№ბს-148(კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ვ-ე; მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 29 მარტს თ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 20 აპრილის N002940 დადგენილებით დაჯარიმდა და დაევალა შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, რაც გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს N1163 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული ბრძანება ადრესატს ჩაბარდა 2019 წლის 19 აგვისტოს. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციული აქტის იძულებით აღსასრულებლად მიქცევის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 2020 წლის 20 თებერვალს, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ზემოაღნიშნული დადგენილება იძულებით აღსასრულებლად მიაქცია 2022 წლის 2 თებერვალს.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-89-22 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცლის გამოცემით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა და თ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 24 მარტის N203 ბრძანების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ 2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-5 და N4-5 სააღსრულებო ფურცლების მოქმედების და მათ საფუძველზე თ. ვ-ეის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების NA22015600-008/001 და NA22015603-004/002 შეჩერების შესახებ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განჩინებით თ. ვ-ეის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-5/ს.ფ.-89-22 და N4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცლების მოქმედება და მათ საფუძველზე თ. ვ-ეის მიმართ დაწყებული სააღსრულებო NA22015600-008/001 წარმოება და NA22015603-004/002 წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ვ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-88-22 და 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-89-22 სააღსრულებო ფურცლების გამოცემით განხორციელებული ქმედებები; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 24 მარტის N203 ბრძანება, თ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილებით, თ. ვ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ში, კორპუსი N...-ის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობების განთავსებისათვის, მასვე დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილება გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს №1163 ბრძანებით, თ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული დადგენილების აღსრულების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს გაიცა №4-5/ს.ფ.-89-22 და №4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცლები და თ. ვ-ეის მიმართ დაიწყო იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარება ჯარიმის გადახდევინებისა და დემონტაჟის განხორციელების მიზნით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 25-ე მუხლის მე-16 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება (როგორც ჯარიმა, ასევე დემონტაჟი) აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში. პალატამ მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსის რეგულაციას ასევე ითვალისწინებდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ამ კოდექსითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებს, იმ ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, და მისი გასაჩივრების ვადას. აღნიშნული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. პალატამ მიიჩნია, რომ შესაბამისი ქმედებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების აღსრულებისთვის განსაზღვრულ 6-თვიან ვადაში უნდა განხორციელებულიყო. ამდენად, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით ადმინისტრირებული ღონისძიების გატარება ვერ ჩაითვლება სახელმწიფო ორგანოს კანონიერ ქმედებად. პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების აღსრულების დაწყება მოხდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სახეზე იყო სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სადავო სააღსრულებო ფურცლები ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის N02940 კანონიერ ძალაში შესული დადგენილების აღსრულების მიზნით გამოსცა. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 20.04.2018წ. დადგენილებით თ. ვ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ში, კორპ. 15 N...-ის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობის უნებართვოდ განთავსებისათვის და მასვე დაევალა უნებართვო ობიექტების დემონტაჟი. ზემოაღნიშნული დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა შესაძლებელი იყო მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლა დაკავშირებული იყო მისი გასაჩივრების შესაძლებლობასთან. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერ ძალაში შედის მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გაასაჩივროს ის ადმინისტრაციულ ორგანოში ან უწყებრივად ქვემდებარე სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის წერილით უტყუარად დგინდება ხსენებული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტი, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით, თ. ვ-ე მოსარჩელედ არ იძებნებოდა.
კასატორი მიუთითებს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის N002940 დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, ხსენებული დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის 6 (ექვსი) თვიან ვადაში გამოსცა 2022 წლის 2 თებერვლის სადავოდ გამხდარი სააღსრულებო ფურცლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს გაცემული №4-5/ს.ფ.-89-22 და №4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე განხორციელებული ქმედებებისა და ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2019 წლის 7 აგვისტოს N1163 ბრძანების კანონიერება. ამდენად, დასადგენია ადმინისტრაციულმა ორგანომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №0002940 დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად სწორად მიიჩნია თუ არა 2022 წლის 2 თებერვალი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილებით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, მოქალაქე თ. ვ-ე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ში, კორპუსი N...-ის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი - ..., შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობების განთავსებისათვის; ამავე დადგენილებით ქ. თბილისში, ...ში, კორპუსი N...-ის მიმდებარედ არსებული, საკადასტრო კოდით: ... რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობის დემონტაჟი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილება თ. ვ-ეის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს №1163 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება თ. ვ-ემ 19.08.2019წ. ჩაიბარა პირადად სს ,,ს...ის’’ ოფისში. დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების გასაჩივრების უფლება ამოიწურა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვით, რის შემდეგაც ადმინისტრაციული აქტები სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2018 წლის 20 აპრილის დადგენილების საფუძველზე, 2022 წლის 2 თებერვალს გაიცა №4-5/ს.ფ.-89-22 და №4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცლები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2022 წლის 7 თებერვლის A22015603-004/002 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაშია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს გაცემული №4-5/ს.ფ.-89-22 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც: ქ. თბილისში, ...ში, კორპუსი N...-ის მიმდებარედ არსებულ, საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული ობიექტის მესაკუთრეს - თ. ვ-ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი ბეტონის ფილისა და მსუბუქი კონსტრუქციის (მეტალის) ნაგებობის დემონტაჟი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქციები) 2022 წლის 17 თებერვლის A22015600-008/001 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაშია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2022 წლის 2 თებერვალს გაცემული №4-5/ს.ფ.-88-22 სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე შეტყობინებით მოვალეს - თ. ვ-ეს ეცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკისრებული აქვს ჯარიმის და/ან საურავის სახით 8000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2022 წლის 18 თებერვალს თ. ვ-ემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 24 მარტის N203 ბრძანებით, თ. ვ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიიქცევა მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან არა უმეტეს 6 თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოცემული დადგენილების აღსრულების პროცედურის კანონთან შესაბამისობა. ამდენად, არსებითი მნიშვნელობისაა საკითხი პირის დაჯარიმებისა და მისთვის უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტის ზუსტად განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის წინაპირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლა ან აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მისი უცვლელად დატოვება. ამასთანავე, გასაჩივრების ვადის ათვლისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ოფიციალური გაცნობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის №ბს-770-762(კ-15) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება, ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას, თუმცა გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია; ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
დადგენილია, რომ თ. ვ-ეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს №1163 ბრძანება სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ არ გაუხდია. ასევე დადგენილია, რომ თ. ვ-ეის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს №1163 ბრძანებით ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის №002940 დადგენილება. ზემოაღნიშნული ბრძანება თ. ვ-ემ ჩაიბარა პირადად 2019 წლის 19 აგვისტოს. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიცია მასზედ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 7 აგვისტოს №1163 ბრძანება ძალაში შევიდა მისი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომ. დადგენილებაზე სააღსრულებო ფურცელი გამოიწერა დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარებიდან 3 წლის შემდგომ 2022 წლის 2 თებერვალს, რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-16 ნაწილს, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა დადგენილების აღსასრულებლად მიქცევის იმპერატიულად დადგენილი 6-თვიანი ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის წერილით მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით თ. ვ-ე მოსარჩელედ არ იძებნებოდა. ზემოაღნიშნულ წერილზე დაყრდნობით კასატორი მიიჩნევს, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 20 აპრილის N002940 დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ სასამართლოდან ინფორმაციის მიღებიდან 6 თვიან ვადაში - განახორციელა დადგენილების აღსასრულებელი მოქმედებები. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას და იზიარებს ქვედა ინსტანციების მოსაზრებას მასზედ, რომ აქტის ძალაში შესვლა დამოკიდებულია არა უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის სათანადო წესით ეფექტიან განხორციელებაზე, არამედ აღნიშნული კანონით პირდაპირ არის რეგლამენტირებული. სამართლებრივ სახელმწიფოში ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა შებოჭილია კანონით და გადაწყვეტილების მიღების ფარგლებს ქმნის მისი უფლებამოსილების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტი. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, უფლებამოსილებისა და ვალდებულების დამდგენი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ქმედება, როგორც წესი, წინასწარ განჭვრეტადია, ხოლო დაინტერესებული პირისათვის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კი, შედეგი – პროგნოზირებადი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოდან ზემოაღნიშნული შინაარსის ინფორმაცია დადგენილების აღსრულებისთვის დადგენილ 6 თვიან ვადაში უნდა გამოეთხოვა. შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით განხორციელებული ქმედებები ვერ მიიჩნევა კანონიერად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით აღსრულების დაწყების გათვალისწინებით, მართებულად იქნა უკანონოდ ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-88-22 და 2022 წლის 2 თებერვლის №4-5/ს.ფ.-89-22 სააღსრულებო ფურცლების გამოცემით განხორციელებული ქმედებები. ასევე არსებობდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 24 მარტის N203 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ.ვაჩაძე
მოსამართლეები: გ.აბუსერიძე
ბ.სტურუა