საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-458(კ-22) 4 ოქტომბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ნ-ა
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
მესამე პირი - ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 9 აგვისტოს თ. ნ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოპასუხეებად მიუთითა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 ივნისის №... და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. ნ-ას №... განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ. ფოთი, ...ს ქუჩის მიმდებარედ თ. ნ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის 1 აპრილს თ. ნ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს ქუჩის მიმდებარედ 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები და საცხოვრებელი სახლის გეგმის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან და 2021 წლის 8 ივნისს მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული უძრავი ქონების იდენტური არ არის. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. 2021 წლის 22 ივლისს კი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თ. ნ-ა 1989 წლიდან დღემდე ფლობს და განაგებს ზემოაღნიშნულ სადავო მიწის ნაკვეთს. 2000 წლის ორთოფოტოს მიხედვით ნათლად ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე დგას სახლი და დამხმარე ფართები. ასევე, 1989 წლის გეგმის თანახმად დასტურდება, რომ აღნიშნული ქონება გატარებული იყო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში. გარდა ამისა, 1997 წლის გადახდის ქვითრის მიხედვით, თ. ნ-ა არის მიწის რენტის გადამხდელი. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტებით დგინდება, რომ თ. ნ-ა არის სადავო მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელი. ამასთან, აღნიშნული დასტურდება მოწმეების ხელმოწერებითაც. ~
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, თ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. ნ-ას №... განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ. ფოთი, ...ს ქუჩის მიმდებარედ თ. ნ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ საქმეზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების ნამდვილობა და კანონშესაბამისობა სასამართლოს განხილვის საგანი არაა. სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მოსარჩელისთვის უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა. სარეგისტრაციო წარმოების განხორციელებაზე უარის საფუძვლად მარეგისტრირებელმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მიუთითა, რომ განცხადებაზე დართული დოკუმენტაციით უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის იდენტიფიკაცია შეუძლებელი იყო. აგრეთვე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზით, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო უკვე რეგისტრირებულ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემებთან. მაშასადამე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ დაინტერესებულ პირს უფლების დამდგენი დოკუმენტები გააჩნდა შესაბამის მიწის ნაკვეთზე, თუმცა უარი უთხრა რეგისტრაციაზე ზედდებისა და უძრავი ნივთის ზუსტი ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციის შეუძლებლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტზე, მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-4, მე-8, მე-9 მუხლებზე, 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე და 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტზე, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე, მე-41, მე-5 მუხლებზე, ასევე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტზე, მე-41 მუხლზე, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტზე და მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სადავო გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული ქონება უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონების იდენტური არ იყო, თუმცა ამგვარი გარემოების დადგენის საფუძველს საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა. სადავო აქტით მტკიცებულებად მითითებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუმცა აღნიშნული ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ჩატარდა დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ ქონებაზე დაინტერესებული პირის უფლების იდენტიფიკაციის პრობლემა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 22-ე მუხლების თანახმად, შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის წარმოების შეჩერების და/ან შეწყვეტის და არა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
ფოთის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ საერთოდ არ შეაფასა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - მოწმეების განცხადება, უფლების დამდგენ დოკუმენტში უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მისამართი, კვადრატულობა) და ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია და შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის ხელთ არსებული მონაცემების ერთობლივი შეფასებით ვერ იქნებოდა დადგენილი განსახილველი მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობა ან გამოირიცხებოდა ამგვარი იდენტურობა. შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან და მონაცემებთან ერთობლიობაში შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეების განცხადება, ემსჯელა, თუ რამდენად ხასიათდებოდა მოწმეების განმარტებები სარწმუნოობაზე მეტყველი კონკრეტული ნიშნებით, საამისოდ გამოეყენებინა მოწმეთა დამატებით გამოკითხვისა თუ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად სხვა სახის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენა შესაძლებელი იყო მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ. კანონმდებლობა მსგავსი სახის ნორმას არ შეიცავს. კანონმდებლობის თანახმად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დაინტერესებული პირის მტკიცების უარყოფა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისათვის განსახილველი მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ კვლევის ჩასატარებლად მიმართვა, თუ არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ გამოკვლევა და შეფასება განაპირობებდა დასკვნას იმის შესახებ, რომ არ არსებობდა შესაბამისი მტკიცების გაზიარების საფუძველი. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეების ჩვენების, როგორც მტკიცებულების მიღებისა და შეფასების ვალდებულება გამომდინარეობს როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველი უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები იყო იდენტური. ამასთან, რაც შეეხება სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოვლენილ ზედდებას N... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული არ წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით თ. ნ-ას კანონმდებლობის ნორმებთან შეუსაბამოდ ეთქვა უარი №... განცხადებით მოთხოვნილ რეგისტრაციაზე, რაც შესაბამისი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის თ. ნ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველიც.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქმეზე „დადიანი და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი №8.../08), ასევე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4, მე-5, მე-8 და მე-9 მუხლებზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 1 აპრილს თ. ნ-ას წარმომადგენელმა N... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ქ. ფოთში, ...ს ქუჩის მიმდებარედ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები, საცხოვრებელი სახლის გეგმის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 26 აპრილს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება და დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, 2021 წლის 26 აპრილის №182121 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 მაისის № ბ06.42211502 ბრძანებით, თ. ნ-ას უარი ეთქვა მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე (მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა), თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2021 წლის 8 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ვინაიდან არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თ. ნ-ას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რაც გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებით, თ. ნ-ას წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, ხოლო ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის №ბ06.42211502 (30.05.2021 წ.) ბრძანების თანახმად, თ. ნ-ას უარი ეთქვა მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი N... სარეგისტრაციო განცხადებით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩის მიმდებარედ 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თ. ნ-ას უფლების დამდგენი დოკუმენტით - მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითა და საცხოვრებელი სახლის გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურია.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი/მ ,,თ...ს“ მიერ მომზადებული ნახაზით დადგენილია, რომ თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება N..., N..., N... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთები და გზა. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის არქივის ამონაწერით დადგენილია, რომ თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე N... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთის მისამართია - ფოთი, 18 ...ის ქუჩა N.... გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის - მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მისამართია - ფოთი, 18 ...ის ქ. N....
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ა. ბ-ასა და ს. ბ-ას ჩვენებების მიხედვით, ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩაზე თ. ნ-ამ მიწის ნაკვეთი მიიღო 90-იან წლებში. მოწმეებმა განმარტეს, რომ თ. ნ-ას გადაეცა ვ. ყ-ის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი. მოწმის ა. ბ-ას განმარტებით, თ. ნ-ას იცნობს 90-იანი წლებიდან, ერთად მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. მაშინდელმა მთავრობამ თ. ნ-ას გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი ჰქონდა და ედგა საცხოვრებელი სახლი, სადაც არაერთხელ არის ნამყოფი. მისივე განმარტებით, იგი ამავე ქუჩაზე, კერძოდ, ...ის ...-ში (ამჟამინდელი ...) ცხოვრობდა და ხშირად უწევდა თ. ნ-ას ოჯახში მისვლა.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის ორთოფოტოთი დადგენილია, რომ თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე იდგა შენობა-ნაგებობა. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ვ. ყ-ის საკუთრებაშია თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, განსახილველი მიწის ნაკვეთის მიმდებარე N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“, ,,მ“, ,,რ“ ქვეპუნქტებზე, მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-41 მუხლზე და მე-14 მუხლის მე-5 პუნქტზე. ასევე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტზე და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სადავო გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო მარეგისტრირებელი ორგანოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული ქონება უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონების იდენტური არ იყო, თუმცა ამგვარი გარემოების დადგენის საფუძველს საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა. სადავო აქტით მტკიცებულებად მითითებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, თუმცა აღნიშნული ოქმი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ჩატარდა დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ საერთოდ არ შეაფასა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - მოწმეების განცხადება, უფლების დამდგენ დოკუმენტში უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მისამართი, კვადრატულობა) და ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია და შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეღო გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ, თუ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მის ხელთ არსებული მონაცემების ერთობლივი შეფასებით ვერ იქნებოდა დადგენილი განსახილველი მიწის ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობა ან გამოირიცხებოდა ამგვარი იდენტურობა. შესაბამისად, სააგენტო ვალდებული იყო მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებთან და მონაცემებთან ერთობლიობაში შეეფასებინა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეების განცხადება, ემსჯელა, თუ რამდენად ხასიათდებოდა მოწმეების განმარტებები სარწმუნოობაზე მეტყველი კონკრეტული ნიშნებით, საამისოდ გამოეყენებინა მოწმეთა დამატებით გამოკითხვისა თუ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად სხვა სახის მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველი უფლების დამდგენი დოკუმენტითა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები იყო იდენტური. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით კი, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნები, რაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნიდა დაინტერესებული პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 30 მაისის № ბ06.42211502 ბრძანებით თ. ნ-ას უარი ეთქვა მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე (მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა). შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რაც აღნიშნული უძრავი ნივთების იდენტურობას დაადასტურებდა და მითითებული გარემოება სასამართლოს დადგენილად არ უნდა მიეჩნია.
ამასთან, კასატორი მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენდა მითითებული ნორმით გათვალისწინებულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ არცერთ დოკუმენტს. გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. მითითებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შეფასების გარეშე კი, კასატორის განმარტებით, უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამართლებრივად შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო 2023 წლის 18 მაისის განჩინებით, მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 აპრილს თ. ნ-ამ N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩის მიმდებარედ, ფართით 1 200 კვ.მ., სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ასევე, მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები, რომელთა თანახმად, თ. ნ-ას 1997 წელს და 1999 წელს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი. ამასთან, განცხადებას თან ერთვოდა საცხოვრებელი სახლის გეგმის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის თანახმად, გეგმა შედგენილია 1989 წლის 14 მაისს და წარმოადგენს ქ. ფოთში, 18 ...ის ქუჩა N...-ში მდებარე თ. ა.-ს ძე ნ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გეგმას.
ასევე დადგენილია, რომ თ. ნ-ას 2021 წლის 1 აპრილის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ ფოთში, 18 ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, სამსახურს გააჩნია 2004 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები. თ. ა.-ს ძე ნ-ა სიაში არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2021 წლის 19 აპრილის წერილით კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983წწ. წიგნში 18 ...ის ქუჩაზე თ. ა.-ს ძე ნ-ა გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტები ფოთის არქივში დაცულია 1983 წლის ჩათვლით. წერილში ასევე მითითებულია, რომ მიწის განაწილების სია ფოთის არქივში დაცვაზე არ შესულა და სხვა დოკუმენტაციის მოსაძიებლად აუცილებელია წლების დაზუსტება. ამასთან, ...ს ქუჩის მონაცემები დაფიქსირებული არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 31 მაისს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გადაუგზავნა სამსახურის 2021 წლის 30 მაისის №ბ06.42211502 ბრძანება, რომლის თანახმად, თ. ნ-ას უარი ეთქვა მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე (მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა), თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულ ბრძანებასთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 21 მაისის ოქმი N00024. ოქმში მითითებულია, რომ მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განახორციელა უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა, ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან მიმართებაში. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან .... აღნიშნული ადგილზე დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გარდა დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა ან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ. ამასთან, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილებით, თ. ნ-ას უარი ეთქვა 2021 წლის 1 აპრილის განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვინაიდან არ დასტურდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 ივნისის №... გადაწყვეტილება თ. ნ-ამ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, 2021 წლის 28 ივნისს. ამასთან, 2021 წლის 8 ივლისს თ. ნ-ამ აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით წარუდგინა 2021 წლის 7 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, ა. ბ-ა და ს. ბ-ა ადასტურებენ, რომ თ. ნ-ა 1989 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე (ყოფილი 18 ...ის ქუჩა) მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთით.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებით, თ. ნ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ი/მ ,,თ...ს“ მიერ მომზადებული ნახაზი, რომლის თანახმად, თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს უშუალოდ ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთს კი ესაზღვრება N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. ამასთან, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს მდებარეობს ვ. ყ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N.... ასევე, საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 1 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართია: ქ. ფოთი, 18 ...ის ქუჩა N.... გარდა ამისა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: ა. ბ-ასა და ს. ბ-ას ჩვენებების მიხედვით, ქალაქ ფოთში, ...ს ქუჩაზე თ. ნ-ამ მიწის ნაკვეთი მიიღო 90-იან წლებში. მოწმეებმა განმარტეს, რომ თ. ნ-ას გადაეცა ვ. ყ-ის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი. მოწმის ა. ბ-ას განმარტებით, თ. ნ-ას იცნობს 90-იანი წლებიდან, ერთად მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. მაშინდელმა მთავრობამ თ. ნ-ას გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი ჰქონდა და ედგა საცხოვრებელი სახლი, სადაც არაერთხელ არის ნამყოფი. მისივე განმარტებით, იგი ამავე ქუჩაზე, კერძოდ, ...ის ...-ში (ამჟამინდელი ...) ცხოვრობდა და ხშირად უწევდა თ. ნ-ას ოჯახში მისვლა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის ორთოფოტოს თანახმად, თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2021 წლის 8 ივნისის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებების კანონიერება, ასევე, მათი თანმდევი მოთხოვნაა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. ნ-ას №... განცხადების დაკმაყოფილებისა და ქ. ფოთში, ...ს ქუჩის მიმდებარედ თ. ნ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ საკუთრების უფლების სრულყოფილად რეალიზებისთვის შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ქმნის როგორც საკუთრების უფლების მოპოვების, ასევე მისით სარგებლობისა და განკარგვის საკანონმდებლო და ფაქტობრივ შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა მოპოვების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აქტებითაც, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც ადგენს, რომ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოს. შესაბამისად, იგი ვალდებულია არ შეზღუდოს და არ დააბრკოლოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ზოგადად სამოქალაქო ბრუნვა. ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობა სააგენტოს აკისრებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას გამოითხოვოს ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ან/და მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, თ. ნ-ას განცხადების დაკმაყოფილებასა და რეგისტრაციაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ივლისის №... გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში მითითებულია ის გარემოებაც, რომ სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა ზედდება N... საკადასტრო კოდით სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სისტემური რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში გამოცემული ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებზე ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამავე პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი საკასაციო საჩივარში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისივე განმარტებით, თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი არ წარმოადგენდა ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ არცერთ დოკუმენტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა უძრავ ნივთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის არარსებობა ან მისი უკანონობა. მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე წარდგენილი იქნა მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები და საცხოვრებელი სახლის გეგმის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიჩნეული იქნა უფლების დამდგენ დოკუმენტად და გაგრძელდა წარმოება წარდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტსა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით. მეტიც, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უძრავ ნივთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი წარმოების ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადასტურების შემთხვევაში, იარსებებდა რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის შეუსაბამობასთან დაკავშირებით კასატორის პოზიციის გაზიარების საფუძველი, მით უფრო იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია მიწის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების ასლები, რომელთა თანახმად, თ. ნ-ას 1997 წელს და 1999 წელს გადახდილი აქვს მიწის გადასახადი. ასევე წარმოდგენილია საცხოვრებელი სახლის გეგმის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის თანახმად, გეგმა შედგენილია 1989 წლის 14 მაისს და წარმოადგენს ქ. ფოთში, 18 ...ის ქუჩა N...-ში მდებარე თ. ა.-ს ძე ნ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გეგმას. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის ორთოფოტოს თანახმად, თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ − იუსტიციის სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, ამ კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციისა და სპორადული რეგისტრაციის მიზნებისათვის, საკუთარი ინიციატივით ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
დადგენილია, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის 30 მაისის №ბ06.42211502 ბრძანების თანახმად, თ. ნ-ას უარი ეთქვა მის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი (სარეგისტრაციო განცხადება N...) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე (მდებარე: ქალაქი ფოთი, ...ს ქუჩა), თანდართული დოკუმენტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის საფუძველზე. თავის მხრივ, ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 21 მაისის N00024 ოქმში მითითებულია, რომ მალთაყვის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განახორციელა უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. ფოთი, ...ს ქუჩა, ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად ვერ მოხდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან მიმართებაში. ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება ზედდება რეგისტრირებულ მონაცემთან .... აღნიშნული კი გახდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 21 მაისის N00024 ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გარდა დათვალიერებაში მონაწილე სხვა პირთა ან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მართლზომიერი მფლობელების შესახებ. ამასთან, ოქმს ხელს აწერს მხოლოდ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი. ამდენად, გაურკვეველია დათვალიერების პროცესში სხვა პირთა მონაწილეობის გარეშე, როგორ, რა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, რომ არ დასტურდებოდა უფლების დამდგენი დოკუმენტითა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ადგილზე დათვალიერების ოქმში მითითებულია N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების არსებობის თაობაზე, თუმცა მხოლოდ ზედდების არსებობა ვერ გახდება იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის საფუძველი, რომელიც ფაქტობრივი მოცემულობის, მოწმეების, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისა და თუ სხვა პირთა განმარტებების გათვალისწინებით, მდგომარეობის ადგილზე შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ დასტურდება თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 7 ივლისის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის თანახმად, ა. ბ-ა და ს. ბ-ა ადასტურებენ, რომ თ. ნ-ა 1989 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს და სარგებლობს ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე (ყოფილი 18 ...ის ქუჩა) მდებარე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის გეგმის სანოტარო წესით დამოწმებული ასლის თანახმად, გეგმა შედგენილია 1989 წლის 14 მაისს და წარმოადგენს ქ. ფოთში, 18 ...ის ქუჩა N...-ში მდებარე თ. ა.-ს ძე ნ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გეგმას. გარდა ამისა, ი/მ ,,თ...ს“ მიერ მომზადებული ნახაზის თანახმად, თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს უშუალოდ ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი. ამ მიწის ნაკვეთს კი ესაზღვრება N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომლის მისამართიც 2009 წლის 1 აპრილის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის ქ. ფოთი, 18 ...ის ქუჩა N.... ამასთან, მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს მდებარეობს ვ. ყ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით N.... ფოთის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების: ა. ბ-ასა და ს. ბ-ას ჩვენებების მიხედვით კი, თ. ნ-ას გადაეცა ვ. ყ-ის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი. მეტიც, მოწმე ა. ბ-ას განმარტებით, იგი თ. ნ-ას იცნობს 90-იანი წლებიდან, ერთად მუშაობდნენ სამართალდამცავ ორგანოებში. მაშინდელმა მთავრობამ თ. ნ-ას გამოუყო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი ჰქონდა და ედგა საცხოვრებელი სახლი, სადაც არაერთხელ არის ნამყოფი. მისივე განმარტებით, იგი ამავე ქუჩაზე, კერძოდ, ...ის ...-ში (ამჟამინდელი ...) ცხოვრობდა და ხშირად უწევდა თ. ნ-ას ოჯახში მისვლა.
ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც თ. ნ-ას მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული და უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობის დასადასტურებლად ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისად, დამატებითი მტკიცებულების - ექსპერტიზის დასკვნის მოპოვება შესაძლებელია აუცილებელი გახდეს იმ შემთხვევაში, თუკი იდენტურობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნება დადასტურებული. განსახილველ შემთხვევაში კი, ამგვარ მოცემულობას ადგილი არ აქვს. გარდა ამისა, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ ერთადერთ მტკიცებულებას.
ამასთან, რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და მითითებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შეფასების გარეშე უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამართლებრივად შეუძლებელია, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 61 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების მართლზომიერების დადასტურების შემთხვევაში, ამავე უძრავ ნივთზე სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შესაბამისად, ზედდების არსებობა, ვერ გახდება მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ თ. ნ-ას სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერი საფუძველი გააჩნია, კასატორის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ფაქტზე მითითება, უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შესაბამისი საფუძვლის გათვალისწინებით, ზედდების არსებობის შემთხვევაში, მონაცემების კორექტირების საფუძველზე, ტექნიკურად შესაძლებელია მიწის ნაკვეთზე თ. ნ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ სააპელაციო და საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო დაეთანხმა მათში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. შესაბამისად, არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე