Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1407(2კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ო. მ-ე (რ. ჭ-ის მემკვიდრის (უფლებამონაცვლის) - მ. ჭ-ის უფლებამონაცვლე მოთხოვნის დათმობის საფუძველზე), შპს „ს...“

მესამე პირი (ასკ-ის 16.2) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ჭ-იმა 2018 წლის 22 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №1-100, 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანებების, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებების, 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილებისა და „რ. ჭ-ის წარმომადგენლების ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, არქიტექტურის სამსახურის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რ. ჭ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №AR1549435 განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულების შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთზე სასტუმროს (ტურისტული კომპლექსის) განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება, ხოლო არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. იმავე წლის 25 ივლისს არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით. არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით. 2017 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ნასყიდობის პირობადადებული ხელშეკრულების საფუძველზე გადახდის განვადების უფლებით გაასხვისა უცხოელ ინვესტორებზე, რომლებმაც დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანებით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულების კანონიერების შესწავლის მიზნით. აღნიშნული განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანებით, რასაც შედეგად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181282 ბრძანების გამოცემა მოჰყვა, რომლითაც ასევე ბათილად იქნა ცნობილი №1515 განკარგულების შემდეგ გამოცემული სამშენებლო-სანებართვო აქტები.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები იყო უკანონო, რამაც გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა. ამ ქმედებების გამო კი ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიწის ნაკვეთი აქციეს სრულიად უსარგებლოდ, რითაც დაეცა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო ასევე რ. ჭ-ისა და შპს „ს...ს“ სარჩელები მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის მონაწილეობით, რომლებითაც ასევე მოთხოვნილი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №1-100 და იმავე წლის 17 მაისის №1-232 ბრძანებების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით №3/7767-19 და №3/3903-18 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა 3/7767-19 ნომერი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით, მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, საქმეში მესამე პირის - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ისა და შპს „ს...ს“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2014 წლის 10 ივნისის №AR1227747 განცხადება და ამავე მიწის ნაკვეთისთვის დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №1406550 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2014 წლის 4 ივლისის №AR1233633 განცხადება და შეთანხმდა ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს (ტურისტული კომპლექსი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2014 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მაისის №2572377 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2016 წლის 21 აპრილის №AR1398627 განცხადება და ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ, ფუნქციურ ზონებად დაფიქსირდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). ამავე გადაწყვეტილებაში დაემატა ახალი შენიშვნა: „დაცული იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი და საპროექტო ობიექტის განთავსება მოხდეს სარეკრეაციო ზონა 2-ის არეალში“. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2016 წლის 6 მაისის №AR1402564 განცხადება და შეთანხმდა იმავე სასტუმროს (ტურისტული კომპლექსის) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით;

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3734232 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №AR1549435 განცხადება ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზოლში, სადაც აკრძალულია მშენებლობა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა რ. ჭ-იმა, რომელიც დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებით; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3734232 ბრძანება და ამავე სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კანონიერების შესწავლის მიზნით, დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული №1515 განკარგულება. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილება, 2014 წლის 25 ივლისის №1406550 და 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 21 მაისს მიღებულ იქნა №3972814 გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №AR1549435 განცხადება კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილება, 2014 წლის 25 ივლისის №1406550 და 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებები, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ცვლილება შეეტანა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში;

- ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დადგენილია რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის განცხადება და ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (ნავმისადგომი დამხმარე სათავსით, დეკორატიული გაფორმების ობიექტები, პერგოლა და მსუბუქი ტიპის ფანჩატური - საზაფხულო კაფე) მშენებლობის მიზნით, დადგენილ იქნა სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2015 წლის 25 მაისის №AR1287937 განცხადება და ამავე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი. გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 27 აგვისტოდან 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის პირველი აგვისტოს №3442984 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2017 წლის 18 ივლისის №AR1524118 განცხადება და შეტანილ იქნა ცვლილება ამავე სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანებაში, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;

- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №ბ60.01173533 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ამავე სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანების კანონიერების შესწავლის მიზნით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181384 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილება და 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანება. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებებისა და 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით რ. ჭ-ის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში დარჩა გასაჩივრებული აქტები;

- საქმეში წარმოდგენილია რ. ჭ-ისა (გამყიდველი) და ა. ს-ის (მყიდველი) შორის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადახდის განვადების უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პრეამბულაში მითითებულია, რომ გამყიდველს საკუთრებაში გააჩნია ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთი სასტუმროს მშენებლობის ნებართვასა და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად. ამავე ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სასტუმროს საპროექტო დოკუმენტაციაზე „მყიდველისათვის“ საკუთრების უფლების (და პროექტის ავტორისაგან პროექტზე საავტორო უფლების) გადაცემა ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ; ამავე ხელშეკრულების 2.1.5.1-ის თანახმად განსაზღვრულია, რომ თუკი მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. და 1.3. მუხლებით განსაზღვრული ვალდებულებები (ლიფტის მშენებლობისა და დამატებით სართულის მშენებლობის ნებართვის აღება და მყიდველისათვის გადაცემა) გამყიდველის მიერ ვერ შესრულდება სრულად და ჯეროვნად დათქმულ ვადებში, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულების ფასი შემცირდება და განისაზღვრება მხოლოდ 900 000 (ცხრაასი ათასი) აშშ დოლარით (აქედან, უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 875 000 აშშ დოლარს, ხოლო წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება შეადგენს 25 000 აშშ დოლარს);

- ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებული 1496,00 კვ.მ ფართობის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (ს/კ ..., ...) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ს...“. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემის ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით, დამოწმების თარიღი - 06.02.2018წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

- საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №16-0118043122 წერილობითი პოზიცია დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც მიზანშეუწონლად მიიჩნია წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მითითებული ობიექტების აშენება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 17 აპრილის №16-01181072915 წერილის თანახმად, საპროექტო კომპლექსის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა შედგენილია 2014 წლის ივნისის თვეში, იმ დროისათვის არსებული სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინებით. 2014 წლიდან დღემდე დედაქალაქის სატრანსპორტო პარკი გაზრდილია ორასი ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალებით. გაზრდილი ნაკადები გამოიწვევს დამატებით შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მითითებული ობიექტის მშენებლობა; საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №09/1418 წერილობითი პოზიცია, რომლის თანახმად, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. ამასთან, ტერიტორია წარმოადგენს მდინარის გასწვრივ, კლდეზე არსებული განაშენიანების გაგრძელებას. შესაბამისად, წერილის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მდინარე მტკვრის ლანდშაფტის თავისებურებებისა და მიწის ნაკვეთის მიმდებარედ უკვე განხორციელებული მთელი რიგი გარემოს კონტექსტთან შეუსაბამო ახალი მშენებლობების გათვალისწინებით, მდინარის სანაპიროზე, მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტში მსგავსი ტიპის განხორციელება, არ მიაჩნია მიზანშეწონილად; შპს „ტ...ის“ 2019 წლის 7 მარტის №11/019-მო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...; ს/კ: №...) სასტუმროსა და ტურისტული კომპლექსის აშენების შემთხვევაში მის მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გაზრდა არ გამოიწვევს მიმდებარედ გზის გადატვირთვას. არ გაართულებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, სადავო პერიოდში მოქმედი „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილები, განმარტა კანონიერი ნდობის პრინციპი და მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის სწორი გამოყენებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოებს მიერ განხორციელებული ქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ს...ს“ სარჩელი სრულად, ხოლო რ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ასევე ქალაქ თბილისის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ნაწილობრივ არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანება, რომლითაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებდა მითითებას იმგვარ ფაქტობრივ საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, წარმოშობდა ეჭვს, რომ ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ) ეწინააღმდეგებოდა მისი გამოცემის დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების ზეპირ მითითებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №16-0118043122 წერილზე, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ წერილში აღნიშნული იყო საპროექტო ობიექტზე მისასვლელი ნაკადის დამატებით მხოლოდ სამომავლოდ მოსალოდნელ სატრანსპორტო ნაკადების ზრდასა და მის შედეგებზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ იქნებოდა მიჩნეული იმ სახის ფაქტობრივ საფუძვლად, რაც, შესაძლოა, გამხდარიყო სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.

ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, გაიცა მშენებლობის ნებართვა, ცვლილება შევიდა სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების არც ერთ ეტაპზე არ გამოვლენილა შესაბამისი გარემოება, რაც შესაძლოა, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი ყოფილიყო. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ მიუთითა ფაქტობრივ საფუძველზე, რამაც განაპირობა მის მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების პოზიცია და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების გამოცემის საფუძველი. აღნიშნული კი, ასევე საფუძველს აცლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროსა და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით გამოცემული ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება.

სააპელაციო პალატის შეფასებით, საგულისხმო იყო ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ ქცეულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებებს საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილებას, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანება, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან მან კანონშეუსაბამოდ მიიჩნია აღნიშნული ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანების აღსრულების მიზნით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა დავალებოდა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები, ხოლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანების (რომლითაც ძალაში დარჩა მითითებული აქტები) კანონშეუსაბამობა სახეზე იყო, რის გამოც იგი ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო, შესწავლილიყო ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...), სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულების კანონიერება. ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში 2018 წლის 2 აპრილს წარდგენილ იქნა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის - CENN-ის №0-03/151 წერილი, რომლის თანახმად, მდ. ...ზე მდებარე საპროექტო ადგილის ზედაპირი, დაახლოებით, 2.5-3 მეტრით არის ამაღლებული, ორივე შემთხვევაში დაფიქსირებული მდინარის დონის მაქსიმალური აწევის ნიშნულზე. საპროექტო ტერიტორიის ზედაპირის დატოვება მდ. მტკვრიდან მოვარდნილი ნიაღვრებით გამორიცხულია. საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება საშიში გეოლოგიური პროცესების გამოვლინების დაბალ კატეგორიას. ამავე წერილის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის უკანა მხარზე მდებარე თითქმის ვერტიკალურად აზიდული კლდოვანი კედელი ქვათაცვენის ან ნაშალი მასალის ჩამოცურების საფრთხის შემცვლელია, რომელიც CENN-ის მიერ მომზადებული ზონირების რუკაზე მაღალი რისკის ზონად შეფასდა. აღნიშნულთან დაკავშირებით წერილით განმარტებულია, რომ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ლითონის დამცავი ბადის მოწყობა, რაც მოცემული ტერიტორიისთვის უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილებას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის წერილში, დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ სატრანსპორტო ნაკადზე საპროექტო ობიექტებზე მისასვლელი ნაკადის დამატებით მოსალოდნელია სატრანსპორტო მოცდენის ზრდა, რიგებისა და საცობების წარმოქმნა და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლეზე ტრანსპორტის ისეთი უარყოფითი შედეგების დადგომის საშიში მატება, როგორიცაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ხმაური, ავტომანქანის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 17 აპრილს წარმოდგენილი №16-01181072915 წერილის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე (AR1402564 განცხადებაზე თანდართული) საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა შედგენილია 2014 წლის ივნისში, იმ დროისთვის არსებული სატრანსპორტო ნაკადის გათვალისწინებით. 2014 წლიდან დღემდე კი, დედაქალაქის სატრანსპორტო პარკი გაზრდილია ორასი ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალებით, ასეთი გაზრდილი ნაკადები კი გამოიწვევს დამატებით შეფერხებას.

ასევე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №09/1418 წერილი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებული ტერიტორია (საკადასტრო კოდი: ...) წარმოადგენს მდინარის გასწვრივ კლდეზე არსებული განაშენიანების გაგრძელებას, მდინარე მტკვრის ლანდშაფტის თავისებურებებისა და მიწის ნაკვეთის მიმდებარედ უკვე განხორციელებული მთელი რიგი გარემოს კონტექსტიდან შეუსაბამო ახალმშენებლობის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მდინარის სანაპიროზე, მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტში, მსგავსი ახალმშენებლობის განხორციელება არ მიაჩნია მიზანშეწონილად.

კასატორების მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს საპროექტო ტერიტორიაზე სასტუმროს და ტურისტული კომპლექსის განთავსების უფლებამოსილება ენიჭებოდა. აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა, რისი გამაბათილებელი გარემოებაა შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებას და ინტერესს. შესაბამისად, მმართველობის კანონიერ პრინციპის და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს ხდება აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისთვის მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მოქალაქეთა სოციალური უფლებებისთვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, რის შელახვამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს და დააზიანოს საზოგადოებრივი ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში კი, კანონიერი ნდობის უფლება ეწინააღმდეგებოდა და სადავო განკარგულებით არსებითად ილახებოდა საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, ასევე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ტერიტორიის რაციონალური განვითარების პრინციპი. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური/იურიდიული პირის ინტერესი - განახორციელოს დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები, მეორე მხრივ კი, საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტისა და სარეკრეაციო სივრცის შენარჩუნება-გაუმჯობესებაში. საჯარო და კერძო ინტერესების თანაფარდობის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ საჯარო ინტერესი აღემატება დაცვის ღირს სიკეთეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საპროექტო ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენება არ იყო დასაშვები/მიზანშეწონილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მოსაზრებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით, რამაც გამოიწვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებების გამოცემა იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება, აღნიშნულით საფუძველი გამოეცალა სპეციალური (ზონალურ) შეთანხმების შედეგად გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონიერია.

რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილების კანონიერებას, კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით. ამდენად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა წარმოადგენს ხსენებული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნულის განსახორციელებლად აუცილებელია სახეზე იყოს თავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს. ვინაიდან ცვლილების შეტანა მოთხოვნილი იყო არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებაში, რომელიც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანებით, არქიტექტურის სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხორციელებინა იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის კორექტირება. მიუხედავად ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო – არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება და სამსახურს დაავალა საქმის ხელახალი გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ, როდესაც საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები.

მოსარჩელე რ. ჭ-ის შვილმა - მ. ჭ-იმა 2023 წლის 21 აპრილს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, წარმოადგინა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ ცნობა, ასევე რ. ჭ-ის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეში რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრებზე შეჩერდა საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის - რ. ჭ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ო. მ-ემ 2023 წლის 25 აგვისტოს საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ნოტარიუს ლუიზა ცხადაძის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს გაცემული №231145954 სამკვიდრო მოწმობა და მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა საქმის წარმოება. ამასთან, რ. ჭ-ის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ საქმეში ცნობილ იქნა მ. ჭ-ი, ხოლო მ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, ცნობილ იქნა ო. მ-ე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივრები განხილულ იქნებოდა არსებითად მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ, შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 10 ივნისს რ. ჭ-იმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2), სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა მოითხოვა. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 12 ივნისის №22 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №1406550 ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს (ტურისტული კომპლექსის) არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით;

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მაისის №2572377 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. კერძოდ, ფუნქციურ ზონებად დაფიქსირდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). ამავე ბრძანებით გადაწყვეტილებას დაემატა ახალი შენიშვნა: „დაცულ იქნეს ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი და საპროექტო ობიექტის განთავსება მოხდეს სარეკრეაციო ზონა 2-ის არეალში“;

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს (ტურისტული კომპლექსის) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით;

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3734232 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის განცხადება ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა მდინარე მტკვრის წყალდაცვით ზოლში, სადაც აკრძალული იყო მშენებლობა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3734232 ბრძანება და ამავე სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...), სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით გამოცემული ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კანონიერების შესწავლისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება;

რაც შეეხება ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის განცხადება და ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის (ნავმისადგომი დამხმარე სათავსით, დეკორატიული გაფორმების ობიექტები, პერგოლა და მსუბუქი ტიპის ფანჩატური - საზაფხულო კაფე) მშენებლობის მიზნით, დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანებით დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2015 წლის 25 მაისის №AR1287937 განცხადება და ამავე მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი. გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 აგვისტოდან 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;

სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 19 დეკემბრის №ბ60.01173533 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ამავე სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილებისა და 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანების კანონიერების შესწავლის მიზნით;

საქმის მასალების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებული 1496,00 კვ.მ-ის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...), ასევე, 4005,00 კვ.მ-ის მქონე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ს...“. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ქონებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემის ხელშეკრულება საწესდებო კაპიტალში შეტანის მიზნით (ხელშეკრულების დამოწმების თარიღია 2018 წლის 6 თებერვალი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამდენად, შპს „ს...ს“ ინტერესს წარმოადგენს უძრავი ნივთების სწორედ ის უფლებრივი მდგომარეობა (სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობა და ნავმისადგომის, ასევე საზაფხულო ფართის მოწყობა), რომელიც გააჩნია აღნიშნულ უძრავ ნივთებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასტუმროსა და ტურისტული კომპლექსის მშენებლობისათვის, რ. ჭ-ის სახელზე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ მიღებული განკარგულების კანონიერების შემოწმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისა და ამავე განკარგულების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, ამავე მიწის ნაკვეთზე სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის, ასევე კორექტირებული არქიტექტურული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასება. კერძოდ, გასაჩივრებულია: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კანონიერების შესწავლისათვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება; 3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანება, რომლითაც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილება, 2014 წლის 25 ივლისის №1406550 და 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებები მათი ძალაში შესვლის დღიდან; 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181384 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2015 წლის 4 თებერვლის №1703983 გადაწყვეტილება და 2015 წლის 25 აგვისტოს №2157442 ბრძანება; 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის 2017 წლის 17 ოქტომბრის №AR1549435 განცხადება კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილება, 2014 წლის 25 ივლისის №1406550 და 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებები, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ცვლილება შეეტანა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 13 ივნისის №2634247 ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში; 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანება, რომლითაც რ. ჭ-ის წარმომადგენლების - გ. ო-ისა და მ. ს-ას 2018 წლის 25 ივნისის №20/01181763162-01 და №10/01181763188-01, ასევე 2018 წლის 29 ივნისის №10/0118180669-01 ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები და 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. მოცემული საკანონმდებლო დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, ერთ შემთხვევაში სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა - შეამოწმოს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული, აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა, შეამოწმოს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია, მნიშვნელოვანია აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივას გააჩნდეს კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი. ნორმის სწორედ ამგვარი განმარტების პირობებშია შესაძლებელი თავიდან იქნეს აცილებული მმართველობითი საქმიანობის თვითნებობაზე დაფუძნების რისკები, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საკითხი შეეხება აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. ამდენად, აქტის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა განპირობებული უნდა იყოს იმგვარი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობით, რომლებიც, თავის მხრივ, მიუთითებენ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაძლო კანონშეუსაბამობაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. სუს 29.07.2014წ. Nბს-69-67(კ-14) გადაწყვეტილება).

მითითებულ სამართლებრივ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია უფლებამოსილება - შეამოწმოს მის მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობა, თუმცა ამისათვის უნდა გააჩნდეს კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი. სწორედ ამიტომ, სადავო აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების კანონიერების დადგენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასება, რომლის შესახებაც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები სააპელაციო პალატის სხდომაზეც მიუთითებდნენ. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №16-0118043122 წერილობითი პოზიცია დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საპროექტო ობიექტები წარმოადგენენ ტრანსპორტის მიზიდვის ობიექტებს, შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთებზე მათი განთავსების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებს ობიექტებთან ექნებათ მხოლოდ ერთადერთი გზა - ...ს სანაპირო ...ის ქუჩის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს მთავარ არტერიას, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მოძრაობს სატრანსპორტო ნაკადი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადის დამატებით მოსალოდნელია სატრანსპორტო მოცდენების ზრდა, რიგებისა და საცობების წარმოქმნა და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლეზე ტრანსპორტის ისეთი უარყოფითი შედეგების გავლენის საშიში მატება, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები, ხმაური, ავტომანქანის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საპროექტო ობიექტები უნდა განთავსდეს მდინარის სანაპიროზე უშუალოდ სატრანსპორტო ხიდის სიახლოვეს. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მითითებული ობიექტების აშენება.

ზემოაღნიშნული წერილის არსებობის პირობებში საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მითითებული წერილი ვერ იქნებოდა მიჩნეული იმ სახის ფაქტობრივ საფუძვლად, რაც, შესაძლოა, გამხდარიყო ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ) აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ ფაქტობრივ საფუძველზე, რამაც განაპირობა მის მიერ გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების მიზნით საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის კანონისმიერი წინაპირობები.

რაც შეეხება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით მიმდინარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ გამოცემულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანებას, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებებს, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტებით არ არის დასაბუთებული ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ბათილობის საფუძვლების არსებობა.

დასახელებული სადავო აქტების შეფასებისას საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს, მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის I სტადიას წარმოადგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადიას - არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადიას - მშენებლობის ნებართვის გაცემა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულებაზე“, რომლის 3.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა - დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა, ხოლო ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება კი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური არის ქალაქ თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო, იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონიერების შესაფასებლად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებასთან ერთად, გამოყენებულია „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება (გაუქმებულია ქალაქ თბილისის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს №39 დადგენილებით). დასახელებული გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა. ამავე „წესების“ მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი №1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. ამავე დანართი №1-ის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში სასტუმროს განთავსება საჭიროებს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით ამავე მიწის ნაკვეთისთვის დადგინდა სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №1406550 ბრძანებით შეთანხმდა სასტუმროს (ტურისტული კომპლექსი) არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად კი განისაზღვრა 2014 წლის 26 ივლისიდან 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მაისის №2572377 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1330281 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ, ფუნქციურ ზონებად დაფიქსირდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) და სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1). ამავე გადაწყვეტილებით დაემატა ახალი შენიშვნა: ,,დაცული იქნას ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი და საპროექტო ობიექტის განთავსება მოხდეს სარეკრეაციო ზონა 2-ის არეალში“. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...) არსებული მდგომარეობით, ისევე როგორც სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის დროისათვის, ვრცელდებოდა სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2). ამდენად, სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების მიზნით, რ. ჭ-ის სახელზე სწორედ ზემოთ მითითებული სამართლებრივი დანაწესების მიხედვით არის გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, დადგენილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი, გაცემულია მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ასევე, კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია, ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხორციელდება არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე, რისთვისაც იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით და რის საფუძველზეც შესაძლებლობა აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან, თუმცა „ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.03.2019წ. №ბს-797(კ-18) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანო ხელმძღვანელობდეს კანონმდებლობით დადგენილი მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის დაცვით.

განსახილველი საკითხის მნიშვნელობის გათვლისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (ძალადაკარგულია - 20.07.2018, №3213) და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით, არეგულირებდა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენდა ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. ეს კანონი ადგენდა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში (მუხლი 1).

მითითებული კანონის მე-6 მუხლის 1-3 პუნქტების შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნებოდა: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესებს, უნდა დასმულიყო მათი შეწყვეტის საკითხი. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს განეკუთვნებოდა: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეზღუდულიყო იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფდა სხვათა უფლებებს. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა არის მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპების საფუძველზე ადამიანის ცხოვრების, საქმიანობისა და რეკრეაციისათვის ღირსეული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დასახლებებისა და სხვადასხვა ტიპის ტერიტორიებისთვის ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების პროცესი. ქალაქთმშენებლობითი ზონირება კი ნიშნავს დასახლებული ტერიტორიის დაგეგმარებას ფუნქციური ზონების განსაზღვრისა და განაშენიანების რეგულირების პარამეტრების დადგენის მიზნით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთ(ებ)ისათვის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების და განაშენიანების პირობების განსაზღვრისას აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქალაქგანვითარებადი საკითხების კომპლექსური შეფასება და საპროექტო მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების თავისებურებისა და მოწყობის საფუძვლიანი შესწავლა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას რზ-2-ის შესაბამისად, თავდაპირველად გათვალისწინებულ იქნა განმცხადებლის ინტერესები, რაც გამოიხატა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული ნაგებობის (სასტუმროსა და ტურისტული კომპლექსის) განთავსების შესაძლებლობის დაშვებით, თუმცა სადავო აქტების ბათილად ცნობისას, არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად არსებობდა საჯარო და მესამე პირთა ინტერესების დაცვის მიზნით სადავო აქტების ბათილობის საფუძვლები.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებითაც სადავო აქტების ბათილობის საფუძვლები არ დასტურდება. სწორედ ამიტომ, საკითხის ხელახლა კვლევისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 12 თებერვლის №16-0118043122 წერილობით პოზიციასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 17 აპრილის №16-01181072915 წერილთან (რომლის თანახმად, საპროექტო კომპლექსის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა შედგენილია 2014 წლის ივნისის თვეში, იმ დროისათვის არსებული სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინებით. 2014 წლიდან დღემდე დედაქალაქის სატრანსპორტო პარკი გაზრდილია ორასი ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალებით. გაზრდილი ნაკადები გამოიწვევს დამატებით შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეუწონლად მიიჩნია წარდგენილ მიწის ნაკვეთზე მითითებული ობიექტის მშენებლობა), ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 აპრილის №09/1418 წერილობითი პოზიციასთან (რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ზე, ...ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ: ...) არ მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. ამასთან, ტერიტორია წარმოადგენს მდინარის გასწვრივ, კლდეზე არსებული განაშენიანების გაგრძელებას. წერილის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მდინარე მტკვრის ლანდშაფტის თავისებურებებისა და მიწის ნაკვეთის მიმდებარედ უკვე განხორციელებული მთელი რიგი გარემოს კონტექსტთან შეუსაბამო ახალმშენებლობების გათვალისწინებით, მდინარის სანაპიროზე მის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტში მსგავსი ჩარევა, არ მიაჩნია მიზანშეწონილად) ერთად, შესაფასებელია შპს ,,ტ...ის“ 2019 წლის 7 მარტის №11/019-მო ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დადგენილია, რომ: 1. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ..., ...) სასტუმროს და ტურისტული კომპლექსის აშენების შემთხვევაში და მის მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის გაზრდა არ გამოიწვევს მიმდებარედ გზის გადატვირთვას. არ გაართულებს საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს; 2. მშენებლობის მიმდებარე გზის მონაკვეთზე, დღეს არსებული პირობებიდან გამომდინარე, გზის გამტარუნარიანობა დამაკმაყოფილებელია. მშენებლობით გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობის (ახალი სატრანსპორტო ნაკადი) დამატების შემთხვევაში, არ გაართულებს ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს; 3. შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საპროექტო ობიექტზე მისასვლელი ნაკადის დამატება, გავლენას მოახდენს თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევების, ხმაურის, ავტომანქანის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მატებაზე, რა დოზით და როგორ, აღნიშნულზე დღეს პასუხის გაცემა შეუძლებელია).

ამდენად, დასახელებული ურთიერთსაწინააღმდეგო წერილობითი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, კერძოდ, რამდენად არსებობდა საჯარო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია დასახელებული გარემოებები რამდენად ქმნიდა ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 (სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ) განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს. სწორედ ამიტომ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება, საკასაციო პალატის დასკვნით, ექვემდებარება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელეების მიერ, ზემოაღნიშნულ ბრძანებებთან ერთად, სადავოდაა ქცეული სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები, რომლებსაც საფუძვლად დაედო მხოლოდ ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 მაისის №1-232 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება. შესაბამისად, ამ ბრძანებების ბათილად ცნობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ ყოფილა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო საკითხის სასამართლოს მიერ სათანადოდ დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, მოპასუხეებმა, როგორც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტებმა, უნდა უზრუნველყონ საკითხის შემდგომი შესწავლა, სრულყოფილად გამოკვლევა და სათანადოდ შეფასება.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპის განსაზღვრებაა, ვინაიდან ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 25 ივნისის №1515 განკარგულება, რომელიც სადავო აქტების გამოცემის ძირითადი საფუძველი გახდა, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მიენიჭა სასტუმრო და ტურისტული კომპლექსის განთავსების უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როდესაც მისი კანონიერი ნდობის უფლება ეწინააღმდეგება მხოლოდ კანონიერების პრინციპს, მაგრამ თუ უკანონო აქტი იმავდროულად არსებითად არღვევს საზოგადოებრივ ინტერესებს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულ ორგანოებს კერძო პირისა და საჯარო ინტერესის შეპირისპირება არ მოუხდენიათ. სწორედ ამიტომ, საკითხის ხელახლა კვლევისას ასევე შესაფასებელია კანონიერი ნდობის უფლება ეწინააღმდეგება თუ არა და აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებით არსებითად ილახება თუ არა მოსახლეობის ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ტერიტორიის რაციონალური და მდგრადი განვითარების პრინციპი, რამდენადაც, მმართველობის კანონიერების პრინციპსა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპს შორის შეპირისპირების დროს ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით ადრესატისადმი მიყენებული ზიანისა და ამ აქტის ბათილად გამოუცხადებლობით მოქალაქეთა სოციალური უფლებებისათვის მიყენებული ზიანის შეპირისპირება, რის შელახვამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი გამოიწვიოს და დააზიანოს საზოგადოებრივი ინტერესები, ასევე ტერიტორიის მდგრადი და რაციონალური განვითარების პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში კი კანონიერი ნდობისა და საჯარო ინტერესის შეპირისპირება სათანადოდ არ განხორციელებულა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებულია ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანების აღსრულების მიზნით (რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ჭ-ის წარმომადგენლების - გ. ო-ისა და მ. ს-ას 2017 წლის 15 დეკემბრის №21/01173492648-01 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 13 დეკემბრის №3734232 ბრძანება (უარი კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე) და ამავე სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა) გამოცემული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არსებობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 ბრძანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ დასახელებული სადავო აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში, იკვეთება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილების, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. ამრიგად, აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 იანვრის №9 ბრძანების აღსრულების მიზნით.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება და დაევალოთ მოპასუხეებს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.

ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქალაქ თბილისის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანება, რომლითაც ძალაში დარჩა მითითებული აქტები, კანონშეუსაბამოა, რის გამოც იგი ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის განაწილებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამრიგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს რ. ჭ-ისა (უფლებამონაცვლე ო. მ-ე) და შპს „ს...ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელებსა და სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - (100+150+100+150) 500 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 411-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ო. მ-ეის (რ. ჭ-ის მემკვიდრის (უფლებამონაცვლის) - მ. ჭ-ის უფლებამონაცვლე მოთხოვნის დათმობის საფუძველზე) და შპს „ს...ს“ სარჩელები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №1-100 ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 17 მაისის ბრძანება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 18 მაისის №ბ60.01181383 და №ბ60.01181384 ბრძანებები, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №3972814 გადაწყვეტილება და მოპასუხეებს დაევალოთ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის 2019 წლის 3 სექტემბრის №1261 ბრძანება;

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ო. მ-ეისა (რ. ჭ-ის მემკვიდრის (უფლებამონაცვლის) - მ. ჭ-ის უფლებამონაცვლე მოთხოვნის დათმობის საფუძველზე) და შპს „ს...ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელებსა (100+100) და სააპელაციო საჩივრებზე (150+150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე