საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-530(კ-23) 10 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ლ-ეის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 20 აგვისტოს ა. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №5819/2/2018 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 28 მარტის №... საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის №5819/2/2018 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. ლ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს იმის დადგენა საჭიროებდა თუ არა ა. ლ-ეის კუთვნილი 522 ერთეული ე.წ. ...ის (ექსპერტიზის დასკვნით - „...ს“) ტრანსპორტირება ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 24-ე მუხლზე და განმარტა, რომ საქმის მასალების თანახმად, ა. ლ-ე სამეწარმეო დანიშნულებით, ქვეყნის შიგნით (ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ...დან - თიანეთის მუნიციპალიტეტის ...ში), სატრანსპორტო საშუალებით - ..., ახდენდა საქონლის - 522 ერთეული ე.წ „...ის“ ტრანსპორტირებას, რომლის ნაწილზეც (300 ერთეულზე) გააჩნდა 26.03.2018წ. გამოწერილი ელ-... სასაქონლო ზედნადები (გამოწერის დრო - 20:55:53 სთ), ხოლო 222 ერთეულზე სასაქონლო ზედნადები არ გააჩნდა. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ...ის ეკლის ჯიშის ხისგან დამზადებული სარის რაოდენობა შეადგენდა 522 ცალს, ხოლო ჯამური საბაზრო საორიენტაციო ღირებულება შეფასების თარიღისათვის - 1 566.00 ლარს, დღგ-ის ჩათვლით. სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის შედეგად დადგინდა, რომ სარები ...ის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ-ს. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2 მეტრი. სარები განკუთვნილია ღობეების, ვენახების, სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის. ამდენად, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ 26.03.2018წ. ელ-... სასაქონლო ზედნადებში აღწერილი 300 ერთეული ...ისგან განსხვავდებოდა ის 222 ერთეული ... (ე.წ. „ნაპობი“ სარი), რომელზეც არ ჰქონდა გამოწერილი არცერთი სახის სასაქონლო ზედნადები, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნა გაზიარებული. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 27.03.2018წ. ა. ლ-ე ახდენდა 522 ერთეული ...ის ტრანსპორტირებას, რაზეც გამოწერილი არ ჰქონდა ხე-ტყის სპეციალური ზედნადები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 252 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სმ-ის დიამეტრისა და 2.2 მ. სიგრძის მერქნული რესურსის სამეწარმეო დანიშნულებით ტრანსპორტირება საჭიროებდა ხე-ტყის ზედნადების გამოწერას, ხოლო ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევას და იწვევდა მითითებული ნორმით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რაც სწორად შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები ...ის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ.“. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ამ ზომისა და პარამეტრების მქონე ...ის ეკლის სარების ტრანსპორტირება წარმოადგენდა თუ არა ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერის საჭიროებას, რაზეც ორი ინსტანციის სასამართლომ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, მეორემ კი არა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, 252 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ-ს, არ იყო აუცილებელი სპეციალური ზედნადების შევსება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2018 წლის 27 მარტს, 09:10 საათზე გადამოწმებული იქნა სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით ..., მძღოლი ვ. ლ-ე. შემოწმებით დადგინდა, რომ ვ. ლ-ე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ა. ლ-ეის კუთვნილი 1 566 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - ,,...ს“ (522 ცალი X 3.00 ლარი) ტრანსპორტირებას, კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 28 მარტს შედგა №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ა. ლ-ეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევით.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2018 წლის 28 მარტის N44595/03/18 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ი/მ ა. ლ-ეის კუთვნილი ...ის ეკლის ჯიშის ხისგან დამზადებული სარის რაოდენობა შეადგენდა 522 ცალს, ხოლო ჯამური საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეფასების თარიღისათვის იყო 1 566 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ,,სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები ...ის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირები არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2 მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი (განკუთვნილია ღობეების, ვენახების, სხვადასხვა სამეურნეო საჭიროებისათვის)“.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 26.03.2018წ. Nელ-... სასაქონლო ზედნადები (გამოწერის დრო - 20:55:53სთ). ზედნადების მიხედვით, საქონლის გამყიდველი/გამგზავნია - ა. ლ-ე, მყიდველი/მიმღები - გ. წ-ი; ტრანსპორტირების დაწყების ადგილია - ბაღდათი, ...; ტრანსპორტირების დასრულების ადგილია - თიანეთი, ...ი; სატრანსპორტო საშუალება - ..., მძღოლი ვ. ლ-ე, საქონლის დასახელება - ...ი 2.2 მეტრიანი, საქონლის კოდი - 01, რაოდენობა 300 ცალი, ერთეულის ფასი - 2.5 ლარი, მიწოდებული საქონლის ფასი - 750 ლარი.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ა. ლ-ემ გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 30 მარტს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანებით, ა. ლ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანება ა. ლ-ემ გაასაჩივრა საჩივრით, 2018 წლის 7 მაისს. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მისი სოფლიდან თიანეთის მიმართულებით გადაჰქონდა 522 ცალი .... სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული ჰქონდა 300 ცალზე და ზედნადების კატეგორიაში არჩეული ჰქონდა „ჩვეულებრივი“, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მისი ინფორმაციით, „ხე-ტყის“ კატეგორიის სპეციალური ზედნადები გამოიწერებოდა იმ შემთხვევაში, თუ მორის დიამეტრი წვრილი თავიდან აღემატებოდა 12 სმ-ს. მისივე განმარტებით, ვინაიდან აღნიშნული სარები გამოიყენებოდა ვენახის ბოძებად, მათი დიამეტრი 12 სმ-ზე გაცილებით პატარა იყო. ამასთან, რაც შეეხება დანარჩენ 222 ცალ ...ის სარს, რომელიც არ იყო ზედნადებში ასახული, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ იგი წარმოადგენდა ე.წ. „ნაპობ“ სარს, რომლის ფასიც დაბალია (1 ლარამდე). შესაბამისად, წინასწარ უცნობი იყო დაიტოვებდა თუ არა მას კლიენტი და არ მომხდარა აღნიშნულის გაწერა, ანუ ისინი მიჰქონდა სასინჯად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №5819/2/2018 წლის გადაწყვეტილებით, ა. ლ-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №... საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის №5819/2/2018 წლის გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ა. ლ-ეის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ იგი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 522 ცალი ...ს ტრანსპორტირებას, კანონმდებლობით განსაზღვრული, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს. კასატორი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ-ს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N996 ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არ იყო აუცილებელი სპეციალური ზედნადების შევსება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი აწესრიგებს, კერძოდ, იგი განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. მითითებული კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილი ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოყო ხე-ტყე და მის მიმართ შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია გრაფები, რომელთა შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და რეალიზაცია. „ტყე ბუნებრივი გარემოს გლობალური ეკოლოგიური მნიშვნელობის უმთავრესი ელემენტია. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ბიოსფეროს სტაბილურობის რეგულირებაში, აგრეთვე სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში (საქართველოს ტყის კოდექსი, პრეამბულა), რის გამოც ხე-ტყის მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვება და რეალიზაცია მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს შეადგენს.“ (სუსგ. #ბს-1154(კ-20), 16.12.2022წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის” 252 მუხლზე, რომელიც ეხება ხე-ტყის, როგორც სპეციალური ტიპის სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის NII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ტრანსპორტირებული ...ის სარები, მათი დიამეტრის გათვალისწინებით, არ წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილ მრგვალ ხე-ტყეს (მორს). შესაბამისად, მასზე არ იყო აუცილებელი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა, ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები კი გამოწერილი იყო.
საკასაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი, ჩვეულებრივი ტიპის სასაქონლო ზედნადები Nელ-... გამოწერილია 300 ცალი ...ს ტრანსპორტირების თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ...ის სარების რაოდენობა შეადგენდა 522-ს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის განმარტება იმის თაობაზე, რომ 300-ის გარდა დანარჩენი 222 ცალი ... წარმოადგენდა ე.წ. „ნაპობ“ სარს, მას ჰქონდა უფრო დაბალი ფასი (1 ლარამდე) და წინასწარ უცნობი იყო დაიტოვებდა თუ არა მყიდველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ დასტურდება, რომ ტრანსპორტირებული 522 ცალი ...დან ნაწილი რაოდენობის საქონელი იყო განსხვავებული ტიპის ან ღირებულების მქონე. ამდენად, უდავოა, რომ 222 ცალ ...ის სარზე ა. ლ-ეის მიერ არანაირი ტიპის სასაქონლო ზედნადები არ ყოფილა გამოწერილი.
ამასთან, რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის” 252 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მართალია კასატორის მიერ ტრანსპორტირებული საქონელი დიამეტრის ზომის გამო, არ ჯდება აღნიშნული ნორმის დეფინიციაში, თუმცა მითითებული მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ასევე ,,დ“ ქვეპუნქტსაც (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის NII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.
ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა. ლ-ეის მიერ ტრანსპორტირებული ...ის სარების წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ-ს, მისი სამეწარმეო დანიშნულებით ტრანსპორტირების პირობებში (რაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს), არსებობდა სპეციალური ტიპის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება. ამგვარი ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების განხორციელების გამო კი კასატორს მართებულად დაეკისრა საჯარიმო სანქცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ა. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა. ლ-ეის მიერ 2023 წლის 29 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ლ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ა. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ა. ლ-ეის მიერ 2023 წლის 29 მაისს N6199 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე