Facebook Twitter

ბს-271 (კ-24) 24 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ს-ჰმა 08.02.2023წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 06.02.2023წ. N100031862300126614 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე მოსარჩელე დ. ს-ჰის არასრულწლოვანი შვილის და. ს-ჰის გამყვან პირად დარეგისტრირების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2023წ. განჩინებით საქმეში, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა და. ს-ჰი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2023წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ჰის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ს-ჰის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ჰის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.07.2023წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ს-ჰის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 06.02.2023წ. N100031862300126614 გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე დ. ს-ჰი, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობით, დარეგისტრირდება არასრულწლოვანი შვილის და. ს-ჰის გამყვან პირად. სააპელაციო პალატამ მიუთითა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე“, რომლის 8.1. მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სააპელაციო სასამართლომ „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-9, მე-19 მუხლებზე, ასევე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, 72-ე და 81-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება, ამასთან, არასრულწლოვნის მშობელთან ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას განსაკუთრებული სიფრთხილით მოითხოვს შეფასებას არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებულ და. ს-ჰის ფსიქოლოგიურ შეფასებასა და დასკვნაზე, რომლის თანახმად და.-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტაბილურია. ემოციური სფეროს საკვლევი პროექციული მეთოდებით მიღებული შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბიჭუნას ბედნიერების განცდა აქვს, რაც განპირობებულია იმ ოჯახური გარემოთი, რომელშიც ამჟამად იზრდება (მიმღებ ოჯახში). ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს თბილ და მზრუნველ გარემოში, რაც ნათლად ჩანს მისი ქცევიდან, ემოციებიდან, საუბრიდან, უყვარს ოჯახის წევრები, რომლებთან ერთადაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მიმღებ ოჯახში მშვიდი გარემოა, ბავშვის განვითარებისთვის შესაფერისი პირობებია, ამიტომ მიზანშეწონილია ამ ეტაპზე და.-ის მიმღებ ოჯახში დარჩენა. ამავე დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანის გონებრივი, ფსიქო-ემოციური, პიროვნული და სოციალური მდგომარეობის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია მშობელთან ჯანსაღი, მჭიდრო, დადებითი ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია დედის როლი და მისი აქტიური ჩართულობა შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში. არასრულწლოვანს აქვს უფლება კავშირი ჰქონდეს მშობელთან, რათა თავიდან ავიცილოთ ემოციური კონტაქტის გაწყვეტა და მიჯაჭულობის დარღვევები. აუცილებელია მოზარდსა და ბიოლოგიურ დედას შორის აღდგეს ემოციური კავშირი და ხელი შეეწყოს მის გაძლიერებას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რომელიმე მშობელთან სიახლოვის დარღვევამ და მათთან ურთიერთობის დეფიციტმა შესაძლოა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასაკის მატებასთან ერთად, დედ-მამის როლი ბიჭუნას ცხოვრებაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო გახდება, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც იკვეთება მთელი რიგი მოსალოდნელი რისკებისა, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ამ რისკების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვნის უფლებების და ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოზარდი თბილ, მეგობრულ ურთიერთ-დამოკიდებულებაში იყოს ბიოლოგიურ მშობელთან. და. ს-ჰის სურვილების გათვალისწინებისა და მისი ბიოლოგიური დედის დ.-ს მხრიდან ბავშვთან ურთიერთობის საკითხებში გაწეული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო, პირველ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული სიტუაციის და გარემოს მკვეთრი ცვლილება, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვთან ტრავმა, გაღიზიანება. თავდაპირველად პრიორიტეტულია დედასთან აღდგეს ურთიერთობა, სურვილისამებრ რათა არასრულწლოვანმა აღიქვას დედა მასზე მზრუნველ პერსონად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც ასევე ეფუძნება მასთან გასაუბრების შედეგად მოსმენილ მოსაზრებებს, ამ ეტაპზე პრიორიტეტულია დედასთან (მოსარჩელესთან) ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა, ასევე უპირველესი მიზნის მიღწევა - სამომავლო რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში. ამდენად, აუცილებელია მოზარდსა და ბიოლოგიურ დედას შორის მჭიდრო ემოციური კავშირის აღდგენის ხელშეწყობის გაძლიერება, რის შესაძლებლობასაც დ. ს-ჰის შვილის, და. ს-ჰის გამყვან პირად რეგისტრაცია უზრუნველყოფს. რაც შეეხება ბავშვის უსაფრთხოების დაცვას, მოპასუხე ვალდებულია უზრუნველყოს გამყვან პირთან ყოფნის პერიოდში ბავშვის მდგომარეობაზე მონიტორინგი და აღნიშნული უნდა განხორციელდეს ფსიქოლოგისა დ სოციალური მუშაკის მუდმივი ჩართულობით. უფრო მეტიც, ბიოლოგიური დედის - მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს იზრუნოს ქცევის შეცვლისა და ბავშვთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების დახვეწაზე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურებოდა მომავალში ბავშვისა და დედის ურთიერთობის დასტაბილურებას. და. ს-ჰსა და დ. ს-ჰს შორის ამ ეტაპზე არ არის ჩამოყალიბებული სანდო მიჯაჭვულობა. სოციალური მუშაკის დაკვირვებით დედა-შვილს შორის ჩამოყალიბებულია არაჯანსაღი ურთიერთობა, ნახვის პერიოდში და.-ი ხშირად ტირის და ეუბნება დედას, რომ წავიდეს. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, კერძოდ, დ.-ს არ აქვს განვითარებული მშობლის უნარები, ბავშვთან მიაქვს საჭმელი, რომელიც და.-ს არ მოსწონს და აძალებს ჭამას, ასევე უმიზეზოდ უზომავს სიცხეს, დედის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასაჭიროებისამებრ ბავშვისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევასაც. ამასთან, დედა-შვილს შორის არსებობს ენობრივი ბარიერიც, და.-ი საუბრობს მხოლოდ ქართულად, ხოლო დ.-ს ცუდად ესმის ქართული.

კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც სასამართლო მსჯელობს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე. სააგენტო არასრულწლოვნის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში მოხვედრის დღიდან მუშაობს ბიოლოგიურ ოჯახთან რეინტეგრაციის შესაძლებლობის გამოკვეთის მიმართულებით. სოციალური მუშაკი მუდმივ კომუნიკაციაშია დედასთან. დედის პატიმრობის პერიოდში კომუნიკაცია ხორციელდებოდა მის წარმომადგენელთან და ბავშვის ბებიასთან. რისკების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ დ. ს-ჰი არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის ემოციურ მდგომარეობას, მასთან ყოფნის პერიოდში ბავშვი მუდმივად ტირის, არის დაძაბული, არ ჭამს და მუდმივად გაღიაზიანებულია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღებულ იქნა რეკომენდაცია კონკრეტულ ეტაპზე დ. ს-ჰისათვის და. ს-ჰის გამყვან პირად რეგისტრაციის უფლების გაუქმების თაობაზე. შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ცენტრის ფსიქოლოგის რეკომენდაციით საჭიროა და.-მა თანდათან გაიაზროს, რომ ბიოლოგიური დედა დადებითი პერსონაჟია მის ცხოვრებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია დ. ს-ჰის სააგენტოსთან აქტიური თანამშორმლობა და გაწეული რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება, ასევე პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება და.-ის ამჟამინდელ მიმღებ მშობელთან. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს კასატორმა დაურთო შიდა ქართლის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის 06.02.2024წ. შეხვედრის ოქმი და ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 12.02.2024წ. დასკვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით დ. ს-ჰი არის და. ს-ჰის (დაბ.:...წ.) დედა. დაბადების მოწმობაში მშობლის გრაფაში მამის ვინაობა მითითებული არ არის. დ. ს-ჰი 13.02.2019წ. დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალად ედებოდა სკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ბრალდების თანახად, დ. ს-ჰი ბავშვს - და. ს-ჰს უქმნიდა საფრთხეს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ზამთრის ამინდში შიშველ მდგომარეობაში დაყავდა ბავშვი ქუჩაში და ცდილობდა ეძალადა ბავშვზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 16.02.2019წ. განჩინებით, დ. ს-ჰის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 14.02.2019წ. საოქმო გადაწყვეტილებით 2019 წლის 14 თებერვლიდან და. ს-ჰი განთავსდა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში თ. ჩ-ეის მიმღებ ოჯახში და ამავე თარიღიდან მიმღებ თ. ჩ-ეესთან გაფორმდა გადაუდებელი მინდობით აღზრდის ხელშეკრულება და. ს-ჰის მიმართ 90 დღის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 09.07.2019წ. განაჩენით დ. ს-ჰი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 06.03.2023წ. გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც დ. ს-ჰს გააუქმდა გამყვან პირად რეგისტრაცია შვილის - და. ს-ჰის მიმართ. მოსარჩელის დ. ს-ჰის მოთხოვნაა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და არასრულწლოვანი შვილის და. ს-ჰის გამყვან პირად დარეგისტრირების თაობაზე მოპასუხის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 29.01.2020წ. N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულებაზე“, რომლის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზანია მეურვეობის მზრუნველობის, მხარდაჭერის, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის 01.12.2021წ. N07-219/ო ბრძანებით დამტკიცებული ,,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების ტიპიური დებულების“ მე-4 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, საბჭოს ფუნქციაა სახელმწიფოს 24-საათიან ზრუნვაში მყოფი ბავშვების და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების გამყვან ან მნახველ პირად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. საქმის მასალების თანახმად მოსარჩელე დ. ს-ჰი ასევე რეგისტრირებული იყო არასრულწლოვანი შვილის მნახველ პირად. მნახველ და გამყვან პირად რეგისტრაცია მოიაზრება არასრულწლოვნის ბიოლოგიურ ოჯახთან დაახლოებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაპირობად. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის გამყვანი იყოს ბიოლოგიური ოჯახის წარმომადგენელი. მოსარჩელე არის ბიოლოგიური ოჯახის წევრი, შესაბამისად ის პასუხობს გამყვანი პირის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. გამყვანი პირის რეგისტრაციისათვის მის ოჯახში შექმნილი უნდა იყოს არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემო, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელის დარეგისტრირება მისი არასრულწლოვანი შვილის და. ს-ჰის გამყვან პირად სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. აღნიშნული პირების ჩართულობა მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ოჯახისა და ბავშვს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ამასთანავე, გაყვანის დროს ბავშვზე ზრუნვა უნდა განახორციელოს თავად მშობელმა და არა დამხმარე პირმა. ის გარემოება, რომ მოზარდი უკვე იღებს ალტერნატიული ზრუნვის ფორმის მომსახურებას არ გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან დაახლოების, ბავშვზე თავად მშობლის ზრუნვის, მშობელსა და შვილს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბების, მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირის აღდგენის საჭიროებას, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ბავშვისა და მშობლის მიერ დროის ერთად გატარებით ურთიერთსიამოვნება წარმოადგენს ოჯახური თანაცხოვრების ძირეულ ელემენტს და დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხ. მონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ (Monory v. Romania and Hungary), № 71099/01, § 70, 05.04.2005წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნება და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება. ეროვნული სასამართლო ვალდებულია ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა (იხ. სუსგ Nას-1076-2022, 23.12.2022წ; Nას-1139-2021, 29.09.2022წ; Nას-716-2021, 23.06.2022წ.).

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინდობით აღზრდასთან შედარებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა არის ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმა. ბავშვის სამომავლო რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში არის უმთავრესი მიზანი. რეინტეგრაციის შესაძლებლობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის, მისი ბიოლოგიური ოჯახის, შესაძლო მეურვის/მზრუნველის შეფასებისა და დადებითი დასკვნის საფუძველზე (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.03.2014წ. N01-20/ნ ბრძანებით დამტკიცებული „რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესის და პირობების" 4.3 მუხ.). ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვზე ზრუნვა განახორციელოს თავად მშობელმა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდა-განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პრიორიტეტულია ამ ეტაპზე დედასთან (მოსარჩელესთან) ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობა. ის გარემოება, რომ დედასთან დაკავშირებული რისკების, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ჯერჯერობით თბილისის საქალაქო ცენტრი ვერ იღებს ბავშვის რეინტეგრაციის გადაწყვეტილებას, არ გამორიცხავს გამყვან პირად მოსარჩელის რეგისტრაციის შესაძლებლობას. მოზარდის და ბიოლოგიურ დედას შორის მჭიდრო ემოციური კავშირის ხელშეწყობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს მოსარჩელის გამყვან პირად რეგისტრაცია. რომელიმე მშობელთან სიახლოვის დარღვევამ და მათთან ურთიერთობის დეფიციტმა, ფსიქოლოგის 20.04.23წ. N100031852300414064 დასკვნის თანახმად, მომავალში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ასაკის მატებასთან ერთად დედ-მამის როლი ბიჭუნას ცხოვრებაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო გახდება, რომლის არარსებობის შემთხვევაში იკვეთება მთელი რიგი მოსალოდნელი რისკებისა, რომლებიც შესაძლოა სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ამდენად, ემოციური კავშირის გაწყვეტის თავიდან აცილებისათვის, მიჯაჭვულობის გაძლიერებისათვის საჭიროა მოზარდსა და ბიოლოგიურ დედას შორის ურთიერთობის თანდათანობით ინტენსიობის ზრდა. მოცემულ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული სიტუაციის და გარემოს მკვეთრი ცვლილება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი გაყვანის პერიოდულობა, სიხშირე, კომუნიკაციის ხანგრძლივობა, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, კასატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამყვან პირთან ბავშვის ყოფნის პერიოდში ბავშვის მდგომარეობაზე მონიტორინგი, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა განხორციელდეს ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მუდმივი ჩართულობით. ბავშვის მშობელი ვალდებულია ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკთან, გაყვანის ვადაში სოციალურ მუშაკს აქვს მონიტორინგის, ოჯახში ვიდეოთვალის ჩართვის, მშობლის მიერ მოვალეობის შესრულების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციის მიცემის, დასკვნის რეგიონალური საბჭოსათვის წარდგენის, ბავშვისათვის საფრთხის შემჩნევის შემთხვევაში სათანადო და დროული რეაგირების უფლებამოსილება („სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხ.). ბავშვზე ზრუნვის და საზიანო გარემოს პირობების დადგენის შემთხვევაში შესაძლოა უფლებამოსილი ორგანოს წინაზე დაისვას გამყვან პირად რეგისტრაციის გაუქმების საკითხი. დედა-შვილს შორის ურთიერთობის გაუარესების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იქნება კვლავ გააუქმოს მოსარჩელის გამყვან პირად რეგისტრაცია. მშობელთა უპირველესი მოვალეობა - ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ Nას-458-440-2016, 15.07.2016წ.).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.12.17წ. N01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მინდობით აღზრდის წესის“ 9.5 მუხლის თანახმად მინდობით აღსაზრდელს, მისი ასაკის, ჯანმრთელობისა და განვითარების დონის გათვალისწინებით უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს ბიოლოგიურ ოჯახის წევრთან/წევრებთან, ნათესავთან/ნათესავებთან, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობაში შეინიშნება დადებითი დანამიკა, რაც თავად კასატორის მიერ წარმოდგენილ ფსიქოლოგის ოქმითაც დასტურდება (დედასთან ვაკის პარკში გასეირნება, გართობა, დედამ უყიდა სათამაშოები, სვიტრი, ბავშვს გაუხარდა ბებიასთან შეხვედრა, ბავშვი ადასტურებს იმას, რომ დედასთან შეხვედრისას ისე ძალიან აღარ ტირის, დედა დათქმულ დროს ტელეფონით საუბრობს ბავშვთან, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა ბავშვის ნეგატიური რეაქციის გამო). ფსიქოლოგის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად მშობელს და შვილს შორის ურთიერთობის პროგრესს მიმღები მშობელიც ადასტურებს (ს.ფ. 459). ბავშვს და მშობელს შორის ურთიერთობაში სირთულეს ქმნის ენობრივი ბარიერი (ბავშვი საუბრობს მხოლოდ ქართულად, ხოლო დედას ცუდად ესმის ქართული, საუბრობს სპარსულად და ინგლისურად), რომელიც დაძლევას ექვემდებარება (დედა ჩაირიცხა ქართული ენის შემსწავლელ კურსებზე). მოსარჩელის მხრიდან ჰიპერმზრუნველობის გამოვლენის მომენტები (ჭამის, თბილად ჩაცმის დაძალება, მიმღები პირისათვის ახსნა-განმარტებების მოთხოვნა, შფოთვა, გადაჭარბებული ღელვა, სიცხის უმიზეზოდ გაზომვა და სხვ) გამოწვეულია ბავშვზე მზრუნველობით.

ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება ("ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის 70-ე მუხლით, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.12.17წ. N01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მინდობით აღზრდის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის საფუძვლები (მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა (შეეზღუდათ), შეუჩერდა (შეუჩერდათ) ან ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) მშობლის უფლებები), მოცემულ შემთხვევაში მინდობით აღზრდაში არასრულწლოვნის გადაცემა განხორციელდა არა ზემოაღნიშნული რომელიმე საფუძვლით, არამედ იგი განთავსდა გადაუდებელ მინდობით აღზრდაში. გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემა ხდება არაუმეტეს 90 დღის ვადით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.12.17წ. N01-72/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მინდობითი აღზრდის წესის“ მე-8 მუხ. მე-7 პ.). ამასთან, და. ს-ჰის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემა განხორციელდა დ. ს-ჰის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კანონიერ ძალაში მყოფი სასამართლოს განაჩენით დ. ს-ჰი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, მოცემული განაჩენით არ დადასტურდა იმ გარემოებების არსებობა, რაც თავის დროზე გადაუდებელ მინდობით აღზრდაში გადაცემის საფუძველი გახდა, ამასთან, უკანონო ბრალდების გამო, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დ. ს-ჰის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით (იხ. სუსგ 01.02.2024წ. Nბს-684 (კ-23)).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი