Facebook Twitter

ბს-1133 (კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჯ-ემ 10.03.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 29.10.2021წ. N42539-21/01 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2022წ. N04/1495 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით, 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, სახელმწიფო კომპენსაციის, ყოველთვიურად 435 ლარის ოდენობით დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2022წ. გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ჯ-ეის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2022წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. ჯ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 29.10.2021წ. N42539-21/01 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.02.2022წ. N04/1495 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ჯ-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, კანონით დადგენილი წესით, 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით აპელანტს (მოსარჩელეს) სამხედრო ვალდებულების შესრულების დროს მიღებული ტრავმის გამო 29.05.2003წ. განმეორებითი შემოწმების შედეგად დაუდასტურდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები და 11.07.2003წ. გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერით (სსე - I №036197) აღნიშნული სტატუსი მიენიჭა უვადოდ. ვ. ჯ-ე 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 1 ივლისამდე წარმოადგენდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირს, თუმცა 2014 წლის 1 ივლისიდან შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ვ. ჯ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან და იმავე დღეს სააგენტოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 29.10.2021წ. N42539-21/01 გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

სააპელაციო პალატამ „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიჩნია, რომ პირისათვის კომპენსაციის დასანიშნად განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის დავალება საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ ვ. ჯ-ეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით. ვ. ჯ-ეის შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულების დროს მიღებულ ტრამვასთან. 2014 წლის 1-ლი ივლისიდან ვ. ჯ-ეს შეუწყდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის" შესახებ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად. ვ. ჯ-ე საჯარო სამსახურიდან 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გათავისუფლდა და იმავე დღეს, შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის განახლების მიზნით, განცხადებით მიმართა სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს. ვ. ჯ-ეს განემარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნისათვის აუცილებელი იყო ადმინისტრაციულ ორგანოში სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის წარდგენა. ვ. ჯ-ეის შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის საქმეში განთავსებული იყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერი და არა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

კასატორის მითითებით ვ. ჯ-ეს სახელმწიფო კომპენასაცია დანიშნული ჰქონდა "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონის შესაბამისად. 2006 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონი, რომლის 36.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მათი გაცემა გაგრძელდა როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია. კასატორის მითითებით "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის ამოქმედების დღიდან ხელახლა მოწესრიგდა ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა სახელმწიფო გასაცემლების მიღებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-15 მუხლის პირველი პუნქტის "ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისათვის შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დასანიშნად განისაზღვრა შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის წარმოდგენის ვალდებულება. "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" კანონში 29.12.2006წ. განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2007 წლის 1-ლი იანვრიდან სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე დასკვნის გამოტანა დაევალა დაწესებულებას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანო ვერ გასცდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებს და ვერ იხელმძღვანელებს ისეთი დოკუმენტით, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის გათვალისწინებული შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის ხელახლა დასანიშნად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით, კერძოდ 11.07.2003წ. გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერით დგინდება, რომ ვ. ჯ-ეს 29.05.2003წ. განმეორებითი შემოწმების შედეგად დაუდასტურდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები უვადოდ. შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი გახდა სამხედრო ვალდებულების შესრულების დროს მიღებული ტრამვა. ვ. ჯ-ეს, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირს, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა საქართველოს თავდაცვის ხაზით 2003 წლის 1-ლი სექტემბრიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების განყოფილების/ცენტრის 25.06.2014წ. №1139-2-00390 გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია შეუწყდა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, 2014 წლის 1-ლი ივლისიდან. ვ. ჯ-ე საჯარო სამსახურიდან 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გათავისუფლდა და იმავე დღეს სააგენტოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 29.10.2021წ. №42539-21/01 გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, ხოლო მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან. ამასთან, აღნიშნული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი არის პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" მე-15 მუხლის თანახმად განცხადებას, ამ წესით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისთვის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილმა პირმა უნდა დაურთოს შესაბამისი უწყების წარდგინება, ასევე გარდა სხვა დოკუმენტებისა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ ვ. ჯ-ეს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა 11.07.2003წ. გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვ, ჯ-ეისათვის სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტის საფუძველი მის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება გახდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს "სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის" 19.3 მუხლზე, რომლის თანახმად შეწყვეტილი კომპენსაციის ხელახალი დანიშვნა განხორციელდება კანონითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად, კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ამ შემთხვევაში კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც ვ. ჯ-ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ და სწორედ აღნიშნული საფუძვლის გათვალისწინებით მას დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ფაქტობრივად ხდება კომპენსაციის აღდგენა, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ამავე გარემოების დასადასტურებალდ ახალი მტკიცებულების მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს მასთან დაცული კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტები.

ამასთან, "სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" კანონის მე-15.1 მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადამოწმება დადგენილ ვადაზე ადრე, ან იმ პირის გადამოწმება, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ, ხდება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედობაუნარიანობის შეცვლისას, ან მაკონტროლებელი ორგანოს მიერ დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ გამოვლინდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ დაუსაბუთებლად გაცემული დასკვნა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ვ. ჯ-ეის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება, ამასთან, გადამოწმებას არ დაქვემდებარებია მისთვის შშმ პირის სტატუსის დადგენის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2023წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი