Facebook Twitter

საქმე Nბს-170(3კ-24) 25 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. მ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 16 აგვისტოს ს. მ-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N6-ის მიმდებარედ (ს/კ ...) აუქციონის წესით შეიძინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. უძრავი ქონების საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე დართული საკადასტრო გეგმის თანახმად, 45 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა, რომლის კონფიგურაცია და გაბარიტები უცვლელია დღესაც. შენობა-ნაგებობის შეძენის შემდგომ მოსარჩელემ მიმართა შესაბამის სამსახურებს და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების, ფასადის კორექტირების, წვიმის წყლისგან დაცვის მიზნით სახურავზე იზოლაციის მოწყობის, შენობაში ასვლისთვის საჭირო კიბისა და პანდუსის მოწყობის, შენობის სახურავზე შუშის მოაჯირისა და ტერასის მოწყობის თანხმობა მიიღო. მოსარჩელის განმარტებით, ყველა სამშენებლო სამუშაო მის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების ფარგლებში განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ ზემოაღნიშნული დოკუმენტების უგულებელყოფით მიიჩნია, რომ ს. მ-ეის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, რის გამოც მიიღო დადგენილება მისი დაჯარიმებისა და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ. მოსარჩელემ დადგენილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 1.03.2021წ. ბრძანებით ს. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის №000551 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 მარტის N180 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ს. მ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის N000551 დადგენილების მოქმედება ქ. თბილისში, ...ს ქ. N6-ში (ს/კ ...) მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულზე, N... საკ. კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბინა N4) უნებართვოდ კაპიტალური მიშენების (ქ. თბილისი, ...ს ქ. N6-ის მიმდებარედ, საკ. კოდით ...; N...) რომელიც ნაწილობრივ გადადის N... საკ. კოდით რეგისტირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრების საკუთრების არსებულ მიწის ნაკვეთზე, დემონტაჟის ნაწილში; ს. მ-ეის წარმომადგენლის შუამდგომლობა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 მარტის N180 ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის №000551 დადგენილება. მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ს. მ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

კასატორის - ს. მ-ეის განმარტებით, N... საკადასტრო კოდზე მდგარ შენობას ესაზღვრება ... კოდზე არსებული შენობა. ეს შენობები დამოუკიდებელი ნაგებობებია, წარმოადგენენ განცალკევებულ ობიექტებს და საქმე არ გვაქვს კაპიტალურ მიშენებასთან. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები აუქციონზე ცალ-ცალკე გაიტანა. სასამართლოებს ყურადღების მიღმა დარჩათ ის გარემოება, რომ სადავო დადგენილებით კასატორს დაევალა იმ შენობა-ნაგებობის (ს/კ N...) სრულად დემონტაჟი, რომელიც შეიძინა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. კასატორი მიუთითებს, რომ N... საკადასტრო კოდის მქონე შენობაზე, მისივე მოთხოვნით და შეტყობინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ფასადის ცვლილებები, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვების მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა. მუნიციპალურმა ინსპექციამ სადავო დადგენილების მიღებისას არ გამოარკვია, ჰქონდა თუ არა ს. მ-ეეს სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა, არსებობდა თუ არა თავად ობიექტზე სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ხომ არ იყო სახეზე პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ 20.11.2021წ. აუქციონის წესით ასევე სახელმწიფოსგან შეიძინა 10 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), რომელიც მისი საკუთრებაში არსებული ქონების მიმდებარედ მდებარეობს. კასატორის განმარტებით მეორედ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მდებარე კიბე საშუალებას აძლევს ახალი მშენებლობის გარეშე მოხვდეს მისი სახლის მეორე სართულზე. აღსანიშნავია, რომ შპს „მ...ს“ დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული კიბის ხნოვანება 7-10 წელია. კასატორის მოსაზრებით, საქმის გარემოებები იძლეოდა სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის გადაწყვეტა ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე მისთვის არახელსაყრელია, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი წარმოების დროსაც მიღებული იქნება იმავე შინაარსის გადაწყვეტილება. კასატორმა ასევე იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

კასატორი - ქ. თბილისის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ს ქ. N6-ში (ს/კ ...) რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბინა N4) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა კაპიტალური მიშენება (ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N6-ის მიმდებარედ, ს/კ ...; ...), რომელიც ნაწილობრივ გადადის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. კასატორი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე, 125-ე, 127-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სამშენებლო სამართალდარღვევა, დასახელებული სამუშაოებისთვის გაცემული არ ყოფილა შესაბამისი ნებართვა, ამდენად, ს. მ-ეეს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. აღსანიშნავია, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების ფაქტი ს. მ-ეემ დაადასტურა ადმინისტრაციული წარმოების დროს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე. კასატორი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სადავო ობიექტის სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეძენის გამო, არ არსებობს ს. მ-ეისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. კასატორის განმარტებით, ქონების აუქციონის წესით შეძენა არ აქცევს უნებართვო მშენებლობას სამართლებრივ ჩარჩოებში და არ წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინაპირობას. კასატორისთვის არალოგიკური და ბუნდოვანია სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რადგან ერთი მხრივ, სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტი, მეორე მხრივ, კი მიიჩნია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად რომელი მიშენება განხორციელდა მოსარჩელის მიერ კანონდარღვევით.

კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ საქმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გადაწყვეტა არ შეესაბამება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორი აღნიშნავს, რომ შეცვლილი ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო მიშენება მოექცა ს. მ-ეის კერძო საკუთრებაში სახეზე არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად მისი გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. კასატორი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო რელევანტურად თვლიდა სანქციის შემცირების საკითხს, იგი თავად იყო უფლებამოსილი ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები, ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ს. მ-ეის შუამდგომლობები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე განხილულიყო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის №000551 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 მარტის N180 ბრძანების კანონიერება.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის N1/1-6848 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვების შედეგად, ს. მ-ეე გახდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული 45 კვ.მ უძრავი ქონების (ს/კ ... არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა) მესაკუთრე. ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულია შემდეგი სამართლებრივი აქტები, კერძოდ, 2020 წლის 20 თებერვლის N4867936 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანო ს. მ-ეეს დაეთანხმა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე. ამავე ორგანოს 2020 წლის 24 ივნისის N4990227 გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა უძრავი ქონების ფასადზე (ს/კ N...) კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე, ასევე 2020 წლის 9 ივლისის N5008967 გადაწყვეტილებით, გაიცა თანხმობა ს. მ-ეის საკუთრებაში არსებული ფართის სახურავზე სარემონტო მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელებაზე (რეკონსტრუქცია). ქ. თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტო 3.07.2020 წლის NQN1754546 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ.თბილისში, ...ს N6-ის მიმდებარედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარის, კიბისა და პანდუსის მოწყობას, რის საფუძველზეც, სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის N5019278 გადაწყვეტილებით, ს. მ-ეის საკუთრებაში არსებულ ფართზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გაიცა თანხმობა.

დადგენილია, რომ ს. მ-ეის ქონებასთან დაკავშირებული სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის N5049157 გადაწყვეტილებით, შესაბამისი სარეკონსტრუქციო სამუშაოების (სახურავზე მოაჯირის მოწყობა) განხორციელებაზე გაიცა თანხმობა; სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის N5049152 გადაწყვეტილებით სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე (რეკონსტრუქცია) გაიცა თანხმობა; სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის N5139760 გადაწყვეტილებით სახურავზე სარემონტო მოსაპირკეთებელი სამუშაოების განხორციელებაზე გაიცა თანხმობა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა გ. ჭ-ეის მიერ, თუმცა ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ 2020 წლის 24 ივნისს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ს. მ-ეის მიმართ შედგა მითითება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ...ს N6-ის მიმდებარედ (ს/კ ...) პირველი სართულის დონეზე განხორციელებულია კაპიტალური მიშენება, რომელიც ნაწილობრივ გადადის დაურეგისტრირებელ სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. ამავე მითითებით ს. მ-ეეს განესაზღვრა 20 კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად ან აღნიშნული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2020 წლის 17 ივლისს შედგენილ იქნა N000551 შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც ს. მ-ეის მიერ არ იქნა შესრულებული 2020 წლის 24 ივნისს შედგენილი N000551 მითითებით დადგენილი მოთხოვნები.

დადგენილია, რომ 2020 წლის 4 აგვისტოს მუნიციპალურ ინსპექციაში ჩატარებულ სხდომაზე ს. მ-ეემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ს N6-ის მიმდებარედ ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა შეიძინა სახელმწიფოსაგან აუქციონის წესით. აღნიშნულ ობიექტზე სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე მან აწარმოვა შესაბამისი სამუშაოები. ასევე აღინიშნა, რომ ს. მ-ეე აპირებდა მის მიერ აშენებული კიბის შეძენას და მოითხოვა დამატებითი ვადა.

ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2020 წლის 17 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კაპიტალური მიშენება (N...) განხორციელებულია ქ.თბილისში, ...ს ქ. N6-ში (საკ. კოდი ...) მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულზე, N... საკ. კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბინა N4), ხოლო კაპიტალური მიშენება ნაწილობრივ გადადის N... ს/კოდით რეგისტრირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის N000551 დადგენილებით ს. მ-ეე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ.თბილისში, ...ს ქ.N6-ში (საკ. კოდი ...) მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულზე, N... საკ. კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბინა N4) უნებართვოდ კაპიტალური მიშენების (ქ. თბილისი, ...ს ქ. N6-ის მიმდებარედ, საკ. კოდები: N... და N...) განხორციელებისათვის, რომელიც ნაწილობრივ გადადიოდა N... საკ. კოდით რეგისტრირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ს. მ-ეეს დაევალა ქ.თბილისში, ...ს ქ. N6-ში (საკ. კოდი ...) მდებარე შენობა-ნაგებობის I სართულზე (N... საკ. კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ბინა N4) უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური მიშენების (ქ. თბილისი, ...ს ქ. N6-ის მიმდებარედ, საკ. კოდები: N... და N...), რომელიც ნაწილობრივ გადადის N... საკ.კოდით რეგისტრირებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დემონტაჟი.

დადგენილია, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს გამოცხადებულ აუქციონზე, 2020 წლის 20 ნოემბერს გამარჯვებულად გამოცხადდა ს. მ-ეე და მის საკუთრებად დარეგისტრირდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. უდავოა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის დროს მასზე განთავსებული იყო შენობა-ნაგებობა.

დადგენილია, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს ს. მ-ეემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა N19/01203452614-10 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის N000551 დადგენილების გაუქმება მოითხოვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 1 მარტის N180 ბრძანებით ს. მ-ეის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 17 ნოემბრის N000551 დადგენილება.

საკასაციო პალატა თავდაპირველად მიუთითებს ამ საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებზე. კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. "მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 31.05.2019წ. №255 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) და რეკონსტრუქცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის საანგარიშო ზედაპირის, სახურავის) არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/ დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად ან/და ამგვარი ნაწილების/დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის, მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ,,ჰ18“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. მითითებული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით; გ)კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის - 20 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე I კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად უნებართვო მშენებლობისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა იგი ნაწარმოები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საგულისხმოა, რომ 2020 წლის 20 თებერვალს, 24 ივნისს, 9, 17 და 31 ივლისს, ასევე 12 ოქტომბერს, ს. მ-ეის მიმართვების საფუძველზე, სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა გასცა თანხმობები N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე I კლასს დაქვემდებარებული სამუშაოების განხორციელების თაობაზე (რეკონსტრუქცია). მოცემულ საქმეზე სადავოა ის ფაქტი, გასცდა თუ არა ს. მ-ეე ნებართვის პირობებს და მოწყობილია თუ არა უნებართვო კონსტრუქცია სადავო უძრავ ქონებაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ შპს "მ...ს" 13.05.2023წ. N47/23 დასკვნაზე, რომლის თანახმად ქ. თბილისში, კონსტანტინე ...ს ქუჩა N6-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით განსაზღვრული - 45 კვ.მ შენობის მზიდი კონსტრუქციები, მათ შორის მარჯვენა და მარცხენა გარე ტორსული კედლები, ასევე N01.13.004.172 საკადასტრო კოდით განსაზღვრული კიბის ხნოვანება 9-10 წელია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სათანადოდ ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის არაერთი გადაწყვეტილების არსებობის პირობებში, ქ. თბილისში, ...ს ქ.N6-ის მიმდებარედ არსებული 45 კვ.მ (ს/კ ...) მიწის ნაკვეთზე კაპიტალური მიშენება უნებართვოდ განხორციელდა. სადავო აქტებით არ იკვეთება სამართალდარღვევის კონკრეტული შემადგენლობა, არ დგინდება სახეზე იყო ახალი მშენებლობა, თუ უკვე არსებულ შენობაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული მშენებლობის ფარგლებში ჩადენილი დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ცალსახად არ არის დადასტურებული და დასაბუთებული, რაზე დაყრდნობით მიიჩნიეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომ ს. მ-ეის სახელზე გაცემული კონკრეტული სამუშაოების განხორციელების თანხმობები არ მოიცავდა სადავო დადგენილებაში ასახულ ქმედებას. ამ მხრივ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული აქტები არ შეიცავს კვალიფიციურ და დასაბუთებულ არგუმენტაციას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების სრულყოფილად დადგენა შესაძლებელს გახდის, შეფასდეს სახეზე იყო თუ არა სამშენებლო სამართალდარღვევა და შესაბამისად, უნდა დადგეს თუ არა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ, იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ, მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით, არამედ მიზნად უნდა ისახავდეს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევას, სადავო საკითხზე შესაბამისი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა სათანადო წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სადავო დადგენილების გამოტანის შემდეგ ფაქტობრივი მოცემულობა შეიცვალა, კერძოდ, ს. მ-ეემ შეიძინა სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთი, რომლის საზღვრებში გადასვლის გამოც დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ს. მ-ეის საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადავიდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ზემდგომ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხედველობაში უნდა მიეღო საჩივრის განხილვისას არსებული ასებული მოცემულობა ს. მ-ეის მიერ N... კოდით რიცხული უძრავი ქონების შეძენის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ მისცემდა საშუალებას ემსჯელა სამართალდამრღვევზე დაკისრებული პასუხისმგებლობის მიზანშეწონილობაზეც. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვა მაღალი ხარისხით, თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებით (ბრძანებით) დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, დამატებით არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გააკეთა დასაბუთებული დასკვნა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ფაქტობრივი ვითარების შეუსაბამო მითითების გაცემა, ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია მოსარჩელისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობაზე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემისას და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სათანადოდ არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით განსაზღვრული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა, მოსარჩელის დაჯარიმებისა და კაპიტალური მიშენების დემონტაჟის დავალების შესახებ, საჭიროებს, არსებულ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დამატებით კვლევას და შეჯერებას, რაც სცდება სასამართლოს კომპეტენციას და წარმოადგენს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხს. სწორედ ამიტომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, მტკიცებულებების მოკვლევასა და შეფასებას.

საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ს. მ-ეისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შუამდგომლობებზე საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ნოემბრის Nბს-693(კ-კს-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა, აქვე, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას"(იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ავთანდილ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. მოქალაქე ნელი მუმლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა. თავის მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. კ-ეს ს. მ-ეის საკასაციო საჩივარზე 12.02.2024წ. N7020 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ეის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;

3. ს. მ-ეის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის შუამდგომლობები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. გ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. მ-ეის საკასაციო საჩივარზე 12.02.2024წ. N7020 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა