¹ას-958-1235-05 19 ოქტომბერი, 2005 წ., ქ.
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების ბათილად ცნობა და მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა.
შეგებებული სარჩელი: უძრავი ქონების ბალანსიდან მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 ოქტომბერს „ ......... კავშირმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის მერიისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წინააღმდეგ (მესამე პირი საქმეში წარმოადგენდა სს „უ-ა“) და მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის ¹20.30.1186 დადგენილების ბათილად ცნობა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით სს „უ-ის“ მესაკუთრედ რეგისტრაციის ბათილად ცნობა თბილისში, ........ ¹7-ში მდებარე 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2003წ. 15 აგვისტოს განცხადებით, მოსარჩელემ შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა, მან უარი განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე და სარჩელით მოითხოვა _ სს „უ-ის“ საკუთრების უფლების ბათილად ცნობა თბილისში, ....... ¹7-ში მდებარე 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მითითებული უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების ცნობა. მოპასუხედ დასახელებულ იქნა სს „უ-ა“ (ამჟამად _ შპს „ჯ-ა“).
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1976წ. 7 ივნისის განკარგულების საფუძველზე თბილისში, ..... ¹7-ში მდებარე შენობა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს უცხოური ტურიზმის მთავარი სამმართველოს ბალანსიდან გადაეცათ მათ ბალანსზე. 1991-1992 წლებში თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად განადგურდა და დაიწვა შენობის შიდა ნაწილი, რამაც შეუძლებელი გახადა მისი გამოყენება. პრაქტიკულად „ ........... სახლიდან“ გადარჩა მხოლოდ კედლები.
როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ვერ მოხერხდა შენობის რესტავრაცია. ამ პერიოდისათვის მათთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიას მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაუცია სს „ს-თვის“, ხოლო მოგვიანებით, 2001წ. სექტემბერში, მითითებული მიწის ნაკვეთი აღირიცხა სს „უ-ის“ სახელზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციას საფუძვლად დაედო თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც მიწის ნაკვეთი, სადაც „ ........ სახლი“ მდებარეობს, იჯარით, 99 წლის ვადით, გადაეცა მოპასუხეს ისე, რომ მოსარჩელისათვის არაფერი უკითხავთ. მოსარჩელე თვლის, რომ ...... ¹7-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო „ ......... სახლის“ დაზიანებული კედლები. ამდენად, ამ კანონის ამოქმედებამდე .......... კავშირს საკუთრების უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდა მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, მესაკუთრე იყო თვითონ, იგი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარა დღეისათვის მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი გახდა საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილების ბათილად ცნობისა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არ უთითებს კანონის ნორმას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მისი მესაკუთრედ ცნობა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო უძრავი ქონება ........ კავშირის ქონებას წარმოადგენს. მოპასუხის აზრით, ხანდაზმულია სარჩელი, ვინაიდან მისი უფლება შეილახა ჯერ კიდევ 1993 წელს, როდესაც სადავო ქონება გადაეცა „ს-ის“. ამასთან, მოსარჩელე არ წარმოადგენს სათანადო მხარეს, რადგან იგი სადავო ქონების მესაკუთრე არასოდეს ყოფილა.
შპს „ჯ-ამ“, რომელიც გახდა სს “უ-ის” უფლებამონაცვლე, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ...... ¹7-ში ადრე არსებული და ამჟამად განადგურებული შენობის ბალანსიდან მოხსნა იმ მოტივით, რომ ხელს უშლის მესაკუთრის მიწით სარგებლობაში. ეროვნულმა შემოქმედებითმა კავშირმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მისი უარყოფა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით „ ........... კავშირის“ სარჩელს ეთქვა უარი. შპს „ჯ-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. „ ......... კავშირს“ დაევალა ქ. თბილისში, ........ ¹7-ში ადრე არსებული დანგრეული „........ სახლი“ (ყოფილი სასტუმრო „ი-ი“) მოხსნას თავისი ბალანსიდან.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976წ. 7 ივლისის ¹603/რ განკარგულებით, სსრკ მინისტრთა საბჭოს უცხოური ტურიზმის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმების შესაბამისად, თბილისის სასტუმრო „ი-ის“ შენობა სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს უცხოური ტურიზმის მთავარი სამმართველოს ბალანსიდან გადაეცა „ ........... კავშირს“ ბალანსზე. 1991-92 წლის დეკემბერ-იანვრის ცნობილი მოვლენების დროს, ......... კავშირის ბალანსზე არსებული 600 კვ.მ დაიწვა.
მოსარჩელე „ ........... კავშირი“, წესდების 1.9 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს „ს ........ კავშირის“ უფლებამონაცვლეს. მოპასუხე სს „უ-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია სს „ს-ი“, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994წ. 24 თებერვლის ¹05-1060 დადგენილებით ....... ¹7-ში მიეცა ასაშენებელი ობიექტის დაპროექტებისა და მშენებლობის დამკვეთის სტატუსი, რის შედეგადაც ქ. თბილისის მერიასთან გააფორმა ¹815 ხელშეკრულება 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით აღებაზე. შემდგომში სს „უ-ამ“ მოითხოვა ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამაგრება და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ქტომბრის ¹20.30.1186 დადგენილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე კომპანიის მოთხოვნა და სს „უ-ას“ დაუმაგრდა ...... ¹7-ში მდებარე 4600 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ამჟამად დაზუსტდა მიწის ფართი და იგი შეადგენს 4211 კვ.მ-ს). ამ დადგენილების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე „ჯ-ის“ სახელზე.
საჯარო რეესტრში სადავო ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძვლად მითითებულია კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1998წ. 21 სექტემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა.
მოსარჩელე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე დაზიანებული შენობა მის საკუთრებას წარმოადგენდა, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1976წ. 7 ივლისის განკარგულებით გადაწყდა სასტუმრო „ი-ის“ შენობის უცხოური ტურიზმის მთავარი სამმართველოს ბალანსიდან მოსარჩელის ბალანსზე გადაცემა 1976წ. 1 ივლისის მდგომარეობით. ამ განკარგულებაში საკუთრების უფლებით გადაცემაზე მითითებული არ არის. „ი-ის“ ყოფილი შენობა განადგურებამდე და მის შემდეგაც ტექინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული იყო არა „ ......... კავშირის“, არამედ _ სასტუმრო „ი-ის“ სახელზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი სასტუმრო „ი-ი“ „........ კავშირს გადაცემული ჰქონდა არა საკუთრების, არამედ მხოლოდ სარგებლობის უფლებით.
სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად ცნო, რომ სს „უ-ას“ თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 9 ოქტომბრის ¹20.30.1186 დადგენილებით დაუმაგრდა არა „ი-ის“ ყოფილი შენობა _ „ ......... სახლი“, რომელიც მაშინ განადგურებული იყო, არამედ ...... ¹7-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998წ. 28 ოქტომბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მას მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდა გამოყოფილი, ენიჭება კერძო საკუთრების უფლება. ამავე კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განმარტებულია მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთის ცნება. ასეთი საბუთია შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა. მოპასუხეს მიწით სარგებლობის დამადასტურებელი ორივე საბუთი გააჩნია.
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, სასამართლომ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საკრებულოს 2003წ. 18 მარტის ¹9 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილება, ვინაიდან ამ დადგენილების საფუძველზე ქ.თბილისის მერიას არ აღუძრავს სარჩელი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გაუქმებისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ, რის გამოც მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით დღემდე მოპასუხის სახელზე ირიცხება.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული კანონი უძრავი ქონების გადაცემას ითვალისწინებს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო სახლი, რომელიც მოსარჩელის ბალანსზე იყო, განადგურდა, ხოლო დავის საგანი _ მიწის ნაკვეთი „ .......... კავშირისათვის“ არავის მიუმაგრებია და, შესაბამისად, მის ბალანსზე არასოდეს აღრიცხულა. დღეის მდგომარეობით ........ სახლიდან დარჩენილია მხოლოდ სარდაფის კედლებისა და საძირკვლის ფრაგმენტები, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია მიწით, ნანგრევებით და შენობა ფაქტობრივად არ არსებობს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გარდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა. სადავო მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა სს „ს-ის“ 1994წ. 24 თებერვლის დადგენილებით. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2001 წელს. იმ დროს მოქმედი სკ-ის 75-ე მუხლით ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა 1995წ. 24 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ......... საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე გ. ჯ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. სასამართლომ არასწორად განმარტა „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ“ კანონის 30 (5) მუხლი, არ უნდა გამოეყენებინა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ კანონის 3 (1) მუხლი, არასწორად განმარტა სკ-ის 172 (2) მუხლი, არ გამოიყენა სკ-ის 312-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, სკ-ის ამოქმედებამდე ის უკვე იყო სადავო შენობის მესაკუთრე, რის გამოც არ იყო აუცილებელი რაიმე დამატებითი გარიგების დადება შენობის „......... კავშირისათვის“ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე შემოქმედებითი კავშირის ბალანსზე რიცხული ქონების გადაცემა შემოქმედებითი კავშირის საკუთრებაში ხდება კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ქონება ავტომატურად არ ხდება შემოქმედებითი კავშირის საკუთრება. კანონით მკაცრად არის რეგლამენტირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემის წესი და ფორმები, ანუ, თუ შემოქმედებით კავშირს ბალანსზე ჰქონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, მას უნდა მიემართა მესაკუთრისათვის, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით მიიღებდა გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ. კასატორს არასოდეს მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის ბალანსზე აღრიცხული შენობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის ბალანსზე არსებული შენობა 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად განადგურებულია და არ არსებობს, ხოლო დავის საგანი _ მიწის ნაკვეთი .......... კავშირის ბალანსზე არასოდეს ყოფილა აღრიცხული.
არასწორია კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება „ ....... სახლის“ არარსებობის შესახებ. საოლქო სასამართლოს მიერ, ასევე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულია, რომ შენობა ფაქტობრივად არ არსებობს, დარჩენილია მხოლოდ სარდაფის კედლებისა და საძირკვლის ფრაგმენტები, რომელიც დაფარულია მიწითა და ნანგრევებით. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რაც მითითებულ გარემოებას გამორიცხავს.
დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ......... კავშირმა საკუთრების უფლება მოიპოვა კანონით დადგენილი წესით, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში სკ-ის 183(2) მუხლის შესაბამისად და სასამართლომ დაარღვია სკ-ის 312(1) მუხლით დადგენილი რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. 2004წ. 30 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთის კასატორის საკუთრებაში აღრიცხვას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი უზენაესი სასამართლოს 2004წ. 23 სექტემბრის განჩინებით. ამავე განჩინებით გაუქმდა 17 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების ღონისძიებებიც, ე.ი. გაუქმდა სადავო მიწის ნაკვეთზე კასატორის საკუთრების უფლების რეგისტრაციაც, რასაც შედეგად მოჰყვა სადავო ქონების კვლავ შპს „ჯ-ის“ საკუთრებად აღრიცხვა საჯარო რეესტრში. ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ არ ყოფილა დარღვეული სკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია შპს „ჯ-ის“ საკუთრებად, რაც სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროში „ი-ის“ ყოფილი შენობა განადგურებამდე და მის შემდეგაც აღრიცხული იყო სასტუმრო „ი-ის“ სახელზე. აღნიშნულ შენობაზე „ ......... კავშირის“ საკუთრების უფლება საქმის მასალებით არ დასტურდება. ყოფილი სასტუმრო „ი-ის“ შენობა „ .......... კავშირს“ ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული ჰქონდა არა საკუთრების, არამედ, სარგებლობის უფლებით. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეს დაუმაგრდა არა „ი-ის“ ყოფილი შენობა, რომელიც იმ დროისათვის განადგურებული იყო, არამედ მიწის ნაკვეთი. „ჯ-ის“ სახელზე საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძველი გახდა კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილება და ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მას მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდა გამოყოფილი, ენიჭება კერძო საკუთრების უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ჰქონდა მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით, კერძოდ, მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 9 ოქტომბრის ¹20.30 1186 დადგენილებით, ასევე, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის 1997წ. 9 ოქტომბრის დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი საკრებულოს მიერ, ვინაიდან აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობა თავისთავად არ იწვევს სადავო მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების უფლების ბათილობას. სადავო მიწის ნაკვეთი დღემდე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება მოპასუხის სახელზე. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილება არ ყოფილა საჯარო რეესტრში სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხეზე რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველი. რეესტრის მონაცემები კი დღემდე არავის სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, მოპასუხე როგორც სადავო ნივთის მესაკუთრე, სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, არ არსებობს ........... კავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
............. კავშირის თავმჯდომარე გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 27 მაისის გადაწყვეტილება;
უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.