ბს-123 (2კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-იმა და ნ. ო-ემ 30.07.2019წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 და N1089/9 ბრძანებების, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 14.06.2019წ. N752 ბრძანების ბათილად ცნობა და უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის და ნ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 და N1089/9 ბრძანებები, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 14.06.2019წ. N752 ბრძანება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.02.2020წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. მ-ის და ნ. ო-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 ბრძანება, რომლითაც ნ. ო-ეს უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1089/9 ბრძანება, რომლითაც ლ. მ-ის უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ო-ეის და ლ. მ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბათილად იქნა ცნობილი ლ. მ-ის და ნ. ო-ეის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 14.06.2019წ. N752 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში ლ. მ-ის და ნ. ო-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 28.12.2016წ. ლ. მ-იმა და ნ. ო-ემ თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო პირებად რეგისტრაცია. აღნიშნული კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმით ლ. მ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. ამავე ოქმით ასევე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა ნ. ო-ეს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. ზემოაღნიშნული კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმის საფუძველზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 და N1089/9 ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე N28-116 დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ მას არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრისით ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია).
სააპელაციო პალატამ საქმეში დაცულ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე მითითებით აღნიშნა, რომ დუშეთის რაიონში, ...თან, ...თან მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 461 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ლ. მ-ის საკუთრებას. ამასთან, როგორც სადავო აქტების გამოცემის დროისათვის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის დუშეთის რაიონში, ...თან, ...თან მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ასევე წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას. მოსარჩელეებისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ლ. მ-ის საკუთრებად რეგისტრირებული იყო N... და N... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის 11.03.2020წ. და 27.07.2022წ. ამონაწერებით ირკვევა, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 05.05.2020წ. და 21.07.2022წ. ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე დარეგისტრირდა ჯერ თ. ო-ეის, შემდეგ გ. ო-ეის საკუთრებად. ლ. მ-ის განმარტებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება არის მისი მაზლის საკუთრება და ვინაიდან მისი მაზლი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამასთან ცხოვრობს საზღვარგარეთ, უძრავი ქონება დარეგისტრირდა ლ. მ-ის საკუთრებად, თუმცა მოგვიანებით, ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა ჯერ მისი მაზლის შვილის - თ. ო-ეის და შემდეგ მაზლის მეორე შვილის - გ. ო-ეის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე. მან ვერ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარება და სადავო აქტის კანონშესაბამისობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია სადავო აქტების გამოცემის დროს N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას, თუმცა დღეის მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია გ. ო-ეის საკუთრებად. ამასთან, ლ. ო-ეის სახელზე რეგისტრირებული N... საკადასტრო კოდის მქონე 461 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი რამდენად წარმოადგენს მოსარჩელეებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმის საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 ბრძანებით ლ. მ-ის უარი ეთქვა უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო, ხოლო ნ. ო-ეს - ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილებით დამტკიცებულია "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი", რომლის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს. ამდენად, კანონმდებელი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. არსებულ მოთხოვნათაგან ერთ-ერთის არარსებობა ოჯახისათვის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. კასატორი მიუთითებს, რომ ლ. მ-ი ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის მოთხოვნას, ვინაიდან დუშეთის რაიონში, ...თან, ...თან N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ასევე ქ. თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს გ. ო-ეის საკუთრებას, დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონება სადავო აქტის გამოცემის დროისათვის წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას, შესაბამისად ბრძანება კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი რამდენად ქმნის მოსარჩელეებისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საშუალებას, კასატორმა აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის ვარგისიანობის და მისი ღირებულების შეფასება არ შედის ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში. მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მიწის ნაკვეთი დაბალი ღირებულებისაა და მისგან ვერანაირი სარგებლის მიღება ვერ ხერხედება. უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობა უსახლკარო პირად რეგისტრაციზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ სადავო აქტების გამოცემის დროისათვის მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილების მე-2 მუხლი განსაზღვრავს მოთხოვნათა იმპერატიულ ჩამონათვალს, რომელთა ერთობლიობა ქმნის ფიზიკური პირის უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველს. არსებულ მოთხოვნათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა განმცხადებლისათვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს ლ. მ-ის საკუთრებას, არსებობს სარჩელის არა ნაწილობრივ დაკმაყოფილების, არამედ არ დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორი თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონის მიზანს და ემსახურება მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ჩნდება იმის საშიშროება, რომ პირი, რომელიც მართლა საჭიროებს უსახლკარო პირად რეგისტრაციას და აკმაყოფილებს N28-116 დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა პირობას, შესაძლოა შესაბამისი დახმარების მიღმა დარჩეს, რადგან მუნიციპალიტეტს ამოეწურება რესურსი მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით ლ. მ-იმა და ნ. ო-ემ თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადებებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას და მოითხოვეს უსახლკარო პირებად რეგისტრაცია. აღნიშნული კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმით ლ. მ-ის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე მიეცა უარყოფითი რეკომენდაცია ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ’’ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის გამო. ამავე ოქმით ასევე უარყოფითი რეკომენდაცია მიეცა ნ. ო-ეს N28-116 დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო. ზემოაღნიშნული კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმის საფუძველზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 25.04.2018წ. N1088/9 და N1089/9 ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე, N28-116 დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო. მოსარჩელეებისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ლ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება, კერძოდ დუშეთის რაიონში, ...თან, ...თან მდებარე 461 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N...) და ამავე მისამართზე მდებარე 450 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N...).
საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. №28-116 დადგენილებით დამტკიცებული "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის" მე-2 მუხლზე, რომელიც ადგენს უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უსახლკარო პირად რეგისტრაციის მსურველი პირი, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს: ა) 2015 წლის 27 ნოემბრამდე რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი დაიბადა 2015 წლის 27 ნოემბრის შემდეგ); ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული "დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის" ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.12.2015წ. №33-138 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორზე მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. მ-ის ოჯახი, რომლის წევრიცაა ნ. ო-ე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 24.07.2019წ. ამონაწერის მიხედვით 2015 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას თვეში 120 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ნ. ო-ე იღებს სახელმწიფო კომპენსაციას 245 ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სს "ლ...დან" წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს სხვა რაიმე სახის შემოსავალი არ გააჩნიათ. მათ არც საკუთრებაში და არც მართლზომიერ სარგებლობაში არ აქვთ საცხოვრებელი სადგომი, რის გამოც დიდუბის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს ბინის ქირით. სადავო აქტების გამოცემის დროს ლ. მ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთაგან N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს ლ. მ-ის საკუთრებას, აღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია გ. ო-ეის საკუთრებად. საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. №28-116 დადგენილებით დამტკიცებული "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის" მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტზე, რომელიც არ გამორიცხავს უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში უკეთუ პირს გააჩნია უძრავი ქონება და იგი დაასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის უარის თქმის საფუძველი გახდა უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ გამოკვლეულა აღნიშნული უძრავი ქონება რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელეებისათვის საცხოვრებელი ფართითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის ვარგისიანობის და მისი ღირებულების შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაში არ შედის, ხოლო მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მიწის ნაკვეთის დაბალი ღირებულების შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27.11.2015წ. №28-116 დადგენილების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტი პირდაპირ ითვალისწინებს უსახლკარო პირად რეგისტრაციის ისეთ შემთხვევას, როდესაც განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, თუმცა ასეთი ქონებიდან მიღებული სარგებელი არ უნდა იყოს საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, საქმის მასალებში დაცული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 28.03.2018წ. N27 ოქმით არ დასტურდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მოწვეულნი იყვნენ მოსარჩელეები და მათ მიეცათ საკუთარი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, გამოიკვლიოს ამჟამინდელი მდგომარეობით უძრავი ქონების მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის ფაქტი, ამასთან, მოსარჩელეების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვისა და მათი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ასევე წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას, რაც გამორიცხავდა უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული უძრავი ქონება არათუ სადავო აქტების გამოცემის დროს, არამედ ლ. მ-ის მიერ უსახლკარო პირად რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენის დროისათვისაც (28.12.2016წ.) აღარ წარმოადგენდა ლ. მ-ის საკუთრებას, შესაბამისად, მისთვის უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი