Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1304(კ-23) 6 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ვ-იმა 2022 წლის 14 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგებლის 2021 წლის 24 სექტემბრის № Nბ37.01212674 და 2021 წლის 08 ოქტომბრის Nბ37.01212811 ბრძანებები მოსარჩელე ა. ვ-ისათვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი ა. ვ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 მარტის N233 ბრძანება; დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის - ა. ვ-ის მიმართ მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, ა. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-იმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, ქალაქ თბილისი მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის N 20.1641.1986 განკარგულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად გამგებელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით ერთი და იმავე განმცხადებლის მიმართ გასცეს ფულადი დახმარება, რომლის ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს, ხოლო 1 500 ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე. კასატორი განმარტავს, რომ მისი ოჯახი წარმოადგენს სწორედ ისეთ გაჭირვებულ ოჯახს, ვისზეც უნდა გავრცელდეს 1 500 ლარზე მეტი დახმარების გაწევის ვალდებულება.

კასატორის განმარტებით, მას იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ 1500 ლარი ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის აღმოფხვრას. იგი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც იმყოფება უკიდურესად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. აპელანტის შვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის შშმ პირი, ასევე ინსულინდამოკიდებული და საჭიროებს ზუსტ კვებას, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. გარდა ამისა, ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები არის გაუსაძლისი, რადგან მათი საცხოვრებელი არის ავარიული, რაც სტიქიამ უარესად დააზიანა. ამდენად, თუ არ აღმოიფხვრება აღნიშნული დაზიანებები, სახლი დაინგრევა და ოჯახი დარჩება ღია ცის ქვეშ, რაც გამოიწვევს ისედაც გაჭირვებული ოჯახის უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გამგეობა წარმოადგენს თავის ტერიტორიულ ერთეულში პირთა სოციალური დახმარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზედმიწევნით დაადგინოს და შეაფასოს დაინტერესებული პირის მოთხოვნის გათვალისწინებით ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეების მხრიდან არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, გარემოებები და მიღებული იქნა კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, რამაც ზიანი მიაყენა კასატორის კანონით მინიჭებულ უფლებებს, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია სათანადოდ ის გარემოება, თუ როგორ გაჭირვებულ მდგომარეობაშია ოჯახი და რამდენი საჭიროება აქვს, რომელსაც ვერ იკმაყოფილებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ მოსარჩელისთვის მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ა. ვ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა სამშენებლო მასალისათვის ფულადი დახმარების გამოყოფა. მისივე განცხადებით, არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, ჰყავს ავადმყოფი შვილი - ე. ა-ი და ომის ვეტერანი ძმა - რ. ვ-ი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 24 სექტემბრის Nბ37.01212674 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 2021 წლის 08 ოქტომბრის Nბ37.01212811 ბრძანებებით ამავე გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სოციალური პროექტების განყოფილების საკონსულტაციო - სათათბირო ორგანოს (საბჭოს) რეკომენდაციის საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის განცხადება მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაცემაზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 მარტის №233 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის 2022 წლის 10 თებერვლის N19/01220412526-01 და N19/01220412554-01 ადმინისტრაციული საჩივრები და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებლის 2021 წლის 24 სექტემბრის Nბ37.01212674 და 2021 წლის 8 ოქტომბრის Nბ37.01212811 ბრძანებები.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 მარტის №233 ბრძანების თანახმად, საქმეზე წარდგენილი სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 15 მარტის N37-01220742127 წერილით დგინდება, რომ სამგორის რაიონის გამგეობამ ა. ვ-იზე 2021 წელს ჯამურად გასცა 1500 ლარის ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, კერძოდ: ამავე გამგებლის 2021 წლის 28 იანვრის Nბ37.01210288 ბრძანებით - 500 ლარი; 2021 წლის 1 აპრილის Nბ37.01210911 ბრძანებით - 300 ლარი; 2021 წლის 2 სექტემბრის N37.01212457 ბრძანებით - 300 ლარი; 2021 წლის 8 ოქტომბრის Nბ37.01212811 ბრძანებით - 400 ლარი. ამავე წერილში ასევე აღინიშნა, რომ ა. ვ-ის შვილზე - ე. ა-ის სახელზე სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2021 წელს ჯამურად გაიცა 1500 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება, კერძოდ, სამგორის რაიონის გამგებლის 2021 წლის 30 ნოემბრის Nბ37.012133343 ბრძანებით 1000 ლარი და 2021 წლის 11 აგვისტოს Nბ37.01212231 ბრძანებით 500 ლარი. ვინაიდან მითითებული ბრძანებებით უკვე გაცემული იყო მიზნობრივი ფულადი დახმარება, დახმარების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებაზე უფლებამოსილმა საკონსულტაციო ორგანომ - საბჭომ ა. ვ-ის განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გასცა უარყოფითი რეკომენდაცია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 19 იანვრიდან ა. ვ-ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, საიდენტიფიკაციო ნომრით: .... ოჯახის წევრები არიან: ა. ვ-ი, რ. ვ-ი და ე. ა-ი. 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ოჯახის სარეიტინგო ქულა, რომელიც მიენიჭა 2018 წლის 9 სექტემბერს, შეადგენდა 51000 ერთეულს. ოჯახი წარმოადგენდა სოციალური შემწეობის მიმღებს.

მოცემული დავის გადასაწყვეტად საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის N20.1641.1986 განკარგულებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სხვა სოციალური (დახმარების) ღონისძიებები რაიონებში“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 18) განხორციელების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მათ შორის, უმწეო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების საარსებო პირობების გაუმჯობესების, სტიქიური მოვლენებისა და უბედური შემთხვევების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესს. მითითებული წესის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობაში განცხადების წარდგენის წესს, განცხადებაში მისათითებელ სავალდებულო ინფორმაციასა და განცხადებასთან ერთად წარსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალს, ხოლო მე-3 მუხლით დეტალურადაა დადგენილი გადაწყვეტილების მიღებისა და დახმარების გაცემის პროცედურა. კერძოდ, საკასაციო პალატა უთითებს, რომ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანებით იქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს დახმარების მიღების თაობაზე შემოსულ განცხადებებს, ამზადებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს. თავის მხრივ, საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციის წარდგენის შემდგომ, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე განკარგულების მე-6 მუხლიდან გამომდინარე, დახმარების გაცემაზე გამგებელი გადაწყვეტილებას იღებს საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ხოლო საბიუჯეტო წლის განმავლობაში 1500 (ათას ხუთასი) ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამგებელი გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დისკრეციული უფლებამოსილის არსებობაზე მითითებით, იმ საფუძვლით, რომ ა. ვ-ისა და მის შვილს 2021 წლის ბიუჯეტიდან 1500-1500 ლარის ოდენობით დახმარება უკვე მიღებული ჰქონდათ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, მართალია, მოპასუხეს უდავოდ აქვს ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ, თუმცა, აღნიშნული მოცემულობა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს უპირობო ვალდებულებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუზღუდავად დააკმაყოფილოს თითოეული განმცხადებლის მოთხოვნა, როგორც 1500 ლარის ფარგლებში, ასევე 1500 ლარზე მეტი ოდენობით დახმარების მოთხოვნისას მიმართოს მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობის მოპოვების მიზნით.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სოციალური საკითხის გადაწყვეტის პროცესში, ბიუჯეტის ფიქსირებული მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო თავისი შეხედულებით მაქსიმალურად ცდილობს თანაბრად გადაანაწილოს სოციალური დახმარების სახით გამოყოფილი თანხები, რა დროსაც მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს პრიორიტეტი ამგვარ შემთხვევებში უნდა იყოს კონკრეტული საჭიროებების განსაზღვრის გზით მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ანდა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმგვარად, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა შედეგებმა დაუსაბუთებლად არ განაპირობოს სხვა ასევე მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფ დაუცველ პირთა სოციალური უფლებების შეზღუდვა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სრული დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც სრული მოწესრიგება. გარემოებათა სიმრავლის, სფეროს თავისებურებების გათვალისწინებით სასამართლო შემოწმების მასშტაბი ცვალებადია. ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ა. ვ-ისა და მის შვილს - ე. ა-ის 2021 წელს, სხვადასხვა პერიოდში გაეწიათ მიზნობრივი ფინანსური დახმარება თითოეულს 1500-1500 ლარის ოდენობით, კერძოდ, სამგორის რაიონის გამგეობის 2022 წლის 15 მარტის წერილის მიხედვით, სამგორის რაიონის გამგეობამ მოქალაქე ა. ვ-იზე 2021 წელს ჯამურად გასცა 1500 ლარის ოდენობით მიზნობრივი ფულადი დახმარება, მათ შორის, ამავე გამგეობის 2021 წლის 28 იანვრის ბრძანებით 500 ლარი, 2021 წლის პირველი აპრილის ბრძანებით 300 ლარი, 2021 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით ასევე 300 ლარი, ხოლო 2021 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებით 400 ლარი. რაც შეეხება ა. ვ-ის შვილს - ე. ა-ის, რომლის მხარდამჭერი პირიც არის აპელანტი, ამავე წერილის თანახმად, 2021 წელს ასევე მიღებული აქვს ფინანსური დახმარება 1500 ლარის ოდენობით 2021 წლის 11 აგვისტოსა და 2021 წლის 30 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ა. ვ-ის სწორედ სამშენებლო მასალის შესაძენად ჰქონდა გამოყოფილი 2018 წელს ფინანსური დახმარება 7159 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, რომ სამშენებლო მასალის შესაძენად გამოყოფილი ფინანსური დახმარების გარდა, მათ (განმცხადებელმა და მისმა შვილმა) ასევე ისარგებლეს სხვა სოციალური პაკეტებით და ამავე წლისთვის მიიღეს 1500-1500 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარებაც.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანებისა და მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში ჰქონდა უფლებამოსილება არ დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება და უარი ეთქვა ა. ვ-ისთვის 2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დამატებით თანხების გაცემაზე.

შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ა. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე