ბს-565(კ-23) 24 ივნისი, 2024წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2023წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ღ-ამ 10.03.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20.01.2022წ. №2 საოქმო გადაწყვეტილების და 04.02.2022წ. №92 განაკარგულების ბათილად ცნობა, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.05.2022წ. გადაწყვეტილებით, კ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 04.02.2022წ. №92 განკარგულება მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ... ქუჩა, №... სახლის მიმდებარედ 193 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2023წ. განჩინებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არის დროებითი შენობა. აპელანტს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.03.2021წ. დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის სხდომაზე დაკითხული იქნა დასკვნის შემდგენელი ექსპერტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არ არის დროებითი ნაგებობა, აღნიშნული ობიექტი არის მიწასთან მყარად დაკავშირებული, კედლებით შემოსაზღვრული და გადახურული შენობა, რომელიც ქმნის ერთიან სივრცეს და სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილი შენობის მახასიათებლებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ. ღ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და გასაჩივრებული აქტით მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2023წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიამ სადავო 04.02.2022წ. განკარგულება მიიღო კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.12.2019წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. საკუთრების უფლებით აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო შენობა და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისთვის ამ მიწის ნაკვეთზე მითითებული შენობა ისევ არის განთავსებული (მე-2 მუხ. „გ“ ქვ.პ.). თვითნებურად დაკავებული ნაკვეთის კატეგორია არ ენიჭება და საკუთრების უფლებით აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დროებითი ნაგებობა ან/და მსუბუქი კონსტრუქცია (მათ შორის ხის კონსტრუქცია), რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. განსახილველ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა, რომ არ დასტურდება კ. ღ-ას მიერ მიწის ნაკვეთის თვინებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიამ დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ აზომვით ნახაზზე ასახული შენობა არ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს. გარდა ამისა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს კ. ღ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. სადავო ნაკვეთზე მდებარე ნაგებობის ამსახველი ფოტო-სურათებით, ადგილზე დათვალიარების ოქმით, ასევე თავად მხარის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სადავო ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ხის) ნაგებობა. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნას, აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში უკეთუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. რომელიმე დასახელებული წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს კონკრეტული საფუძვლით მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთის დაუფლების და მასზე საცხოვრებელი სახლის - საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობის ან არასაცხოვრებელი შენობის არსებობა. კანონის მიზნებისათვის „შენობა“ განიმარტება, როგორც სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონტრუქციებით (მათ შორის ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა (მე-2 მუხ. „ვ“ ქვ.პ.), ამასთანავე, ნორმა არ აკონკრეტებს შემომზღუდავი კონსტრუქციებისა და კედლების მასალებს, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს შენობის ხის კონსტრუქციით შემოსაზღვრას. სადავო აქტის თანახმად, კ. ღ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი მის მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებული შენობის სტატუსი გახდა, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას შენობის სტატუსის დადგენის მიზნით წარდგენილი დოკუმენტები არ იქნა მართებულად შეფასებული. აღსანიშნავია, რომ კ. ღ-ას ერთხელ უკვე ეთქვა უარი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის 30.04.2019წ. განკარგულებით იმაზე მითითებით, რომ არ დადასტურდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის თვითნებურად დაკავებით ფაქტი, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი შენობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.12.2019წ. გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, აღნიშნული განკარგულება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა. სასამართლომ მიუთითა, რომ ნაგებობის დროებით ნაგებობად მიჩნევისთვის არ არის საკმარისი ფოტო-სურათებსა და მხარის ახსნა-განმარტებაზე მითითება, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის სახეობის თაობაზე დასკვნის გამოტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ ნაგებობის, მისი შემომსაზღვრელი კედლებისა და საძირკვლის დეტალური კვლევისა და შეფასების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე მსგავსი სახის უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში კომისიას არ ჰქონდა საფუძველი მტკიცებულებად არ მიეღო მოწმეების განცხადება კ. ღ-ას მიერ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აშენების თაობაზე. ზემოთ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ კ. ღ-ამ აღიარების კომისიას დამატებით წარუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.03.2021წ. დასკვნა. აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ კ. ღ-ას მიერ მოთხოვნილ ნაკვეთზე არსებული შენობა ფიქსირდება საჯარო რეესტრში დაცულ 2005 წლის ორთოფოტოზე, შესაბამისად, აღნიშნული შენობა 2005 წლამდე ან მიმდინარე პერიოდისთვის არის აგებული (2007 წლამდე არის აშენებული), ამასთან, ხსენებული შენობას არსებული მდგომარეობით გააჩნია მიწასთან მყარად დაკავშირებული (მიწაში ჩაღრმავებული) ბეტონის საძირკველი. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით კომისიამ გასაჩივრებული განკარგულებით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ დადასტურდა მიწის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით შენობისთვის გათვალისწინებულ მახასიათებლებს, ამასთან, აღნიშნული ნაკვეთი არ წარმოადგენს კ. ღ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას. ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ სასამართლო აქტი იძენს უდავო, უცილობელ ხასიათს. სსკ-ის 266-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. განსახილველ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.12.2019წ. გადაწყვეტილებით კომისიას მიეთითა შენობის სახეობის დასადგენად ფოტო-სურათებისა და მხარის ახსნა-განმარტების არასაკმარისობაზე, შესაბამისად, სადავო ნაკვეთზე განთავსებული შენობის დროებით შენობად მიჩნევისთვის კასატორის მითითება აღნიშნულ დოკუმენტებზე უსაფუძვლოა. რაც შეეხება ადგილზე დათვალიერების ოქმს, საქმის მასალებში დაცული 12.01.2021წ. კომისიის ადგილზე დათვალიერების ოქმით (ს.ფ. 156), ტერიტორიაზე განთავსებულია 20-25კვ.მ. ხისა და რკინის კონსტრუქციის შენობა, ღობე შემოვლებულია მავთულბადით, იატაკი ბეტონისაა და აქვს ლენტური საძირკველი (ბეტონის). ამდენად, შენობის დროებითი სტატუსის დასადასტურებლად კასატორის მითითება ადგილზე დათვალიერების ოქმზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი საპირისპირო გარემოებაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შენობის სახეობის შესახებ დასკვნა უნდა ემყარებოდეს სრულყოფილ სპეციალურ გამოკვლევასა და შეფასებას. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელემ შენობის სტატუსთან დაკავშირებით დამატებით წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად ამისა, კომისიას სადავო განკარგულებით აღნიშნული დოკუმენტისთვის შეფასება საერთოდ არ მიუცია. ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით ასევე წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექპსერტიზის დასკვნის შემდგენელი ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა დასკვნაში ასახული გარემოებები. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 4.1 მუხლის თანახმად, აღიარების კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს სზაკ-ის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ამასთანავე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, უკეთუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (სზაკ-ის 107.2 მუხ.). სზაკ-ის 53.5 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხ.). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორმა გასაჩივრებული განკარგულების მიღებისას არ გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მითითებები, ასევე შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული წარმოებისას დამატებით წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება შენობის 2007 წლამდე აშენების ფაქტი და ბეტონის საძირკვლით შენობის მიწასთან მყარი დაკავშირება. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ კ. ღ-ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. კომისია ვალდებული იყო განცხადებაში დასმული საკითხი შეესწავლა სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოეკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიეღო სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში გასაჩივრებული განკარგულება აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნაკვეთი არ მდებარეობს კ. ღ-ას საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება განმცხადებელს არ მოუთხოვია როგორც მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2023წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი