Facebook Twitter

№ბს-197(კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– სს „ე...“; მოპასუხეები-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, მესამე პირი-ქ. ქ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 14 მაისს სს „ე...მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მესამე პირებად მიუთითა თ. და ნ. ქ-აები.

სარჩელის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 4 მარტს სს „ე...ს“ მიმართა წერილით და თანდართული საკადასტრო ნახაზების მიხედვით მოითხოვა ინფორმაცია, გადადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზები სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე და მათ შორის, ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. N24-ში მდებარე, მოქალაქე თ. ქ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. კომპანიის გენერალური დირექტორის 2020 წლის 23 მარტის წერილით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სს „ე...ს“ კუთვნილი მაღალი ძაბვის საჰაერო ელ.გადამცემი ხაზი და მიეთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. კომპანიისათვის ცნობილი გახდა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2020 წლის 11 მარტს გამოსცა N120 განკარგულება და იმავე დღეს გასცა N102 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ფიზიკურ პირებს - თ. და ნ. ქ-აებს თანასაკუთრებაში გადაეცათ ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. N24-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ფართით 319 კვ.მ. აღნიშნული საკუთრების მოწმობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 16 მარტის N... გადაწყვეტილებით, მოხდა კერძო პირის საკუთრების უფლების აღრიცხვა იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებით კი ცვლილება შევიდა 2020 წლის 11 მარტის N120 განკარგულებაში, რომლითაც საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებებით (შეზღუდვებით), რის თაობაზეც საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 13.04.2020 წლის N37/1581 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა აღნიშნული შეზღუდვების სარეგისტრაციო მასალებში ასახვა, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 21 აპრილის N... გადაწყვეტილებით განხორციელდა. მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე მესამე პირების საკუთრების უფლების აღიარებით უხეშად დაირღვა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის N120 და 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებების და 2020 წლის 11 მარტის N102 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ, ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით; ასევე, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ, ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2020წ. N... და 21.04.2020წ. N... გადაწყვეტილებებისა და იმავე ქონების ნ. და ქ. ქ-აების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 იანვრის N... გადაწყვეტილების მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, ბათილად ცნობა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ თ. ქ-ა და ნ. ქ-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით

თ. და ნ. ქ-აების უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. ქ-ა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის N120 და 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებები და 2020 წლის 11 მარტის N102 საკუთრების უფლების მოწმობა ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ. ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2020 წლის N... და 21.04.2020 წლის N... გადაწყვეტილებები ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ, ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ და 2022 წლის 4 იანვრის N... გადაწყვეტილება იმავე ქონების ნ. და ქ. ქ-აების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული 10 მეტრის ფარგლებში).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს თ. ქ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა ქ.სამტრედიაში, ...ს ქ. №24-ში მდებარე 319 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სს „ე...ს“ 2020 წლის 23 მარტის №5113526 მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს“ კუთვნილი 6.კვ ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

სააპელაციო პალატამ მოიხმო „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 3.2 მუხლები და „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების 2.1 მუხლი და მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელყო კანონის მოთხოვნები და მიუხედავად პირდაპირი აკრძალვისა, საკუთრების უფლების აღიარებას დაუქვემდებარა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (ელექტროგაყვანილობის) ობიექტით განთავსებული და დაცვის ზონაში არსებული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. მართალია, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი სადავო ტერიტორიაზე, მაგრამ დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირთა საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენების ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან. სადავო აქტების რეგისტრაციის პროცესში და არც შემდგომ სს „ე...ს“ არ მოუხდენია კუთვნილი ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია, შესაბამისად, სადავოა ქ. ქ-ასა და ნ. ქ-ას თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონა - 310 კვ.მ წარმოადგენს თუ არა სს „ე...ს“ ხაზობრივი ნაგებობის დაცვის ზონას. განსახილველ შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზი არ არის განთავსებული მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ ვლინდება. კასატორი მიუთითებს, რომ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწათმოსარგებლე არის პირი რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ის მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება, რომელზეც ვრცელდება ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონა. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს კერძო პირის საკუთრებას, შესაძლებელია გადადიოდეს ელექტროგადამცემი ხაზი და ამ ხაზს ჰქონდეს დაცვის ზონა. კასატორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მთავრობის დადგენილების მე-3, 4.6, 4.7, 4.9, 4.10 მუხლებით ზედმიწევნით არის გაწერილი ელექტროგადამცემი ხაზების და მისი დაცვის ზონების უსაფრთხოების გარანტიები, ამდენად, გაუგებარია სს ,,ე...ს“ იურიდიული ინტერესი, თუ რა სამართლებრივ სიკეთეს მიიღებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობით. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, დადგება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ათიათასობით მიწის ნაკვეთის კანონიერების საკითხი და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული იქნება საქართველოს ტერიტორიის ნახევარი, რომლებსაც ფაქტობრივად ფლობენ დაინტერესებული პირები. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მის ხელთ არსებული მონაცემებით მოკლებულია ყველანაირ შესაძლებლობას ცალკეულ შემთხვევებში შეისწავლოს და დაადგინოს თითოეულ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის შესაძლო არსებობა, მით უმეტეს იმ სამართლებრივი რეგულირების პირობებში, რომლის მიხედვითაც ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლება დამოუკიდებელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ე...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის N120 და 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებები და 2020 წლის 11 მარტის N102 საკუთრების უფლების მოწმობა ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ, ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2020 წლის N... და 21.04.2020 წლის N... გადაწყვეტილებები ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ. ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ და 2022 წლის 4 იანვრის N... გადაწყვეტილება იმავე ქონების ნ. და ქ. ქ-აების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული 10 მეტრის ფარგლებში). აღნიშნული გადაწყვეტილება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. ქ-ას (ნ. და თ. ქ-აების უფლებამონაცვლე) სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ. აპელანტები იყვნენ მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ. ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის N120 და 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებებისა და 2020 წლის 11 მარტის N102 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერება. ასევე, სადავოა ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ, ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2020წ. N... და 21.04.2020წ. N... გადაწყვეტილებების და იმავე ქონების ნ. და ქ. ქ-აების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სს ,,ე...ს’’ მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს თ. ქ-ამ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა სამტრედიაში, ...ს ქ. №24-ში მდებარე 319 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სააგენტომ 2020 წლის 6 თებერვლის №36233 მიმართვით, თ. ქ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი, შესასწავლად გადაუგზავნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელმაც 2020 წლის 4 მარტის მიმართვით სს „ე...დან“ გამოითხოვა ინფორმაცია, გადიოდა თუ არა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ქალაქ სამტრედიაში, ...ს ქუჩა №24-ში მდებარე თ. ქ-ასა და ნ. ქ-ას მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. სს „ე...ს“ 2020 წლის 23 მარტის მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს“ კუთვნილი 6.კვ ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი.

დადგენილია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის №120 და 2020 წლის 6 აპრილის №135 განკარგულებებით და 2020 წლის 11 მარტის №102 საკუთრების უფლების მოწმობით, ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა №24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ.) აღიარებულ იქნა თ. და ნ. ქ-აების თანასაკუთრების უფლება და აღნიშნული უძრავი ქონება მათ გადაეცათ თანასაკუთრებაში. 2020 წლის 6 აპრილის №135 განკარგულებაში მიეთითა, რომ მიწის ნაკვეთზე (შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე) ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის რეგისტრაციის შესახებ 16.03.2020წ. №... გადაწყვეტილებით ქ. სამტრედიაში, ...ს ქ. №24-ში მდებარე 319 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა თ. ქ-ას და ნ. ქ-ას თანასაკუთრება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 4 იანვრის №... გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თ. ქ-ას ½ წილი აღირიცხა ქ. ქ-ას საკუთრებად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სს „ე...ს“ 2020 წლის 23 მარტის №5113526 მომართვით კომისიას ეცნობა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო სს „ე...ს“ კუთვნილი 6.კვ ძაბვის (ორივე მხარეს 10 მეტრი დაცვის ზონით) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არ ხდიან მხარეები, მათ შორის, არც მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მესაკუთრე ქ. ქ-ა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონი აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, აგრეთვე, იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. ზემოაღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული კანონის მიღებით კანონმდებელმა წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა არსებული მიწის რესურსის ათვისების სტიმულირება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ. ხსენებული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეთხოვათ საკუთრების უფლების აღიარება. ამასთანავე, სადავო პერიოდში, კანონით გათვალისწინებული იყო შემზღუდველი გარემოებებიც, რომლის არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებული იყო საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები (მითითებული კანონის 3.2 მუხლი)

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა: ....ი) თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები; ...ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები.

ამდენად, საკანონმდებლო აკრძალვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აღიარებას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევაში, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი –ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისათვის/გადატანისათვის განკუთვნილი იზოლირებული სადენი (სადენები), რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე პარალელური შტოსაგან, შეერთებისათვის საჭირო აქსესუარებით (ქუროები, მომჭერები და სხვა არმატურა); ზ) ელექტრული ქსელი – ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ-25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ-15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ-10 მეტრი.

დადგენილია, რომ სს „ე...“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან (2007 წლიდან) ექსპლუატაციას უწევს სადავო ტერიტორიაზე მდებარე 6 კვ საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც გადაეცა საქართველოს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ლიცენზიით დასტურდება სადავო ელექტროგადამცემი ხაზის სს „ე...ს“ მფლობელობაში არსებობის ფაქტი. ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ სხვა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, მართალია ყველა ელექტროგადამცემი ხაზი ამ ეტაპზე არ არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, თუმცა მფლობელობას უტყუარად ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაცემული ლიცენზია. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სს „ე...ს“ მის მფლობელობაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ თ. და ნ. ქ-აებს არ გააჩნდათ ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ. ს/კ ....) მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, საკუთრების უფლების აღიარების კანონისმიერი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანომ მართალია გამოიკვლია, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მიერ სადავო ტერიტორიის გადაკვეთის საკითხი, თუმცა დადებითი პასუხის მიღების მიუხედავად, მაინც აღიარა მესამე პირთა საკუთრების უფლება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამდენად, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რამეთუ აღიარებას დაუქვემდებარა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუხედავად მასზე არსებული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტის (ელეტროგაყვანილობის) და დაცვის ზონისა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სადავო განკარგულებასა და შემდეგ საჯარო რეესტრის ამონაწერში იმის დაფიქსირება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მფლობელზე ვრცელდება „ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ვითარებას არ ცვლის, რადგან აღნიშნული შეზღუდვები ისედაც ვრცელდება ყველა შესაბამის ნაკვეთზე, იმის მიუხედავად მიეთითება თუ არა ამის შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერში.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების პოზიციას ქ. სამტრედიაში, ...ს ქუჩა N24-ში მდებარე უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი ფართობით 319 კვ.მ; ს/კ ....) თ. და ნ. ქ-აების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ის ნაწილში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2020 წლის 11 მარტის N120 და 2020 წლის 6 აპრილის N135 განკარგულებების და 2020 წლის 11 მარტის N102 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. მართებულია ასევე, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე თ. და ნ. ქ-აების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2020წ. N... და 21.04.2020 წლის N... გადაწყვეტილებებისა და იმავე ქონების ნ. და ქ. ქ-აების საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2022 წლის 4 იანვრის N... გადაწყვეტილების მასზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის - 310 კვ.მ-ს ნაწილში, ბათილად ცნობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 14.02.2024წ. N06265 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.02.2024წ. N06265 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა