Facebook Twitter

ბს-1307 (კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ყ. ც-ემ 24.05.2022წ. სარჩელით, ხოლო 13.06.2023წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის) 18.02.2022წ. N04-00-გ/3699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.04.2022წ. N04/4417 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის სახელმიწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2022წ. გადაწყვეტილებით ყ. ც-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ყ. ც-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილებით ყ. ც-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2022წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ყ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 18.02.2022წ. N04-00-გ/3699 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 29.04.2022წ. N04/4417 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ყ. ც-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით ყ. ც-ეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინვალიდობის ჯგუფის დადგენის განყოფილების 11.05.1994წ. ცნობის საფუძველზე, რომლის მიხედვით პირველადი შემოწმების შედეგად ყ. ც-ეს მიენიჭა ... უვადოდ. ინვალიდობის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობა. ყ. ც-ემ 26.01.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს (გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრს) სოციალური პაკეტის შეწყვეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი მისი შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის დამდგენი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, რომელიც გაცემული იქნებოდა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყ. ც-ეის სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილებით, რომლის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა იმავე წესით არის გათვალისწინებული, კერძოდ პირს ასეთი სტატუსი მინიჭებული უნდა ჰქონდეს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ კანონის შესაბამისად. თავის მხრივ, მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება განმარტებულია, როგორც სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული დაავადებებისთვის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტებისთვის ახორციელებს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას. სააპელაციო პალატის მითითებით ყ. ც-ეისთვის ადმინისტრაციულ ორგანოს დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინვალიდობის ჯგუფის დადგენის განყოფილების 11.05.1994წ. ცნობის საფუძველზე, აღნიშნული სოციალური პაკეტი მოპასუხეს არ შეუწყვიტავს, ამასთან გადამოწმებას არ დაუქვემდებარებია მისთვის შშმ პირის სტატუსის დადგენის ფაქტი. შესაბამისად, ამგვარ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის გამოიყენოს მასთან დაცული საჭირო დოკუმენტები, მათ შორის, ის ცნობა, რომლითაც ყ. ც-ეს მინიჭებული ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი უვადოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ყ. ც-ემ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით 26.01.2022წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს. კასატორის მითითებით ყ. ც-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი. ყ. ც-ემ სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრში დამატებით წარადგინა ბრძანება ...ის წოდების მინიჭების შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ ყ. ც-ეისათვის კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი. აღნიშნულის ნაცვლად ყ. ც-ემ წარმოადგინა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 11.05.1994წ. გაცემული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც არ იძლევა საქმეზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. 46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესისა და პირობების" მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა.ა" ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილმა პირმა, გარდა შესაბამისი უწყების წარდგინებისა და სხვა დოკუმენტებისა (წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ), სააგეტოში უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

კასატორის მითითებით ყ. ც-ეს დღეის მდგომარეობით დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, რომლის ადმინისტრირება ხორციელდება "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. N279 დადგენილებით დამტკიცებული "სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების" შესაბამისად. ყ. ც-ეის სოციალური პაკეტის საქმეში განთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის მიერ 1994წ. გაცემული შემოწმების აქტის ამონაწერი, რაც ვერ გახდება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით ყ. ც-ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. საქართველოს რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინვალიდობის ჯგუფის დადგენის განყოფილების მიერ, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის შემოწმების აქტის საფუძველზე, ყ. ც-ეს 11.05.1994წ. მიენიჭა ... უვადოდ და გაიცა შესაბამისი ცნობა. ინვალიდობის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში მიღებული ჭრილობა. აღნიშნული ცნობის საფუძველზე ყ. ც-ეს დაენიშნა სოციალური პაკეტი. ყ. ც-ემ 26.01.2022წ. განცხადებით მიმართა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს, დამატებით წარადგინა ბრძანება ...ის წოდების მინიჭების შესახებ და სოციალური პაკეტის ნაცვლად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 18.02.2022წ. გადაწყვეტილებით ყ. ც-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან. ამასთან, აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-15 მუხლის თანახმად ამ წესით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანისვნისთვის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილმა პირმა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ ყ. ც-ეს სოციალური პაკეტი დანიშნული აქვს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინვალიდობის ჯგუფის დადგენის განყოფილების 11.05.1994წ. ცნობის საფუძველზე, ხოლო სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა ხორციელდება "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. N279 დადგენილებით, რომელიც ადგენს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი პირს მინიჭებული უნდა ჰქონდეს "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" კანონის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ყ. ც-ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ და აღნიშნული საფუძვლის გათვალისწინებით არის სოციალური პაკეტის მიმღები ბენეფიციარი, ამასთან, როდესაც კანონმდებლობა როგორც სოციალური პაკეტის, ისე სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის ერთნაირ წესს ითვალისწინებს, დაუსაბუთებელია სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ახალი მტკიცებულების მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები ("სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" 19.3 მუხ.).

ამასთან, "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" კანონის მე-15.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ყ. ც-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება, ამასთან, გადამოწმებას არ დაქვემდებარებია მისთვის შშმ პირის სტატუსის დადგენის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი