საქმე №ბს-377(კ-24) 24 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ფ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 ივნისის №1000803120 გადაწყვეტილება; ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ფ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 ივნისის №1000803120 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ფ-ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააგენტოს 2022 წლის 8 ივნისის №1000803120 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კონკრეტულად - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი), „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესაბამისად.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა – იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო, გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. სწორედ, ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა წერილი, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. მიღებული 2022 წლის 8 ივნისის SSG 8 22 00096156 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელისათვის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
სააგენტომ, იხელმძღვანელა რა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამავდროულად, გაითვალისწინა რა კერძო და საჯარო ინტერესი, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №SSG 8 22 00096156 წერილი.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-7 მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა სახელწიფო უსაფრთხოებას. ასევე, განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია, მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 ივნისის №1000803120 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, ასევე მოთხოვნილია მოპასუხეს დაევალოს მ. ფ-ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე მუხლის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ. ფ-იმა 2022 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა მისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 83-86); ბ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 11 მაისის №1000803120/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მ. ფ-ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 61); გ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2022 წლის 08 ივნისის SSG 8 22 00096156 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა მ. ფ-ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა (ს.ფ. 62); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 ივნისის №1000803120 გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 27-28); ე) მ. ფ-ი სწავლოს შპს „ს...ის“, ...ის ფაკულტეტზე (ს.ფ. 25-26).
საკაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2022 წლის 08 ივნისის SSG 8 22 00096156 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები. საკასაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 16 მაისის №ბს-377(კ-24) მიმართვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასწავლო ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მეორე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაცია და სამართლიანი დაბალანსება.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, ერთმნიშვნელოვნად არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 12.10.2023წ. №21466 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
ბ. სტურუა