საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1193(კ-23) 06 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. გ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ემ 2021 წლის 14 მაისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა დადებულად აღიარებული იქნეს გ. გ-ესა და ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს შორის 2003 წლის 22 აპრილს გაფორმებული N6 ნასყიდობის ხელშეკრულება და გ. გ-ე ცნობილ იქნეს ასპინძის რაიონის სოფელი ...ში მდებარე უძრავი ქონების - 48 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სოფელ ...ს ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობის მესაკუთრედ.
სარჩელის მიხედვით, ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის N2 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ-ეის განცხადება და მან იყიდა ასპინძის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობა, ...ის საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის მიერ 2003 წლის 22 აპრილს შედგენილი შეფასების აქტით აღნიშნული უძრავი ქონება შეფასებულ იქნა 560 ლარად, რაც გ. გ-ეის მიერ გადახდილ იქნა სოფელ ...ის საკრებულოს ანგარიშზე. 2003 წლის 22 აპრილს ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოსა და გ. ვ.-ის ძე გ-ეს შორის დაიდო აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მყიდველს მიყიდა აღნიშნული 48 კვ.მ უძრავი ქონება. ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით და ბეჭდით, რაზეც 2003 წლის 22 აპრილს გ. გ-ეზე გაიცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო 2003 წლის 22 აპრილის N6 მიღება-ჩაბარების აქტით აღნიშნული ქონება ოფიციალურად გადაეცა მოსარჩელეს, რომელსაც მას დღემდე ფლობს და განკარგავს.
მოსარჩელის მითითებით, გ. გ-ემ 2018 წლის 10 დეკემბერს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. 2018 წლის 14 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში არ ფიქსირდებოდა მიწის ფართობი, ხელშეკრულება არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, შესაბამისად, ვერ ჩაითვლებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 28 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, რაც გასაჩივრებული იქნა. მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გ. გ-ეის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებად.
მოსარჩელის მითითებით, ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის N2 სხდომის ოქმით, სოფელ ...ის საკრებულოს საპრივატიზაციო კომისიის 2003 წლის 22 აპრილს შედგენილი შეფასების აქტით, 2003 წლის 22 აპრილს გაფორმებული N6 ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობით და 2003 წლის 22 აპრილს გაცემული N6 მიღება-ჩაბარების აქტით სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან მხარეები ნებაყოფლობით შეთანხმდნენ აღნიშნულ ფორმაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადებულად აღიარებულ იქნა გ. გ-ესა (პ/ნ ...) და ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს შორის 2003 წლის 22 აპრილს გაფორმებული №6 ნასყიდობის ხელშეკრულება და გ. გ-ე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე ასპინძის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 48 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული სოფელ ...ს ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე დააზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აღიარებულ იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულებად ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოსა და გ. გ-ეს შორის 2003 წლის 22 აპრილს დადებული №6 ნასყიდობის ხელშეკრულება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებად ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს და გ. გ-ეს შორის 2003 წლის 22 აპრილს დადებული №6 ნასყიდობის ხელშეკრულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მათ გამოიყენეს სწორედ ის ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინათ. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმების დამადასტურებელი ძირითადი მტკიცებულება - ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის სათანადო წესით დამოწმებული და რეგისტრირებული შესაბამის ორგანოში, რაც სადავო უძრავ ნივთზე გ. გ-ეის საკუთრების უფლების წარმოშობას გამორიცხავს. კასატორის განმარტებით, როგორც არსებული, ისე ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი კანონმდებლობა, უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობას უკავშირებდა რთული წერილობითი ფორმით შედგენილი ხელშეკრულების არსებობას, მის სათანადო წესით დამოწმებას და აღნიშნული დოკუმენტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში. კასატორი მიუთითებს სადავო პერიოდში 2003 წლის 22 აპრილს მოქმედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 479-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობას უკავშირებდა არა ყოველგვარ საბუთს, არამედ სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულებას და მის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ განხორციელდა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც კანონმდებლობის დარღვევით დადებული ხელშეკრულება მიიჩნია საკუთრების წარმომშობად და დააკმაყოფილა სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს გ. გ-ესა და ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს შორის 2003 წლის 22 აპრილს გაფორმებული N6 ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარების კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სოფელ ...ის საკრებულოს 2003 წლის 22 აპრილის №2 სხდომის ოქმის ამონაწერით დადგენილია, რომ გ. გ-ეის განცხადება ასპინძის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობის ყიდვის შესახებ დაკმაყოფილდა. სოფელ ...ის საპრივატიზაციო კომისიის 2003 წლის 22 აპრილის შეფასების აქტით დადგენილია, რომ საპრივატიზაციო კომისიის მიერ დათვალიერებულ და შეფასებულ იქნა ასპინძის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობა, რომლის სატარიფო ღირებულება შეადგენდა 560 ლარს. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ შენობა ნახევრად დანგრეულია, რის გამოც კომისიის მიერ მოხდა გადაანგარიშება და ქონების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 250 ლარი.
2003 წლის 22 აპრილს ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს და გ. გ-ეს შორის გაფორმდა №6 ხელშეკრულება და გ. გ-ეს საკუთრებაში გადაეცა ასპინძის რაიონის სოფელი ...ში მდებარე ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობა, საერთო ფართით 48 კვ.მ. ხელშეკრულების თანახმად, გასაყიდი ქონების სატარიფო ფასი შეადგენს 560 ლარს, ხოლო ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი განისაზღვრა 250 ლარით, რაც ხელშეკრულების დადასტურების მომენტისათვის სრულად გადარიცხული იქნა გამყიდველის ანგარიშზე. 2003 წლის 22 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე კი გ. გ-ემ ჩაიბარა ასპინძის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ყოფილი ...ის კუთვნილი ...ს შენობა.
2018 წლის 10 დეკემბერს გ. გ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ასპინძის რაიონის სოფელ ...ში, სექტორი ...ა, რაზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 21 იანვარს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი ხელშეკრულება არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ასევე წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ ჩაითვლებოდა საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად. ასევე, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 28 მარტს მიიღო №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 21 იანვრის №... და 2019 წლის 28 მარტის №... გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა 2019 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მარეგისტრირებელი ორგანოს 2019 წლის 21 იანვრის №..., 2019 წლის 28 მარტის №... და 2019 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში, თუმცა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის №3/101-19წ. გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ავთანდილ ასპანიძის, ბ. წ-ეის, ო. ლ-ეის ჩვენებებით დადგენილია, რომ სოფელ ...ში არსებული ...ს შენობა, რომელიც იყო ავარიული, შეისყიდა გ. გ-ემ და დღემდე იქ ცხოვრობს, ხოლო ლ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 1984 წლიდან მუშაობდა სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს ...ად. სოფელ ...ში მდებარე ...ს შენობა იყო ავარიული, რის გამოც გაიტანეს გასაყიდად აუქციონზე და იგი შეიძინა გ. გ-ემ, რის სანაცვლოდაც გადაიხადა შესაბამისი საფასური, მისი გადახდის შემდგომ კი გადაეცა აღნიშნული ქონება.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების შესაფასებლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რაც გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისკენ. მნიშვნელოვანია ის, რომ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსენსუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას მხარეებს შორის, ისე არსებული უფლება - მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას. ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის მეშვეობით. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის პირობა შეთანხმებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ მასზე შედგეს კონსენსუსი, თუმცა თავად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საკმარისია, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე შეთანხმდებიან.
საკასაციო პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება. მასში გამოხატულია მხარეთა ნება, მითითებულია ნასყიდობის საგნის ღირებულება, რაც სრულად არის გადახდილი მყიდველის მიერ. აღნიშნულის საფუძველზე, ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა მყიდველს, რომელიც დღემდე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ქონებით. შესაბამისად, ხელშეკრულება აკმაყოფილებს როგორც მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ასევე 2003 წელს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 327-ე მუხლის და 328-ე მუხლების მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ასპინძის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს და გ. გ-ეს შორის 2003 წლის 22 აპრილს დადებული №6 ხელშეკრულების ნასყიდობის ხელშეკრულებად აღიარების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე