Facebook Twitter

ბს-1172 (კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2023წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ემ 17.01.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ნ. ნ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკის პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრის) 09.12.2022წ. N2022/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ნ. ნ-ეის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.01.2023წ. NSSA12300004540 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნ. ნ-ეისათვის 2023 წლის იანვრიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2023წ. განჩინებით ნ. ნ-ეის სარჩელი, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.06.2023წ. გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ნ-ეისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკის პენსიის) დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის ტერიტორიული ერთეულის (ჭიათურის სერვის ცენტრის) 09.12.2022წ. N2022/1 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ნ-ეის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.01.2023წ. NSSA12300004540 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ. ნ-ეს 2023 წლის იანვრიდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი-პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2023წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 22.06.2023წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრის 09.12.2022წ. №2022/1 გადაწყვეტილებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლის საფუძველზე, ნ. ნ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ იგი დასაქმებული იყო სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ში და ხელფასი უნაზღაურდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო აღნიშნული დაწესებულება არ მიეკუთვნებოდა კანონით დადგენილ საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვს, ამდენად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდებოდა სახელმწიფო გასაცემლის მიცემა. პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის დებულებაზე, რომელიც დამტკიცებულ იქნა ჭიათურის მერის 14.11.2022წ. Nბ7272223185 ბრძანებით. დებულების 1.7 მუხლის თანახმად (ზოგადი დებულებანი) მითითებულია, რომ ...ი არის ერთიანი კომპლექსი და თავის მუშაობას აწაროებს, როგორც საბიუჯეტო, ასევე სამეურნეო შემოსავლებით, ახორციელებს პედაგოგიურ სწავლებებს, ხელს უწყობს კულტურული აზროვნების განვითარებას, ატარებს მუშაობას ახალგაზრდებთან შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი ფორმების სრულყოფისათვის. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, ...ის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-შემეცნებითი (ყველა ტიპის) დაწესებულების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა (2.2 მუხლი), ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, მივიწყებული, ხალხური, ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივის შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, ქორეოგრაფიული, თეატრალური, სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა, პოლიგრაფიული, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა, კონცერტების, საღამოების, კონფერენციების, სემინარების, რიტუალების, გამოფენების, შოუ-პროგრამების მოწყობა (2.3 მუხლი), სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია (2.4 მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მითითებით საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობის გამწევ დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ი ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას, შესაბამისად, ნ. ნ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ამავე კანონის მე-4 მუხლით საჯარო საქმიანობა განმარტებულია, როგორც სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს

ფინანსთა სამინისტრო.

კასატორმა აღნიშნა, რომ ნ. ნ-ემ 01.12.2022წ. სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს. წარმოდგენილი სამუშაოს ცნობის მიხედვით ნ. ნ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ში მოლარის თანამდებობაზე. აღნიშნული ...ი, როგორც ცნობაშია მითითებული, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ჭიათურის სერვის ცენტრმა ნ. ნ-ეისათვის საპენსიო პაკეტის ადმინისტრირების საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკონსულტაციოდ მიმართა სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტს. ჭიათურის სერვის ცენტრმა იხელმძღვანელა რა იურიდიული დეპარტამენტიდან მიღებული პასუხითა და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, 09.12.2022წ. N2022/1 გადაწყვეტილებით უარი უთხრა ნ. ნ-ეს მუშაობის პერიოდში სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული დაწესებულება არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებულ 29.07.2022წ. SSA 1 22 00161880 საინსტრუქციო წერილით საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ. ნ-ეისათვის აღნიშნულ დაწესებულებაში შრომით საქმიანობის განხორციელების პერიოდში, კანონით დადგენილი პირობით, სახელმწიფო გასაცემლის მიღების შეზღუდვა. კასატორის მითითებით ჭიათურის სერვისცენტრმა წერილით მიმართა ნ. ნ-ეის დამსაქმებელ დაწესებულებას სსიპ - ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ს ამ დაწესებულების სამართლებრივი სტატუსის დაზუსტების მიზნით. აღნიშნული დაწესებულების 29.12.2022წ. N274 წერილით ჭიათურის სერვის ცენტრს ეცნობა, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის მიერ გაწეული საქმიანობა არ წარმოადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობას. აქედან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ ნ. ნ-ეის მიმართ ასაკის საფუძვლით პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

კასატორი თვლის, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ი არ წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულს, რასაც კანონი ადგენს და მიუხედავად იმ ფუნქციისა, რომელსაც შესაძლოა მოსარჩელე ახორციელებდეს, მნიშვნელოვანია დამსაქმებელი დაწესებულების სტატუსი და არა იქ დასაქმებული პირის ფუნქციური როლი. კასატორის მოსაზრებით საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებული დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-12 მუხლის თანახმად სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე და მიიღონ ზომები სოციალური სისტემის გაუმჯობესების მიზნით

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, საპენსიო ასაკს მიღწეულმა ნ. ნ-ემ (დაბ. ...წ.) პენსიის დანიშვნის მოთხოვნით 01.12.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს, რომლის 09.12.2022წ. გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ დასაბუთებით, რომ ნ. ნ-ე დასაქმებულია სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ში, რომელიც არ მიეკუთვნება კანონით დადგენილი საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვს, შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების პერიოდში კანონით დადგენილი პირობით იზღუდება სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ნ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 05.01.2023წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.3 მუხლზე, რომლის თანახმად პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ნ. ნ-ეისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება, კანონით დადგენილ საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვისადმი სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის კუთვნილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის დებულებაზე, რომლის თანახად ...ი არის ერთიანი კომპლექსი, რომელიც ახორციელებს პედაგოგიურ სწავლებებს, ხელს უწყობს კულტურული აზროვნების განვითარებას, ატარებს მუშაობას ახალგაზრდებთან შემოქმედებითი მოღვაწეობის ახალი ფორმების სრულყოფისათვის (1.7 მუხლი), ...ის მიზანია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურულ-შემეცნებითი (ყველა ტიპის) დაწესებულების საქმიანობის კოორდინირება და მეთოდური დახმარების გაწევა (2.1 მუხლი), ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა (2.2 მუხლი), ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, მივიწყებული, ხალხური, ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი კოლექტივის შექმნა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო, ქორეოგრაფიული, თეატრალური, სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების (სკოლების, სტუდიების და სხვა) შექმნა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა, პოლიგრაფიული, საგამომცემლო და საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა, კონცერტების, საღამოების, კონფერენციების, სემინარების, რიტუალების, გამოფენების, შოუ-პროგრამების მოწყობა (2.3 მუხლი), სამუზეუმო საქმიანობის ხელშეწყობა, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია (2.4 მუხლი). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ი, სადაც ნ. ნ-ე მუშაობს, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს, ამოცანებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე ეწევა საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას. ამდენად, არ არსებობდა ნ. ნ-ეისათვის პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მისი სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ში მუშაობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას, რამეთუ გადამწყვეტი მნიშვნელობა აღნიშნული ცენტრის საქმიანობის ხასიათს ენიჭება და არა ნ. ნ-ეის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსს (იხ. სუსგ 22.10.20წ. Nბს-1273(კ-19); 26.04.23წ. Nბს-97(კ-23); 20.06.23წ. Nბს-1108(კ-21)).

რაც შეეხება სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ...ის 29.12.2022წ. N274 წერილს, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის სერვის ცენტრს ეცნობა, რომ ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა არ წარმოადგენს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საჯარო საქმიანობას, აღნიშნული პირიქით ადასტურებს იმას, რომ ცენტრი საჯარო საქმიანობას არ ახორციელებს და არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ ცენტრი საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამეცნიერო და სამუზეუმო საქმიანობას ეწევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი