კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-204(კს-24) 08 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ც. ბ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2024წ. განჩინებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2024წ. განჩინებით ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.06.2023წ. გადაწყვტილებაზე დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 04.03.2024წ. განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, იმ საფუძვლით, რომ ც. ბ-ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2024წ. განჩინება საკასაციო საჩივრის ფორმით ჰქონდა გასაჩივრებული, რომელიც ასევე იყო დაუსაბუთებელი, მასზე ასახული ხელმოწერა იყო ასლი და არა დედანი. ამასთან, ც. ბ-ის სსკ-ის 39.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ც. ბ-ის დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის და დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა დედანი ხელმოწერით. დადგენილ ვადაში კასატორმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოსადგენად ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 13.05.2024წ. განჩინებით ც. ბ-ის გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა დედანი ხელმოწერით. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.2024წ. განჩინება ც. ბ-ის გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 18.06.2024წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა ამოიწურა 24.06.2024წ. 24 საათზე (ორშაბათი). დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, ც. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.2024წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. ც. ბ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 29.04.2024წ. N21625615021 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი