Facebook Twitter

საქმე #ბს-273(კს-24) 4 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ პ. დ. ჯ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 7 თებერვალს პ. დ. ჯ. ქ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ პ. დ. ჯ. ქ-ის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მინიჭების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ. დ. ჯ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პ. დ. ჯ. ქ-იმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, პ. დ. ჯ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებაზე პ. დ. ჯ. ქ-იმა კერძო საჩივარი წარადგინა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, განჩინების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

პ. დ. ჯ. ქ-იმა 2023 წლის 26 ოქტომბერს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართ 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 45 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ამასთან, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პ. დ. ჯ. ქ-იმა, ასევე იშუამდგომლა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (შუამდგომლობა აღმოჩენისთვის; ტომის 9. ს.ფ. 12-13) საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვარს განჩინებით პ. დ. ჯ. ქ-ის განცხადება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი, ვინაიდან მიჩნეულ იქნა ვადის დარღევით წარმოდგენილად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. დ. ჯ. ქ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი. ამასთან, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ დანაწესზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კანონმდებელი განსაზღვრავს, რომ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელებს შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებეში გამოქვეყნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინება პ. დ. ჯ. ქ-ის გაეგზავნა არაერთხელ, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, 2022 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინებით აპელანტს, პ. დ. ჯ. ქ-ის, ეცნობა ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინების თაობაზე. სასამართლოს განჩინება საჯაროდ განთავსდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე (www.ecd.court.ge).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო შეტყობინების განხორციელების შესახებ აქტით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 თებერვალის საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინება პ. დ. ჯ. ქ-ისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გამოქვეყნების შესახებ გასაჯაროვდა 2022 წლის 25 თებერვალს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმის შესაბამისად, პ. დ. ჯ. ქ-ის ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ჩაეთვალა 2022 წლის 4 მარტს. ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 5 მარტს და დასრულდა 2022 წლის 11 მარტს 24:00 საათზე.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში დაცულ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ 2023 წლის 10 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინების ჩაბარების ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინება პ. დ. ჯ. ქ-იმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით, პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩვრების ვადის დარღვევის გამო. ზემოაღნიშნული განჩინება პ. დ. ჯ. ქ-ის ჩაბარდა 2023 წლის 26 ივლისს.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (შუამდგომლობა აღმოჩენისთვის; ტომის 9. ს.ფ. 12-13) საქმის წარმოების განახლების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად პ. დ. ჯ. ქ-იმა განცხადება 2023 წლის 26 ოქტომბერს წარმოდგინა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორს საჩივარში სადავოდ არ გაუხდია თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი განცხადების რეგისტრაციის თარიღი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პ. დ. ჯ. ქ-ის მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინება;

3. თ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს პ. დ. ჯ. ქ-ის კერძო საჩივარზე 29.02.2024წ. N20776507744 საგადასახადო დავალებით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა