საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-420(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
კასატორი - გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ზ. გ-ი, ზ. მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 თებერვალს გ. დ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. 2020 წლის 4 აპრილს კი გ. დ-იმა დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში იმავე მოპასუხეების მიმართ. მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნები ასევე დააზუსტა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისს ჩატარებულ სხდომაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით გ. დ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ქ. თბილისი, სოფელი ..., ...ში არსებული ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 აპრილის განჩინებით №3/1104-20 ადმინისტრაციულ საქმეში (მოსარჩელე - გ. დ-ი, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით №3/1104-20 ადმინისტრაციულ საქმეში (მოსარჩელე - გ. დ-ი, მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო, მესამე პირი - ზ. გ-ი, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნა ზ. მ-ე. ამავე განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით გ. დ-ის სარჩელზე, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ, მესამე პირები - ზ. გ-ი, ზ. მ-ე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასარჩელო მოთხოვნებზე - უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 17 იანვრის №ბ61.011901730 ბრძანების, უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 8 მაისის №ბ61.01191285 ბრძანებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 23 ივლისის №ბ61.01192041 ბრძანების; ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 13 მაისის რეგისტაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 სექტემბრის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 ნოემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
მოსარჩელის საბოლოო სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, 2019 წლის 9 აგვისტოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) №... და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ზ. გ-ის შორის 2019 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული №... ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა, ქ. თბილისი, სოფელი ..., ...ში არსებული ... და ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე ნებისმიერი სახის სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადიმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, დასახელებული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით გ. დ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის თანხის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (სადაც მითითებული იქნება გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები)) წარმოდგენა.
2024 წლის 1 მაისს, გ. დ-ის წარმომადგენელმა - ნ. ყ-იმა ხარვეზის ვადის გონივრული ვადით გაგრძელების მოთხოვნით მომართა საკასაციო სასამართლოს. შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, გ. დ-ის გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით, რათა მას შეევსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს - ნ. ყ-ის და 2024 წლის 20 მაისს ჩაბარდა მას პირადად. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2024 წლის 21 მაისიდან დაიწყო და 2024 წლის 30 მაისს (ხუთშაბათი) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რაც გ. დ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 396-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე