Facebook Twitter

№ბს-13(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი ქ.2თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. მ-ისა და ა. ე-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 12 დეკემბერს თ. მ-იმა და ა. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის №IDP 7 23 00000298 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ისა და ა. ე-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-იმა და ა. ე-ემ. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით თ. მ-ისა და ა. ე-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე თ. მ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (მოწმობის №A 135842). აღნიშნული პირი იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ცხინვალში დროებით საცხოვრებელი ადგილად მითითებულია გორი, ..., №..., სადარბაზო ..., სართული ..., ბინა №.... ... წლის ...ს შეეძინა შვილი ა. ე-ე.

მოსარჩელე თ. მ-იმა 2018 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განცხადება წარდგენილი ჰქონდა შვილთან ა. ე-ესთან ერთად.

2019 წლის 13 თებერვალს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ მას შევსებული ჰქონდა განაცხადი ბინის მიღების თაობაზე და ითხოვა მის მიერ შევსებული განაცხადი გადატანილიყო ბინის შესყიდვაზე.

2019 წლის 15 ნოემბერს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილი იყო განცხადება ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და ითხოვა მის შესამოწმებლად მისულიყვნენ, გორი ...ის ქუჩა, კორპუსი №..., სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №32.

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2019 წელს მას მიენიჭა შეფასების ქულა - 1.50 ცხოვრობს ნათესავი/ახლობლის ოჯახთან ერთად. ასევე, განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, მშობლები, ორი და, ორი ძმა და ორი დისშვილი. განმცხადებელი განცხადებას აკეთებს მარტო. განმცხადებლის მშობლებს და ორ ძმას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართზე: ქვემო-ქართლი, თეთრიწყარო ს....ს ჩასახლება. განმცხადებელი განცხადების საფუძველზე გადმოვიდა მარნეულის ბინებიდან.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა 2019 წლის 30 მაისს, მონიტორინგის დროს მოსარჩელე ცხოვრობდა გორი, ..., №..., სადარბაზო ..., სართული ..., ბინა №.... მასთან ერთად ცხოვრობენ თ. ე-ე მამამთილი, დ. ე-ე დედამთილი, ლ. ე-ე გერი. განმცხადებელს ყოველთვიური შემოსავალია აქვს 130 ლარი. როგორც მან განმარტა არ გააჩნია არანაირი საკუთრება. მშობლებს აქვს დაკანონებული ...ში ფართი, სადაც ცხოვრობენ თავად.

2020 წლის 18 თებერვალს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსმ სადაც მიუთითა, რომ თ. მ-ი იყო დევნილი შვილთან ტ. ე-ესთან ერთად, რომელიც დაბადებულია ... წლის ...ს. მიუთითა რომ იგი იყო მარტოხელა დედა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც ისარგებლა სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის - გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (კრიზისული ცენტრი) სერვისით. თ. მ-ის არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი სახლი და არც სამსახური, რის გამოც, არ აქვს შემოსავალი და უხდება ნათესავებთან ღამის გათენება. ითხოვა მომხდარიყო თ. მ-ისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ტ. ე-ეის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №03-2029/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №49) თ. მ-ის ეთქვა უარი იმ ეტაპზე განსახლებაზე, გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ვინაიდან ცხორობდა დედამთილი-მამამთილის სახლში.

აღნიშნული ბრძანება თ. მ-იმა გაასაჩივრა სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. მ-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №03-2029/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.

2022 წლის 16 და 18 ნოემბერს თ. მ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვინაიდან, შეთავაზება მიიღეს 2 სულიან ოჯახთან მიმართებაში 25 000 ლარით დაფინანსებაზე, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ თუნდაც ერთ ოთახიანი ბინის შესყიდვა მომხდარიყო. განმცხადებელმა მოითხოვა თავად სახელმწიფოს განეხორციელებინა თ. მ-ის და მისი მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თბილისში ან გორში.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის №IDP 6 22 00567957 წერილით, მოსარჩელეთა წარმომადგენელს მ. ნ-ეს მის განცხადებაზე განმეორებით ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, განიხილა დევნილი თ. მ-ის ოჯახის მიერ ქ. გორში, კერძოდ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით შევსებული განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, თ. მ-ის 2 წევრიან ოჯახს თანხმობა ეთქვა 25 000 ლარად ღირებული უძრავი ქონების შესყიდვაზე. ასევე განემარტა, რომ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა დევნილი ოჯახის მიერ მოძიებულ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, დევნილთა ოჯახის წევრთა შემადგენლობის გათვალისწინებით.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის №IDP 7 23 00000298 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 24 ოქტომბრის სხდომის (ოქმი N77) გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ თ. მ-ის ოჯახს (თ. მ-ი და ა. ე-ე) თანხმობა ეთქვათ 25 000 ლარად ღირებული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა ისეთი სახის ქმედება, რომლითაც თ. მ-ი უარს აცხადებდა სამინისტროს მიერ მისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის 25 000 ლარის მიღებაზე, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

მოსარჩელის მოთხოვნაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის არ მიუმართავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. მ-იმა და ა. ე-ემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების წარმომადგენლის მითითებით, თ. მ-ი არის მარტოხელა დედა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც ისარგებლა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურულ ერთეულ გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (კრიზისული ცენტრის) სერვისებით. მას არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი სახლი და არც სამსახური, რის გამოც არ აქვს შემოსავალი და უხდება ნათესავებთან ღამის გათევა. ა. ე-ე არის მცირეწლოვანი და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მასზე, რომ გააჩნდეს საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი პირობები.

წარმომადგენლის მითითებით, ვინაიდან, სამინისტროს და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხრიდან არ განხორციელდა რეაგირება მათ მიერ გაგზავნილ განცხადებებზე, სარჩელით მიმართა სასამართლოს. კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. მ-ის და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე.

კასატორების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, თ. მ-ისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მიმართ, საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე. ამავდროულად, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აქტის გამოცემა თ. მ-ის და მისი მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. დამატებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 12, 14, 16, 19, 20, 21, 23 სექტემბერს და 3, 16, 18, 21 და 22 ნოემბერს. ვინაიდან, სისტემატურად ხდებოდა მიმართვა, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია შემოთავაზებით - მოეძიებინათ 25 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და სააგენტო განახორციელებდა შეძენას, რაზეც უარი მიიღეს, ვინაიდან აღნიშნულ თანხაში არანაირი საცხოვრებელი ფართის მოძიება არ იყო შესაძლებელი გორის მუნიციპალიტეტში და მოითხოვეს, რომ წერილობითაც დაედასტურებინა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თავისი შემოთავაზება, რაზეც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბერს (IDP62200567957) წერილით ეცნობათ, რომ თ. მ-ის თანხმობა ეთქვა ქონების შეძენაზე 25 000 ლარის ღირებულების ფარგლებში. მითითებულ წერილით ასევე ეცნობათ, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღასრულა სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება 25 000 ლარის გამოყოფით.

კასატორების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა სრულფასოვნად და 25 000 ლარის გამოყოფით განსახილველ შემთხვევაში არ არის გადაჭრილი ბავშვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან, 25 000 ლარად შეუძლებელია ქ. გორში უძრავი ქონების შეძენა. იმ შემთხვევაში თუ სააგენტო შეიძენს მითითებულ თანხაში საცხოვრებელ ბინას, თანხმობას განაცხადებენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. მ-ისა და ა. ე-ეის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ისა და ა. ე-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკაშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, კასატორმა საკასაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას (საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე), კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ შევსებული ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართის №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმისა“ და მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართის №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის“ საფუძველზე, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი განიხილება კრიტერიუმებისა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით და მე-8-მე-12 პუნქტებით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული შესასყიდი საცხოვრებელი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრება: ა) 22 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 1 წევრისაგან; ბ) 25 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 2 წევრისაგან; გ) 28 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან; დ) 31 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან; ე) 34 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან; ვ) 37 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან; ზ) 40 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან; თ) ყოველ შემდგომ წევრზე – 3000 ლარი.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენენ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმების შესაბამისად. მონიტორინგის დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თ. მ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა (მოწმობის №A 135842). აღნიშნული პირი იძულებით გადაადგილებამდე ცხოვრობდა ცხინვალში. დროებით საცხოვრებელი ადგილად მითითებულია გორი, ..., №9, სადარბაზო ..., სართული ..., ბინა №.... ... წლის ...ს შეეძინა შვილი ა. ე-ე.

მოსარჩელე თ. მ-იმა 2018 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. განცხადება წარდგენილი ჰქონდა შვილთან ა. ე-ესთან ერთად.

2019 წლის 13 თებერვალს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განმარტა, რომ მას შევსებული ჰქონდა განაცხადი ბინის მიღების თაობაზე და ითხოვა მის მიერ შევსებული განაცხადი გადატანილიყო ბინის შესყიდვაზე.

2019 წლის 15 ნოემბერს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სადაც მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილი იყო განცხადება ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და ითხოვა მის შესამოწმებლად მისულიყვნენ, გორი ...ის ქუჩა, კორპუსი №4, სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №32.

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის ელექტრონული შეფასების ფორმის თანახმად, 2019 წელს მას მიენიჭა შეფასების ქულა - 1.50 ცხოვრობს ნათესავი/ახლობლის ოჯახთან ერთად. ასევე, განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს შვილი, მშობლები, ორი და, ორი ძმა და ორი დისშვილი. განმცხადებელი განცხადებას აკეთებს მარტო. განმცხადებლის მშობლებს და ორ ძმას დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მისამართზე: ქვემო-ქართლი, თეთრიწყარო ს....ს ჩასახლება. განმცხადებელი განცხადების საფუძველზე გადმოვიდა მარნეულის ბინებიდან.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა 2019 წლის 30 მაისს, მონიტორინგის დროს მოსარჩელე ცხოვრობდა გორი, ..., №9, სადარბაზო ..., სართული ..., ბინა №.... მასთან ერთად ცხოვრობენ თ. ე-ე მამამთილი, დ. ე-ე დედამთილი, ლ. ე-ე გერი. განმცხადებელს ყოველთვიური შემოსავალია აქვს 130 ლარი. როგორც მან განმარტა არ გააჩნია არანაირი საკუთრება. მშობლებს აქვს დაკანონებული ...ში ფართი, სადაც ცხოვრობენ თავად.

2020 წლის 18 თებერვალს თ. მ-იმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სადაც მიუთითა, რომ თ. მ-ი იყო დევნილი შვილთან ტ. ე-ესთან ერთად, რომელიც დაბადებულია ... წლის ...ს. მიუთითა რომ იგი იყო მარტოხელა დედა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც ისარგებლა სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 4 მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის - გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (კრიზისული ცენტრი) სერვისით. თ. მ-ის არ გააჩნია არანაირი საცხოვრებელი სახლი და არც სამსახური, რის გამოც, არ აქვს შემოსავალი და უხდება ნათესავებთან ღამის გათენება. ითხოვა მომხდარიყო თ. მ-ისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ტ. ე-ეის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის №03-2029/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №49) თ. მ-ის ეთქვა უარი იმ ეტაპზე განსახლებაზე, გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ვინაიდან ცხორობდა დედამთილი-მამამთილის სახლში.

აღნიშნული ბრძანება თ. მ-იმა გაასაჩივრა სასამართლოში.

კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 24 სექტემბრის №03-2029/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2022 წლის 16 და 18 ნოემბერს თ. მ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა წერილობით ეცნობებინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვინაიდან, შეთავაზება მიიღეს 2 სულიან ოჯახთან მიმართებაში, რომ 25 000 ლარით მოხდა დაფინანსება.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის №IDP 6 22 00567957 წერილით, მოსარჩელეთა წარმომადგენელს მ. ნ-ეს მის განცხადებაზე განმეორებით ეცნობა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, განიხილა დევნილი თ. მ-ის ოჯახის მიერ ქ. გორში, კერძოდ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის მიზნით შევსებული განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, თ. მ-ის 2 წევრიან ოჯახს თანხმობა ეთქვა 25 000 ლარად ღირებული უძრავი ქონების შესყიდვაზე. ასევე განემარტა, რომ აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს დევნილი ოჯახის მიერ მოძიებულ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნინების ფარგლებში. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) და შესაბამისად შესასყიდი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, დევნილთა ოჯახის წევრთა შემადგენლობის გათვალისწინებით.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 16 თებერვლის №IDP 7 23 00000298 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 24 ოქტომბრის სხდომის (ოქმი N77) გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ თ. მ-ის ოჯახს (თ. მ-ი და ა. ე-ე) თანხმობა ეთქვათ 25 000 ლარად ღირებული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს უშუალოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბინის შესყიდვისათვის გამოყოფილი - 25 000 ლარი, არ არის საკმარისი ბინის შესაძენად.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 10 მარტს განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და საცხოვრებელი ფართის გადაცემა მოითხოვა, თუმცა შემდგომ 2019 წლის 13 თებერვალს თ. მ-იმა კვლავ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და განმარტა, რომ მას შევსებული ჰქონდა განაცხადი ბინის მიღების თაობაზე და ითხოვა მის მიერ შევსებული განაცხადი გადატანილიყო ბინის შესყიდვაზე. სწორედ აღნიშნული განაცხადი იქნა დაკმაყოფილებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით და სწორედ ამ განაცხადის დაკმაყოფილების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და გამოიცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ თ. მ-ის ოჯახისათვის (თ. მ-ი და ა. ე-ე) 25 000 ლარად ღირებული კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე თანხმობის გაცემის შესახებ.

ამდენად, სასამართლომ (პირველი დავის ფარგლებში) და ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც პირველი ადმინისტრაციული წარმოების, ისე გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო სწორედ თ. მ-ის 2019 წლის 13 თებერვლის განცხადების ფარგლებში - საცხოვრებელი ბინი შესყიდვის შესახებ.

ამასთან, რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, თანხის ოდენობის სიმცირის (არასაკმარისობის) შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინის შესასყიდად გამოსაყოფი თანხის ოდენობა, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, რეგულირებულია და განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებს სწორედ ამ სამართლებრივი დანაწესის შესაბამისად და სწორედ მის ფარგლებში.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. მ-ისა და ა. ე-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე