საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1053(2კ-19) 29 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ი. მ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ნ. ბ-ი, მ. ბ-ი
მესამე პირები - თ. ბ-ი, დ. ბ-ი, ქ. ლ-ე
წარმომადგენელი - მ. შ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
10.01.2017წ. ნ. ბ-მა და მ. ბ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2016წ. N... გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის შესწორების შესახებ 05.01.2017წ. N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე თარიღის განცხადებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფა - მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.01.2017წ. განჩინებით ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებასთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
გორის რაიონული სასამართლოს 23.01.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების, იჯარის, ქვეიჯარის, თხოვების, ლიზინგის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღა, აკრძალვა, იპოთეკა), უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის და სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის (აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) რეგისტრაციის განხორციელება, მოცემულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამავე სასამართლოს 25.01.2017წ. განჩინებით ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 07.09.2017წ. საოქმო განჩინებით, ასკ-ის 16.2 მუხლით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ თ. ბ-ი, ქ. ლ-ე და დ. ბ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. და მ. ბ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ნოემბრის №... (მ. ბ-ის სახელზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) და 2016 წლის 10 მარტის №... (მ. ბ-ის სახელზე სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის - 2015 წლის 30 სექტემბრის №... (ნ. ბ-ის სახელზე უძრავი ქონების №... საკადასტრო კოდით აღრიცხვის შესახებ) და 2015 წლის 13 ნოემბრის №... (ნ. ბ-ის სახელზე N... საკადასტრო კოდით რიცხული უძრავი ქონების ორ ნაკვეთად N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი; ნ. და მ. ბ-ების სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-მა, მ. ბ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინებით ნ. ბ-ის, მ. ბ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად, ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისითაც სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სუს 20.07.2017წ. Nბს–43-42(კ–17) განჩინებით გაკეთებული განმარტების მიხედვით, „ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას პოვებს ერთი მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.“ სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება ჰქონდა, თავისი ინიციატივით შეემოწმებინა მოსარჩელეების სახელზე ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 29.12.2016წ. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ქ. ლ-ემ და დ. ბ-ის წარმომადგენელმა 2016 წლის 3 ივნისს განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ნ. და მ. ბ-ების სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმებისა და შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოებების განახლების მოთხოვნით, თუმცა სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების უშუალო საფუძველი გახდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება, ნ. ბ-ის სახელზე 2015 წლის 30 სექტემბერს საკუთრების უფლების აღრიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ამრიგად, სააგენტომ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დადგენილი პროცედურების დაცვით, უზრუნველყო ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლის განხორციელება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.1 მუხლით განსაზღვრულ რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებზე და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ 3000 მ2 მიწისა და 169,36 მ2 საცხოვრებელი სახლის ფართის ნაწილში ნ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკანონოდ განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით უკანონოდ განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთის ორ ნაკვეთად დაყოფის შედეგად, ნ. ბ-ის განცხადების საფუძველზე (ს/კ ... და ...). ამავდროულად, მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ბათილად ცნობის ნაცვლად, ძალადაკარგულად გამოაცხადა ნ. ბ-ის სახელზე სადავო ქონების აღრიცხვისა და ამ ქონების ორ ნაკვეთად დაყოფის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, თუმცა სასარჩელო მოთხოვნისა და მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადებითაც არსებითად სწორად გადაწყდა დაინტერესებულ პირთა შორის არსებული სადავო საკითხი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების ფაქტობრივი საფუძვლები და მიუთითა, რომ სადავო ქონება გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილი ქონება იყო და ეს ქონება არ უნდა აღრიცხულიყო ნ. ბ-ის სახელზე, მის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ ნ. ბ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი და გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილი უძრავი ქონება ერთი და იგივეა, ნ. ბ-ს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 0,32 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილი მიწის ნაკვეთების საერთო ფართია - 0,30 ჰა, ამასთანავე, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, გ. (80 მ2) და რ. (80 მ2) ბ-ების თანასაკუთრებაში (1/2 - 1/2 წილი) არსებული, 1965 წელს აგებული სახლის საერთო ფართი 160 მ2-ია, ხოლო საჯარო რეესტრში ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხულია 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 169,36 მ2 საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ იგი არ მსჯელობს მიღება-ჩაბარების აქტით ნ. ბ-ისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემის კანონიერებისა და ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ. უდავოა, რომ ნ. ბ-ი 1976 წლიდან აღარ არის გ. ბ-ის კომლის წევრი. გ. ბ-ის საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვითაც, დამატებითი ცნობების გრაფაში მითითებულია, რომ 25 მ2 ქონება დაეწერათ შვილებს - მ.ს, დ. და ლ. . ამასთან, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, გ. ბ-ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები. გარდა ამისა, სოფელ ...ში, გასული კომლების სიაში, ნ. ბ-ი ცალკე კომლად ირიცხება მხოლოდ 1996 წლიდან. მას საცხოვრებელი სახლი არც საკომლო წიგნის ჩანაწერით და არც მიღება-ჩაბარების აქტით არ აწერია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილება მართებულად ჩაითვალა 2015 წლის 30 სექტემბრის N... და 2015 წლის 13 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სუს 02.07.2015წ. Nბს-30-30(2კ-15) გადაწყვეტილებით გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას“. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული 2015 წლის 19 ნოემბრისა და 2016 წლის 10 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით, ასევე 2016 წლის 4 მარტის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ჩუქების, ხოლო N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 19 ნოემბერსა და 2016 წლის 10 მარტს საკუთრების უფლებით აღირიცხა მისი შვილის - მ. ბ-ის სახელზე. ამასთან, მ. ბ-ის სახელზე მითითებული რეგისტრაციების განხორციელების საფუძვლები - ჩუქების ხელშეკრულება და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ძალაში არსებული დოკუმენტებია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ძალაში არსებული დოკუმენტებით ეჭვქვეშ არ დგას სადავო ფართზე მ. ბ-ის საკუთრების უფლება, რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2016წ. გადაწყვეტილება უკანონოა იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა მ. ბ-ის სახელზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე მ. ბ-ის სახელზე, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციები. რაიონულმა სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2016წ. N... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საჯარო რეესტრმა ძალადაკარგულად გამოაცხადა მ. ბ-ის სახელზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.11.2015წ. N... გადაწყვეტილება; ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც საჯარო რეესტრმა ნაწილობრივ (1778 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში) ძალადაკარგულად გამოაცხადა მ. ბ-ის სახელზე, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ 10.03.2016წ. N... გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისათვის N..., N..., N..., N..., N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მიღების დავალების შესახებ მოთხოვნის ნაწილშიც არსებობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ახალი გადაწყვეტილებების მიღების დავალდებულებას, გ. და რ. ბ-ების მემკვიდრეთა წრისა და სამკვიდრო ქონების წილობრივ განაწილებას, მოცემულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება. ეს საკითხი ცალკე მსჯელობის საგანია. სასამართლო არ იმსჯელებს, რამდენად სწორად დადგინდა მემკვიდრეთა წრე და მათი კუთვნილი წილები სამკვიდროზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ლ-ისა და დ. ბ-ის მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მიღებული 2016 წლის 6 მაისის N... და 2016 წლის 24 მაისის ... გადაწყვეტილებები (რომლებითაც სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, მ. ბ-ის სახელზე N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გადაფარვის გამო). ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2016 წლის 7 ივნისის N... და 2016 წლის 24 ივნისის N... გადაწყვეტილებები, რომლებითაც შეჩერების საფუძვლის აღმოუფხვრელობის გამო, მითითებულ განცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იყო ქ. ლ-ისა და დ. ბ-ის მიმართ, შესაბამისად, უშუალოდ მათ ინტერესებს შეეხო აღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების ნაწილში სადავო 29.12.2016წ. აქტი. ქ. ლ-ე და დ. ბ-ი სადავოდ არ ხდიან საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას მითითებულ ნაწილში, შესაბამისად, მართებულია რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 29.12.2016წ. გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობის აუცილებლობა, მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებით (ან ძალაში დატოვებით) ნ. და მ. ბ-ებთან მიმართებაში რაიმე სახის პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის არსებობა არ დასტურდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო 2017 წლის 5 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაზუსტდა ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის სამკვიდრო ქონების წილობრივ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გამომდინარეობს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია გადაწყვეტილებაში არსებითი შესწორების შეტანას, 2017 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით არ ჩამოყალიბებულა 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებისაგან არსებითად განსხვავებული დებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.01.2019წ. განჩინებით ნ. ბ-ის, მ. ბ-ის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 07.11.2017წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. ბ-მა და მ. ბ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.2019წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი. ამავე სასამართლოს 21.10.2019წ. განჩინებით, დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა ნ. ბ-ის და მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია საქმეში არსებული დოკუმენტაციის არასწორად შეფასების შედეგად. სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევები, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
კასატორის განმარტებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები და არასათანადო შეფასება მისცა მათ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, გაეუქმებინა ჩუქებისა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები. ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა ნ. და მ. ბ-ების საკუთრების უფლებას, იმ პირობებში, როდესაც ამ პირებს ვერ ექნებოდათ კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ და საქმეში არსებობს ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ქვედა ინსტანციის სასამართლოები ეყრდნობიან კერძოსამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებებს და ფორმალური შეფასების შედეგად, მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ძალადაკარგულად გამოეცხადებინა მის მიერვე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველიც კერძოსამართლებრივი გარიგებაა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნაწილობრივ კანონიერად მიიჩნიეს სააგენტოს 29.12.2016წ. გადაწყვეტილება (იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე). ამავდროულად, სადავო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ შედეგის თვალსაზრისით გაიზიარა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა, არ მიიჩნია იგი სამართლებრივად დასაბუთებულად. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო მმართველობას ახორციელებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ფორმით. ამასთან, ყველა შემთხვევაში, საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონს ეფუძნება და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვას. აღნიშნული დებულებების დაუცველობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და რეალაქტის სამართლებრივი შედეგების გაუქმების საფუძველს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად, უმთავრესი და აბსოლუტური ხასიათის სანივთო უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა სწორედ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება. შესაბამისად, სამართლებრივი შედეგის წარმომშობი ბუნების გათვალისწინებით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით მოწესრიგებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს აქტის გამოცემას ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევა, ხოლო მიზანი -კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს ეკისრება გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და სწორი სამართალშეფარდების ვალდებულება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულება - შეისწავლოს უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, გულისხმობს როგორც ზოგადსამართლებრივ ჭრილში საკითხის შეფასებას, ისე კონკრეტული კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების გამოკვლევას/შეფასებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს როგორც მის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს აქტის სამართლებრივ ბუნებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანო ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებით, ეს კანონიერი ძალა არ არის აბსოლუტური ხასიათის და კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აქტის საკუთარი ინიციატივით გაუქმების შესაძლებლობას. ეს შესაძლებლობა გამომდინარეობს მმართველობითი საქმიანობის თავისებურებებიდან. ეფექტური მმართველობითი საქმიანობის განხორციელების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, ახლებურად მოაწესრიგოს კონკრეტული ურთიერთობა და მმართველობითი აქტები შესაბამისობაში მოიყვანოს რეალურ სამართლებრივ და ფაქტობრივ ცვლილებებთან. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაიცვას კერძო და საჯარო ინტერესების თანაზომიერების პრინციპი. მხოლოდ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით გადაამოწმოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც, თავის მხრივ, მმართველობის კანონიერების პრინციპის უზრუნველყოფას ემსახურება. ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველო კანონიც. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით, თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას პოვებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში, საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი, ხოლო, მეორე მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ გამოირიცხება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილებით, მათ შორის, 2017 წლის 2 ნოემბრის Nბს-231-227(კ-15) გადაწყვეტილებით დასაშვებად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა. ამდენად, როგორც სააგენტომ, ისე სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა გ. და რ. ბ-ების კომლის საკუთრებას. შესაბამისად, ქონებაზე უნდა განხორციელებულიყო მათი მემკვიდრეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ უძრავი ნივთი გაასხვისა საამისოდ არაუფლებამოსილმა პირმა. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სააგენტო მიზანშეწონილად ვერ მიიჩნევდა მ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ძალაში დატოვებას.
კასატორის განმარტებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საერთოდ არ იმსჯელეს, არის თუ არა მ. ბ-ი კეთილსინდისიერი შემძენი. მ. ბ-ი წარმოადგენდა გ. ბ-ის ერთ-ერთ მემკვიდრეს. მისთვის ცნობილი იყო როგორც სადავო უძრავი ნივთის ნამდვილი მესაკუთრისა და კომლის წევრების ქონებრივი მდგომარეობის, ისე 10.12.1993წ. N6-1221 კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის არსებობის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემძენმა იცოდა რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რეესტრის სანდოობის აღიარება არ არის საკმარისი შემძენის კეთილსინდისიერად მიჩნევისათვის, თუ შემძენმა იცოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. “ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო“ (სუს 25.12.2014წ. Nბს-339-335(2კ-14) გადაწყვეტილება). „..უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას..“ (სუს 16.01.2014წ. Nას-189-182-2013) გადაწყვეტილება).
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების ნამდვილობისათვის განმსაზღვრელია არა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი, არამედ უფლების წარმოშობის საფუძვლის შინაარსი. გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების შეძენის შემთხვევაში ქონების შემძენის საკუთრების უფლება წარმოიშობა გარიგების საგანზე იმ ფარგლებში, რაც ქონების გამსხვისებელს ეკუთვნოდა. მ. ბ-მა გარიგების საფუძველზე შეძენილი ქონების საკადასტრო მონაცემები დაარეგისტრირა არასწორად. მიწის ნაკვეთის საზღვრებში რეგისტრირებული იყო ის ფართი, რაც გამსხვისებელს - ნ. ბ-ს არ ეკუთვნოდა და არის მესამე პირის მართლზომიერ სარგებლობაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც მიუთითებენ შემძენის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი და არ დაუდგენია, იცოდა თუ არა მ. ბ-მა გამსხვისებლის რეგისტრირებული უფლების ნაკლის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი და არ დაეკმაყოფილებინა სარჩელი. მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულად შეისწავლა როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ისე სააგენტოში დაცული და მის მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია. მის ხელთ არსებული რესურსის ფარგლებში, სააგენტომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და არ დაარღვია ნორმები, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ განჩინებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2021წ. განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
06.08.2021წ. ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე, Nბს-1053(2კ-19) ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა (მოსარჩელეები - ქ. ლ-ე, თ. ბ-ი; მოპასუხეები - ნ. ბ-ი, მ. ბ-ი; დავის საგანი - ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების: სამისდღეშიო რჩენისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა), რომლის შედეგსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება Nბს-1053(2კ-19) საქმეზე შედეგის დადგენისათვის - უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მ. ბ-ი დაკარგავს უფლებას, რაიმე სახის პრეტენზია იქონიოს სადავო უძრავ ქონებაზე, დადგინდება საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სრული საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.09.2021წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის წარმომადგენლის - მ. შ-ის შუამდგომლობა; N2/16638-19 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეჩერდა Nბს-1053(2კ-19) ადმინისტრაციული საქმის წარმოება. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან სამოქალაქო საქმეზე სადავოა იმ ხელშეკრულებების კანონიერება, რომელთა საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერების შემოწმებაც მოიცავს განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებს, არსებობს მიმდინარე ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, შესაბამისი სამოქალაქო დავის გადაწყვეტამდე. სამოქალაქო საქმეზე მისაღები გადაწყვეტილებით დამდგარი შესაძლო შედეგი (ჩუქებისა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებების ბათილობა) გავლენას მოახდენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის განხილვის გაგრძელების ინტერესზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2024წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე და დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. წარმოების განახლების საფუძველი გახდა 2023 წლის 28 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოდან გადმოგზავნილი წერილი. აღნიშნული წერილით დგინდება, რომ N2/16638-19 სამოქალაქო საქმეზე (მოსარჩელეები: ქ. ლ-ე, თ. ბ-ი; მოპასუხეები - ნ. ბ-ი, მ. ბ-ი; დავის საგანი - ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების: სამისდღეშიო რჩენისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა) წარმოება დასრულებულია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
N2/16638-19 საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების მიხედვით:
25.10.2022წ. დაზუსტებული სარჩელით ქ. ლ-ე და თ. ბ-ი ითხოვდნენ: 1) ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2016 წლის 4 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის შესახებ N... ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას (1770 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 160 კვ.მ საცხოვრებელი სახლის გადაცემის ნაწილში); 2) ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
25.10.2022წ. დაზუსტებული დამოუკიდებელი სარჩელით დ. ბ-ი ითხოვდა ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2016 წლის 4 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის შესახებ N... ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობას (1770 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 160 კვ.მ საცხოვრებელი სახლის გადაცემის ნაწილში).
ამავე საქმეზე, ნ. ბ-ი და მ. ბ-ი შეგებებული სარჩელით ითხოვდნენ: 1) ნ. ბ-ის დარეგისტრირებას სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების (მთელი საცხოვრებელი სახლის) ½-ის თანამესაკუთრედ; 2) მ. ბ-ის, დ. ბ-ისა და ლ. ბ-ის მემკვიდრეების (ქ. ლ-ე და თ. ბ-ი) დარეგისტრირებას სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების (მთელი საცხოვრებელი სახლის) თანამესაკუთრეებად, 1/6 პროპორციით; 3) რ. ბ-ის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას; 4) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ბ-ის დარეგისტრირებას N... მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; 5) სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ბ-ის დარეგისტრირებას N... მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის N2/16638-19 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2016 წლის 4 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის შესახებ N... ხელშეკრულება (1770 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 160 კვ.მ საცხოვრებელი სახლის გადაცემის ნაწილში); ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის - დ. ბ-ის სარჩელი, მოპასუხეების - ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის მიმართ; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ბ-სა და მ. ბ-ს შორის 2016 წლის 4 მარტს დადებული სამისდღეშიო რჩენის შესახებ N... ხელშეკრულება (1770 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 160 კვ.მ საცხოვრებელი სახლის გადაცემის ნაწილში).
ამასთანავე, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის შეგებებული სარჩელი, მოპასუხეების - ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის მიმართ, უძრავი ქონების ნაწილზე მესაკუთრედ ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებული სარჩელის ავტორებმა - ნ. ბ-მა და მ. ბ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
კასპის რაიონის სოფელ ...ის მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი 18.07.1995წ. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ნ. ბ-ს გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 0,32 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი.
ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.09.2015წ. N... გადაწყვეტილებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 169,36 მ2 საცხოვრებელ სახლზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ნ. ბ-ის საკუთრების უფლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.11.2015წ. N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის 09.11.2015წ. განცხადება და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული N... უძრავი ქონება დაიყო ორ ნაკვეთად, საიდანაც ერთში მოექცა 1998 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 169,36 მ2 საცხოვრებელი სახლი (ს/კ ...), ხოლო მეორეში - 1230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი (ს/კ ...).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.11.2015წ. N... გადაწყვეტილებით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (1230 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი) აღირიცხა მისი შვილის - მ. ბ-ის საკუთრებად.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.03.2016წ. N... გადაწყვეტილებით, 04.03.2016წ. დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (1998 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 169,36 მ2 საცხოვრებელი სახლი) ასევე აღირიცხა მისი შვილის - მ. ბ-ის საკუთრებად.
03.05.2016წ. ქ. ლ-ემ, როგორც ნ. ბ-ის აწ გარდაცვლილი შვილის ლ. ბ-ის მემკვიდრემ და თ. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განმცხადებელმა მოითხოვა მისი მამკვიდრებლის კუთვნილ უძრავ ქონებაზე - კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3228 კვ.მ ფართზე (ლ. ბ-ის მამისა და მამიდის - გ. და რ. ბ-ების დანაშთი სამკვიდრო) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.05.2016წ. N... გადაწყვეტილებით ქ. ლ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ დაფიქსირდა გადაფარვა მ. ბ-ის სახელზე N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე. დადგენილ ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07.06.2016წ. N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ქ. ლ-ის 03.05.2016წ. განცხადებაზე (19.05.2016წ. ანალოგიური შინაარსის განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. ბ-ის ერთ-ერთმა მემკვიდრემ - დ. ბ-მა. სააგენტოს 24.05.2016წ. N... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, მ. ბ-ის სახელზე N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან დაფიქსირებული გადაფარვის გამო).
03.06.2016წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ქ. ლ-ისა და დ. ბ-ის წარმომადგენელმა. განმცხადებელმა მოითხოვა ნ. და მ. ბ-ების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების გაუქმება, ასევე მისი მარწმუნებლების განცხადებების საფუძველზე შეწყვეტილი სარეგისტრაციო წარმოებების განახლება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2016წ. N... გადაწყვეტილებით 3000 კვ.მ ფართის ნაწილში ძალადაკარგულად გამოცხადდა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 30.09.2015წ. N... გადაწყვეტილება, N... საკადასტრო კოდით ნ. ბ-ზე 3228 კვ.მ უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ; ძალადაკარგულად გამოცხადდა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 13.11.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ... საკადასტრო კოდით ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხული 3228 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი დაიყო ორ ნაკვეთად (ს/კ ... და ს/კ ...); ძალადაკარგულად გამოცხადდა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 19.11.2015წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მ. ბ-ის საკუთრებად; ნაწილობრივ (1778 კვ.მ. ფართის ნაწილში) ძალადაკარგულად გამოცხადდა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 10.03.2016წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მ. ბ-ის საკუთრებად.
მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებული წარმოების პროცესში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ნ. ბ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი, გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილი უძრავი ქონების იდენტურია. უძრავი ქონება შეესაბამება საჯარო რეესტრში ნ. ბ-ისა და ქ. ლ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზებს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიჩნია, რომ თავდაპირველად ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხული 3228 მ2 ფართიდან 3000 მ2 უნდა ჩათვლილიყო გ. (0,15 ჰა) და რ. (0,15 ჰა) ბ-ების კომლების კუთვნილ ფართად, საიდანაც გ. ბ-ის კომლის ქონებაზე (1500 მ2 მიწის ნაკვეთი და სახლის 1/2 ნაწილი) მისი მემკვიდრეების წილები უნდა განსაზღვრულიყო შემდეგნაირად: დ. ბ-ის - 1/3, ქ. ლ-ისა და თ. ბ-ის (როგორც ლ. ბ-ის მემკვიდრეების) - 1/3 და მ. ბ-ის - 1/3. რ. ბ-ის კომლის ქონებაზე (1500 მ2 მიწის ნაკვეთსა და სახლის 1/2 წილზე) განისაზღვრნენ ქ. ლ-ე და თ. ბ-ი (როგორც ლ. ბ-ის მემკვიდრეები). იმის გამო, რომ თავდაპირველად ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხული 3228 მ2 ფართიდან 3000 მ2 ჩაითვალა გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილ ფართად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 3000 მ2 ფართის ნაწილში ძალადაკარგულად გამოაცხადა გადაწყვეტილებები ნ. ბ-ის სახელზე ამ ქონების აღრიცხვისა და შემდგომში დაყოფის რეგისტრაციის თაობაზე, ასევე მ. ბ-ის სახელზე სამისდღეშიო რჩენისა და ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე ქონების რეგისტრაციის თაობაზე. ამასთანავე, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, დარჩენილი 228 მ2 ფართის მ. ბ-ზე აღრიცხვა ჩაითვალა კანონიერად. ასევე ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ლ-ისა და დ. ბ-ის განცხადებების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოებების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა ახალი გადაწყვეტილებების მიღება დადგენილი გარემოებების მიხედვით.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.01.2017წ. N... გადაწყვეტილებით გასწორდა სააგენტოს 29.12.2016წ. N... გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილების 1.18 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, სააგენტოს მიერ დადგინდა, რომ ქ. ლ-ე და თ. ბ-ი არიან გ. ბ-ის შვილის - აწ გარდაცვლილი ლ. ბ-ის მეუღლე და შვილი. თავის მხრივ, ლ. ბ-ი იყო გარდაცვლილი მამიდის - რ. ბ-ის მემკვიდრე“. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილების 1.2.14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიაჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა N..., N..., N..., N..., N... და N... სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით უნდა განაახლოს სარეგისტრაციო წარმოება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ გააუქმოს სარეგისტრაციო ობიექტზე მ. ბ-ის საკუთრების უფლება და დაარეგისტრიროს დ. ბ-ის, ქ. ლ-ის, თ. ბ-ისა და მ. ბ-ის თანასაკუთრება, შემდეგნაირად: 1) როგორც გ. ბ-ის მემკვიდრეებს, მამკვიდრებლის კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1/3 დ. ბ-ს, 1/3 ქ. ლ-ეს და თ. ბ-ს, ხოლო 1/3 მ. ბ-ს. სახლის 1/2 ნაწილიდან ასევე 1/3 დ. ბ-ს, 1/3 ქ. ლ-ეს და თ. ბ-ს, ხოლო 1/3 მ. ბ-ს; 2) როგორც რ. ბ-ის მემკვიდრეს, მამკვიდრებლის კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი და სახლის 1/2 ქ. ლ-ეს და თ. ბ-ს; 3) დარჩენილი 228 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სამისდღეშიო რჩენის N... ხელშეკრულების საფუძველზე, მ. ბ-ს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების პროცესში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნიეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1964-1966 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ნ. ბ-ი (ცოლი), დ. და ლ. ბ-ები (შვილები). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. სახლისა და მიწის ფართი მითითებული არ არის.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1967-1970 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ნ. ბ-ი (ცოლი), დ. და ლ. ბ-ები (შვილები). დ. და ლ. ბ-ები გადახაზულია და მითითებულია - „ცხოვრობენ თბილისში“. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. სახლისა და მიწის ფართი მითითებული არ არის.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1971-1973 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ი (ცხოვრობს თბილისში მუდმივად). კომლის შემადგენლობაში ირიცხება ნ. ბ-ი (ცოლი). ორივე გადახაზულია და მითითებულია - „კომლი გაუქმებულია დედასთან შეერთების გამო 1971 წლიდან“. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. სახლისა და მიწის ფართი მითითებული არ არის.
იმავე წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ე. ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება გ. ბ-ი (შვილი). გადახაზულია და მითითებულია - ,,ცხოვრობს თბილისში”. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1918 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. სახლის ფართი მითითებული არ არის. კომლს ერიცხება 0,50 ჰა მიწის ფართობი.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1973-1975 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია გ. ბ-ი. კომლის შემადგენლობაში ირიცხება ნ. ბ-ი (ცოლი). კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს და 1918 წელს აგებული საცხოვრებელი სახლები. სახლის ფართი მითითებული არ არის. 1973 წლის ჩანაწერით კომლს ერიცხება 0,50 ჰა, ხოლო 1974-1975 წლების ჩანაწერით - 0,15 ჰა. იმავე საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ბ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, სახლისა და მიწის ფართი მითითებული არ არის.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის გასული კომლების 1976-1979 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება გ. ბ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, სახლის ფართი მითითებული არ არის. კომლს ერიცხება 0,15 ჰა მიწის ფართი, ასევე 0,15 ჰა მიწის ფართი. იმავე საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ბ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. სახლისა და მიწის ფართი მითითებული არ არის.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის გასული კომლების 1980-1982 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება გ. ბ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1980 წლის ჩანაწერით 1965 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი. 1981-1982 წლებში საცხოვრებელი სახლი მითითებული არ არის, ხოლო 1980-1982 წლების ჩანაწერებით კომლს ერიცხება 0,15 ჰა მიწის ფართი. იმავე საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ბ-ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1980 წლის ჩანაწერით 1965 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი. 1981-1982 წლებში საცხოვრებელი სახლი მითითებული არ არის. ამავე წლების ჩანაწერებით მის კომლს ერიცხება 0,06 ჰა მიწა.
კასპის რაიონის სოფელ ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის სოფელ ...ის 1983-1985 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება გ. ბ-ი. კომლს 1983 წლის ჩანაწერით პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი; 1984-1985 წლების ჩანაწერებით - 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 1/2 - 80 მ2, ხოლო 1983-1985 წლების ჩანაწერებით - 0,15 ჰა მიწის ფართი. იმავე საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ბ-ი. 1983 წლის ჩანაწერით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული 80 მ2 საცხოვრებელი სახლი, 1984-1985 წლების ჩანაწერებით - 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 1/2 - 80 მ2, ხოლო 1983-1985 წლების ჩანაწერებით - 0,06 ჰა მიწის ფართი.
კასპის რაიონის სოფელ ...ის გასული კომლების 1986-2000 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება გ. ბ-ი. 1986 წლის ჩანაწერით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 1/2 - 80 მ2, 1987-1990 წლების ჩანაწერებით - 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი - 80 მ2, ხოლო 1986-1990 წლების ჩანაწერებით - 0,15 ჰა მიწის ფართი. დამატებითი ცნობების გრაფაში მითითებულია: დაეწერა შვილებს - მ., დ. და ლ. - 25 მ2. იმავე საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება რ. ბ-ი. 1986 წლის ჩანაწერით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის 1/2 - 80 მ2, 1987-1990 წლების ჩანაწერებით - 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი - 80 მ2, ხოლო 1986-1990 წლების ჩანაწერებით - 0,06 ჰა მიწის ფართი.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1992 წლების მიწის ნაკვეთების განაწილების სიით სოფელ ...ში რ. ბ-ს პირად საკუთრებაში ერიცხება ფაქტობრივ ფლობაში არსებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი.
კასპის რაიონის სოფელ ...ის საკრებულოს სოფელ ...ის გასული კომლების 1996-2006 წლებით დათარიღებულ საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ. ბ-ი. 1997 წლის ჩანაწერით კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,32 ჰა მიწის ფართობი. საცხოვრებელი სახლი მითითებული არ არის. დამატებითი ცნობების გრაფაში მითითებულია, რომ ბინა არ აწერია.
1990 წლის პირველ ნოემბერს გარდაცვლილი გ. ბ-ის დანაშთ სამკვიდროზე თანასწორ წილში მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები - დ., ლ. და მ. ბ-ები. გ. ბ-ის მეუღლემ - ნ. ბ-მა უარი განაცხადა სამემკვიდრეო წილზე. სამკვიდროში შევიდა კასპის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ორსართულიანი სახლი, საერთო ფართით - 80 მ2.
ნ. ბ-მა მის სახელზე რიცხული, თბილისში, ...ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა აჩუქა შვილს - დ. ბ-ს.
2011 წლის 14 იანვარს გარდაცვლილი რ. ბ-ის სამკვიდრო მიიღო მისმა მეორე რიგის მემკვიდრემ - ძმისშვილმა ლ. ბ-მა, ხოლო ლ. ბ-ის დანაშთი სამკვიდრო - ქ. ლ-ემ და თ. ბ-მა (ლ. ბ-ის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი).
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე მითითებით ქვედა ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ისათვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი და გ. და რ. ბ-ების კომლების კუთვნილი უძრავი ქონება არის ერთი და იგივე, ნ. ბ-ი 1976 წლიდან აღარ არის გ. ბ-ის კომლის წევრი. გ. ბ-ის საკომლო წიგნის ჩანაწერში, დამატებითი ცნობების გრაფაში მითითებულია, რომ 25 მ2 ქონება დაეწერათ შვილებს - მ., დ. და ლ. . ამასთან, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, გ. ბ-ის მემკვიდრეებად ცნობილ იქნენ მისი შვილები. გარდა ამისა, სოფელ ...ში, გასული კომლების სიაში, ნ. ბ-ი ცალკე კომლად ირიცხება მხოლოდ 1996 წლიდან. მას საცხოვრებელი სახლი არც საკომლო წიგნის ჩანაწერით და არც მიღება-ჩაბარების აქტით არ აწერია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის N... გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.09.2015წ. N... გადაწყვეტილება ნ. ბ-ის სახელზე N... უძრავი ქონების აღრიცხვის შესახებ, ასევე 13.11.2015წ. N... გადაწყვეტილება ნ. ბ-ის სახელზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ორ ნაკვეთად (N... და N...) დაყოფის შესახებ.
აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმეს იხილავს მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც მოთხოვნილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2019წ. განჩინების გაუქმება მ. ბ-ის სახელზე ჩუქებისა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერად მიჩნევის ნაწილში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს წარმოადგენს საქმეზე სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისადმი სანდოობის წინაპირობას ქმნის სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა. „..სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. 3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში განხილვის ეტაპზე წინამდებარე ადმინისტრაციული საქმის განხილვის შეჩერების მიზეზს წარმოადგენდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა, რამეთუ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგი გავლენას მოახდენდა ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის შედეგზე. მოცემული საქმის წარმოება განახლდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ სადავო რეგისტრაციების განხორციელების ფაქტობრივი საფუძვლები უკანონოა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს და საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 26.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ. ბ-ზე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, ჩუქების, ხოლო N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 19 ნოემბერსა და 2016 წლის 10 მარტს საკუთრების უფლებით აღირიცხა მისი შვილის - მ. ბ-ის სახელზე. ამასთან, მ. ბ-ის სახელზე მითითებული რეგისტრაციების განხორციელების საფუძვლები - ჩუქების ხელშეკრულება და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ბათილადაა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის, სხვა საქმის განხილვამდე საქმის წარმოების შეჩერების მიზნისა და შეჩერების შედეგის - სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მისი გამოტანის მომენტისთვის არსებულ ფაქტებთან. საკასაციო სასამართლო თვლის, იმის მიუხედავად, რომ გარემოება, რომელზეც ადმინისტრაციული ორგანო უთითებს, სამართლებრივად დადასტურდა სადავო აქტის გამოცემის შემდგომ, საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინების გარეშე. ამდენად, საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოვლენილი გარემოება ქმნის სადავო რეგისტრაციების ძალადაკარგულად გამოცხადების წინაპირობას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული 26.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მართალია, ბოლომდე არ იზიარებს სადავო საკითხთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარში განვითარებულ მოსაზრებებს საჯარო რეესტრის უფლებამოსილების ფარგლებისა და სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე, თუმცა, წინამდებარე დავის ფარგლებში საჭიროდ არ მიიჩნევს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს უფლებრივ ნაწილზე, რამდენადაც უდავოა, რომ საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის მომენტისათვის არსებული მდგომარეობა, ქმნის შესაბამისი რეგისტრაციების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონისმიერ საფუძველს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ძალაში შესული გადაწყვეტილება ადასტურებს საჯარო რეესტრის სადავო აქტის გასაჩივრებული ნაწილის კანონიერებას, ხოლო, სასამართლოს მიზანს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, წარმოადგენს სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა. საკასაციო სასამართლო გამორიცხავს კანონით მესამე პირებისათვის გარანტირებული საკუთრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვის შესაძლებლობას და თვლის, რომ სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრის სადავო 29.12.2016წ. აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, მიუხედავად სასამართლოში მისი გასაჩივრებისა, უკვე მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2016წ. N... გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო სარეგისტრაციო ობიექტზე მ. ბ-ის საკუთრების უფლება ნაწილობრივ გაუქმდა და მ. ბ-თან ერთად, უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა მესამე პირების - დ. ბ-ის, ქ. ლ-ის, თ. ბ-ის თანასაკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურდა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე. ამდენად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია და მისი გამოცემის თანმდევი შედეგები რეალურად უკვე დამდგარია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, არსებობს გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.01.2019წ. განჩინების გაუქმებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.3 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. და მ. ბ-ების სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების სახით 75 ლარის დაკისრების თაობაზე და ნ. და მ. ბ-ების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამავდროულად, ნ. და მ. ბ-ებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 450 ლარის ოდენობით (150 ლარი - სააპელაციო საჩივარზე; 300 ლარი - საკასაციო საჩივარზე).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, კერძოდ, კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და ამავე სამსახურის 2016 წლის 10 მარტის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. და მ. ბ-ების სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული რეგისტრაციების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. და მ. ბ-ების სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების სახით 75 ლარის დაკისრების თაობაზე და ნ. და მ. ბ-ების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
7. ნ. და მ. ბ-ებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 450 ლარის ოდენობით (150 ლარი - სააპელაციო საჩივარზე; 300 ლარი - საკასაციო საჩივარზე);
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე