საქმე N72(კ-24) 25 ივნისი 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მესამე პირები-ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ი...”, შპს “ბ...”).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 19 ნოემბერს დ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
2017 წლის 16 ივნისს დ. მ-ე, კუთვნილი „...ს“ მარკის ავტომობილით, თბილისიდან მოძრაობდა ბათუმის მიმართულებით. რამდენიმე დღით ადრე, მოპასუხემ ქალაქ ქუთაისთან, ...-სამტრედიის მიმართულებით არსებული მოძრაობა ავტობანიდან გადაიტანა ქუთაისის შემოვლით გზაზე, თუმცა, ასაქცევი გზის მონაკვეთი არ იყო იმგვარად გადაკეტილი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო ბათუმის მიმართულებით გზის გაგრძელება და მძღოლი იძულებული გახდა ემოძრავა მხოლოდ მარჯვნივ, შემოვლითი გზის მიმართულებით. გარდა ამისა, არ იყო დაცული საგზაო მოძრაობის კანონი და ასევე, სამტრედია-ფოთის მიმართულებით მანიშნებელ საგზაო ნიშნებზე არ იყო დაფარული ისრები მიმართულებით „ბათუმი“, რამაც ღამის სამ საათზე, როცა ავტომანქანები თითქმის აღარ მოძრაობდა, მოსარჩელე დაარწმუნა, რომ ავტობანით მოძრაობა ბათუმის მიმართულებით გახსნილი იყო და დაუბრკოლებლად გააგრძელა სვლა. ასაქცევი გზიდან 12 კილომეტრის გავლის შემდეგ, საავტომობილო გზის 228-ე კილომეტრზე მოპასუხეს, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი რკინა-ბეტონის პარაპეტებით უკანონოდ ჰქონდა გადაკეტილი ისე, რომ გადაკეტვის ადგილას გზა საერთოდ არ იყო განათებული და არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშნები იყო განთავსებული, რის გამოც შეუძლებელი იყო ხელოვნური ბარიერის შემჩნევა და იგი მთელი სიჩქარით შეეჯახა რკინა-ბეტონის პარაპეტებს, შედეგად დ. მ-ეის კუთვნილი ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციამ დ. მ-ეის მიმართ შეადგინა საჯარიმო ქვითარი Nაბ ..., რომლის თანახმადაც, იგი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და დაჯარიმდა 250 ლარით, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე და საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა დ. მ-ეის საჩივარი და გაუქმდა მის მიმართ შედგენილი საჯარიმო ქვითარი იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ იყო მისი ბრალით გამოწვეული.
2017 წლის 27 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საგზაო დეპარტამენტს და ითხოვა ნებაყოფლობით აენაზღაურებინათ ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანი - 38 500 ლარი, თუმცა დეპარტამენტმა უარი განაცხადა და თავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც მოითხოვა დაზიანებული რკინა-ბეტონის პარაპეტების ღირებულების - 776,52 ლარის დ. მ-ეისთვის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განპირობებული იყო არა დ. მ-ეის, არამედ საგზაო დეპარტამენტის ბრალეულობით. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მხარე მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვა-გადაწყვეტისას პრეიუდიციული ძალა გააჩნია.
შპს „რინ აუტოს“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტისა და შპს „აუდიტსერვისის“ აუდიტორიული შემოწმებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღსადგენად საჭიროა 29.850 ლარი.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებით განცდილი ზიანის - 29.850 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ი...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს “ბ...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით დ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით დ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N431/ა დასკვნაზე, რომლის თანახმად „მოცემულ შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლ დ. მ-ეის მოქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფა“. ავტოტექნიკურმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვის შემთხვევაში „დ. მ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება“.
პალატამ მასალებისა და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. მ-ე თერჯოლის რაიონის სოფელ ...სთან საავტომობილო გზის 217-ე კილომეტრიდან არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის წესებს, გადაკვეთა გამყოფი უწყვეტი მონიშვნის ხაზი და 228-ე კილომეტრამდე მოძრაობა გააგრძელა გზის გადაკეტილ მონაკვეთზე. შემთხვევის ადგილზე განლაგებული იყო მოწითალო ფერის ბოძები და „მარცხნივ ავტობანზე მოძრაობა აკრძალულია და მარჯვნივ ქალაქ ქუთაისის მიმართულებით ნებადართულია“ საგზაო ნიშანი.
პალატამ არ გაიზიარა დ. მ-ეის მოსაზრება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება (საგზაო ნიშნების დამონტაჟება, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება მთელი შეზღუდვის განმავლობაში), რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საგზაო შემთხვევა. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა “ი...-ს" შორის დადებულ N14 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების და პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელებაზე, მოცემულ მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოების მიღების აქტზე და ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით უნდა დადგინდეს, რაც ნიშნავს, რომ ქმედების უკანონობა უნდა დადასტურდეს მტკიცებულებათა ერთობლიობითა და კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კი ზიანის ანაზღაურების წინაპირობა - ქმედების მართლწინააღმდეგობა და მოპასუხის ბრალეულობა არ დგინდებოდა, რის გამოც არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დ. მ-ეის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია საგზაო დეპარტამენტის ბრალეული ქმედებით. წინამდებარე სარჩელით კი დ. მ-ე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ამდენად, პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. განსახილველ დავის საგანსა და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარ იურიდიულ შედეგს შორის არსებობს იმგვარი კავშირი, რაც არ უარყოფს მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების მიმართ პრეიუდიციის გავრცელების შესაძლებლობას. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა კანონსაწინააღმდეგოდ არ გაიზიარეს კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. მ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ,,თბილისი-სენაკი-ლესელიძის“ საავტომობილო გზის 228-ე კმ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა დ. მ-ეის საკუთრებაში არსებული ,,...-ის" მარკის ა/მანქანა, რომელიც შეეჯახა რკინა-ბეტონის პარაპეტს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სარჩელი დ. მ-ეის მიმართ ზიანის ანაზღაურების სახით 776,52 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი...-ს" შორის დადებული 11.11.2016 წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N120-16 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ N14 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) და პერიოდული შეკეთების სამუშაოების განხორციელება.
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2017 წლის 19 მაისს წერილობითი ანგარიშით მიმართა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღების შესახებ, რაზეც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსგან მიიღო წერილობითი დასტური. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 20 მაისის წერილში მითითებულია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არ არის წინააღმდეგი, რომ ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებები მოეწყოს ინსპექტირების ანგარიშში ასახული მონაცემების მიხედვით. ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 216-კმ 257-ზე, ქუთაისის შემოსასვლელი (...-სამტრედიის) საავტომობილო გზის მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებებისა და არსებული სამუშაოების დასრულებამდე, მიზანშეწონილია საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს ცალმხრივად. ...დან სამტრედიის მიმართულებით, ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით, ქალაქ ქუთაისის გავლით, ხოლო სამტრედიიდან-...ს მიმართულებით არსებული ქუთაისის შემოსასვლელი გზით, თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის კონკრეტული კვანძების რეგულირების შესაბამისად. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს დაევალა აღნიშნული მონაკვეთის ცალმხრიდან გადართვის პერიოდში კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება იქ არსებულ კვანძებზე საგზაო მოძრაობის დარეგულირების მიზნით საჭირო რაოდენობის ეკიპაჟების გამოყოფა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 მაისის წერილში მითითებულია, რომ სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე RAMP-2-ის (2+2 ცალი რკინაბეტონის პარაპეტის მოწყობა,) RAMP-3-ის (2+2 ცალი რკინაბეტონის პარაპეტის მოწყობა და ახალსოფელის მხრიდან „შესვლა აკრძალულია“ (3.1) და ყვითელი ფერის მოციმციმე შუქურა). ასევე, N35 და N36 საგზაო ნიშნებზე ტექსტის „ფოთი“ დაფარვა, ხოლო N37 ისრის და ტექსტის „ფოთი“ დაფარვა. ერთ დგარზე არსებული „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის“ (3.24) და „ორმხრივი მოძრაობის“ (1.22) აღმნიშვნელი საგზაო ნიშნებიდან უზრუნველყოფით მხოლოდ „ორმხრივი მოძრაობის“ (1.22) აღმნიშვნელი საგზაო ნიშნების დაფარვა. ამავე წერილში მიეთითა, რომ აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაციასა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოს, ხოლო ზემოაღნიშნულ სამუშაოებზე კონტროლი კი საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონკრეტულ სამსახურსა და ამავე დეპარტამენტის კონტრაქტორ ორგანიზაციას დაევალა.
ქუთაისის ასაქცევი გზის 216-239.5კმ-ზე (რაც მოიცავს 217-ე კმ-ს) შესრულებული სამუშაოების მიღების №8 აქტით დადგენილია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი - სამტრედიის მონაკვეთზე, კერძოდ, 217-ე კილომეტრზე (ადგილი, საიდანაც იწყება თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობის გადართვა ქალაქ ქუთაისის გავლით) შესრულებული იყო სტანდარტული ზომის ახალი საგზაო ნიშნების, ახალი საგზაო დაფების კმ. 217 (მითითებულია პიკეტები, რაც ნიშნავს ადგილმდებარეობის დაზუსტებას მეტრებში) და ახალი რკინაბეტონის პარაპეტების დაყენების სამუშაოები. კერძოდ, შესრულებული სამუშაოების მიღების აქტში მითითებულია, რომ შესრულებულია ახალი საგზაო დაფების დაყენების სამუშაოები 217-ე კილომეტრზე - 3.1. რაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (დანართი №1: საგზაო ნიშნები) შესაბამისად, ნიშნავს საგზაო ნიშანს „შესვლა აკრძალულია“. აღნიშნული სამუშაოები დეპარტამენტის მიერ ანაზღაურებულია, შესრულებული სამუშაოები დასტურდება შესრულებული სამუშაოების მიღების აქტით, დეპარტამენტის დაკვეთით საზედამხედველო მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის, საზედამხედველო სამსახურის უფროსის, ტექნიკური ზედამხედველის და დეპარტამენტის დაკვეთით უშუალო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მიერ. ნიშანდობლივია, რომ მიღება - ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის მაისის მდგომარეობით, ხოლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 16 ივნისს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ...-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ქუთაისის შემოვლითი–სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობის ცალმხრივად განხორციელების შესახებ. კერძოდ, 2017 წლის 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით). აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე); რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით, რომელიც მოიცავს: - გარე განათების ქსელის მოწყობას; - ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას; - ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობას; აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. “ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის Nბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ზემოხსენებული კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად, ხოლო ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტომბრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში დაცულ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N431/ა დასკვნაზე, რომლის თანახმად, „მოცემულ შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლ დ. მ-ეის მოქმედება, კერძოდ, მისი მხრიდან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რომლის დაცვის შემთხვევაში დ. მ-ეს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება“.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, იმ ადგილზე, სადაც მოსარჩელეს უნდა გადაეხვია და გზა არ გაეგრძელებინა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, იდგა სხვა სახის პარაპეტები, პლასტმასის (წყლით ავსებული), ასევე ამკრძალავი ნიშანი. გარდა ამისა, აღნიშნულ პარაპეტებამდე მინიმუმ 500 მეტრით ადრე გადახაზული იყო პირდაპირ მოძრაობის მაჩვენებელი ისრები გზის სავალ ნაწილზე და ამასთან, მიმართულების მაჩვენებელ საგზაო ნიშანზე წაშლილია პირდაპირ მოძრაობის მაჩვენებელი ისარი წარწერებთან ფოთი - ბათუმი. ასევე, გზა აღჭურვილი იყო ყვითელი მოციმციმე მოწყობილობებით. ამდენად, ყველა საგზაო ნიშანი იყო განთავსებული იმისათვის, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი მძღოლი დამორჩილებოდა საგზაო ნიშანს და არ შესულიყო აკრძალულ თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზის 228-ე კმ-ზე, საპირისპირო მოძრაობის ზოლში. მძღოლი არ დაემორჩილა არსებულ საგზაო ნიშანს, რამაც გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის დაკისრებას საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ამ უკანასკნელის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის მოქმედების (უმოქმედობა) არსებობა, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს მის პასუხისმგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილების არასათანადო შესრულება/შეუსრულებლობაში, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოპასუხის ქმედებამ. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საფუძვლიანად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს საკუთარი კომპეტენციების გათვალისწინებით, კანონისმიერად დადგენილი ყველა ღონისძიება ჰქონდა გატარებული.
კასატორის მთავარი საპრეტენზიო განაცხადი მიემართება იმ საკითხს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა დ. მ-ეის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბრალეულობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ.
საკასაციო სასამართლომ განჩინებაში განმარტა, რომ ფაქტის პრეიუდიციულობის შემოწმებისას საჭიროა შეფასდეს არა მხოლოდ ფორმალურ-პროცესუალური წინაპირობები (არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის სუბიექტებიც სხვა სამოქალაქო საქმეში იღებენ მონაწილეობას), არამედ, პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები უნდა ამართლებდეს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ანუ განსაზღვრავდეს მხარის მატერიალურ-სამართლებრივ უფლებებსა და ვალდებულებებს, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები შეუდავებელი ფაქტებია და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სხვა დავაში მხედველობაში მიიღოს ამ ფაქტების წინააღმდეგ წარდგენილი შედავება, აღნიშნულს მოწმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დისპოზიცია, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება) (სუსგ №ას-827-791-2014, 13.11.2015წ.).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კანონიერ ძალაში შედის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, ასაბუთებენ, ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), გამოტანილი იმავე მხარეების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში), არამედ მატერიალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებსაც (გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების შინაარსს, რომელი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2018წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია: “მოსარჩელე მხარეს, რომლის მტკიცების ტვირთსაც წარმოადგენდა სადავო გარემოების დადასტურება, სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან, როგორც დამკვეთმა და ასევე ზედამხედველმა სუბიექტმა, ჯეროვნად განახორციელა თავისი უფლებამოსილება უსაფრთხოების კუთხით, კერძოდ, მართალია დამკვეთ ორგანიზაციასთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით დეპარტამენტმა დაგეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა და რა მიმართულებით უნდა გადანაწილებულიყო ავტომობილთა ნაკადი, ასევე თუ სად და როგორი სახით უნდა დამონტაჟებულიყო გამაფრთხილებელი ნიშნები, თუმცა მოხდა თუ არა მათი დამონტაჟება, ან თუნდაც იყო თუ არა განთავსებული ეს გამაფრთხილებელი ნიშნები მთელი შეზღუდვის განმავლობაში, სასამართლოსთვის უცნობია, ვინაიდან მოსარჩელეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. უფრო მეტიც, როგორც საქმეში არსებული წერილებიდან დასტურდება, მხარე „კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება-სა" და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების“ გამოყენებაზე საუბრობს, თუმცა ფაქტია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო მოსარჩელეს კი სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შემთხვევა სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგი იყო, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას”.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია მხარეთა შეჯიბრებითობის წესი, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ და გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ადმინისტრაციული სამართლისგან განსხვავებით, სადაც მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე შეზღუდულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების კუთხით. კასატორის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არსებითად დაეფუძნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ საკუთარი ვალდებულებების ჯეროვანი განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარუდგენლობას. ნიშანდობლივია, რომ კასატორის მიერ მოხმობილი გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც სასარჩელო წესით სადავოდ ხდიდა დ. მ-ეისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხს. ხსენებულ დავაში მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება, ხოლო პირუკუ დამდგარ საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საკუთარი ბრალეულობის გამომრიცხველი მტკიცებულებების წარდგენის კანონისმიერი ვალდებულება მას არ გააჩნდა. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხსენებული დავის და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხარეები არიან ერთ და იგივე პირები, სასამართლოსთვის დადგენილი ფაქტების პრეუიდიციულად გაზიარების ვალდებულება არ წარმოიშობა, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ ეფუძნება დ. მ-ეის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დ. მ-ეს მის საკასაციო საჩივარზე 26.02.2024წ. N5387 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. დ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 26.02.2024წ. N5387 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1500 ლარის 70 პროცენტი - 1050 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა