Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-841(კს-23) 11 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე - გ. ზ-ა

მესამე პირი - შპს „ი...“

დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისი განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2022 წლის 10 მაისს გ. ზ-ამ სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 12 იანვრის N... გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის №... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ...ში, N... ბლოკში მდებარე 11 224 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (N...) გ. ზ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო შპს „ი...“.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ზ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2023 წლის 18 ივლისის გამართულ სასამართლო სხდომაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩაბმის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის მითითებით, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე (,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლი, მე-5 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი). ამ კანონის მოქმედება ასევე არ ვრცელდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე (იმავე მუხლის ,,დ1" ქვეპუნქტი). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქცევდა იმ სამართალურთიერთობის სავალდებულო მონაწილედ, რომელიც რეგულირდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონით. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მინიჭებული ჰქონდა უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გზით საკუთრების გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს უძრავ ნივთზე რეგისტრაციის გზით საკუთრების გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული. აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებას ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სხვა ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის შედეგად არ დასტურდებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობა სადავო სამართალურთიერთობაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით საქმეში ჩაბმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (12.01.2022) და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №... (11.04.2022) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ამასთან, №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, №... ბლოკში მდებარე 11 224 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (№...) დარეგისტრირდება გ. ზ-ას საკუთრების უფლება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2023 წლის 18 ივლისის სხდომაზე, სასკ-ის მე-16 (2) მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე, ვინაიდან დღეს არსებული მონაცემებით, №... სარეგისტრაციო განცხადებით მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი 11 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოსა და „თანამესაკუთრეების“ თანასაკუთრებაში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 60 089 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, №... (22.04.2021წ.) სარეგისტრაციო განცხადების საფუძველზე, კახეთის რეგიონულ ოფისში სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაიწყო სარეგისტრაციო წარმოება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ...ში, №... ბლოკში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 11 224 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (№...) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით. 2022 წლის 12 იანვარს კახეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საჯარო რეესტრის მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი არ დადასტურდა. აღნიშნული ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათების, მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურის შეფასებით, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებებით (ერთოდა №... სარეგისტრაციო განცხადებას) დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო როგორც არასასოფლო, რაც სადავო არ გამხდარა და წარმოადგენდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას. საჯარო რეესტრში დაცული მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი მდებარეობდა პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე. ამასთან, საჯარო რეესტრში დაცულია „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულგერმანული ...-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზა (ე. წ. ყვითელი ფენა), რომლის მიხედვით, გ. ზ-ას №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის, ასევე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მდებარეობა სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სახელზე დაცულ გრაფიკულ მონაცემს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება, ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმებას (მიწის ნაკვეთის კორექტირებას) გამოიწვევს, რაც ცალსახად გულისხმობს მისი უფლების შეზღუდვას, შესაბამისად მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 18 ივლისს მიღებული განჩინების გაუქმება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე საჯარო რეესტრის შუამდგომლობის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის №ბს-585-585(კს-18) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა დაკავშირებულნი არიან სადავო სამართალურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივ განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში“.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ (ჩვეულებრივი მოწვევის მესამე პირები) და აუცილებელ (სავალდებულო მოწვევის მესამე პირები) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო აუცილებელი ჩაბმა - ვალდებულება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი მესამე პირის მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი - აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში ჩვეულებრივი და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობის და ქმედუნარიანობის თვალსაზრისით.

განსახილველ დავაში, გ. ზ-ას მიერ მოთხოვნილია სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში - ...ში, №... ბლოკში მდებარე 11 224 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (№...) თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში 2019 წლის 11 დეკემბრის №5500 კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ანალოგიური ცვლილება შევიდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც და კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილება მიენიჭა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი იყო შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისი №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.

ამდენად, ნათელია, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში, სხვა ორგანოთა წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე მონაწილეობდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამისად კი სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობა აღარ არის უზრუნველყოფილი, რამდენადაც პროცესს ახორციელებს არა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, არამედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მითითებულ კანონში არსებული ჩანაწერი (კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, ასევე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე) გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას, უზრუნველყოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით... (დამატებით იხ. სუსგ №ბს-110(კ-22), 23.04.2024 წ.).

საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გავლენას მოახდენს სახელმწიფოს, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებაზე, რამდენადაც ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს ნაცვლად მესაკუთრედ აღირიცხება კერძო პირი, შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ და უშუალოდ შეეხება სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს, რომლის მონაწილეობა სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონისმიერად იყო უზრუნველყოფილი. ამდენად, ამ პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება და საქმე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის (მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩაბმის შესახებ) განხილვის ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა