საქმე №127აგ-13 8 ნოემბერი, 2013 წელი დ-ი გ., 127აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით გ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 3 წლით პირობითი მსჯავრი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით გ. დ-ს განესაზღვრა 11 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის განაჩენით გ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და ამ მუხლით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით გ. დ-ს განესაზღვრა 11 წლით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2 ეპიზოდი) და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელები – გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა გ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: გ. დ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან – 1 წელი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან – 6 თვე და გ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 3 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 18 ივლისიდან; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენი და 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. დ-ი საკასაციო საჩივრით არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენს და ითხოვს კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, გ. დ-ს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა ნაწილობრივი შეკრების წესით, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. დ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განაჩენი გ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე