Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1200(კ-23) 14 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - თ. ლ. მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი:

2022 წლის 30 ნოემბერს თ. ლ. მ. ა-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის N1000839728 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ. მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის N1000839728 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ლ. მ. ა-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ლ. მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე- თ. ლ. მ. ა-იმ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე განჩინებით, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით, სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა თ. ლ. მ. ა-ის, თუმცა ჩაბარება უფლებამოსილი პირისათვის ვერ მოხერხდა და აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განჩინებით საჯაროდ გავრცელდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე www.ecd.court.ge. საჯარო შეტყობინება განხორციელდა 2024 წლის 22 მაისს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს, 2024 წლის 29 მაისს, ამასთანავე მომდევნო დღიდან დაიწყო თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის განკუთვნილი ვადის დინება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლებახოლო. კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება თ. ლ. მ. ა-ის გაეგზავნა საქმეში მითითებულ, სასამართლოსთვის ცნობილ მისამართზე (თბილისი, ...ის ..., მე-3 სართული, ბინა 4) და 2024 წლის 4 იანვარს ჩაბარდა ზ. ც-ას (გზავნილზე ფიქსირდება ხელმოწერა და მითითებულია პირადი ნომერი ...), თუმცა საქმის მასალებში მის მიმართ გაცემული ძალაში მყოფი მინდობილობა არ მოიპოვება. გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების მიზნით, ხარვეზის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს ხელახლა გაეგზავნა იმავე მისამართზე, თუმცა, გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა და დაუბრუნდა სასამართლოს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება ორჯერ გაიგზავნა საკასაციო საჩივრის ავტორის სასამართლოსათვის ერთადერთ ცნობილ მისამართზე, თუმცა უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც, საკასაციო პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინების საფუძველზე, ხარვეზის დადგენის შესახებ 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება გამოქვეყნდა საჯაროდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით ხარვეზის შესახებ განჩინების საჯარო გამოქვეყნებით, თ. ლ. მ. ა-ის ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის და განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საჯარო შეტყობინება საქართველოს სასამართლოების საქმის წარმოების სისტემის ვებგვერდზე განთავსდა 2024 წლის 22 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ შეიძლება გავრცელდეს ვებგვერდზე განთავსებით, განჩინების საჯაროდ გავრცელების შემთხვევაში განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს. ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩაითვალა 29 მაისს. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 30 მაისს და ამოიწურა 2024 წლის 06 ივნისს 24 საათზე. დადგენილ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ მოუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. თ. ლ. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე