Facebook Twitter

ბს-607(კ-23) 24 ივნისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ე...მა“ 29.03.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აკრედიტაციაზე შეთანხმებისა და ხელშეკრულების დადების მოპასუხისთვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.07.2022წ. გადაწყვეტილებით, შპს „ე...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს დაევალა შპს „ე...თან“ ხელშეკრულებისა და აკრედიტაციაზე შეთანხმების გაფორმება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრიდა აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2023წ. განჩინებით, აკრედიტაციის ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსსა და აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებულ „აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებზე“ და აღნიშნა, რომ აკრედიტაციის პროცესი, რომელიც იწყება აკრედიტაციის მაძიებელი პირის მიერ განაცხადის წარდგენით, წარმოებს რამდენიმე ეტაპად და საბოლოდ სრულდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. განმცხადებელთან გაფორმებული „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი ხელშეკრულება არ წარმოადგენს მხარის შესაბამისობის დადასტურებას, აღნიშნულის შემდეგ წარმოებს პირის აკრედიტაციისთვის ნორმატიულად გათვალისწინებული ეტაპების გავლა და აკრედიტაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ შპს „ე...ის“ მიერ 05.02.2021წ. წარდგენილი განცხადების რეგისტრაციით (09.02.2021წ.) დაადასტურა განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარდგენის ფაქტი, ასევე სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ განმცხადებელთან არ გააფორმა შესაბამისი შეთანხმება და ხელშეკრულება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია და ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციის პირობებისა და პროცედურების განსაზღვრა წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის კანონით მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მოპასუხე ვალდებული იყო საკითხის განხილვისას დაეცვა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურა და პირველ რიგში განცხადება შეეფასებინა საკ 1.1:2020 – „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის კუთხით, კერძოდ, დაედგინა განცხადებით წარდგენილი საკითხი იყო თუ არა აკრედიტაციის საგანი და წარდგენილი განცხადება რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამის აკრედიტაციის სქემას და ამ აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მხოლოდ მითითებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მიეღო განცხადების განხილვაზე უარყოფითი გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „პ...ს“ (უფლებამონაცვლე სს „გ...ს“) შორის 29.06.2018წ. დადებული ხელშეკრულება არ ქმნის კანონმდებლობით, მათ შორის, საკ 1.1:2020 – „აკრედიტაციის საერთო წესების და პროცედურების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კანონმდებლის მიერ განსაზღვრულ, განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუფორმებლობა/უმოქმედობა არ ეფუძნება არც ერთ ხელშესახებ სამართლებრივ ნორმას, ეფუძნება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 08.04.2021წ. №04/2181 წერილს, რომელიც თავის მხრივ არც ერთ სამართლებრივ ნორმას არ ეფუძნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ტექნიკური ინსპექტირების სფეროში განხორციელებული რეფორმის ფარგლებში ინსპექტირების ცენტრებთან წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს, შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრი პტი ცენტრის აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში პოზიციის დასაფიქსირებლად განცხადებას უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. აკრედიტაციის ცენტრი, როგორც აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, პტი ცენტრების აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს სწორედ მის მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე წარმართავს. მინისტრის 07.12.2016წ. ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 23.12.2016წ. ინტერესთა მოწვევაში მონაწილე კომპანიებს შორის გამარჯვებულად შვეიცარული კომპანია დაასახელა, რომლის დასკვნების საფუძველზე შემუშავდა და გამოიცა საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №510 და №511 დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე ცვლილებები შევიდა აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში (დაემატა დანართი №1), რომლითაც განისაზღვრა იმ პერიოდისთვის აუცილებელი დამატებითი პირობები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისათვის. მინისტრის აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ მე-12 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობას, შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული დამატებითი პირობები განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის დებულების დანართით. ის გარემოება, რომ მინისტრის 03.02.2021წ. ბრძანების საფუძველზე დანართი №1 ამოღებული იქნა დებულებიდან, არ გულისხმობს იმას, რომ პტი ცენტრების აკრედიტაციისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ აქვს დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლება, ამასთან, დანართის ამოღება უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ვალდებულებების უგულებელყოფის საფუძველს არ იძლევა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ მე-12 პუნქტზე. აღნიშნული ნორმით დაწესებული რეგულაციის შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრმა პტი ცენტრის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა წარმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ჩართულობით.

კასატორმა აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში სამინისტროს მიერ გამოცხადდა მოწვევა (3 ლოტად) პტი ცენტრების ტესტირების ხაზების რაოდენობით, ტიპებითა და გეოგრაფიული განაწილებით, სადაც ნებისმიერ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება. ღია კონკურსში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა სს „პ...სი“ (უფლებამონაცვლე „გ...“), რომელსაც შემდგომ მიენიჭა აკრედიტაცია. 2018 წლის მდგომარეობით სამინისტროს მიერ ხელშეკრულებები დაიდო 16 პტი ცენტრთან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და შესაბამის პტი ცენტრებს შორის, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციებისა და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გამო აკრედიტაციის ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს აკრედიტაცია მხოლოდ დადგენილი აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ახალ პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრზე, რათა ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ რეფორმას და უზრუნველყოს რეფორმის მთავარი მიზნების და ამოცანების განხორციელება, რაც გულისხმობს საგზაო ტრანსპორტისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში მოქმედი სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობას - პტი ცენტრების გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვითა და მოსახლეობისთვის პერიოდული ინსპექტირების ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ავტოსატრანპორტო საშუალებების პტი ცენტრების აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი განცხადებას უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვინაიდან განხორციელებული რეფორმის ფარგლებში სწორედ სამინისტროა შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერობის მხარე, რომლის გათვალისწინება მნიშვნელოვანია აკრედიტაციის შემდგომი პროცესის წარსამართად. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები წინააღმდეგობრივია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აკრედიტაციის ცენტრი შეიქმნა აკრედიტაციის სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას (აკრედიტაციის ცენტრში მოსარჩელის 05.02.2021წ. განცხადების წარდგენის დროს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების“ 1.1 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლი იურიდიული პირი (ამჟამად მოქმედი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 15.04.2024წ. №1-1/147 ბრძანებით დამტკიცებული აკრედიტაციის ცენტრის დებულების 1.1 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაციის, აკრედიტებული პირების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების მონიტორინგსა და ზედამხედველობას, აგრეთვე შეიმუშავებს აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებს (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 99.4 მუხ.). აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცდა „აკრედიტაციის წესები და პროცედურები“, რომლითაც დადგინდა აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს/პირის აკრედიტაციასთან დაკავშირებული განცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ზოგადი წესის თანახმად, მართალია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო კონტროლით ახორციელებს საჯარო საქმიანობას („საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონის 2.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირისადმი მიკუთვნებული საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობასა და უფლებამოსილებას. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა, იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეოებებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ გამოსვლა (3.1 მუხ.). აკრედიტაციის მინიჭების საკითხის განხილვა შეადგენს არა სამინისტროს, არამედ მისი სსიპ-ის უფლებამოსილებას, ხოლო სსიპ-ისა და სამინისტროს უფლებამოსილებები ერთმნიშვნელოვნად გამიჯნულია. მართალია, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირია, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საჯარო საქმიანობას და საკუთარი სახელით იძენს უფლება-მოვალეობებს. სსიპ სამინისტროსაგან განცალკევებული ორგანიზაციაა. ამდენად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აკრედიტაციის ცენტრმა აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე განცხადება სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით უნდა განიხილოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების უპირობო საფუძველს არ ქმნის. აკრედიტაციის ცენტრის საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსადმი დაქვემდებარება არ გამორიცხავს აკრედიტაციის ცენტრის მიერ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას, სზაკ-ით დადგენილი პრინციპების დაცვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის ვალდებულებას (სუსგ 01.11.2023წ. საქმე №ბს-92(კ-23)).

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2024 წლის პირველი მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის 15.04.2024წ. №1-1/147 ბრძანებით) დამტკიცებული „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ დებულებაში 08.01.2018წ. №1-1/5 ბრძანებით შეტანილი დამატებების შედეგად დებულებას დაემატა 21 მუხლი და დანართი №1, რომლითაც დადგინდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობები. ამ დანართით განისაზღვრა, რომ ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამავე დებულებით დადგენილი წესით. აღნიშნული დანართი ასევე აწესრიგებდა ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავებულ საკითხებს: განსაზღვრავდა აკრედიტაციის მიღების წესებს და ვადებს, ადგენდა შესარჩევი პროცესის წარმართვასა და გამარჯვებულის გამოვლენაზე პასუხისმგებელ ორგანოს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის პირობებს, ხელშეკრულების ხელმოწერის საფასურს და სხვ.. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 03.02.2021წ. №1-1/27 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი 16.03.2010წ. №1-1/330 ბრძანებით დამტკიცებულ აკრედიტაციის ცენტრის დებულებაში, კერძოდ, ამოღებულ იქნა დებულების 21 მუხლი და დებულების №1 დანართი. შპს „ე...მა“ აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტაციის მოთხოვნით განცხადება წარადგინა აღნიშნული ცვლილების შემდგომ, კერძოდ, 05.02.2021წ.. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკრედიტაციის ცენტრმა პოზიციის დაფიქსირების მიზნით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სამინისტროს 08.04.2021წ. წერილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული რეფორმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ღია კონკურისის საფუძველზე უკვე არსებობს შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობები სამინისტროსა და შესაბამის ინსპექტირების ცენტრებს შორის, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ წინაპირობას ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცესის სამართლებრივად წარსამართად, შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიზნებისა და ამოცანების უგულებელყოფა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 10.04.2020წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტაციის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) განაცხადის აკრედიტაციის საგნისადმი კუთვნილებას; ბ) საქართველოს კანონმდებლობასთან, აკრედიტაციის სქემასთან და აკრედიტაციის წესებითა და პროცედურებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან წარდგენილი განაცხადის შესაბამისობას. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის პროცესით გათვალისწინებულ შემდგომ პროცედურებს და განაცხადის განხილვაზე დასაბუთებულ უარს განმცხადებელს აცნობებს განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (5.2 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ შპს „ე...მა“ 05.02.2021წ. განცხადებით აკრედიტაციის ცენტრს მიმართა აკრედიტაციის მოთხოვნით, აღნიშნული განცხადება აკრედიტაციის ცენტრმა დაარეგისტრირა, თუმცა ნორმატიულად დადგენილ ვადაში განმცხადებლისთვის განცხადების განხილვაზე დასაბუთებული უარი არ უცნობებია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც ფორმალური, ისე აქტის მატერიალური კანონიერების კრიტერიუმს. მოცემულ შემთხვევაში განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციის მნიშვნელობაზე. საქმის მასალებში დაცული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 08.04.2021წ. წერილი შეიცავს ზოგად მითითებას სამინისტროსა და ტექნიკური ინსპექტირების ცენტებს შორის უკვე არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, ხოლო კასატორს არ მიუთითებია განცხადების განუხილველობის კონკრეტულ საფუძვლებზე, „წესებითა და პროცედურებით“ გათვალისწინებული სქემებისა და პროცედურებისადმი შპს „ეპიცენტის განცხადების შეუსაბამობაზე, მათ შორის არ მიუთითებია „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაზე. საკასაციო საჩივრის უმეტესი ნაწილი ეთმობა მსჯელობას ტექნიკური ინსპექტირების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე, ამ რეფორმის მნიშვნელობაზე, საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებზე, თუმცა კასატორი არ უთითებს აღნიშნული რეფორმის გამო შპს „ეპიცენტთან“ ხელშეკრულებისა და აკრედიტაციაზე შეთანხმების დადების გამომრიცხავ გარემოებებზე, ამ განცხადებისა და ტექნიკური ინსპექტირების სფეროში გაწეული რეკომენდაციების კონკრეტულ ურთიერთშეუსაბამობებზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ უგულებელყოფილი იქნა „აკრედიტაციის საერთო წესებისა და პროცედურების“ (საკ 1.1:2020) მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. საკასაციო საჩივარში ასევე მითითებულია პტი ცენტრების გეოგრაფიული განაწილების პრინციპის დაცვასა და მოსახლეობისთვის პერიოდული ინსპექტირების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, თუმცა კასატორი ვერ ასაბუთებს აღნიშნულის გამო მოსარჩელესთან აკრედიტაციის ხელშეკრულების და აკრედიტაციაზე შეთანხმების დადების შეუძლებლობას. კასატორის პოციზიის მართებულებას ასევე არ ადასტურებს იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწყობილ ღია კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო.

კასატორი აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადების განხილვისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების სავალდებულობის დასადასტურებლად მიუთითებს საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 07.08.2023წ. №289 დადგენილებით). აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლით დადგენილი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული - „სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით“ აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცდა „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი“, შესაბამისად აღნიშნული წესი განსაზღვრავს საფასურს, მისი გაანგარიშების წესს და არ ადგენს აკრედიტაციასთან დაკავშირებული განცხადების მიღების, დამუშავების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებას, მითითებული წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი პირობების განსაზღვრის შესაძლებლობა. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 01.12.2017წ. №511 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი ადგენს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობები, აღჭურვილობა და პერსონალი (1.1 მუხ.). საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული წესიც სწორედ ამ მოთხოვნებთან მიმართებით ითვალისწინებდა დამატებითი პირობების დადგენის შესაძლებლობას. კასატორი არ მიუთითებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობაზე, ინსპექტირების ცენტრის შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის ან/და პერსონალის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ წესებთან შეუსაბამობაზე. ამასთანავე, მოპასუხე არ მიუთითებს აკრედიტაციის ცენტრის დებულებით დადგენილი რაიმე კონკრეტული მოთხოვნების განმცხადებლის მიერ შეუსრულებლობაზე. საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. №301 დადგენილებით დამტკიცებული წესის ზოგადი ნორმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანიჭებდა დამატებითი პირობების განსაზღვრის უფლებამოსილებას, არ გულისხმობს აკრედიტაციის მინიჭებაზე ყველა განცხადებასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების უპირობო საჭიროებას, ასეთი საჭიროების დასაბუთების გარეშე (სუსგ 01.11.2023წ. საქმე №ბს-92(კ-23)).

გასაჩივრებული განჩინების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების ურთიერთშეუსაბამობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 377.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულება ხორციელდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების გზით, რაც გულისხმობს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებასაც. მართალია, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტის (კასატორის) მითითებული პრეტენზიის მართებულებაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მიღებულია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, რაც გულისხმობს ასევე მითითებული პრეტენზიის გაუზიარებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 249.5 მუხლის შესაბამისად სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში ასახული მათი სამართლებრივი შეფასების შედეგი. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეესაბამება ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობას, რის გამო სამოტივაციო ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე მითითება, შესაძლებელია მიჩნეულ იქნას ტექნიკურ უზუსტობად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.02.2023წ. განჩინება;

3. სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს (საიდენტიფიკაციო კოდი 200169325) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 30.05.2023წ. №01341 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი