ბს-1107(კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჟულია მ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟ. მ-ემ 29.04.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ჟ. მ-ეისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 5280 ლარის ოდენობით. 20.06.2022წ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ჟ. მ-ეისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.06.2022 წ. №04-00-ი/14541 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჟ. მ-ეისათვის მიუღებელი პენსიის, 5280 ლარის ანაზღაურების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.10.2022წ. გადაწყვეტილებით ჟ. მ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჟ. მ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.06.2023წ. განჩინებით ჟ. მ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.222წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს, დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები, ვერ მიუთითა და ვერ წარადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჟ. მ-ე დაბადებულია ...წ., სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება წარმოეშვა 01.08.2016წ., მოპასუხემ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადებით (რეგისტრაციის N23006) თავდაპირველად 26.03.2018 წ. მიმართა. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს 15.08.2019 წ. ბრძანების (ჟ. მ-ეის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018 წ. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ) თანახმად, მოსარჩელე - ჟ. მ-ეს 01.04.2018 წ. დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი (პენსია) და ამავე პერიოდიდან აუნაზღაურდა მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი. 11.05.2022 წ. მოსარჩელე - ჟ.მ-ეის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ „სოციალური მომსახურების საააგენტო“-ს და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ჟ. მ-ეისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურების შესახებ 5280 ლარის ოდენობით, რაზედაც უარი ეთქვა განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“-ს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.06.2022 წ. №04-00-ი/14541 გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - მოსარჩელეს საპენსიო ასაკის (60 წელი) მიღწევისთანავე, ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) არ მიუმართავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, სახეზე არ არის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის - ჟ. მ-ეის საპენსიო ასაკის მიღწევის მომენტიდან პენსიის დანიშვნის მომენტამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჟ.მ-ეის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს საპენსიო ასაკის მიღწევისას წერილობით არ მიუმართავს მოპასუხისთვის. კასატორი მიუთითებს, რომ მან საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე მიმართა შესაბამის სამსახურს, თუმცა მას უარი განუცხადეს იმ საფუძვლით, რომ მუშაობდა „...“-ში და ეწეოდა საჯარო საქმიანობას. საჩივრის ავტორის განმარტებით, როგორც აღმოჩნდა, განცხადება დაფიქსირებულიც არ ყოფილა და ასეთი იმ პერიოდისათვის უამრავი იყო, რასაც ადასტურებს ბენეფიციარების სია, რომლებიც ამავე საფუძვლით, გარკვეული პერიოდი დარჩნენ პენსიის გარეშე. კასატორის მითითებით, მოპასუხე მარტივად აჯერებდა ქარხნის მუშებს, რომ მათ პენსია არ ეკუთვნოდათ საჯარო საქმიანობის გამო და საჩივრების წერა შედეგს არ მისცემდა. სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ ნდობამ მუშები შეიყვანა შეცდომაში, მოპასუხის არაკეთილსინდისიერმა ქმედებამ მათ შემოსავალი დააკარგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟ. მ-ე დაბადებულია ...წ., საპენსიო ასაკი შეუსრულდა 05.07.2016წ.. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „...“-ს 21.03.2018წ. ცნობის თანახმად, ჟ.მ-ე მუშაობს „...“-ში ...ს პოზიციაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 26.03.2018 წ. წარედგინა განცხადება ჟ. მ-ეისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.03.2018 წ. გადაწყვეტილებით ჟ. მ-ეს უარი ეთქვა საპენსიო პაკეტის დანიშვნაზე, ვინაიდან ის დასაქმებული იყო „...ში“. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 30.03.2018 წ. გადაწყვეტილება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჟ. მ-ეს 2018 წლის 1-ლი აპრილიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.08.2019 წ. ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018 წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 30.03.2018 წ. გადაწყვეტილება და სერვის-ცენტრს დაევალა ჟ. მ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, ასევე, 2018 წლის 1-ლი აპრილიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.08.2019 წ. გადაწყვეტილებით, 15.08.2019 ბრძანების საფუძველზე, ჟ. მ-ეს დაენიშნა სახელმწიფო პენსია თვეში 200 ლარის ოდენობით და ერთჯერადად აუნაზღაურდა (01.04.2018-01.09.2019 წწ.) მიუღებელი პენსია 3220 ლარი.
ასევე საქმეზე დადგენილია, რომ ჟ. მ-ეის წარმომადგენელმა ი. მარიამიძემ 11.05.2022წ. მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუღებელი პენსიის ანაზღაურების მოთხოვნით (5280 ლ.). განცხადებაში მიეთითა, რომ საპენსიო ასაკის შესრულებისთანავე - 2016წ. ივლისში განმცხადებელმა მიმართა სააგენტოს, თუმცა უარით გამოუშვეს იმ ზეპირსიტყვიერი განმარტებით, რომ „...ში“ მომუშავეებს პენსია არ ენიშნებოდათ, რეალურად კი პენსიის დანიშვნა ეკუთვნოდა 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან. პენსიის დანიშვნა მოხდა 01.08.2018წ., ხოლო მიუღებელმა პენსიამ შეადგინა 5280 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.06.2022 წ. გადაწყვეტილებით, ჟ. მ-ეის განცხადება პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან განმცხადებელს 2018 წლის 26 მარტამდე არ უდასტურდებოდა პენსიის დანიშვნის მოთხოვნის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით სააგენტოსათვის მიმართვის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა, ქალებს პენსიაზე უფლება წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე კანონის 13.1 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. მე-14 მუხლის I და II პუნქტების შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ და „ე“ პუნქტების თანახმად, განცხადება არის უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა. პენსიის მიღების უფლების მქონე პირი მაძიებლად ითვლება პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე პენსიის მიღების უფლების წარმოშობის ფაქტი, იმავდრულად არ წარმოშობს სახელმწიფო პენსიის მიმღები პირის უფლებას - პენსიის მიღების უფლების წარმოშობის მომენტიდან პენსიის დანიშვნამდე პერიოდის ანაზღაურებისა და ამდენად, არ წარმოშობს კომპეტენტური ორგანოს ზიანის ანზღაურების ვალდებულებას. პენსიის მიღების უფლების წარმოშობა მანამდე, ვიდრე პირი მიმართავს ორგანოს სახელმწიფო პენსიის დასანიშნად, არ წარმოშობს განცხადების საფუძველზე პენსიის დანიშვნამდე პერიოდის ანაზღაურებას, პენსია პირს ენიშნება განცხადების წარდგენიდან მომდევნო თვეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მართალია, ჟ. მ-ეს პენსიაზე უფლება წარმოეშვა 60 წლის ასაკის მიღწევისას - 2016 წლის 5 ივლისიდან, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციული ორგანისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების რაიმე ფორმით მიმართვის ფაქტი 2018 წლის 26 მარტამდე, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის მიუღებელი პენსიის - 2016 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 1 აგვისტომდე ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჟ. მ-ეის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჟ. მ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.06.2023 წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი