№ბს-1316(2კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილება, ლ. მ-ის დაჯარიმების ნაწილში; ბ) ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 აპრილის №580 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების სრულად ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 აპრილის №580 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების სრულად გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, გაუქმდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილება ლ. მ-ის დაჯარიმების ნაწილში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება. აპელანტებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სოლიდარულად დაეკისრათ მოწინააღმდეგე მხარის - ლ. მ-ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-9 ნაწილებზე, 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-3 მუხლის 43-ე და 74-ე პუნქტებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამდენად, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. მ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის №2277571 ბრძანებით შეთანხმებული ჰქონდა ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ...ს ქუჩა №...-ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანებით მასზე გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, თუმცა აღნიშნული აღმჭურველი აქტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანებით ბათილად ცნობის გამო, დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 მარტს ლ. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №001267 მითითება, რომლის თანახმად, ვინაიდან სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ ლ. მ-ის მიერ განხორციელებული იყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მოწყობილი იყო კაპიტალური ღობე ნებართვის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილებით ლ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მოწყობისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის დემონტაჟი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საყურადღებოა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანების კანონშესაბამისობა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევდა მესამე პირთა ინტერესებს. ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ ყოფილა. ამდენად, უტყუარად ის გარემოება, რომ 2015 წლის 9 ნოემბრისთვის არსებობდა სწორედ აღნიშნული - ფოტოზე ასახული მდგომარეობა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა განმარტებებით ვერ დადგინდა. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, მოსარჩელის დაჯარიმებისა და მისთვის დემონტაჟის დავალების თაობაზე გამოცემული ბრძანების კანონშესაბამისობის შემოწმებისას, თავად საჩივრის განმხილველმა ორგანომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ სადავო დადგენილებაში მითითებული უნებართვო მშენებლობა მოექცა კანონიერ ჩარჩოში, არსებობდა მუნიციპალური ინსპექციის 2016 წლის 22 ივნისის №21267 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რომლითაც ლ. მ-ის დაევალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის დემონტაჟი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება მასზედ, რომ ლ. მ-იმა სამშენებლო სამუშაოები აწარმოა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, ლ. მ-ი არ წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო. ამდენად, არ დადასტურდა განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა და კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ფოტომასალით უტყუარად არ ირკვევა ობიექტის კუთვნილება და მშენებლობის განხორციელების პერიოდი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
3.1. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტს №001267 მითითების გაცემით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება ლ. მ-ის მიმართ. ვინაიდან, არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №228436 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაუქმდა ამავე სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანებით, შესაბამისად, 2016 წლის 25 მარტისთვის ადგილი ჰქონდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ფაქტს, კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული იყო საცხოვრებელი სახლი და კაპიტალური კედელი. სამართალდამრღვევს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2016 წლის 3 მაისის №001267 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 25 მარტს №001267 მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 2 ივნისის №001267 დადგენილებით ლ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით უნებართვოდ საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მოწყობისთვის და დაევალა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
კასატორის განმარტებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამართალწარმოება დაიწყო 2016 წლის 25 მარტს არა იმის გამო, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე იყო ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები, არამედ იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენის დროს მხარეს არ გააჩნდა სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თავის მხრივ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტს მხარე აღიარებს და უთითებს, რომ ზემოაღნიშნული მშენებლობის ნებართვა აღდგა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წინასწარ ვერ იმსჯელებდა იმ ფაქტზე, რამდენად კანონიერად გაუქმდა მშენებლობის ნებართვა და ვერც იმის მოლოდინი ექნებოდა სამშენებლო სამუშაოები კანონიერ ჩარჩოში მოექცეოდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებით. სამშენებლო სამართალდარღვევა არის თავისი ბუნებით დენადი და ჩადენილად მიიჩნევა მისი გამოვლენის მომენტიდან. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლევის დროს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სხვაგვარად ვერ შეაფასებდა არსებულ საკითხს. თავის მხრივ, ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების ის ნაწილი გააბათილა, რომლითაც მხარეს დემონტაჟი ჰქონდა დავალებული, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მშენებლობის ნებართვა კანონიერად იქნა მიჩნეული, ხოლო ჯარიმის ნაწილში აქტი ძალაში დარჩა, რადგან სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობდა დადგენილების გამოცემის დროისათვის იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ნებართვა არ არსებობდა და გაბათილებული იყო.
3.2. კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, საჯარო რეესტრის 2016 წლის 1 აპრილის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. მ-ი. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანებით დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2015 წლის 5 ნოემბრის №AR1354440 განცხადება და ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) 2015 წლის 4 ნოემბრის №2277571 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტის გამოცემამდე საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები იქნა უნებართვო მშენებლობა, რაც სადავო აქტის გამომცემი ორგანოსთვის არ იყო ცნობილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ლ. მ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო 2016 წლის 25 მარტს №001267 მითითების შედგენით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია საცხოვრებელი სახლისა და კაპიტალური ღობის მშენებლობა, რომელიც ცდება საკადასტრო საზღვრებს. ამავე მითითების შესაბამისად, ლ. მ-ის განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან სამართალდარღვევის ობიექტების დემონტაჟის განსახორციელებლად. ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 3 მაისის №001267 შემოწმების აქტით დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2016 წლის 25 მარტის №001267 მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 2016 წლის 22 ივნისის №361 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი და კაპიტალური ღობე მოქცეულია ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. ამავე დოკუმენტით დაფიქსირდა, მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილებით ლ. მ-ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მშენებლობისთვის (მოწყობისთვის). ამავე დადგენილებით ლ. მ-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 29 მარტს ლ. მ-იმა წარმოადგინა №111020/15 ადმინისტრაციული საჩივარი, არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 9 სექტემბრის №1-1650 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2016 წლის 29 მარტის №111020/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2016 წლის 8 ივლისს ლ. მ-იმა წარმოადგინა №243878/15 ადმინისტრაციული საჩივარი, ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2016 წლის 8 ივლისის №243878/15 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. მ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება და ასევე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის №1-1650 ბრძანება, ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობას წარმოადგენს ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია: უნებართვო მშენებლობა – მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. დასახელებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით - ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განისაზღვრებოდა.
საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №38/49555 წერილი, რომელზეც თანდართული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ 2015 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ იქნა სამშენებლო სამუშაოები. ამასთან, საქმის მასალებში არსებული 2016 წლის 12 თებერვლის №ო-56 ოქმით დგინდება, რომ (დამკვეთმა) ლ. მ-იმა არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება, კერძოდ, სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ. ამგვარ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ლ. მ-იმა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებამდე განახორციელა - სამშენებლო სამუშაოები, რა შემთხვევაშიც უტყუარად დგინდება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროისათვის მისი კანონიერების დამადასტურებელი შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციაზე, აღნიშნული ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ლ. მ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები იქნა სანებართვო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში (უნებართვოდ), რაც კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს სამართალდამრღვევზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.
კასატორის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე. თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან და ჯანმრთელობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, ლ. მ-ის პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. აღსანიშნავია, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მის მიერ წარმოების ფაქტს ადასტურებს თვითონ მოსარჩელე მხარე მის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 8 ივლისის №243878/15 ადმინისტრაციული საჩივრით. ამასთან, ლ. მ-ის მიერ სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვებამდე (არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება), სამშენებლო სამუშაოების წარმოების ფაქტი დასტურდება, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №38/49555 წერილზე თანდართული ფოტოსურათებით, ასევე, თვითონ მოსარჩელე მხარის მიერ არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის 12 თებერვალს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით - განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. ადმინისტრაციული ორგანო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე (არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება) სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ლ. მ-ის მიერ ნაწარმოები იქნა სამშენებლო სამუშაოები, შესაბამისად, სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა.
რაც შეეხება უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალებას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ლ. მ-ის დაევალა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და მოწყობილი კაპიტალური კედლების დემონტაჟი. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება და ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის №1-1650 ბრძანება, ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება, რომლითაც ლ. მ-ი აღიჭურვა უფლებით, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით, განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს წარმოადგენს. ამგვარ პირობებში კი, სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და კაპიტალური კედლების დემონტაჟს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებობს არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება, კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნას წარმოადგენს. შესაბამისად, ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ დადგენილებაში მითითებული უნებართვო მშენებლობა - მოექცა კანონიერ ჩარჩოში, არსებობს მუნიციპალური ინსპექციის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი - ლ. მ-ისათვის ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სადავო უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და კაპიტალური კედლის დემონტაჟის დავალების ნაწილში.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 ოქტომბრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია 15.10.2015წ. №...) თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ...ს ქუჩა №..., საკადასტრო კოდი ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...), დაზუსტებული ფართობი 155,00 კვ.მ მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. მ-ი (ტ.1. ს.ფ. 87-88); ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის №2277571 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ...ს ქუჩა №...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ.№...), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი (ტ.1. ს.ფ. 89-91); გ) სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის №2277571 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით (ტ.1. ს.ფ. 92-93); დ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №38/49555 მიმართვით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ეცნობა, რომ უკანონო ქმედებათა აღმოფხვრისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებისას, სამსახურის მიერ გამოვლენილ იქნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილვის პროცესში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან წარდგენილი განცხადებებისა და მათზე თანდართული დოკუმენტაციის არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობები. შესაბამისად, წარდგენილ იქნა რა აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა, უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილ იქნა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა და შესაბამისი ზომების გატარება (ტ.1. ს.ფ. 305-316); ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 24 დეკემბერს №38/85501 წერილით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა 09.11.2015 ბრძანების კანონიერების შესწავლა (ტ.1. ს.ფ. 106-110); ვ) სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან იმ მოტივით, რომ ბრძანების გამოცემამდე, საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები იყო უნებართვო მშენებლობა, რაც სამსახურისთვის არ იყო ცნობილი (ტ.1. ს.ფ. 106-110); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 9 სექტემბრის №1-1650 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება (ტ.1. ს.ფ. 265-269); თ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 მარტს ლ. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №001267 მითითება, რომლის თანახმად, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება, ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში (საკადასტრო კოდი №...) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებელობის ნებართვის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, ჩაითვალა რომ ლ. მ-ის მიერ განხორციელებულია საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მოწყობილია კაპიტალური ღობე, რაც გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს. ლ. მ-ის დაევალა სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მისი დემონტაჟის განხორციელება. დარღვევის გამოსასწორებლად მხარეს მიეცა 30 კალენდარული დღე (ტ.1. ს.ფ. 120-121). 2016 წლის 3 მაისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა №001267 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ლ. მ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 25.03.2016 წლის №001267 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ტ.1. ს.ფ. 122). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილებით ლ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მოწყობისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის დემონტაჟი. ლ. მ-ის დაევალა ჯარიმის გადახდა დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (ტ.1. ს.ფ. 96-98); ი) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2016 წლის 8 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების ბათილად ცნობას (ტ.1. ს.ფ. 74-80, 81-83); კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. მ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში (ტ.1. 162-179). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №ბს-609 (კ-20)) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ.1. ს.ფ. 181-200, 30-33); ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 9 სექტემბრის №1-1650 ბრძანება ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 246-259); თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტ.1. ს.ფ. 234-244, 34-37); მ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის №3/237-17 გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 აპრილის №580 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის 2016 წლის 8 ივლისის №243878/15 ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ლ. მ-ისათვის ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა და მოწყობილი კაპიტალური კედლის დემონტაჟის დავალების ნაწილში, ხოლო დაჯარიმების ნაწილში დადგენილება დარჩა ძალაში (ტ.1. ს.ფ. 18-26).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები.
,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამდენად, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 4 ნოემბრის №2277571 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №...-ში, ლ. მ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 13 ნოემბრიდან 2016 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან იმ მოტივით, რომ ბრძანების გამოცემამდე, საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები იყო უნებართვო მშენებლობა, რაც სამსახურისთვის არ იყო ცნობილი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილებით ლ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის მოწყობისთვის. მასვე დაევალა ქ. თბილისში, ...ს №...-ში (ს.კ. ...) უნებართვოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის და კაპიტალური კედლის დემონტაჟი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის №001267 დადგენილების ბათილად ცნობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 22 ნოემბრის №1-2311 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. მ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №121 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №2284369 ბრძანება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა იმ საკითხზე ჩადენილი იყო თუ არა ლ. მ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევა და განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს გაცემული მშენებლობის ნებართვა არ არღვევს მესამე პირთა ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ნებართვის გაცემით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა დაადასტურა მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, დადგენილია, რომ სამშენებლო ნებართვების გამოცემის დროისათვის მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაწყებული არ იყო, ამდენად, არ დასტურდება განმცხადებლის მიერ თვითნებური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაციის არქიტექტურის სამსახურისათვის მიუწოდებლობა, ინფორმაციის დამალვა, შესაბამისად, არ დასტურდება კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა - მშენებლობის ნებართვის გაცემა უკანონო მოქმედების საფუძველზე. ამასთანავე, საქმის მასალებით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ლ. მ-ის მიერ 2015 წლის 13 ნოემბრამდე განხორციელებული უკანონო მშენებლობის ფაქტი უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე დავაზე კასატორების პრეტენზიას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრის №38/49555 წერილი, მასზე თანდართული ფოტოსურათები და 2016 წლის 12 თებერვლის №ო-56 ოქმი ადასტურებს ლ. მ-ის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დაწყებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი. ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე არგუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც საქმეში მითითებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარმოუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. იმ პირობებშიც, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა ადვოკატის მომსახურება სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, სასამართლო, გონივრულ ფარგლებში, განსაზღვრავს გაწეული ხარჯის ოდენობას.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. მ-ი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო შესაგებელით ითხოვს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის კასატორებისათვის დაკისრებას. მის მიერ წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლის თანახმად, ლ. მ-ის მიერ გ. დ-ას (იხ. რწმუნებულება ტ.1. ს.ფ. 39) ანგარიშზე ჩარიცხულია 500 ლარი, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია ,,იურიდიული მომსახურების ხარჯი საკასაციო სასამართლოში, საქმე №ბს-1316(2კ-22)’’
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია წარმომადგენელის დახმარებით შევსებული საკასაციო შესაგებელი, თუმცა საყურადღებოა, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა ზეპირის მოსმენის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი გასამრჯელოს მართებულ, გონივრულ და მიღებული მომსახურების შესატყვის ოდენობას წარმოადგენს 150 ლარი. ამდენად, მოსარჩელის - ლ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ლ. მ-ის სასარგებლოდ, წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას სოლიდარულად დაეკისროთ ლ. მ-ის სასარგებლოდ, საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე