საქმე №ბს-46(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ხ-ე; მესამე პირი (სასკ 16.2) - მ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 13 მარტს შ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის მ. მ-ეის მიმართ.
მოსარჩელემ, მ. მ-ეის ნაწილში, „შ. ხ-ეისა და მ. მ-ეისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., ბინა №17-ში მდებარე 59,49 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №1042 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შ. ხ-ეისათვის და მ. მ-ეისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში მდებარე 59,49 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №1042 საკუთრების უფლების მოწმობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და მ. მ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია შ. ხ-ეს (არც სადავო აქტების მის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და მ. მ-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და აღნიშნა, რომ დადგენილების 2.1 მუხლის ,,ე“ პუნქტის თანახმად კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. დადგენილების 5.4 მუხლით კი განსაზღვრულია, რომ თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე მიიღო გადაწყვეტილება შ. ხ-ეისათვის და მ. მ-ეისათვის ბათუმში, ...ს ქ. №..., ბინა №17-ში მდებარე 59.49 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემისა და მის საფუძველზე №1042 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე, რომ არ გაითვალისწინა შ. ხ-ეის პოზიცია, კერძოდ მისი უარი მ. მ-ეისათვის ბინის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე.
ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., 59.49 კვ.მ. ფართის მქონე ბინა №17-ის კანონიერ მფლობელებს - შ. ხ-ესა და მ. მ-ეს შორის არსებობდა დავა, რაც დადასტურებულ იქნა წინამდებარე დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზეც. მხარეთა შორის კონფლიქტის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანო არ არის ორ მხარეს შორის წამოჭრილი დავის გადამწყვეტი ორგანო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს - ბათუმის მერიას მ. მ-ეის განცხადების განხილვისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მერიას უარი უნდა ეთქვა მ. მ-ეისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე და განემარტა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის თაობაზე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისათვის სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანების გამოცემამდე, ცნობილი იყო მხარეებს შორის ამ საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის არსებობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციული ორგანო - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია თავადაც მონაწილეობდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის საკუთრების უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ აღძრულ სასამართლო დავებში და შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის უცნობი არ ყოფილა შ. ხ-ეის, მე. მ-ეის და ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ, მ. მ-ეის პრეტენზიების თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზის, სამართლებრივი გარემოებების შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ შეუძლებელი იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხის შეფასება ნაწილობრივ, ამ აქტითვე თანამესაკუთრეებად მიჩნეულ პირთაგან ერთ-ერთის მიმართ, რაც შეუძლებელს ხდიდა აქტის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევას მხოლოდ მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეულ ნაწილში აქტის დანარჩენი ნაწილის გარეშე, რის გამოც მოსარჩელე შ. ხ-ეის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ამ აქტის სრულად ბათილად ცნობის სახით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შ. ხ-ეს მიერ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებდა, რომ იგი ეთანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის პოზიციის თანახმად, მ. მ-ე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ის წარმოადგენდა უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის გარდაცვლილი კანონიერი მოსარგებლის მე. მ-ეის კანონისმიერ მემკვიდრეს. იგი თანახმა იყო ქ. ბათუმში, ...ს ქ. №9, ბ. №17-ში მდებარე 59.49 კვ.მ ფართი უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცემოდა შ. ხ-ესთან ერთად, თანასაკუთრებაში, ხოლო შ. ხ-ე თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ მ. მ-ე მიუხედავად იმისა, რომ იყო მე. მ-ეის მემკვიდრე, დაკარგული ჰქონდა სადავოდ ქცეული ბინის პრივატიზაციის უფლება.
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანება „ქ. ბათუმში ...ს ქ. №9-ში მდებარე №17-ის ბინის ½ ნაწილის მე. მ-ეზე უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ (ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წილის გამოყოფა) შ. ხ-ეის მიერ გასაჩივრებული იქნა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 იანვრის საქმე №3-673/11 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. ხ-ეის სარჩელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27 იანვრის გადაწყვეტილება. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის №ბს-596-585(კ-12) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ხ-ეის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქი ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით.
სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში განმარტებული იყო, რომ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად გადამწყვეტია არა ფაქტობრივი სარგებლობა (როგორც შ. ხ-ეის განცხადებაშია მითითებული), არამედ ფართით სარგებლობის კანონიერი საფუძველია ბინის ორდერი, ან უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. კანონიერი მოსარგებლის იმ მომენტისათვის საცხოვრებელ ბინაში უშუალოდ ცხოვრების ფაქტი ვერ იქნება გადამწყვეტი იმის დადგენისა და შეფასებისათვის, ეს პირი წარმოადგენდა თუ არა კანონიერ მოსარგებლეს. მ. მ-ეის მამკვიდრებლის მე. მ-ეის კანონიერი სარგებლობის ფაქტი საცხოვრებელ ბინაზე დასტურდებოდა პირადი სააღრიცხვო ბარათით და 1993 წლის 22 იანვრის №06846 ორდერით, სადაც მე. მ-ე მის მეუღლესთან შ. ხ-ესთან ერთად მითითებული იყო ბინის მოსარგებლედ, ასევე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის №2-32 გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული, შ. ხ-ეის სარჩელი მე. მ-ეის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო. სასამართლო აღნიშნულ გარემოებათა ანალიზის შედეგად მიიჩნევდა, რომ მე. მ-ე და შ. ხ-ე მოცემულ შემთხვევაში თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩათვალა, რომ შ. ხ-ეს და მ. მ-ეს უსასყიდლოდ თანასაკუთრების უფლებით უნდა გადასცემოდათ ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., ბ. №...-ში მდებარე 59.49 კვ.მ ფართი და გაცემულიყო მათზე საკუთრების უფლების მოწმობა და აზომვითი ნახაზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს „შ. ხ-ეისა და მ. მ-ეისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქ. №..., ბინა №...-ში მდებარე 59,49 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №1042 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შ. ხ-ე, 1988 წლის 24 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მე. მ-ესთან. ბათუმის სახლსაშენი კომბინატის ადმინისტრაციისა და პროფკომიტეტის 1988 წლის 25 აგვისტოს №19 ოქმის საფუძველზე, 1993 წლის 22 იანვარს გამოწერილი იქნა საცხოვრებელი ბინის ორდერი №06846, რომლითაც ქ. ბათუმში, ...ს (ყოფილი მეგობრობის) ქ. №...-ში არსებული 59,49 კვ.მ ფართის ოროთახიანი ბინა №17, სარგებლობის უფლებით გადაეცათ შ. ხ-ეს და მე. მ-ეს.
2011 წელს მე. მ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ შესაბამისად, კანონიერ სარგებლობაში არსებულ ფართის საკუთრებაში გადაცემა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2011 წლის 23 სექტემბერს მიღებულ იქნა №02/346 ბრძანება, ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №9-ში მდებარე, №17 საცხოვრებელი ბინის ½ ნაწილის მე. მ-ეისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
2011 წლის 30 ნოემბერს შ. ხ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიისა და მე. მ-ეის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის 2011 წლის 23 სექტემბრის №02/346 ბრძანების ბათილად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, იმ საფუძველზე მითითებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებდა რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ფართის მათთვის წილობრივი მონაცემების შესაბამისად უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას.
2014 წლის 30 იანვარს შ. ხ-ემ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მასსა და მე. მ-ეს შორის 1988 წლის 24 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა და ასევე, მოითხოვა მე. მ-ე ცნობილი ყოფილიყო, ქ. ბათუმში აღმაშენებლის ქ. №...-ში მდებარე, ბინა №...-ზე უფლებადაკარგულად. კანონიერ ძალაში შესული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის №2-32 გადაწყვეტილებით შ. ხ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო მოთხოვნა მე. მ-ეის ბინაზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
მე. მ-ე გარდაიცვალა 2015 წლის 31 მარტს. 2015 წლის 7 ოქტომბერს, შ. ხ-ემ №27187/25 განცხადებით მიმართ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, №... საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქალაქ ბათუმის მერიის 2015 წლის 27 ოქტომბრის №841 ბრძანებით, შ. ხ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, ბ. №...-ში მდებარე 59,49 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა. მ. მ-ემ, მე. მ-ეის მემკვიდრემ, სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის №841 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №807 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ. მ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ,,შ. ხ-ეისათვის ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №..., ბინა №...-ში მდებარე 59,49 კვ/მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის №841 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული №807 საკუთრების უფლების მოწმობა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მხარეთა განცხადებების საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანებით, შ. ხ-ეს და მ. მ-ეს უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცათ ბათუმში, ...ს ქუჩა №..., ბინა №17-ში მდებარე 59,49 კვ/მ ფართი და მათზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და აზომვითი ნახაზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარდგენილი სარჩელით შ. ხ-ე ითხოვდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 იანვრის №39 ბრძანების ბათილად ცნობას მ. მ-ეის, საცხოვრებელი ფართის წილის გადაცემის ნაწილში, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სადავო აქტი სრულად ბათილად იქნა ცნობილი, რაც მოსარჩელეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხლი 1.1). მითითებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი განმარტებულია, რომ კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილების საფუძველზე, პირის ან მისი მემკვიდრისათვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელია, რომ დაინტერესებული პირი იყოს საცხოვრებლის კანონიერი მოსარგებლე, ანუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ჰქონდეს საცხოვრებლით სარგებლობის უფლება და ფაქტობრივად სარგებლობდეს ამ საცხოვრებლით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოში განცხადების წარდგენის წესსა და წარსადგენო დოკუმენტაციის ნუსხას. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ.
ამავე წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციული ორგანო, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წარდგენილი განცხადების საფუძველზე და მის ფარგლებში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების არსებობის პირობებში. უძრავ ქონებაზე არსებული დავის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი არსებითად გადაწყვიტოს დავა და საცხოვრებელი ან მისი ნაწილი თანასაკუთრების უფლებით მიაკუთვნოს მოდავე მხარეებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს. შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას უარი უნდა ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე და განემარტა განმცხადებლის უფლებების სასამართლო წესით დაცვის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე