საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1323(კ-22) 25 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. თ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე პირები - ს. კ-ეე, შპს „ჩ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 10 იანვარს მოსარჩელე დ. თ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის, შპს „ჩ...ს“ მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის N01-06 431 ბრძანების (მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე) და მის საფუძველზე გაცემული N04-07/23 მშენებლობის ნებართვის მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2021 წლის 13 მაისს მოსარჩელე დ. თ-ემ ასევე სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის, ს. კ-ეის მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განჩინებით, ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგი: საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები’’ (ძალადაკარგულია 03.02.2020 წლის საქართველოს მთავრობის N139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. სასამართლომ მიუთითა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264-ე მუხლი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 20-ე, 37-ე, 45-ე მუხლები და განმარტა, რომ დამკვეთს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს ნებისმიერი პირი, ხოლო ნებართვის გაცემის მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მხოლოდ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა - ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავოდ გამხდარი ბრძანების (25.11.2019 წლის N01-06 934) გამოცემის დროისათვის ს. კ-ეე არ წარმოადგენდა ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) მესაკუთრეს. განიმარტა, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს. კ-ეის სახელზე რეგისტრაცია, ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-20 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მოსაზრება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანებით არაუფლებამოსილი პირის, ს. კ-ეის მოთხოვნით უკანონოდ დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეთანხმებული იქნა მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი.
პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის მასალების მიხედვით, უბანზე გავრცელებულია მაღალი მზიდუნარიანობის მქონე ხრეშოვანი გრუნტები, ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ს (ს/კ. ...) მიმდებარედ განთავსებული შენობების საძირკვლების, სხვა ძირითადი მზიდი კონსტრუქციებისა და სახურავების ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, მათ მომიჯნავედ აშენდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით შესრულებული შესაბამისი პროექტის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2021 წლის 24 მარტის ზეპირი მოსმენის N1 სხდომის ოქმზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებულ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ 25.4 მუხლზე და მიუთითა, რომ შეთანხმებული პროექტით დ. თ-ეის მხარეს განსაზღვრულია შენობის ყრუ კედელი, ღია ნაწილების გარეშე, ამდენად, ამ მხრივ დაცულია „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ 26-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე ყურადღება გამახვილდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N002624921 ექსპერტიზის დასკვნაზე და პალატამ მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის N01-06 431 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული N04-07/23 მშენებლობის სანებართვო მოწმობა კანონიერია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. თ-ეის მიერ.
კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, საქმეში წარდგენილ სამშენებლო - არქიტექტურულ პროექტში მითითებული ასაშენებელი შენობა - ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, კასატორის მსჯელობით არ არის გამოკვლეული მშენებლობით გამოწვეული გავლენები, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N00262492 დასკვნაში მითითებულია, რომ სამშენებლო - არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა - ნაგებობის მომიჯნავედ მდებარე შენობა - ნაგებობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია; შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით. კასატორის განმარტებით, არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ჩართულიყო მესამე პირის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ასევე ვერ შეძლო მის მიერ ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N002624921 დასკვნის მტკიცებულების სახით წარდგენა. მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო ნებართვის მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ დაინტერესებული პირის - ს. კ-ეის მიერ წარდგენილ 2020 წლის 7 აგვისტოს საექსპერტო დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზ. N...-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განთავსებული შენობების, მათ შორის დ. თ-ეის უძრავი ქონების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითქოსდა მათ საძირკველზე, კედლებსა და სხვა მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებზე არ შეინიშნება დეფორმაციის ნიშნები, ბზარები, ან სხვა დეფექტები, რაც საეჭვოს გახდის საერთო მდგომარეობას და სიმტკიცეს და ხელს შეუშლის მომიჯნავედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
საჩივრის ავტორის მსჯელობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვის მიღებისას არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოება, წარმოდგენილი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული შენობა - ნაგებობის მშენებლობა არსებითად არღვევდა თუ არა სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 98-ე მუხლებზე და მიუთითებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული აქტების მიღებისას არ გააცნო ის დამატებითი მტკიცებულებები რაც წარდგენილი იქნა ნებართვის მაძიებელი - დაინტერესებული პირის მიერ, 2019 წლის 27 დეკემბრის შემდეგ. ნებართვის გაცემამდე, კერძოდ, 2011 წლის 29 აპრილამდე, რითაც კასატორის მსჯელობით უხეშად დაირღვია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები. მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ განმარტა საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც აღნიშნულია რომ ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა - ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა - ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. მიიჩნევს, რომ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოში წარდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა #002624921, სადაც მითითებულია, რომ დ. თ-ეის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებლობის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს მჭიდრო განაშენიანების პირობებში მშენებლობის შესაბამისი წესები და საჭიროების შემთხვევაში როგორც პროექტის სტადიაზე, ასევე მშენებლობისას გატარებული იქნას ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც გამორიცხავს ახალი მშენებლობის უარყოფით გავლენას არსებულ შენობა - ნაგებობაზე.
კასატორი აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-930-922 განჩინებაზე, სადაც განიმარტა, რომ აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა, ხოლო აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება. მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გაუქმებას. მმართველობის ორგანოს მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება და ამ მიზნით ადრესატისთვის აღმჭურველი გადაწყვეტილების გაუქმება საჭიროებს კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების შეპირისპირების შედეგად თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღებას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, უკეთუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, განხორციელებული ღონისძიებით დაინტერესებულმა მხარემ მიიღო სარგებელი და აქტის ბათილად გამოცხადებით მას მიადგება ზიანი. კასატორის მსჯელობით, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის შემთხვევაში აღნიშნული შემადგენლობა სახეზე არ არის, ვინაიდან ...ს გამზირის N...-ში, შპს „ჩ...ს“ მიერ, რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები გარდა ძველი შენობის დემონტაჟისა, ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული აქტები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული და დადგენილი, დაცული იყო თუ არა საქართველოს მთავრობის 2009 წლის N57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები მისი მხრიდან გასაჩივრებული აქტების მიღებისას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება კი კასატორის მსჯელობით, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. თ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანების, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის N01-06 431 ბრძანების და მის საფუძველზე გაცემული N04-07/23 მშენებლობის სანებართვო მოწმობის კანონიერება.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 19 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ს. კ-ეემ და მოითხოვა ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანებით, ს. კ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეთანხმებულ იქნა მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ.
2019 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ნივთის 7/12 ნაწილის მესაკუთრეა ს. კ-ეე, ხოლო 5/12-ის - ე. კ-ი.
დადგენილია, რომ 2020 წლის 20 ივნისს ს. კ-ეესა და შპს „ჩ...ს“ შორის გაფორმდა „უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის, ქონებაზე რეგისტრირებული ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება“, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
დადგენილია, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი განთავსებულია მოსარჩელე დ. თ-ეის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად.
დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ივლისს შპს ,,ჩ...ს’’ დირექტორმა ზ. ნ-იმა განცხადებით მიმართა ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 4 აგვისტოს N01-33/3631 წერილით შპს ,,ჩ...ს“ დირექტორ ზ. ნ-ის დაევალა მომიჯნავე შენობა - ნაგებობაზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესაძლო ზემოქმედების კვლევის ანგარიშის წარდგენა, რისთვისაც მიეცა ვადა მომართვის ჩაბარებიდან 15 დღე.
2020 წლის 11 აგვისტოს შპს ,,ჩ...ს’’ დირექტორმა ზ. ნ-იმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის N...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, მომიჯნავედ განთავსებული შენობების ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე პროფესორ რ. კ-ეის მიერ, 2020 წლის 7 აგვისტოს ჩატარებული საექსპერტო დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ვიზუალური დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და კვლევის შედეგების დამუშავებით მიღებული საერთო სურათის გაცნობისა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდებარედ განთავსებული შენობების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ საძირკვლებზე, კედლებსა და სხვა მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებზე არ შეინიშნება დეფორმაციის ნიშნები, ბზარები, ან სხვა დეფექტები, რაც საეჭვოს გახდის მათ საერთო მდგომარეობასა და სიმტკიცეს და ხელს შეუშლის მომიჯნავედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2021 წლის 24 მარტის ზეპირი მოსმენის N1 სხდომის ოქმში მითითებულია შემდეგი: ,,პროექტის შესაბამისად განსათავსებელი შენობა - ნაგებობა მის მეზობელ ნაკვეთებთან დაშორებულია არანაკლებ 3 მეტრით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დ. თ-ეის საკუთრების მხრიდან შენობა დასმულია სამეზობლო მიჯნის ზონაში და ასეთ შემთხვევაში ,,ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე" 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის N59 დადგენილების 26-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის /მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე, პროექტით განსაზღვრულია ყრუ კედელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის მოსაზღვრე საკუთრებებს, ასევე დაცულია მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა ნორმა, მათ შორის მესამე პირებთან მიმართებაშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით არ არსებობს ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი’’.
დადგენილია, რომ შპს ,,ჩ...ს" დირექტორს ზ. ნ-ის მიეცა რეკომენდაცია მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რის გამოც ოქმი შესაბამისი რეაგირების მიზნით წარედგინა მუნიციპალიტეტის მერს. უძრავი ნივთის (ს/კ ...) 7/12 ნაწილის მესაკუთრემ (შპს „ჩ...“) 2021 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მშენებლობის ნებართვის გაცემა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის N01-06 431 ბრძანებით (მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ) დამკვეთს ნება დაერთო (ქ. ქობულეთი, ...ს გამზ N..., ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისათვის. დადგენილია, რომ N01-06431 ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის 29 აპრილს გაიცა N04-07/23 მშენებლობის ნებართვა, რომელიც ძალაშია 2022 წლის 29 ოქტომბრამდე.
დ. თ-ეის დაკვეთით ჩატარებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N002624921 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე, დ. თ-ეის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ვინაიდან ამ დროისათვის საკვლევი შენობის მომიჯნავედ არ მიმდინარეობს არანაირი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი სამომავლოდ დაგეგმილი მშენებარე შენობის საპროექტო დოკუმენტაცია, მშენებლობის შედეგად გამოწვეული არსებული სახლის მდგომარეობის გაუარესებაზე მსჯელობა ამ ეტაპზე აზრს მოკლებულია.
განსახილველ შემთხვევაში კასატორის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული მშენებლობით ირღვევა მისი კუთვნილი უძრავი ქონების უსაფრთხოება.
სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები’’ (ძალადაკარგულია 03.02.2020 წლის საქართველოს მთავრობის N139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად, ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება 45-ე მუხლს, აღნიშნულით განისაზღვრა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ მე-20 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია, დამკვეთის უფლება -მოვალეობები. მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა - ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს. კ-ეის სახელზე რეგისტრაცია, ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისათვის საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ მე-20 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის იმ მოსაზრებას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანებით არაუფლებამოსილი პირის, ს. კ-ეის მოთხოვნით უკანონოდ დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეთანხმებული იქნა მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტი.
რაც შეეხება კასატორის იმ მოსაზრებას, რომ შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული მშენებლობით ირღვევა მისი კუთვნილი უძრავი ქონების უსაფრთხოება, აღნიშნულზე საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქ. ქობულეთში, ...ის გამზირის N...-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, მომიჯნავედ განთავსებული შენობების ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე 2020 წლის 7 აგვისტოს ჩატარებულ საექსპერტო დასკვნაზე სადაც მითითებულია, რომ ვიზუალური დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და კვლევის შედეგების დამუშავებით მიღებული საერთო სურათის გაცნობისა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში (ს/კ-ით ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდებარედ განთავსებული შენობების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ საძირკვლებზე, კედლებსა და სხვა მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებზე არ შეინიშნება დეფორმაციის ნიშნები, ბზარები, ან სხვა დეფექტები, რაც საეჭვოს გახდის მათ საერთო მდგომარეობასა და სიმტკიცეს და ხელს შეუშლის მომიჯნავედ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას. წარდგენილი საინჟინრო - გეოლოგიური კვლევის მასალების მიხედვით, უბანზე გავრცელებულია მაღალი მზიდუნარიანობის მქონე ხრეშოვანი გრუნტები, ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ს (ს/კ. ...) მიმდებარედ განთავსებული შენობების საძირკვლების, სხვა ძირითადი მზიდი კონსტრუქციებისა და სახურავების ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, მათ მომიჯნავედ აშენდეს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობა, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით შესრულებული შესაბამისი პროექტის მიხედვით.
აქვე, ყურადსაღებია საქმეში წარმოდგენილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 2021 წლის 24 მარტის ზეპირი მოსმენის N1 სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ პროექტის შესაბამისად განსათავსებელი შენობა - ნაგებობა, მის მეზობელ ნაკვეთებთან დაშორებულია არანაკლებ 3 მეტრით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დ. თ-ეის საკუთრების მხრიდან შენობა დასმულია სამეზობლო მიჯნის ზონაში, დაცულია მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა ნორმა, მათ შორის მესამე პირებთან მიმართებაშიც.
დავის საგნის გათვალისწინებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების აპელირება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 26-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების წესი. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი არის ის შემთხვევა, როდესაც სამშენებლო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება სამშენებლო მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. 26.2 პუნქტით განსაზღვრულია მიჯნის ზონა, რაც წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. 26.15 პუნქტის თანახმად, შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს კარის, ფანჯრის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეთანხმებული პროექტით კასატორის მხარეს განსაზღვრულია შენობის ყრუ კედელი, ღია ნაწილების გარეშე, რაც გასაზიარებელს ქმნის ქვედა ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ დაცულია „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების’’ 26-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები და ამასთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული რეგულაციის დარღვევაზე არც მხარე მიუთითებს.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების’’ 35.4 მუხლით განსაზღვრულია, რომ ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა - ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა - ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა. საქმეში წარმოდგენილ, კასატორის დაკვეთით ჩატარებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N002624921 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ქ. ქობულეთში, ...ს გამზირის N...-ში მდებარე, დ. თ-ეის საკუთრებაში არსებული სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით. დასკვნის თანახმად, ვინაიდან ამ დროისათვის საკვლევი შენობის მომიჯნავედ არ მიმდინარეობს არანაირი სამშენებლო სამუშაოები, ხოლო ექსპერტიზაზე არ არის წარდგენილი სამომავლოდ დაგეგმილი მშენებარე შენობის საპროექტო დოკუმენტაცია, მშენებლობის შედეგად გამოწვეული არსებული სახლის მდგომარეობის გაუარესებაზე მსჯელობა ამ ეტაპზე აზრს მოკლებულია. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 ნოემბრის N01-06 934 ბრძანება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 29 აპრილის N01-06 431 ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული N04-07/23 მშენებლობის სანებართვო მოწმობა კანონიერია. ამასთან, ხსენებული აქტები აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია.
აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების საფუძველზე მესამე პირმა შპს ,,ჩ...მა“ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (ძველი შენობის დემონტაჟი), ხოლო საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი საჩივრით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 27 აპრილის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, დ. თ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, დ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ზ. დ-ეის (პ/ნ ...) მიერ, დ. თ-ეის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „...ში“ 2022 წლის 20 ივლისს N13913660676 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. თ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. დ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ზ. დ-ეის (პ/ნ ...) მიერ, დ. თ-ეის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სს „...ში“ 2022 წლის 20 ივლისს N13913660676 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე