საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-392(2კ-23) 14 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), ს. ო-ნ, გ. ზ-ნ (მესამე პირები)
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ. ხ-ნ
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-ნმა 2020 წლის 23 მარტს სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმისა და 2019 წლის 12 ნოემბრის №5904/13 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება. ნ. ხ-ნმა დააპირა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი რეგისტრირებული ჰქონდა მეზობელს - ს. ო-ნს. მასალების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციის საფუძველი გახდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკანონოდ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ო-ნი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ზ-ნი.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ მისი დაკვეთით შესრულებული ნაკვეთის დაკვალვის აქტი და სპეციალისტის ცნობა, თუმცა აღნიშნულით არ დგინდებოდა მოსარჩელის უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, არამედ დგინდებოდა მხოლოდ ზედდება უკვე არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებთან. სასამართლომ განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო დამკვეთი, ანუ მფლობელზე/მესაკუთრეზე იყო დამოკიდებული საზღვრების მითითება და სწორედ დათვალიერებით დგინდებოდა საზღვრების კონფიგურაციის და ფართის ოდენობის იდენტურობა. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად მოსარჩელის მიერ მითითებულ წარმოების ჩატარების ფორმალური ხარვეზებისა, გასაჩივრებული ოქმით რეალურად არსებითად გამოკვლეული იყო წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობა, კერძოდ ურთიერთშესაბამისი იყო ადგილმდებარეობა, ნაკვეთის ფართი და საზღვრები (კონფიგურაცია). ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ ნ. ხ-ნს ხელი ჰქონდა მოწერილი სადავო ოქმზე, შესაბამისად სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ხ-ნის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის N... ოქმი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის N5904/13 წერილი; ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივად და სრულყოფილად გამოკვლევა/შესწავლის შედეგად კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ოქმში მითითებული იყო ინფორმაცია მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ და ერთ-ერთ ასეთ მესაკუთრედ აღნიშნული იყო ნ. ხ-ნი, მათ შორის როგორც დათვალიერების მონაწილე პირი. დათვალიერების მონაწილე პირების მოსაზრებებში/შენიშვნებში კი მიეთითა, რომ „....შ. ხ-ი ამბობს, რომ ვინაიდან სახლთან ჩვენ გვაქვს პრობლემა, მე არ ვაწერ ხელს, მაგრამ აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთთან პრობლემა არ მაქვს. დანარჩენი ამბობენ, რომ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ს. ო-ნის ოჯახს“. აღნიშნული ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, მაგრამ ამ ოქმს ნ. ხ-ნი ხელს აწერს არაქართულ ენაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, თითქოს არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული მოსარჩელის მითითება, რომ მან არ იცის ქართული ენა, ამიტომ შეცდომით მოაწერა ხელი სადავო ოქმს, ასევე, მას არ აჩვენეს საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მიუთითა წარმოების ჩატარების ხარვეზების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების სრული დაცვით, არ გამოარკვია და სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე სადავო ოქმის ქართულ ენაზე შედგენამ ხომ არ მოახდინა გავლენა ნ. ხ-ნის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე, კერძოდ, იყო თუ არა ნ. ხ-ნისთვის ნათლად და კონკრეტულად განმარტებული, თუ რა მიზნით მოხდა სადავო ოქმის შედგენა, ასევე ნ. ხ-ნის მიერ მოხდა თუ არა მიწის მიღება-ჩაბარების №77 აქტის გაცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ, ს. ო-ნმა და გ. ზ-ნმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მერია აღნიშნავს, რომ სადავო ოქმის ქართულ ენაზე შედგენა გავლენას ვერ მოახდენდა ნ. ხ-ნის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე, ვინაიდან ნ. ხ-ნისათვის ოქმის შინაარსი ნათლად და კონკრეტულად განმარტებული რომ არ ყოფილიყო, ის ოქმს ხელს არ მოაწერდა, მოითხოვდა თარჯიმნის მონაწილეობას და მისი შესაბამისი ახსნა-განმარტებაც ოქმის შემდგენის მიერ მითითებული იქნებოდა ოქმში, როგორც ეს მოხდა ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირის - შ. ხ-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირებს განემარტათ რა მიზნით მოხდა ოქმის შედგენა და გააცნეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისად გამორიცხული იყო, რომ ნ. ხ-ნისათვის ნათლად და კონკრეტულად არ განემარტათ თუ რა მიზნით მოხდა სადავო ოქმის შედგენა და არ გაეცნოთ მიწის მიღება-ჩაბარების №77 აქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოქმს ხელს არ მოაწერდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით შეჩერებული აქვს მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დადასტურების უფლებამოსილება. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მიწის ნაკვეთების იდენტურობას ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აქედან გამომდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია არ არის უფლებამოსილი მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორები - ს. ო-ნი და გ. ზ-ნი, აღნიშნავენ, რომ მხარეს სარჩელზე არ დაურთავს მტკიცებულება, თუ რომელი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ითხოვდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასა და ამონაწერის გაცემას. ამასთან, სააპელაციო პალატას არ მიუთითებია ნ. ხ-ნის მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას რომელი უფლების დამდგენი დოკუმენტით უნდა იხელმძღვანელოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ და რა ცნობები უნდა შეაგროვოს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ნ. ხ-ნმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ტექ. პასპორტის ასლი და მოითხოვა 2500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 03 ივნისს გამოტანილი №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რაც ნ. ხ-ნს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია. მან ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა 2023 წლის 23 მარტს, რაც გასაჩივრების ვადის დარღვევაზე მიუთითებს.
კასატორების მითითებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილი იქნა კანონის სრული დაცვით და მოსარჩელე ნ. ხ-ნისათვის ოქმის შინაარსი რომ არ ყოფილიყო ცნობილი, იგი ოქმს ხელს არ მოაწერდა და ხელის არმოწერის შემთხვევაში, შ. ხ-ის მსგავსად, დააფიქსირებდა შენიშვნას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, ს. ო-ნის და გ. ზ-ნის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, ს. ო-ნის და გ. ზ-ნის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითად სადავო საკითხს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 12 ნოემბრის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 04 ოქტომბერს №... წერილით მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, გაუგზავნა დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით - მიღება-ჩაბარების №77 აქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა 1997 წლის 10 ივლისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №77 აქტი, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი 2583 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ, 2019 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედგა დათვალიერების №... ოქმი, რომლითაც დადგინდა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №77 აქტში მითითებული 2583 კვ.მ მიწის ნაკვეთი აზომვით ნახაზზე ასახული ნაკვეთის იდენტური იყო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებდა ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება იყო სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა სხვა ასპექტების შეფასება უნდა მოხდეს, მათ შორის უნდა შემოწმდეს წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებთან და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა. წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. აღნიშნული ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას. ამასთანავე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს სადავო საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, თუმცა ამ ოქმს ნ. ხ-ნი ხელს აწერს არაქართულ ენაზე. ამასთან, ქვედა ინსტანციებში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოსარჩელე არ ფლობს ქართულ ენას. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ნ. ხ-ნი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული სადავო ოქმში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასევე უცნობია, რას ეფუძნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ სადავო ოქმში ასახული დასკვნა. გაურკვეველია ისიც, თუ რა სახის სპეციალური ცოდნა გააჩნდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს მიწის ნაკვეთების იდენტურობის საკითხის შესაფასებლად, რა მეთოდის გამოყენებით, რა კვლევის საფუძველზე მიიღო მან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ოქმის თანახმად, დათვალიერების მონაწილე პირთა განცხადებით, აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ს. ო-ნის ოჯახს, თუმცა აღნიშნული პირები ხსენებული ნაკვეთისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტში - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №77 აქტში მითითებულ 2583 კვ.მ მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით მოსაზრებას არ აფიქსირებენ. დაუდგენელია, გააცნეს თუ არა მათ 1997 წლის 10 ივლისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №77 აქტი, რის გარეშეც შეუძლებელია ნაკვეთთა იდენტურობის დადასტურება. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ოქმი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, რაც დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის წინაპირობას ქმნის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადით შეჩერებული აქვს მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დადასტურების უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება კასატორს გააჩნდა სადავო აქტის გამოცემის დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლო შეზღუდულია რა საკასაციო საჩივრის ფარგლებით (გასაჩივრებული აქტები ბათილადაა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და გადაწყვეტილებას მოსარჩელე არ ასაჩივრებს), ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპეტენციის არარსებობის პირობებში, უფლება აქვს იხელმძღვანელოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მოქმედი კანონმდებლობით (ამ საკითხზე იხ. სუსგ №ბს-537(კ-23), 12.02.2024წ; სუსგ №ბს-868(2კ-20), 30.06.2022 წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ს. ო-ნის და გ. ზ-ნის საკასაციო საჩივარზე 02.05.2023წ. №16943144642 საგადახდო დავალებით ს. ო-ნის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, ს. ო-ნის და გ. ზ-ნის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ს. ო-ნს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.05.2023წ. №16943144642 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა