასტურდება, რომ გადანიშვნის თაობაზე მიღებული ბრძანება ვ. ს-ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა და მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ეს ბრძანება სადავო გაეხადა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ გადაყვანის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით. ასევე, როგორც მოსარჩელე უთითებს, ის არ დაეთანხმა გადაყვანას, რაც განაცხადა, როგორც ზეპირსიტყვიერად, როდესაც აცნობეს გადაყვანის თაობაზე, ასევე იმავე დღეს, 2020 წლის 5 ნოემბერს დაწერა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწორედ ამ მიზეზით და ჩააბარა სამსახურებრივი ბარათი. არ დგინდება ის გარემოებაც, რომ მხარისათვის ცნობილი იყო ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდეგ მისი მორიგეობის დრო - 2020 წლის 7 ნოემბერი.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ვ. ს-ეის სამსახურიდან დისციპლინური წესით გათავისუფლების თაობაზე, სამსახურში გამოუცხადებლობისათვის, რომ არ გამოუკვლევია მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი, ასევე მოსარჩელის მიერ პატაკში მითითებული გარემოებები, რომ მას დევნიდნენ და ამ მიზნით მოხდა სხვა სამსახურში გადაყვანა, რათა ვერ შეძლოს სამსახურში სიარული და დატოვოს თანამდებობა. როგორც მოსარჩელემ მიუთითა, მან პატაკი დაწერა გადაყვანის დღეს, 2020 წლის 5 ნოემბერს, კომპიუტერის მეშვეობით. აღნიშნული ასევე მითითებულია 2020 წლის 25 ნოემბრის შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებაში, თუმცა საქმეში წარმოდგენილი პატაკი დათარიღებულია 2020 წლის 09 ნოემბრით, რომელიც არ არის ხელმოწერილი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავდაპირველად არსებითი მნიშვნელობა აქვს პატაკის შედგენის დროს, რის გამორკვევაც შესაძლებელია ტექნიკური საშუალებებით. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, პატაკში მითითებული გარემოებები შეფასებული არ არის და მისი შედეგებიც არ უცნობებიათ მოსარჩელისათვის, ისე იქნა 2021 წლის 15 იანვრის ბრძანებით გათავისუფლებული 2020 წლის 6 ნოემბრიდან დისციპლინური გადაცდომების გამო, მათ შორის - სამსახურის თვითნებურად მიტოვებისათვის 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომ მოსარჩელის ბოლო მორიგეობის თარიღი იყო 2020 წლის 4-5 ნოემბერი და გადაყვანილ სამსახურში მორიგეობა უწევდა 2020 წლის 7 ნოემბერს.
შესაბამისად, სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის №MIA 6 21 00096409 ბრძანება, ვინაიდან სათანადოდ უნდა გამოირკვეს ვ. ს-ეის პატაკში მითითებული გარემოებები და მიეცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა ამ ეტაპზე გამორიცხავს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე