ას-948-1195-04 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: კოშკურა ამწის დაბრუნება, მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „მ-ამ“ 2000წ. 17 აგვისტოს სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ა-ის“ წინააღმდეგ, მესამე პირად დაასახელა ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია, კოშკურა ამწის (საქარხნო ¹129) დაბრუნებისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგი საფუძვლებით: არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ¹23 ბრძანების საფუძველზე დასავლეთ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ ასოციაცია „თ-ის“ ბალანსიდან მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტის ბალანსზე გადაეცა ორი ახალი კოშკურა ამწე “კბ-401”, მათ შორის, სადავო კოშკურა ამწე ¹129. აღნიშნული კოშკურა ამწე გაიგზავნა და დამონტაჟდა ქ. ტყიბულის საშენმასალათა მიმღებ ბაზაში სპეცტრესტის მე-4 მექანიზაციის სამმართველოს მიერ და ექსპლუატაციის მიზნით 1991წ. 20 ივნისის ¹13 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა ს/გ „მ-ას“.
სადავო კოშკურა ამწეს სს „მ-ზა“ ფლობდა 1998წ. აგვისტომდე. 1998წ. აგვისტოს ბოლოს მოპასუხე ორგანიზაციამ _ სს „ა-ემ“ თვითნებურად დაშალა და წაიღო იგი გაურკვეველი მიმართულებით.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მათ წერილობით, დაებრუნებინათ კოშკურა ამწე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მის დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ სადავო კოშკურა ამწე მათი საკუთრებაა.
იმის გამო, რომ კოშკურა ამწეს ფლობდა სხვა ორგანიზაცია, მოსარჩელემ ვერ შესძლო შპს „კ-თან” გაფორმებული ხელშეკრულების რეალიზაცია, რის გამოც განიცადა მატერიალური ზიანი 73990 ლარის ოდენობით.
სასარჩელო განცხადებით მოსარჩელე ითხოვდა კუთვნილი “კბ-401” ამწის (¹129) დაბრუნებას და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას 73990 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მოგვიანებით შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა და, სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა “კბ-401” ამწის დაბრუნების ნაცვლად თანხის გადახდა 32000 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. მოსარჩელის განმარტებით, სადავო კოშკურა ამწე საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღარ ექვემდებარება აღდგენას და მისი დაბრუნება შეუძლებელია, ხოლო მისი ღირებულება არის 32000 აშშ დოლარი.
მოპასუხე სს „ა-ემ“ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სადავო კოშკურა ამწე წარმოადგენს მათ საკუთრებას; მისი გადაცემა ასოციაცია „თ-ის“ ბალანსიდან სპეცტრესტის ბალანსზე რეალურად არ მომხდარა და, შესაბამისად, ის სპეცტრესტის ბალანსიდან ს/ს „მ-ის“ ბალანსზე ვერ გადაეცემოდა.
სს „ა-ემ“, თავის მხრივ, შეგებებულ სარჩელში მოითხოვა ¹98 კოშკურა ამწის დაბრუნება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „ა-ეს“ სს მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 143110 ლარის, მათ შორის _ 73990 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურების, ხოლო 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 69120 ლარის _ კოშკურა ამწის ღირებულების სახით გადახდა.
სს „ა-ეს“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ა-ემ“. აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება 143110 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლომ სს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, არ დაკმაყოფილდა სს „მ-ის“ სარჩელი და სს „ა-ის“ შეგებებული სარჩელი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად ს/გ „მ-ზე“ სადავო კოშკურა ამწის რეალურად გადასვლისა, არ არსებობდა მისი საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „მ-ამ“.
სს „ა-ემ“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა. ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, შესაბამისად, კოშკურა ამწე ¹98 დარჩა სს „მ-ის“ საკუთრებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით სს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიიჩნია საფუძვლიანად, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება სს „მ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
უზენაესი სასამართლოს მითითების მიხედვით, მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ზიანის ანაზღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა, რაც გათვალისწინებულია სკ-ის 409-ე მუხლით. სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რა გზით გავიდა სადავო ნივთი სს „მ-ის“ მფლობელობიდან, ასევე, უნდა გაერკვია ძველი მფლობელი, ანუ სს „მ-ა“ რა უფლებით ფლობდა სადავო ნივთს (სანივთო თუ ვალდებულებით სამართლებრივი უფლებით).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი სს „მ-ის“ სარჩელის დაკმაყოფლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ა-ეს“ დაევალა სს „მ-ის“ სასარგებლოდ 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს 1991წ. 10 მაისის ბრძანების საფუძველზე ასოციაცია „თ-ს“ დაევალა მექანიზაციის სპეციალიზირებული ტრესტისათვის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ორი ახლად, მიღებული კოშკურა ამწე “კბ 401”. აღნიშნული კოშკურა ამწეები სპეცტრესტის მიერ ტრანსპორტირებულ იქნა ქ.ტყიბულში და დამონტაჟდა ს/გ „მ-ის“ მიმღებ ბაზაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ სს „მ-ა“ სადავო კოშკურა ამწეს ფლობდა 1991წ. ივნისიდან 1998წ. აგვისტომდე, როდესაც სადავო კოშკურა ამწე ¹129 გავიდა სს „მ-ის“ მფლობელობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მას არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. ამასთან, ექსპერტიზის აქტით დადგინდა, რომ კოშკურა ამწე ექსპლუატაციისთვის უვარგისია, ხოლო აღდგენისთვის ხარჯების გაწევა არარენტაბელურია; მისი ღირებულება შეადგენს 32000 აშშ დოლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 409-ე მუხლით და სს „მ-ას“ ამწის კრანის სანაცვლოდ მიეცა ფულადი ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ა-ის“ წარმომადგენელმა გ. თ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევითაა დადგენილი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და არ შეესაბამება სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ სკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხისათვის 32000 აშშ დოლარის დაკისრება არალოგიკური და კანონშეუსაბამოა. აღნიშნული თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი ზოგადადაც რომ არსებულიყო, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ნივთის რეალური ღირებულება, ექსპერტიზამ ამწის საბაზრო ღირებულება ზოგადად დაადგინა და არა კონკრეტული ამწის აღდგენით. კასატორის აზრით, სარჩელი უსაფუძვლოც არის და ხანდაზმულიც, რადგან სადავო ამწე მოსარჩელის მფლობელობიდან გამოსულია 1992 წელს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის (1964წ. რედაქციით) კოდექსის 75-ე და 84-ე მუხლებით და სარჩელი ხანდაზმულად მიეჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ დააყენა უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა. სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამიწ. განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოერკვია, არის თუ არა თვითონ სს „მ-ა“ კეთილსინდისიერი მფლობელი და აქვს თუ არა სს „ა-ეს“ სადავო ნივთის ფლობის უკეთესი უფლება. როგორც თვითონ მხარეები მიუთითებენ, სადავო კოშკურა ამწე არის მათ საწესდებო კაპიტალში. ასეთ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს იმ გარემოებას, თუ ვის ბალანსზე იმყოფებოდა ნივთი საწესდებო კაპიტალში შეტანამდე. საწესდებო კაპიტალში ნივთის არსებობა აძლევს თითოეულ მათგანს უფლებას, ფლობდეს კიდეც ამ ნივთს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, არც ერთ მათგანს საწესდებო კაპიტალიდან ნივთის ამორიცხვის თაობაზე საკითხი არ დაუყენებია. ასეთ პირობებში კი სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენა, არის თუ არა შეტანილი კოშკურა-ამწე მოდავე მხარეთა საწესდებო კაპიტალში და, აქედან გამომდინარე, იმსჯელოს იმის თაობაზე, თუ რომელ მათგანს აქვს ნივთის ფლობის და, უფრო მეტიც, ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს აქცენტი გადატანილი აქვს იმ გარემოებაზე, თუ ვის ბალანსზე იმყოფებოდა სადავო ნივთი და სწორედ აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებაშია აგებული საკასაციო საჩივარიც. კასატორი უთითებს მთელ რიგ მტკიცებულებებზე, რომელთა შესახებაც არ იმსჯელა სასამართლომ და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ უნდა აღნიშნოს, რომ სასამართლოს დადგენილი არა აქვს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებანი, აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია საქმეზე მიღებულ იქნას კანონიერი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი ასეთი გადაწყვეტილება ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს მოდავე მხარეთაგან რომლის საწესდებო კაპიტალშია სადავო კოშკურა-ამწე, რა უფლებები გააჩნდათ თითოეულ მათგანს დავის საგნის მიმართ და არსებობს თუ არა სს „მ-ის“ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სასამართლო ხარჯების ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.