Facebook Twitter

ბს-433(კ-23) 07 ივნისი, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ემ 21.06.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების - 649,36 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.08.2022წ. გადაწყვეტილებით ზ. კ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ზ.კ-ეის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 649,36 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2022წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.08.2022წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. კ-ე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო სამართალდაურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 03.06.2022 წ. წერილის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ გადახდის ვალდებულება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული წერილით სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება, რაც იმავე კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის და არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების სახით 649.36 ლარის დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, პალატას უნდა ესარგებლა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით დადგენილი ზოგადი ხანდაზმულობის ვადებით, რომელიც გამორიცხავდა ზ. კ-ეის სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან 1998-1999 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნა 2022 წელს წარდგენილი სარჩელით ხანდაზმულია, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ამდენად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ზ.კ-ე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიერ 19.06.2006წ. გაცემული ცნობის თანახმად, ზ. კ-ეის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998 წლის VII თვიდან IX თვის ჩათვლით შეადგენს 425 ლარს და 53 თეთრს, ხოლო 1999 წელს კადრების განკარგულებაში ყოფნის თანხა შეადგენს 223 ლარს და 83 თეთრს, სულ მთლიანი თანხა შეადგენს 649 ლარს და 36 თეთრს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისათვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა უპირობოდ მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 37.1 მუხ., „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის 57.2 მუხ.). გასამრჯელოს მიღება არ არის დამოკიდებული დასაქმებულის სტატუსზე, სამუშაოს შესრულების ხარისხზე, მის შედეგებსა თუ სხვა ფაქტორებზე, ეს შემოსავალი პირისთვის გარანტირებულია საჯარო მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისი მხრიდან სამსახურებრივი ფუნქციების ბრალეული შეუსრულებლობის არარსებობისას, შესაბამისად, საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს. საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო არის გასაცემელი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საჯარო მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „თ. ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-11 პუნქტი). განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ ნორმატიული ვალდებულების არსებობის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზ. კ-ეს სრულად არ აუნაზღაურა მითითებული პერიოდების ხელფასი, რამაც წარმოშვა ზ. კ-ეის მოთხოვნის უფლება მიუღებელი დავალიანების ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გაადვილების, ვალდებულების შესრულებაზე კონტროლის, მოვალის დაცვის და ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირების მიზნით კანონმდებლობა ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში უფლებადარღვეულ პირს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს 1998-1999 წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დავალიანება მოიცავს ორ კომპონენტს: მიუღებელ სახელფასო თანხას და კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიუღებელ თანხას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის არახანდაზმულად მიჩნევის შესახებ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის ამოქმედებამდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომელიც 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სპეციალურ წესს ითვალისწინებდა, კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად (1341 მუხლი). სწორედ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს ზ. კ-ე სარჩელით. ამდენად, 31.10.1997წ. კანონის მოქმედების პირობებში ზ. კ-ეის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ არ მიიჩნეოდა ხანდაზმულად. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონმა მოქმედება შეწყვიტა 2017 წლის 01 ივლისიდან. ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღარ შეიცავს 1341 მუხლის მსგავს მოწესრიგებას, რაც ადასტურებს 2005 წლამდე წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საერთო წესის გავრცელებას აღნიშნული კანონის ამოქმედების მომენტიდან. თუმცა, ზ. კ-ეს 13.05.2022წ. განცხადების პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 03.06.2022წ. წერილით ეცნობა, რომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ასიგნებები, იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანებების წარმოქმნა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის ორგანიზაციას. აღნიშნული მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ მოახდენს წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან გამიჯვნას საჭიროებს ფაქტისა და ვალის აღიარება, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო ვალის აღიარება იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. (ბს-1455(კ-18)) მოცემულ შემთხვევაში 19.06.2006წ. ცნობით ადმინისტრაციული ორგანო ადასტურებს სახელფასო დავალიანების რაოდენობას, ხოლო 03.06.2022წ. წერილით გამოთქვამს მზადყოფნას სათანადო ასიგნებების მიღებისთანავე დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ორგანო შესაძლებლად მიიჩნევს არსებული დავალიანების ანაზღაურებას მიზნობრივი დაფინანსების მიღების შემთხვევაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. იმავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 03.06.2022წ. წერილი სამინისტროს მიერ ვალის აღიარებულად მიჩნევის საფუძველს ქმნის, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ხანაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 03 ივნისს, ზ. კ-ეის მიერ სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 21.06.2022 წ. სამინისტროს მიერ წერილის გაცემიდან სარჩელის აღძვრამდე გასული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. კ-ეის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ არ არის ხანდაზმული. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადაც დაადასტურა დავალიანების არსებობა და გამოთქვა მის ანაზღაურებაზე მზადყოფნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებების დამატებით გამოყოფის შემთხვევაში, რაც მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას ნიშნავს და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ადასტურებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მიზნობრივი დაფინანსების არარსებობა არ გამორიცხავს სამინისტროს მხრიდან დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებას (ბს-1455(კ-18)).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.11.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი