Facebook Twitter

საქმე №136აგ-13 1 ნოემბერი, 2013 წელი დ-ი ლ., 136აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 6-6 თვით პირობითი მსჯავრი. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ლ. დ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 29 ივნისიდან.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ლ. დ-ი გათავისუფლდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე – 9 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

2013 წლის 14 მაისს მსჯავრდებულმა ლ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. დ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 1 აგვისტოს განაჩენი და 2013 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ლ. დ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენის გაუქმებას, ახალი განაჩენის დადგენას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

2013 წლის 1 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ლ. დ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ლ. დ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე