№ბს-167(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ს-ი; მესამე პირი (სასკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 12 თებერვალს ქ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შედეგად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი თანხის, ზიანის - 8 048 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი თანხის, ზიანის ანაზღაურება 2014 წლის 23 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 სექტემბრამდე - 8 048 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად ქ. ს-იმა 2014 წლის 23 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 ნოემბრის №2291463 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ნამსახურობის წელთა დაანგარიშების დავალება სწავლის პერიოდის ჩათვლით და მძიმე პირობებში მუშაობის წლების შეღავათიანი გაანგარიშებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის N3/4995-14 გადაწყვეტილებით, ქ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის №3ბ/1015-16 გადაწყვეტილებით, ქ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2014 წლის 13 ნოემბრის №2291463 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და საქმისათვის სხვა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/1015-16) აღსრულების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს შედგა ქ. ს-ის კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიში. ანგარიშში ჩაითვალა ქ. ს-ის 1979 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 30 ივნისამდე, თბილისის ...ში სწავლისა (4 წელი, 09 თვე, 29 დღე) და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე (2 წელი, 25 დღე) სასჯელაღსრულების მთავარი სამმართველოს №5 იზოლატორის ...ად მუშაობის პერიოდები. წელთა ნამსახურობის ანგარიშის თანახმად, ქ. ს-ის ნამსახურობა შეადგენდა 17 წელს, 0 თვეს და 11 დღეს; შეღავათიანი 02 წელი, 0 თვე და 25 დღე; სწავლა 04 წელი, 09 თვე და 29 დღე; სულ წელთა ნამსახურობა შეადგენდა 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 29 ივნისს MIA 4 17 01550343 წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია (წელთა ნამსახურობის ანგარიში, შს მინისტრის 2005 წლის 27 იანვრის №7 პ/შ ბრძანების ამონაწერი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება) შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ქეთევან უშანგის ასული სულიკაშვილისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.
2017 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ MIA 2 17 01918479 წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისი-დიდგორის სერვის ცენტრს და დამატებით წარუდგინა ქ. ს-ის წელთა ნამსახურობის ანგარიში, რომლის თანახმად, ქ. ს-ის წელთა ნამსახურობა შეადგენდა 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს.
2017 წლის 11 აგვისტოს ქ. ს-იმა №65909 განცხადებით მიმართა ძველი თბილისის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს №65909-2017-1 გადაწყვეტილებით, ქ. ს-ის მოთხოვნა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ქ. ს-ის შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის კალენდარული წლები შეადგენდა 17 წელს, 00 თვესა და 11 დღეს, ხოლო შეღავათიანი გამოანგარიშებითა და სწავლის წლების გათვალისწინებით - 23 წელს, 11 თვეს და 5 დღეს. მოცემულ შემთხვევაში ქ. ს-ის კალენდარული ნამსახურობის წლები არ შეადგენდა 20 წელს, შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული აქტი ქ. ს-იმა გაასაჩივრა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის №3/7320-17 გადაწყვეტილებით, ქ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 აგვისტოს №65909-2017-1 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის №04/61484 გადაწყვეტილებები და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი წელთა ნამსახურობის შესაბამისად (23 წელი, 11 თვე და 05 დღე) მოსარჩელისათვის კომპენსაციის დანიშვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, თუმცა ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 თებერვლის №3/7320-17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ 2020 წლის 9 იანვარს გამოსცა №04-10/ო ბრძანება, რომლითაც ქ. ს-ის აუნაზღაურეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია.
2022 წლის 15 ივნისს, ქ. ს-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა 2014 წლის 23 დეკემბრიდან, 2017 წლის პირველ სექტემბრამდე მიუღებელი კომპენსაციის შესახებ ინფორმაციის გაცემა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №SSA 1 22 00037121 წერილით ქ. ს-ის ეცნობა, რომ სახელმწიფო გასაცემლების ერთიანი სააღრიცხვო ბაზისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, მას სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრში - 2017 წლის 1 სექტემბრიდან. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება ხორციელდება სამხედრო, ან სპეციალური წოდების კოეფიციენტის, ნამსახურობის წლების, სახელმწიფო პენსიის ოდენობის და ბენეფიციარის ასაკის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, მისთვის გასაცემი თანხის ოდენობა, სახელმწიფო პენსიის ოდენობის მატების გათვალისწინებით: 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე თვეში იქნებოდა (150 (სახელმწიფო პენსიის ოდენობა)+23 (ნამსახურობის სტაჟი) * 5 (წოდების კოეფიციენტი)* 80%) 212 ლარი. ჯამში (212 ლარი * 12) – 2 544 ლარი; 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 ივლისამდე კომპენსაციის ოდენობა თვეში (160 (სახელმწიფო პენსიის ოდენობა) + 23 (ნამსახურობის სტაჟი) * 5 (წოდების კოეფიციენტი) * 80%) –220 ლარი. ჯამში (220 ლარი * 10) – 2 200 ლარი; 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე - კომპენსაციის ოდენობა თვეში – (180 (სახელმწიფო პენსიის ოდენობა) + 23 (ნამსახურობის სტაჟი) * 5 (წოდების კოეფიციენტი) * 80%) –236 ლარი. ჯამში (236 ლარი * 14) – 3 304 ლარი; 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელ კომპენსაცია ჯამში შეადგენდა - 8 048 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება 2014 წლის 1 სექტემბრიდან - 2017 წლის 1 სექტემბრამდე ქ. ს-ის მიერ მისაღები კომპენსაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ზიანის სახით ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რამდენადაც იმ აქტის კანონშეუსაბამობა, რომელის გათვალისწინებითაც 2014 წლიდან არ იქნა დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია, დადგენილია სასამართლოს მიერ და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, აღნიშნული უფლებას აძლევდა ქ. ს-ის, მოეთხოვა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა კანონსაწინააღმდეგო აქტის გამოცემით, რაც 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე შეადგენდა - 8 048 ლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა" პუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი". ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად "წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვილი ან გადადგა სამსახურიდან".
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მოსამსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირი. ამასთან, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაეთვალა ქ. ს-ისათვის 1979-1984 წლებში სწავლის პერიოდი და 1996 წლის 7 მაისიდან 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდი ჩათვლოდა შეღავათიან პერიოდად 1 დღე 1.5 დღედ.
კასატორის მითითებით, რადგანაც მოცემულ საქმეზე არ არსებობდა ზემოაღნიშნული კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული პერიოდი ჩაეთვალა საერთო ნამსახურობის სტაჟში. შესაბამისად, მხოლოდ სასამართლო იყო უფლებამოსილი ჩაეთვალა სადავო პერიოდი წელთა ნამსახურობაში, რაც გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას მიუღებელი კომპენსაციის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქ. ს-ის სასარგებლოდ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი თანხის, ზიანის - 8 048 ლარის ოდენობით ანაზღაურების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებელობის წესს არეგულირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული დებულებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს მართლსაწინააღმდგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლების არ არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის №3ბ/1015-16 გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი იმ აქტის კანონშეუსაბამობა, რომლითაც ქ. ს-ის უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნაზე 2014 წლიდან. შესაბამისად, სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქ. ს-ისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №SSA 1 22 00037121 წერილის თანახმად, 2014 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 01 სექტემბრამდე შეადგენდა - 8 048 ლარს. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. ს-ის კომპენსაციის თანხის ნაწილი (2017 წლის 1 სექტემბრიდან კომპენსაციის დანიშვნამდე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აუნაზღაურდა 2020 წლის 9 იანვარს (სწორედ ამ პერიოდში გახდა მისთვის ცნობილი ანაზღაურებული კომპენსაციის თანხის ოდენობის შესახებ), ხოლო ქ. ს-იმა სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრამდე მიუღებელი კომპენსაციის, როგორც ზიანის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით 2020 წლის 12 თებერვალს მიმართა, რაც ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გათვალისწინებით, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე