Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1169(კ-23) 26 ივნისი, 2024 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები) - ი. დ-ე, ვ. დ-ე

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მესამე პირი (16.2 მუხ.) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-ემ და ვ. დ-ემ 2020 წლის 18 მარტს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, კომისიის 2011 წლის 31 მაისის №7 ოქმის №2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, 2008 წელს ვ. დ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ...ში, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ არსებულ 2 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. კომისიაში მოსარჩელემ წარადგინა მის ხელთ არსებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ადასტურებდა 2 223 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. კომისიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. დ-ეის მოთხოვნა; აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება მოთხოვნილ ნაკვეთზე და გაიცა საკუთრების უფლების მოწმობაც, რაც სათანადო წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. აღნიშნული ქონება, მოსარჩელის მიერ 2009 წლის 2 ოქტომბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ი. დ-ეს. ეს უკანასკნელი დაეუფლა მიწის ნაკვეთს, რომელსაც დღემდე უვლის, აქვს შემოსაზღვრული და იხდის ქონების გადასახადს.

2020 წლის 17 თებერვალს მოსარჩელეს ჩაბარდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო 2009 წლის 2 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელს ერთვოდა კომისიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იყო ცნობილი ამავე კომისიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და გაუქმდა ვ. დ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. კომისიის 2011 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების თაობაზე მოსარჩელე მხარისთვის უცნობი იყო, ხოლო სადავო გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ნაკვეთზე განთავსებული იყო სასაფლაო (საფლავები), რაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსარჩელეთა მტკიცებითვე, სადავო მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ი. დ-ე ნაკვეთს გამოიყენებს დანიშნულებისამებრ. ქონების თავდაპირველი მესაკუთრე, ვ. დ-ე აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს საკუთრების უფლების მისაღებად და შესაბამისად, კანონიერი იყო კომისიის გადაწყვეტილება მასზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ვ. დ-ეისა და ი. დ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გადაამოწმოს მის მიერვე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამისობა, საკუთარი ინიციატივითაც და იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ბათილად ცნოს მის მიერვე გამოცემული აქტი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა ...ში, ...ს ქუჩისა და ...ის ქუჩის მცხოვრებთა 2011 წლის 24 მარტის ერთობლივი განცხადება და ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 25 მარტის №01-25/160 წერილი, ვ. დ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ვ. დ-ეს კომისიის შეცდომაში შეყვანის გზით მითვისებული ჰქონდა სასაფლაოს ტერიტორია. 2011 წლის 31 მაისის №7-ე ოქმის №2 საოქმო გადაწყვეტილების თანახმად, კომისიამ ადგილზე გასვლით დაადგინა, რომ ...ში, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ არსებული 2 223.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ იყო შემოღობილი, ჩრდილოეთით და დასავლეთით ნაკვეთს ესაზღვრებოდა სამანქანე გზა, მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო საფლავები, ამასთან, ნაკვეთს სამხრეთით ესაზღვრებოდა სოფლის საერთო სასაფლაო. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმის დასადასტურებლად, რომ ვ. დ-ეის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის პროცესში არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და შეცდომით, უსაფუძვლოდ იქნა დადგენილად მიჩნეული ვ. დ-ეის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, სარგებლობისა და ფლობის ფაქტი, მოპასუხემ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები; კერძოდ, ...ს ქუჩისა და ...ის ქუჩის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 25 მარტის N01-25/160 წერილი, 2000-2001 წლების, 2007-2008 წლებისა და 2014 წლის ორთოფოტოები, რომლებითაც დასტურდება, რომ ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და მასზე (ნაკვეთის ნაწილზე) ჯერ კიდევ 2004 წლიდან განთავსებულია საფლავები. ამასთან, მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ფოტოსურათები, რომლითაც დასტურდება ამ მიწის ნაკვეთზე საფლავების არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე სახის მტკიცებულება (გარდა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებისა), რაც დაადასტურებდა მოსარჩელეთა მტკიცებას, რომ ვ. დ-ეის საკუთრების უფლება აღიარებული იყო თავისუფალ მიწის ნაკვეთზე და მასზე საფლავები არ ყოფილა განთავსებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულდა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ვ. დ-ეისა და ი. დ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. დ-ემ და ვ. დ-ემ.

კასატორები აღნიშნავენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი, რომ თითქოს სასამართლომ შესთავაზა მხარეებს მტკიცებულების წარმოდგენა ...ში, ...ს ქუჩის №16-ის მიმდებარედ არსებული 2 223.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისა და სარგებლობის შესახებ, ვ. დ-ეის სახელზე საკუთრების უფლების აღიარებიდან დღემდე პერიოდში. სასამართლომ მხოლოდ მოპასუხე მხარეს დაავალა მტკიცებულების სახით წარმოედგინა კონკრეტული მტკიცებულება, რომ ვ. დ-ეის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არის სასაფლაოს ტერიტორია. მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა 7 სახის ფოტოსურათი, მათ შორის სამი კოსმოსიდან გადაღებული ფოტო. აღნიშნული ფოტოებიდან ერთ-ერთში დაშტრიხულია სადავო მიწის ნაკვეთი, სადაც არ არის განთავსებული სასაფლაოები; მეტიც, აღნიშნულ სურათზე თვალნათლივ ჩანს, რომ სასაფლაოები განთავსებულია სადავო მიწის ნაკვეთიდან მოშორებით. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სურათები, სადაც ჩანს სასაფლაოები, არ ირკვევა თუ სად არის გადაღებული.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს დავალებით წარადგინეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის შესაბამისად, წარმოდგენილი სასაფლაოს სურათი და სასაფლაო არ არის განთავსებული ქობულეთის, ...ის, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ, ი. დ-ეის (პ/ნ ...) საკუთრებაში (ს/კ №...) რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ აღნიშნული ფოტოსურათის საფუძველზე არ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ აღნიშნული სასაფლაო განთავსებულია სადავო მიწის ნაკვეთზე. ხოლო სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა არ მიიღო საკმარის მტკიცებულებად, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ოთხი სურათიდან მხოლოდ ერთ-ერთზე ჩატარდა ექსპერტიზა. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორები განმარტავენ, რომ მხოლოდ ერთ სასაფლაოს ფოტოზე ფიქსირდებოდა გარდაცვლილი ადამიანების გამოსახულება და წარწერები, რომელიც ექსპერტმა ჩათვალა ავთენტურად და ჩაატარა ექსპერტიზა, ხოლო დანარჩენ სამ სურათზე არ აღენიშნებოდა წარწერები და არ ირკვეოდა სად იყო გადაღებული სასაფლაოს ფოტოები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ი. დ-ეისა და ვ. დ-ეის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-ეისა და ვ. დ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 19 მაისის №25 ოქმის №39 გადაწყვეტილების საფუძველზე, ...ში, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ არსებულ 2 223.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აღიარებულ იქნა ვ. დ-ეის საკუთრების უფლება. კომისიის მიერ 2008 წლის 30 მაისს ვ. დ-ეის სახელზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და ვ. დ-ეის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ს/კ. ...). 2009 წლის 02 სექტემბერს ვ. დ-ესა და ი. დ-ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ი. დ-ეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ...ში, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარე 2 223.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2011 წლის 25 მარტს ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა ...ში, ...სა და ...ის ქუჩების მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ვ. დ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება. კომისიამ 2011 წლის 31 მაისის სხდომაზე განიხილა ვ. დ-ეის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხი და 2011 წლის 31 მაისის საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად ცნო კომისიის 2008 წლის 19 მაისის №25 ოქმის №39 გადაწყვეტილება და 2008 წლის 23 მაისის საკუთრების უფლების №13383 მოწმობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც კომისიის 2008 წლის 19 მაისის №25 ოქმის №39 გადაწყვეტილების შესაბამისად აღიარებულ იქნა ვ. დ-ეის საკუთრების უფლება, განთავსებული იყო სასაფლაო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 2008 წლის 19 მაისს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწას წარმოადგენდა ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ იყო განკარგული. ამავე რედაქციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა სასაფლაო და პანთეონი. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მსგავს ჩანაწერს შეიცავს კანონის როგორც 2011 წლის 31 მაისს (სადავო აქტის გამოცემის დროს), ისე დღეს მოქმედი რედაქციაც. ამდენად, იმ პირობებში, თუ დადასტურდებოდა სადავო ნაკვეთზე სასაფლაოს განთავსების ფაქტი, არსებობდა კომისიის 2008 წლის 19 მაისის №25 ოქმის №39 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და კანონისმიერი საფუძველი.

ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ...ში, ...ს ქუჩის №...-ს მიმდებარე 2 223.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საფლავები. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია ...ში, ...სა და ...ის ქუჩების მცხოვრებთა ერთობლივი განცხადებით, ...ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2011 წლის 25 მარტის №01-25/160 წერილითა და საქმეში დაცული ფოტოსურათებითა და სხვადასხვა წლების ორთოფოტოებით. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილად ცნობილი გარემოების გამაქარწყლებელი რელევანტური მტკიცებულებები კასატორებს არ წარმოუდგენიათ საქმის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე. მეტიც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ.საიტის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება არაერთი სასაფლაოს არსებობა (იხ.https://maps.gov.ge). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის უკანონობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. დ-ეისა და ვ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. რ. ჯ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. და ვ. დ-ეების საკასაციო საჩივარზე 07.12.2023წ. №158 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა